Forum Replies Created

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 142 total)
  • Author
    Posts
  • Crassus
    Participant

    fa

    Crassus
    Participant

    ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა

    თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში.

    კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღის ვადაში და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს.

    თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით.

    Crassus
    Participant

    ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების უფლებამოსილება

    დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და რეალაქტი.

    ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.

    ადმინისტრაციული საჩივარი ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც ერთი მხრივ საშუალებას იძლევა დაინტერესებულმა პირმა დაიცვას საკუთხარი უფლებები ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმართებაში, ხოლო მეორე მხრივ იგი ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების თვითკონტროლს.

    ამავდროულად ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასამართლოების გადატვირთულობის თავიდან აცილებას. სასამართლო არ მიიღებს ადმინისტრაციულ სარჩელს, თუ დაინტერესებულმა პირმა არ გამოიყენა, ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის უფლება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც კანონი პირდაპირ აძლევს უფლებას დაინტერესებულ პირს შეიტანოს სარჩელი სასამართლოში, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გარეშე.

    ადმინისტრაციული საჩივრის შესახებ ზაკ-ის მე-13 თავში განსაზღვრული რეგულაციები ვრცელდება ადმინისტრაციული სამართლის ყველა სფეროზე, მაგ: იგი გამოიყენება სამშენებლო ნებართვების გაცემის, საგადასახადო ურთიერთობების, ბუნების დაცვისა და სხვა სფეროებში, თუ უფრო სპეციალური რეგულაციებით სხვა რამე არ არის დადგენილი.

    ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ამავდროულად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს არა მხოლოდ ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას, არამედ მის მიზანშეწონილობასაც.

    Crassus
    Participant

    მიუღებელი შემოსავალი

     

    (სუსგ. N-ას-1677-1573-2012)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 411-ე მუხლი და სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმის მასალების თანახმად, სამშენებლო კომპანიასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ ამ უკანასკნელს უნდა მიეღო საცხოვრებელი ბინა. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა, მაგრამ სამშენებლო კომპანიას ვალდებულება დათქმულ ვადაში არ შეუსრულებია. მოსარჩელემ ბინის ღირებულება ბანკთან დადებული იპოთეკური სესხის ხელშეკრულების მეშვეობით გადაიხადა.

     

    იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკიდან სესხად მიღებულ თანხას მოსარჩელე სხვაგვარად ვერ განკარგავდა. სესხის გაცემამდე, კი მას უნდა დაედასტურებინა გარკვეული თანხის გადახდის ფაქტი (წილობრივი მონაწილეობის სახით) რაც, ამ შემთხვევაში, მისი პირადი სახსრების სხვაგვარად გამოყენებასაც გამორიცხავდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე ბინას მიიღებდა და არა სხვაგვარ შემოსავალს. საკასაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში არ დააკმაყოფილა.

    Crassus
    Participant

    ზიანის ანაზღაურება (სკ. 411-ე მუხლი)

    (სუსგ. ას-457-433-2012)

    სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ითხოვს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მკურნალობის ჩატარებით მიყენებულ მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულების თანახმად, მკურნალობის თანხა მოსარჩელეს არ გადაუხდია და არც კლინიკას მოუთხოვია აღნიშნული თანხის გადახდა, მხარეს მაინც დააკისრა სადავო თანხა, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: კონკრეტული სადავო ურთიერთობის ფარგლებში განმარტებას მოითხოვს ზიანი, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი. ხსენებული წარმოადგენს დადებით, ანუ მატერიალიზებულ ზიანს, რაც ხელყოფის, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების (და ა.შ) შედეგია. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს არ გაუწევია სადავო თანხის დანახარჯი და არც მის მიმართ არ დგინდება კლინიკის მხრიდან სადავო თანხის გადახდის მოთხოვნის არსებობა, შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ ადგილი არა აქვს მოსარჩელის აქტივების შემცირებას, ასევე მისი ვალდებულებების (პასივები) გაზრდას. შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილი თანხა არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამგარ დანაკლისს (რეალურ ზიანს). ქონებრივი ზიანის თავისებურებების გათვალისწინებით, ფულადი ანაზღაურების მიზანია დაზარალებული მხარის ქონებრივი დანაკარგების კომპენსაცია, ხოლო სადავო თანხა არ წარმოადგენს მოსარჩელის ქონებრივ დანაკარგს. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #29996
    Crassus
    Participant

    კრედიტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მემკვიდრის მიმართ და მოითხოვა მამკვიდრებლის ვალების გამო მემკვიდრის სახელზე ქონების აღრიცხვა და აღსრულების მიქცევა აღნიშნულ ქონებაზე. განვიხილოთ შემთხვევა როცა არცერთი კანონისმიერი მემკვიდრე არ იღებს სამკვიდროს მიზანმიმართულად რომ თავი აარიდონ ვალებს. ანუ არათუ ირეგისტრირებენ, არამედ საერთოდ არ მიუღიათ სამკვიდრო. რა უნდა მოხდეს ასეთ შემთხვევაში?

    in reply to: ლიცენზიები და ნებართვები #29850
    Crassus
    Participant

    ლიცენზიის სახეები

     

    ლიცენზია სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს:

     

    1. სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ობიექტთან. მაგ: ქვა-ნახშირის მოპოვების ლიცენზია ტყიბულის მაღაროში.

     

    სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, და უკავშირდება ობიექტს.

     

    ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით.

     

    2. საქმიანობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მაძიებლის მიერ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ და უკავშირდება სუბიექტს. საქმიანობის ლიცენზიის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია;

     

    3. გენერალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია;

     

    4. სპეციალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია განახორციელოს რომელიმე ვიწრო საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობის ზოგადი სახეობიდან და ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ სპეციალური სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს სპეციალური ლიცენზიი ნებადართული საქმიანობა ისე, რომ არ მოიპოვოს საქმიანობათა უფრო ფართო წრის მარეგულირებელი ლიცენზია;

    in reply to: ლიცენზიები და ნებართვები #29844
    Crassus
    Participant

    ზოგადი ინფორმაცია ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

    ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ ძირითადი რეგულაცია მოცემულია ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონში, ასევე სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში.

    ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონის რეგულირების სფერო მოიცავს:

    1.ორგანიზებული საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან.

    2.არაორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში.

    3.ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებული სფეროს. კანონი განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

    in reply to: სასაქონლო ნიშნები #29835
    Crassus
    Participant

    განსაკუთრებული უფლება

    რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

    განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის:

    ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;

    ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

    მაგ: „ა“ აწარმოებს ყავას, რეგისტრირებული სასაქონლი ნიშნით „გემრიელი ყავა“, იმავე სასაქონლო ნიშანს იყენებს „ბ“, თუმცა იგი აწარმოებს ჩაის და კაკაოს.

    გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

    მაგ: „ა“-მ გახსნა სწრაფი კვების ობიექტი, რომლის სახელწოდება და ლოგო ძალიან წააგავდა მაკდონალდსის სასაქონლო ნიშანს.

    დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

    ზემოთ განსაზღვრულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება:

    ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე;

    ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით;

    გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;

    დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე.

    სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება:

    ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.;

    ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.

    in reply to: საბანკო სამართალი #29812
    Crassus
    Participant

    საბანკო გარანტი

     

    (გადაწყვეტილება N-ას-1595-1498-2012)

     

    მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარმა გარანატს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვის მოთხოვნა ვადის უკანასკნელ დღეს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა. აღნიშნული გზავნილი გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მიუვიდა ადრესატს.

     

    სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას, ის გარემოება, რომ ფოსტას ბენეფიციარის ნება საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში ჩაჰბარდა სასამართლომ გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საფუძვლად არასწორად მიიჩნია.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მართალია, ბენეფიციარმა ნება ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გამოავლინა (ვადის უკანასკნელ დღეს), თუმცა ეს ნება ნამდვილად საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ იქცა, მაშინ, როდესაც ობიექტურად მიუვიდა გარანტს. ვადის უკანასკნელ დღეს შეტყობინების ფოსტის მეშვეობით გაგზავნის რისკის მატარებლად სწორედ ნების გამომვლენი მიიჩნევა და არა ნების ადრესატი. ის გარემოება, რომ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის ანაზღაურების მოთხოვნა ბენეფიციარმა ფოსტას გადასცა ხელშეკრულების მოქმედების ვადის უკანასკნელ დღეს და ნება გარანტს მიუვიდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარანტს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 142 total)