მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი საგადასახადო სამართალი საგადასახადო სამართალდარღვევები

  • This topic has 9 replies, 3 voices, and was last updated 7 years ago by BLH.
Viewing 10 posts - 1 through 10 (of 10 total)
  • Author
    Posts
  • #29405
    BLH
    Keymaster

    ამ თემაში განვიხილავთ საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სპეციალურ ნაწილს.

     

     

     

    #29420
    Crassus
    Participant

    საგადასახადო სამართალდარღვევის ცნება

    საგადასახადო სამართალდარღვევა წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ქმედებას, რომელიც განხორციელებულია მართლსაწინააღმდეგოდ და რომლისთვისაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა.

    საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ საგადასახადო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

    საგადასახადო სამართალდარღვევის სტრუქტურა იგივეა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა შემთხვევაში გვაქვს, იგი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

    1. საგადასახადო სამართალდარღვევის შემადგენლობა:

    ა. ობიექტური შემადგენლობა;

    ბ. სუბიექტური შემადგენლობა;

     2. მართლწინააღმდეგობა;

    3.ბრალი;

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ თემაში.

    #29425
    BLH
    Keymaster

    დაუძლეველი ძალა

    პირს არ დაეკისრება საგადასახადო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად.

    დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:

    ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);

    ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;

    გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.

    #29426
    Crassus
    Participant

    შეცდომა/არცოდნა და კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი

     

    საგადასახადო ორგანოს, დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

     

    ასეთ შემთხვევაში საკითხის გადამწყვეტმა სუბიექტმა უნდა შეაფასოს, თუ რამდენად წარმოადგენს სუბიექტი, კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელს, ასევე რამდენადაა სამართალდარღვევა ჩადენილი პირის შეცდომისა ან არცოდნის საფუძველზე.

     

    შეცდომა ფაქტში ფაქტობრივი შეცდომა ნიშნავს იმას რომ მცდარი წარმოდგენა გქონდეს ქმედების ობიექტური შემადგენლობით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. დამრღვევმა არ იცის სამართადარღვევის ობიექტური შემადგენლობის შესაბამისი გარემოებების არსებობის შესახებ ან იცის ამის შესახებ, მაგრამ ვერ აღიქვამს მის მნიშვნელობას.

     

    ფაქტობრივი შეცდომა გამორიცხავს განზრახი დანაშაულის ქმედების შემადგენლობას და პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ გაუფრთხილებლობისთვის, ხოლო გარკვეული პირობების არსებობისას შეიძლება გამოირიცხოს გაუფრთხილებლობაც.

     

    მაგ: თუ სამართალდარღვევის შემადგენლობის მიხედვით, მისი ჩადენა მხოლოდ განზრახვით არის შესაძლებელი და სახეზა შეცდომა ფაქტში, მაშინ პირის პასუხისმგებლობა არ დადგება.

     

    შეცდომა აკრძალვაში არის შეცდომა ქმედების უკანონობაში. დამრღვევი იმყოფება შეცდომა აკრძალვაში, როდესაც მან არ იცის, რომ მისი მოქმედება უკანონოა. შეცდომა არის უბრალო უცოდინარობა. არ გვაქვს ასეთი შეცდომა, როდესაც დამრღვევი ეჭვობს საკუთარი ქმედების კანონიერებაში და უშვებს ასეთ შედეგს. როდესაც დამრღვევისთვის არ არის ცნობილი მისი ქმედების მომწესრიგებელი ნორმა, ეს არ გულისხმობს შეცდომას აკრძალვაში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ უცოდინარობის საფუძველზე დამრღვევი ვერ აღიქვამს იმას, რომ მისი მოქმედება შეიძლება იყოს უკანონო, იმყოფება ის შეცდომა აკრძალვაში.

     

    #29428
    Crassus
    Participant

    საგადასახადო სანქცია

     

    საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალ -დარღვევისათვის.

     

    საგადასახადო სანქციის სახეები: გაფრთხილება, საურავი, ფულადი ჯარიმა, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა.

     

    ერთი და იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს არ შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა პასუხისმგებლობა ან განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა.

     

    რამდენიმე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე. ამასთანავე, უფრო მკაცრი სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სანქციას.

     

    საგადასახადო სანქციას საურავი არ ერიცხება. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა საურავი წარმოადგენს ერთ-ერთ საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში კი ლაპარაკია სხვა საქნციის გამოყენების დროს ამ სანქციაზე საურავის დარიცხვის შესახებ.

     

    მაგ:საგადასხადო სამართალდარღვევისათვის პირის მიმართ იქნა გამოყენებული სანქციის ფორმა- ფულადი ჯარიმა. ფულად ჯარიმის გადაუხდელობის გამო ამ პირს საურავი არ დაერიცხება, თუმცა შესაძლებელია ამ სამართალდარღვევის გამო პირს პირდაპირ დაეკისროს სანქციის ფორმა- საურავი, ფულადი ჯარიმის ნაცვლად.

    #29433
    BLH
    Keymaster

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება

     

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოიცავს საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას სამართალდარღვევის ოქმის შედგენის, საქმის განხილვის, სანქციის შეფარდების, გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვის პროცედურებს.

     

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების საკითხები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის N-994-ე ბრძნებისა და საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლების მიხედვით.

     

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

     

    საგადასახადო სამართალდარღვევის საქმისწარმოების დაწყების საფუძველია საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენა, რაც ფიქსირდება ფინანსთა მინისტრის N-994-ე ბრძანებაში განსზღვრული №30, №301 ან №303 დანართის შესაბამისი ოქმით ან საგადასახადო შემოწმების აქტით.

    #29595
    Crassus
    Participant

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდესის გამოყენება, საგადასახადო სამართალდარღვევებთან დაკავშირებით

     

    (სუსგ. N-ბს-903-877(კ-10))

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას საგადასახადო ორგანომ მხოლოდ საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს. ასევე სასამართლომ ქმედება, სამართალდარღვევებს შორის დროის ინტერვალის მიუხედავად, განმეორებით ჩადენილად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 139.3 მუხლის გამოყენება უნდა მოხდეს 139.2 მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენების შემდეგ, ყოველ შემდგომ განმეორებაზე, მიუხედავად იმისა 139.2 მუხლით განსაზღვრული ჯარიმის გამოყენებიდან რა პერიოდი გავიდა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის მიმართ საგადასახადო კოდექსში სპეციალური მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის მიმართ შესაძლებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 39-ე მუხლის გამოყენება, ამდენად, საკასაციო პალატამ ბოლო სამართალდარღვევებს შორის ინტერვალის სიმცირე ქმედების არაერთგზისობის გამომრიცხავ გარემოებად მიიჩნია, რის გამოც არ არსებობდა საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაზრდილი საჯარიმო სანქციის გამოყენების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ნაწილობრივ ცნო ბათილად სადავო აქტები და საგადასახადო ინსპექციას დაავალა შესწორებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემა.

    #29702

    ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის გავრცელება საგადასხადო ურთიერთობებზე

    (სუსგ. N-ბს-396-393(კ-11) )

    სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას განმარტა, რომ 2009 წლის 24 აგვისტოს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის რედაქცია არ ითვალისწინებდა, პირველად ჩადენილი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდაღვევის შემდეგ რა ვადაში ითვლებოდა ქმედება განმეორებით ჩადენილად.

    გარდა ამისა, დაუშვებელია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმის გამოყენება. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სადავო ურთიერთობაზე საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-15 ნაწილი, ვინაიდან გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობას არ აქვს უკუქცევის ძალა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართლადარღვევის მიმართ საგადასახადო კოდექსში სპეციალური მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში არ გამოირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობა. საგადასახდო კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

    სადავო აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა საგადასახადო ორგანოს სადავო აქტები, რისი გათვალისწინებითაც სადავო სამართალურთიერთობების მიმართ შესაძლებელია სამართალდარღვევის შემდგომ მიღებული შეღავათიანი შედეგის გამოყენება და ხსენებული ნორმისთვის ე.წ.“ნამდვილი უკუძალის“ მინიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ბათილად ცნო სადავო აქტები და მოსარჩელეს გადასახდელად განისაზღვრა შემცირებული თანხის გადახდა.

    #38090

    გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი შეცდომის (არცოდნის) ფარგლები  და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 ნოემბრის განმარტება საქმეზე #ბს-222-219(კ14):

    უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება პირი, თუ ის გაუფრთხილებლად მოქმედებდა, რაც ბრალის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.

    გამოყენებული მუხლები:

    საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლი:

    საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი:

    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

    სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეცდომა: ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე #3/064-13) არ დააკმაყოფილა სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ.

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ (#3ბ/1544-13, 12.03.14) უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ისე, რომ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის ძირითად მოტივზე საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებით, ისე მიიჩნია მოსარჩელე კეთილსინდისიერ გადამხდელად, რომ არ გამოარკვია, მოქმედებდა თუ არა იგი საპატიებელი შეცდომის პირობებში. ამასთანავე არ გაითვალისწინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მოთხოვნები.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლოს შეფასებით მოსარჩელე არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის ფარგლებში, მისი ქმედება, რომელიც ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად დააკვალიფიცირეს შეცდომად, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე რეალურად არ გამორიცხავდა მის ბრალეულობას, რამდენადაც იგი მოქმედებდა გაუფრთხილებლად, რაც ბრალის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, შესაბამისად, არ არსებობდა მისი კეთილსინდისიერ პირად მიჩნევის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც დაუშვებელია საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლით მინიჭებული კომპეტენციის ამ ნორმითვე განსაზღვრული პირობებით საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლებრივი შემადგენლობის არარსებობის გამო გამოყენება.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ.

    შენიშვნა: ანალოგიურია საქართველოს უზენაესი სასამართლოს #ბს-327-323(კ-14), 02.12.14) განჩინება

    #38098
    BLH
    Keymaster

    დისკრეციული უფლებამოსილების იგნორირება

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2 მუხლი საგადასახადო კოდექსის 43.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი და 270.7 მუხლი

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის განმარტება საქმეზე #ბს-424-419(კ14)

    სასამართლო კონტროლისა და უფლებამოსილების საკანონმდებლო ფარგლების გადამეტება გადასახადის გადამხდელის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების გადამეტებას

    სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი შეცდომა: თბილისის საქალაქო სასამართლოს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2013 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #3/3172-13), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და ბრძანება. მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ (#3ბ/411-14, 12.06.14) უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ არ დაარღვია საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, მან საკონტროლო-სალარო აპარატი გამოცვალა 2006 წელს, საიდანაც გასულია კანონით დადგენილი შენახვის 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

    სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტა, რომ 291-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება, რის გამოც დაირღვა სზაკ-ის მე-7 მუხლის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის შეფარდება დაუდგენელი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კანონსაწინააღმდეგოა.

    სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის მითითება, რომ მეწარმის მიმართ გამოიყენონ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გადასახადის გადამხდელის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოიყენოს გაფრთხილება, კანონშეუსაბამოა და წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების არსისა და ბუნების იგნორირებას და მის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლო კონტროლისა და უფლებამოსილების საკანონმდებლო ფარგლების გაცდენას.

    საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ამოწმებს არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 10 total)
  • You must be logged in to reply to this topic.