Viewing 10 posts - 1 through 10 (of 63 total)
  • Author
    Posts
  • #1819

    ამ თემაში განვიხილავთ ბანკთან დაკავშირებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებს, ისეთი ურთიერთობებიდან, როგორიცაა კრედიტი, ანაბარი, საბანკო გარანტია, თავდებობა და ა.შ.

    სტატია კრედიტზე

    სტატია საბანკო გარანტიაზე

    სტატია თავდებობაზე

    სტატია ანაბარზე

    #4054
    Crassus
    Participant

    ანგარიშიდან ფულადი სახსრების განკარგვა მისი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ

     

    მაგ:  საქართველოში მცხოვრებ “ა”-ს ჰქონდა 10.000 ლარი ანგარიშზე, რომელზეც მიმაგრებული იყო სადებეტო ბარათი.  თაღლითებმა ჩინეთში მოახერხეს “ა”-ს ანგარიშზე არსებული თანხის მითვისება. “ა”-ს არანაირი შეხება ამ პირებთან არ ჰქონია.

     

    ამ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.

     

     აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოცემულ სამართალურთიერთობაში ძირითად პრინციპს წარმოადგენს ანგარიშზე არსებული სახსრების ხელშეუხებლობა. ყველა ოპერაცია, რომელიც ანგარიშზე სახსრების ჩარიცხვას ან ანგარიშიდან ჩამოწერას ეხება, უნდა მოხდეს ანგარიშის მფლობელის მითითებით ან ნებართვით. ასეთის გარეშე ფულადი სახსრების ჩამოწერა, ანგარიშის მფლობელის ქონების განკარგვას ნიშნავს და კლიენტის ნების უგულებელყოფა კანონსაწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

     

    აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მომსახურებას ბანკი სთავაზობს კლიენტს და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული კლიენტის ინტერესი – მისი ნებართვის გარეშე ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. ყოველგვარი რისკი, რაც ახლავს ამ ტიპის მომსახურებას უნდა იტვირთოს ბანკმა. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსში სპეციალურად ყურადღება გამახვილებულია საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებაზე ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა მოხდეს მისი მფლობელის ნების საფუძველზე. (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/3580-13)

     

    სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის გარდა, განსახილველი სამოქალაქო სამართალურთიერთობისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ”საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის №38/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულება, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში კომერციული ბანკების მიერ უნაღდო გადახდების ინსტრუმენტის – საგადახდო ბარათების (საკრედიტო, სადებეტო, წინასწარი გადახდის და სხვ) გამოშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ემიტენტსა (ბანკს) და ბარათის მფლობელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, ასევე მოთხოვნებს, რის საფუძველზეც მოხდება მხარეთა ინტერესების დაცვა.

     

     აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, საგადახდო ბარათი არის ბანკის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი (მათ შორის საბანკო პლასტიკური ბარათი), რომლის საშუალებით ხდება საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდა, ნაღდი ფულის მიღება, ვალუტის გადაცვლა, ფულადი გზავნილის განხორციელება და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ოპერაციების შესრულება; დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია დროებით დაბლოკოს (შეაჩეროს) ბარათი იმ შემთხვევაშიც, თუ ბანკს აქვს იმის დასაბუთებული ეჭვი, რომ ბარათზე ხორციელდება არასანქცირებული ოპერაციები, მე-6 პუნქტის თანახმად კი, ემიტენტი პასუხს არ აგებს არასანქცირებულ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია მესამე პირის მიერ ბარათის დაკარგვის გაცხადებამდე, თუ შესაბამისი საბარათე სისტემის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

     

     თუ არ დადგინდება ”საგადახდო ბარათების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” ზემოთაღნიშნული დებულებისა და მხარეებს შორის არსებული საბანკო მომსახურების პირობების შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების წინაპირობები, მაშინ ბანკი ვალდებული იქნება 861-ე მუხლის მიხედვით განახორციელოს ვალდებულების შესრულება.

     

     

    #4055
    Crassus
    Participant

    საქმეში N-2/5823-13 სასამართლომ განმარტა:

      „ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობაში ბანკი წარმოადგენს „ძლიერ“ მხარეს. მის ხელშია გარკვეული ბერკეტები, ინფორმაცია და იგი საქმიანობს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით. კლიენტი არ ფლობს ინფორმაციას არსებულ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, საბანკო პროდუქტებით უზრუნველყოფის დეტალებზე. სწორედ ამიტომ, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ბანკს ვალდებულება გააჩნია ხელშეკრულების დადების დროს სრული ინფორმაცია მიაწოდოს კლიენტს მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზეც და იზრუნოს მათზე.

     

    სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპს არღვევს ის სუბიექტი, რომელიც არ მოქმედებს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი აუცილებლი ყურადღებიანობის და გულისხმიერების ფარგლებში, რასაც ადგილი აქვს კონკრეტულ შემთხვევაში ბანკის მხრიდან.

     

    სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ ვითარებაში ბანკის პასუხისმგებლობას ვერ გამორიცხავს მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების 3.2.10 მუხლით დადგენილი წესი, რომლის მიხედვითაც, ბანკი მხოლოდ მაშინ იღებს პასუხისმგებლობას, თუკი არაავტორიზებული გამოყენება გამოწვეული იყო ბანკის უხეში გაუფრთხილებლობით, განზრახვით ან დაუდევრობით. ამგვარი ქმედების გამო პასუხისმგებლობის გამორიცხვა დაუშვებელია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის საფუძველზე. ასეთი შეთანხმების არსებობის პირობებშიც კი, იგი ხელშეკრულების ბათილ სტანდარტულ პირობად უნდა ჩაითვალოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა განხორციელდა მისი ნების ან მითითების გარეშე. შესაბამისად სახეზე გვაქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის გამოყენებისა და საკრედიტო დაწესებულებისათვის მიყენებული ზიანისა და არასწორად გადარიცხული თანხის კვლავ ანგარიშის მფლობელის აქტივში შეტანის ვალდებულება. „

     

     

    #4056
    Crassus
    Participant

    საქმეში N-ას-467-437-2010, სააპელაციო სასამართლო განმარტა:

     

    “სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 15.03.2007წ ¹70 ბრძანებიით დამტკიცებული საბანკო პლასტიკური ბარათების შესახებ დებულების მე-6 მუხლი, რომლის თანახმად, ემიტენტი პასუხს არ აგებს არასანქცირებულ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულდა მესამე პირის მიერ ბარათის დაკარგვის გამო.

     

    სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა აღნიშნული ნორმის გამოყენების და აპელანტის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან დებულების 6.6 მუხლი არეგულირებს ისეთ ურთიერთობებს, როდესაც ბარათი მისი მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ გადის მისი მფლობელობიდან (დაკარგვა, მოპარვა), რაც თავისთავად გულისხმობს იმის შესაძლებლობას, პირმა შეიტყოს, რომ ბარათი მის მფლობელობაში აღარაა. ასეთ დროს დებულების 6.2 მუხლი ავალდებულებს პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს ცხელი ხაზის საშუალებით ემიტენტ ბანკს ამის შესახებ, ბარათის ბლოკირების უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება ბარათის გაყალბებას (რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ დადასტურდა) ან მასზე ინფორმაციის ნებისმიერი სხვა გზით არასანქცირებულ გამოყენებას, რასაც არ ახლავს კლიენტის მფლობელობიდან ბარათის გასვლა, აღნიშნული გამორიცხავს შეტყობინებას ემიტენტისთვის, რამეთუ პირმა არ იცის ამის თაობაზე, მის მიმართ ვეღარ მოქმედებს ბარათის ბლოკირების გზით ანგარიშის არასანქცირებული წვდომისაგან დაცვის დამცავი მექანიზმი. სწორედ ასეთს ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში: ერთი და იმავე დღეს ტრანზაქცია განხორციელდა როგორც ინგლისში, ასევე საქართველოშიც. ბარათი რჩებოდა მოსარჩელის მფლობელობაში და ის ვერ შეატყობინებდა ემიტენტ ბანკს ბარათის დაკარგვას ან ანგარიშის ბლოკირებას ვერ მოითხოვდა.”

    #4062

    მოკლედ ამ საკითხის შეჯამებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენი ნების გარეშე, არასანქცირებულად ხდება ჩვენ ანგარიშზე შეღწევა და ფულადი თანხების ჩამოწერა, მაშინ ზოადი წესის მიხედვით, სკ-ის 861-ე მუხლის საფუძველზე ბანკი პასუხისმგებელია ამ ზიანზე და ვალდებულია აღადგინოს ჩვენ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ოდენობა, თუმცა შესაძლოა არსებობდეს გამონაკლისი შემთხვევებიც, რომლებიც ზემოთ მოყვანილ პოსტებში განსაზღვრული ნორმატიული აქტებით არის განსაზღვრული ან შეიძლება გვქონდეს ხელშეკრულებით გარკვეული შეთანხმება, რომელიც გამორიცხავს ბანკის პასუხისმგებლობას. თუმცა აქვე მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვა, რომ ასეთი შეთანხმება ძალიან ბევრ შემთხვევაში ბათილი იქნება, როგორც ეს მოხდა ზემო პოსტებში მოცემულ შემთხვევაში.

    #4063
    Crassus
    Participant

    შემდეგი საკითხი ეხება ისეთ შემთხვევას, როცა კრედიტის გადაუხდელობის გამო ბანკი ვადამდე წყვეტს კრედიტის ხელშეკრულებას. აქვს თუ არა ამ შემთხვევაში ბანკს იმ პროცენტის მიღების უფლება, რასაც იგი მიიღებდა კრედიტის დარჩენილი ვადის განმავლობაში?

     

    მაგ: “ა”-მ ისესხა ბანკი “ჭ”-სგან  10.000 ლარი 48 თვით. წლიური 20%-იანი განაკვეთით . “ა”-მ ვერ შეძლო 12 თვის შემდეგ ფულის გახადა, რის გამოც ბანკმა შეწყვიტა კრედიტის ხელშეკრულება მე-15 თვეს და მოთხოვა “ა”-ს, როგორც დარჩენილი ძირი ფულისა და ჯარიმების გადახდა, ისე დარჩენილი 33 თვის პროცენტის გადახდაც.

     

    როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაწყდეს დარჩენილი 33 თვის მიუღებელი პროცენტის საკითხი?

    #4068
    Edika
    Participant

    წესით და რიგით პროცენტის დარიცხვა უნდა გაგრძელდეს მანამ სანამ ძირი თანხა მთლიანად არ დაუბრუნდება კრედიტორს, მაგრამ არაუმეტეს დარჩენილი 33 თვისა.

    #4069
    Crassus
    Participant

    გეთანხმები, სანამ არ მოხდება ძირი ფულის დაბრუნება, ბანკი უფლებამოსილია მიიღოს მიუღებელი პროცენტიც, თუმცა დარჩენილი 33 თვის ფარგლებში, ანუ იმ ვადის ფარგლებში, როცა იგი უფლებამოსილი იყო კრედიტის ხელშეკრულებით მიეღო სარგებელი.

     

    თუმცა შეიძლება ორი სხვადასხვა შემთხვევა გამოვყოთ ამ შემთხვევაში:

     

    1. თუ მოხდა ამ შემთხვევაში ძირი თანხის კრედიტის შეწყვეტის შემდგომ დაბრუნება, ანუ როცა ბანკმა შეწყვიტა ხელშეკრულება მე-15 თვეს.

     

    ამ შემთხვევაში ბანკს არ ექნება იმ 33 თვის საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის უფლება, ამის შესახებ უზენაესმა სასამართლომ გააკეთა განმარტება (საქმე 1586-1585-2011)

     

    “კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება.”

     

      2. თუ ძირი თანხის დაბრუნება არ ხდება და ბანკს შეაქვს სარჩელი სასამართლოში.

     

      “ამ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა ხელშეკრულების ვადამდე მოშლის, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თანხის კრედიტორისათვის დაბრუნების მომენტად შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება ჩაითვლება და არა გადაწყვეტილების გამოტანის ან ხელშეკრულების მოშლის თარიღი, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება გადაწყვტილების ფაქტობრივად აღსრულების და არა აღსასრულებლად მიქცევის მომენტი.” (საქმე 1586-1585-2011)

     

    ამდენად, ასეთ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია დააკისროს მოვალეს პროცენტის გადახდა. გადასახდელი პროცენტის მოცულობა განისაზღვრება იმ დრომდე, სანამ მოხდება ფაქტობრივი აღსრულება, თუმცა დარჩენილი 33 თვის ფარგლებში.

    #4071
    Edika
    Participant

    შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე სარგებლის დარიცხვა უნდა შეწყდეს, სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის მომენტიდან, მაგრამ ეს ასე არაა, რასაც ადასტურებს ზემოდ მითითებული უზენაესის სასამართლოს განმარტება.

     

    მაგ: როცა სასამართლო ღებულობს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც აკისრებს მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდას, მისი ვალდებულების სრულიად გადახდის მომენტამდე, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიუხედავად, რომელიც იძახის, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა შეწყდეს, აღსრულების დაწყების მომენტიდან, ამ დანაწესის მიუხედავად არ უნდა შეწყდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა.

    #4074

    @Edika said: შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება რომ აღსრულების კანონის 25-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე სარგებლის დარიცხვა უნდა შეწყდესო, მაგრამ ასე არაა. 25,2 არ ნიშნავს იმას რომ ზიანი არ უნდა აანაზღაუროს მოვალემ.

     

    ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერი. ვინმეს კი არა ეს პრობლემა ნამდვილად წარმოიშობა, კერძოდ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით:

     

    “იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.”

     

    ახლა ეს დანაწესი პირდაპირ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს ზემოდ მითითებულ განმარტებას, რომ სარგებლის დარიცხვა უნდა მოხდეს არა სააღსრულებოდ მიცემის მომენტამდე, არამედ ფაქტობრივად აღსრულების მომენტამდე. (თუ ამას მოითხოვს მხარე და სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში დააკმაყოფილებს).

     

    ჩდება კითხვა, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, როგორ უნდა განხორციელდეს ასეთ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელშიც განსაზღვრულია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა ან სარგებლის დარიცხვა უნდა მოხდეს ფაქტობრივად აღსრულების მომენტამდე და არა აღსრულების დაწყების მომენტამდე.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 63 total)
  • You must be logged in to reply to this topic.