Forum Replies Created

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 142 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #29782
    Crassus
    Participant

    ვალის აღიარების ხელშეკრულების არსი

     

    (სუსგ. N-ას-1485-1401-2012)

     

    სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტი, რომელიც მხოლოდ ადრე არსებული ვალდებულებიდან გამომდინარე ფაქტის კონსტანტაციას შეიცავს, არასწორად მიიჩნია ვალის არსებობის აღიარებად.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან (სკ-ის 327-ე მუხლიდან) გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანმხდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. რაც შეეხება შედარების აქტს, რომელიც  სააპელაციო სასამართლომ ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად მიიჩნია, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ძველი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ დოკუმენტს წარმოადგენს, რომელშიც არაფერია ნათქვამი აქტში მითითებული თანხის გადახდის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველად მიიჩნია.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29661
    Crassus
    Participant

    შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები

    საქმე #ას-664-635-2016 (დიდი პალატის გადაწყვეტილება)

    პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან.

    აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

    (სუსგ. N-ას-1453-1371-2012)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სსკ-ის 2321-ე მუხლი და არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სავალდებულოა სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესის განუხრელი დაცვა და იმის უტყუარად დადგენა, მხარე იყო თუ არა სათანადოდ ინფორმირებული საპროცესო მოქმედების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირველი წინაპირობა  მხარეს დადგენილი წესით არ ეცნობა საქმის გარემოებები და ის სათანადოდ არ იყო ინფორმირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რაც საკმარისია ამ გადაწყვეტილების გაუქმებისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

    (სუსგ. N-ას-1532-1435-2012)

    სააპელაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარდგენის გარეშე.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: შესაგებლის შეტანა მხარის დისპოზიციურ უფლებათაგან ერთ-ერთია, მაგრამ მისი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუტანლობა საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, სსკ-ის 2321-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს უნდა განეხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და შეეფასებინა, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა თუ არა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #29649
    Crassus
    Participant

    ფულადი ვალდებულების შესრულება

     

    (სუსგ. N-ას-1541-1547-2011)

     

    სააპელაციო სასამართლომ ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენისათვის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია მოწმის ჩვენება.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 429-431-ე მუხლებში საუბარია ვალდებულების შესრულების მიღების ფორმებზე. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, გასცენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი.

     

    კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება, დაადასტუროს ვალდებულების შესრულება. არსებობს უამრავი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო კოდექსის 431-ე მუხლზეც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, მოითხოვოს სავალო დოკუმენტის დაბრუნება ან გაუქმება. ასეთი დოკუმენტის გაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, მოვალეს უფლება აქვს, მოითხოვოს ოფიციალურად დამოწმებული ცნობა იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შეწყვეტილია.

    in reply to: არბიტრაჟი #29647
    Crassus
    Participant

    რა არის არბიტრაჟი?

    არბიტრაჟი არის კერძო დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, კერძოდ პირებს შორის წარმოშობილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავა შეიძლება განსახილველად, საერთო სასამართლოების ნაცვლად, გადაეცეს არბიტრაჟს, ამისათვის აუცილებელია ამ პირთა შორის შეთანხმება.

    ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, საერთო სასამართლოებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება განიხილონ დავა, რომელიც არბიტრაჟის ქვემდებარეობაშია.

    კერძო არბიტრაჟი იხილავს მხოლოდ სამოქალაქო, კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს (მაგ: ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ დავას), ხოლო სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავების (მაგ. ადმინისტრაციული დავების) განხილვის უფლება მას არა აქვს.

    in reply to: სააქციო საზოგადოება (სს) #29642
    Crassus
    Participant

    აქციათა სახეები (კლასები)

     

    მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით, აქციები შეიძლება იყოს:

     

    • ჩვეულებრივი

     

    • პრივილეგირებული

     

    • აქციონერთა კრების მიერ განსაზღვრული სხვა ტიპის აქცია (მაგ: კონვერტირებადი აქცია)

     

    ნებისმიერი კლასის აქციების რაოდენობა, მათთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები და მათი შეცვლის პირობები უნდა აისახოს საზოგადოების წესდებაში.

     

    აქციების განთავსების შემდეგ განთავსებულ აქციებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების შეცვლა, ასევე ამ კლასის აქციების ცვლილებების წესის შეცვლა დაუშვებელია.

     

    რომელიმე კლასის აქციის გადაცემა შეიძლება დამოკიდებული იყოს საზოგადოების თანხმობაზე. აქციათა გადაცემაზე საზოგადოების თანხმობის გაცემის წესი განისაზღვრება საზოგადოების წესდებით, აქციების განთავსებამდე.

    in reply to: დ.ღ.გ (V.A.T) #29600
    Crassus
    Participant

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    II. იმპორტი

    იმპორტი არის სასაქონლო ოპერაცია. სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევა ხორციელდება დეკლარირების საფუძველზე, რაც წარმოშობს კუთვნილი გადასახადების (იმპორტის, დღგ, აქციზის) გადახდის ვალდებულებას.

    იმპორტის გადასახადის მთავარი კომპონენტია საქონლის სატარიფო ღირებულება.

    იმპორტის დღგ-თი დაბეგვირის სპეციალური წესი მოცემულია ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში. (N-996).

    Crassus
    Participant

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდესის გამოყენება, საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით

     

    (სუსგ. N-ბს-903-877(კ-10))

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას საგადასახადო ორგანომ მხოლოდ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს. ასევე სასამართლომ ქმედება, სამართალდარღვევებს შორის დროის ინტერვალის მიუხედავად, განმეორებით ჩადენილად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 139.3 მუხლის გამოყენება უნდა მოხდეს 139.2 მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემდეგ, ყოველ შემდგომ განმეორებაზე, მიუხედავად იმისა 139.2 მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენებიდან რა პერიოდი გავიდა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის მიმართ საგადასახადო კოდექსში სპეციალური მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის მიმართ შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 39-ე მუხლის გამოყენება, ამდენად, საკასაციო პალატამ ბოლო სამართალდარღვევებს შორის ინტერვალის სიმცირე ქმედების არაერთგზისობის გამომრიცხავ გარემოებად მიიჩნია, რის გამოც არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაზრდილი საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ნაწილობრივ ცნო ბათილად სადავო აქტები და საგადასახადო ინსპექციას დაავალა შესწორებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა.

    in reply to: დ.ღ.გ (V.A.T) #29589
    Crassus
    Participant

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    I. დასაბეგრი ოპერაცია

    დასაბეგრი ოპერაციის თანხის განსაზღვრა

    დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:

    ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება;

    ბ) საგადასხადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

    გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;

    დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.

     

    in reply to: დ.ღ.გ (V.A.T) #29582
    Crassus
    Participant

    დ.ღ.გ-თი დაბეგვრის ობიექტი

    დღგ-ით დაბეგვრის ობიექტები ამომწურავადაა ჩამოთვლილი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლში, ესენია:

    ა) დასაბეგრი ოპერაცია;

    ბ) იმპორტი;

    გ) ექსპორტი, რეექსპორტი;

    დ) დროებითი შემოტანა.

    თითოეულს დეტალურად განვიხილავთ შემდეგ პოსტებში.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29662
    Crassus
    Participant

    საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი

    (სუსგ. N-ას-1320-1246-2012)

    სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სსკ-ის 106-ე მუხლის `ა~ ქვეპუნქტი, როდესაც მესტიის ცენტრის რეაბილიტაცია საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნია.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ხსენებული მუხლის მიზნებისათვის ფაქტის „საყოველთაოდ ცნობილობა“ სუბიექტური შეფასების საგანი არაა. ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ, ობიექტური გარემოებების შედეგად, მის შესახებ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა ინფორმირებული. როგორც ცნობილია, ადამიანებს, თავიანთი ასაკის, სოციალური თუ სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით, განსხვავებული ინტერესები გააჩნიათ და განსხვავებულ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. შესაბამისად, იმისათვის, რომ კონკრეტული ფაქტი საყოველთაოდ ცნობილად ჩაითვალოს, უნდა შეფასდეს მისი გავრცელების ფორმა, არეალი და მნიშვნელობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საყოველთაოდ ცნობილად ისეთი ფაქტი შეიძლება მივიჩნიოთ, რომელზეც ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ერთნაირად მიუწვდება ხელი და თითოეულ მათგანს ერთნაირად შეიძლება, მოეთხოვოს მისი ცოდნა, ასაკისა თუ სტატუსის მიუხედავად. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 142 total)