Forum Replies Created

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 142 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სამოქალაქო პროცესი #29565
    Crassus
    Participant

    საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები

     

    (განჩინება #ას-811-760-2010 13.01.11)

     

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად განმარტა სსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. საქმის მასალების თანახმად, არბიტრაჟმა განიხილა საქმე, რაც მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ამასთან დაკავშირებით არბიტრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ, რის თაობაზეც მასალა დაიბეჭდა პრესაში და გადაიცა ტელევიზიით. სააპელაციო პალატამ ზემოთ მითითებული გარემოება მიიჩნია საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად და საფუძვლად დაუდო მიღებულ გადაწყვეტილებას.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სასამართლოს მიერ ყველა ფაქტობრივი გარემოება დგინდება მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებებიდან. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს სსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები. მითითებული ფაქტები, განსხვავებით ამავე მუხლით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებისაგან საერთოდ არ საჭიროებენ რაიმე დოკუმენტის თუ მტკიცებულების წარდგენას გარკვეული გარემოების დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მითითებული ფაქტის საყოველთაოდ ცნობილად მიჩნევისთვის, უკიდურეს შემთხვევაში, არბიტრი პოპულარული, მოსახლეობის ყველა ფენისათვის ცნობილი უნდა იყოს და მისი ცხოვრება საყოველთაო ინტერესს იწვევდეს. შესაძლებელია, მისი დაკავება იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მისი არაორდინალურობის ან სხვა გარემოებათა გამო, რომ მან მთელ მოსახლეობაში გამოიწვიოს ინტერესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 412-ემუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29559
    Crassus
    Participant

     აღიარება (სსკ-ის 131-ე მუხლი)  

     

    (სუსგ. Nას-960-903-2010)    

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად გამოიყენა სსკ-ის 131-ე მუხლი, კერძოდ, პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ერთ-ერთი მოპასუხის მიერ აღიარებული ვალდებულება, თუმცა მისი შესრულება მეორე მოპასუხეს დააკისრა.    

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, თუმცა, სსკ-ის 131-ე მუხლით, აღიარების ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართებითაც შემდგომში იქნება გამოყენებული. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლადააბრუნა იმავე სასამართლოში.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #35070
    Crassus
    Participant

    სასამართლო ხარჯების ანაზღაურება

    სუსგ. №ას-789-754-2014

    „მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორემხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცესის ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარისმოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.”

    Crassus
    Participant

    ხანდაზმულობის ვადის ათვლა (სკ-ის 130-ე მუხლი)

    (საქმე N-ას-649-610-2011)

    სარჩელი ეხება საზიარო საგნის აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს საზიარო სახელშეკრულებო უფლებიდან, შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. პალატის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი, წარმოშობილად ითვლება იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მოდავე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ დგინდება. მათი უფლება-მოვალეობანი ერთმანეთის მიმართ გამომდინარეობს მხოლოდ კანონისმიერი საფუძვლიდან, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ სკ-ის 129-ე მუხლის გამოყენებას. რაც შეეხება მოთხოვნის წარმოშობის მომენტს, ჩნდება კითხვა, როდის წარმოეშვა კასატორს მოთხოვნა, სახლის აღდგენითი სამუშაოების დაწყებისას თუ დასრულებისას. პალატის მტკიცებით, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად სახლის აღდგენითი სამუშაოების დასრულების დრო უნდა მივიჩნიოთ, რადგან მშენებლობის ხარჯებზე დაზუსტებულ მოთხოვნას მანამდე ვერ წარადგენდა. ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევის მიზნით, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29546
    Crassus
    Participant

    დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა სარჩელების გაერთიანებისას

     

    (სუსგ. ას-1378-1215-2010)

     

    განსახილველ შემთხვევაში რამდენიმე ერთგვაროვანი საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, დავის საგნის ღირებულება განსაზღვრა მოპასუხე მხარეთათვის თითოეულის შესაბამისი დავის საგნის ღირებულებათა შეკრების საფუძველზე, შემდგომ კი, საერთო ღირებულებიდან გამოითვალა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილით სარჩელების გაერთიანება გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიურობის პრინციპით, რომელიც, უპირველესად, მოდავე მხარეთა ინტერესია. ამავდროულად, ის გავლენას ვერ მოახდენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრაზე, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გაერთიანებულია რამდენიმე სხვადასხვა სარჩელი, რომლებზედაც დამოუკიდებელი სამოქალაქო წარმოება მიმდინარეობს. შესაბამისად, ეს სარჩელები ცალ-ცალკე უნდა შეფასდეს და დავის საგნის ღირებულებაც არა მოთხოვნების შეჯამებული ფასით, არამედ თითოეული სარჩელის დამოუკიდებელი ღირებულებით განისაზღვროს. ზემოაღნიშნული საფუძვლით, საკასაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29544
    Crassus
    Participant

    მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს

     

    (სუსგ. N-ას-380-353-2010)

     

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: როგორც საქმის მასალებით დასტურდება, უწყება ორჯერ გაეგზავნა მხარეს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე და არ ჩაჰბარდა, რადგანაც მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა. საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარემ სასამართლოს მისამართის ცვლილების შესახებ შეატყობინა, შესაბამისად, სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს სრული საფუძველი ჰქონდა იმისათვის, რომ უწყება მხარისათვის ჩაბარებულად მიეჩნია. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ფოსტიდან დაბრუნებულ გზავნილზე არსებული აღნიშვნის თანახმად, მხარე გადასული იყო ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს მისამართი არასრულია, გარდა ამისა, არ ირკვევა, ინფორმაციის მიმწოდებელი პირის ვინაობა, ამასთან, სსკ-ის 76-ე მუხლი ითვალისწინებს თავად მხარის ვალდებულებას, რომ სასამართლოს ახალი მისამართი აცნობოს.

    in reply to: დ.ღ.გ (V.A.T) #29541
    Crassus
    Participant

    დ.ღ.გ-ს გადამხდელი სუბიექტები

    I. პირი, რომელიც ნებაყოფლობით რეგისტრირდება დღგ-ის გადამხდელად.

    ეს ის შემთხვევაა, როცა პირს არ ეკისრება დ.ღ.გ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, მაგრამ თავისი ნებით რეგისტრირდება და ხდება დ.ღ.გ-ს გადამხდელი.  იგი დღგ-ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, მაგრამ არა უგვიანეს სავალდებულო რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადისა.

    in reply to: დ.ღ.გ (V.A.T) #29538
    Crassus
    Participant

    დამატებული ღირებულების გადასახადის არსი

    დამატებული ღირებულებით დაბეგვრა ქმნის სისტემას, რომლის დროსაც გადასახადის თანხა არ არის დამოკიდებული წარმოებისა და მიწოდების სტადიების რაოდენობაზე. იგი საბოლოო მომხმარებელზე მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ფასით განისაზღვრება.

    დღგ-ის გადახდის ტვირთი საბოლოო მომხმარებელს აწვება და ამიტომ იგი არაპირდაპირ გადასახადებს განეკუთვნება.

    დამატებული ღირებულების გადასახადი, როგორც არაპირდაპირი გადასახადი, არის საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, მომსახურების წარმოებისა და მიმოქცევის პროცესში შექმნილი ღირებულების ნაწილის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი ყველა დასაბეგრი საქონლის ღირებულების ნაწილის ბიუჯეტში სავალდებულო შენატანი.

    დღგ, ექვემდებარება გადახდას საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის ყველა სტადიაზე. დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის თანხა განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის.

    ამასთან, არაპირდაპირია გადასახადი, რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.

    დამატებული ღირებულების გადასახადი არაპირდაპირი მრავალსაფეხურიანი გადასახადია, რომლის გადახდაც წარმოებს საქონლის (მომსახურების) წარმოებისა და მიწოდების ყველა სტადიაზე. დღეისათვის საქართველოში (და ევროპის ქვეყნებში) დღგ გამოიანგარიშება დანიშნულების ადგილის პრინციპით: გადასახადის გადახდა წარმოებს საქონლის იმპორტისას, საქონლის ექსპორტის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრით (ან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებით).

    თავისი ეკონომიკური არსით აღნიშნული გადასახადი საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის, მომსახურების წარმოებისა და მიმოქცევის პროცესში შექმნილი ღირებულების ნაწილის, აგრეთვე საქართველოში შემოტანილი ყველა დასაბეგრი საქონლის ღირებულების ნაწილის ბიუჯეტში სავალდებულო შენატანის ფორმას წარმოადგენს.

    დღგ-ის გამოანგარიშების მიზნით საქართველოს საგადასახადო წარმოებაში შემოღებულია ანგარიშ-ფაქტურების გამოყენება. დადგენილია ანგარიშ-ფაქტურების შევსების განსაზღვრული მოთხოვნები (სავალდებულო რეკვიზიტები, ეგზემპლარების რაოდენობა, გაფორმებისა და მიწოდების ვადები).

    აღნიშნულმა დღგ-ის გამოანგარიშების ეროვნული პრაქტიკა დაახლოვა ინვოისური მეთოდით ანუ ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლის მეთოდით დაბეგვრის პრაქტიკასთან. ამ მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: გადასახადის გადამხდელი უწერს საქონლის (მომსახურების) მყიდველს ანგარიშ-ფაქტურას, სადაც უთითებს ამ გადასახადით გაზრდილ საქონლის ფასს, ასევე ცალკე სტრიქონად  დღგ-ის თანხას. მყიდველისაგან მიღებული დღგ-იდან გადასახადის გადამხდელი გამოქვითავს გადასახადის თანხებს, რომელიც მან გადაიხადა საწარმოო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის შეძენისას. სხვაობის თანხა შეიტანება ბიუჯეტში.

    in reply to: დ.ღ.გ (V.A.T) #29536
    Crassus
    Participant

     ზოგადი ინფორმაცია დ.ღ.გ-ს შესახებ

    დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა წარმოებს საქონლის მოძრაობის ყველა სტადიაზე, პირველი საწარმოო ციკლიდან დაწყებული, მომხმარებლისათვის საქონლის მიწოდებით დამთავრებული.

    დღეისათვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე და არაევროკავშირის ქვეყნებიდან საქონლის იმპორტზე დააწესოს დამატებული ღირებულების გადასახადი მინიმუმ 15%-იანი განაკვეთით.

    ამჟამად ევროკავშირში დღგ-ის ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტი 2007 წლის 1 იანვრის დირექტივაა. ამ დირექტივაში ერთიანად არის თავმოყრილი წლების მანძილზე დღგ-სთან დაკავშირებული ნორმები. დირექტივის თანახმად, გადასახადის სუბიექტია ნებისმიერი ფიზიკური პირი, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ამხანაგობა ან კომპანია, რომელიც ახორციელებს დასაბეგრ ოპერაციას. ამასთან, თუ პირის წლიური ბრუნვა არ აღემატება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ზღვარს, პირს განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ გააჩნია. ევროკავშირში დღგ ერიცხება საქონლის/მომსახურების მიწოდების ყველა სტადიას.

    იმპორტი ევროკავშირში იბეგრება, თუ საქონელი კვეთს ევროკავშირის საზღვრებს. ამასთან, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ექსპორტი იბეგრება ნულოვანი განაკვეთით.

    მაგ: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან დღგ-ით შეძენილი საქონლის ექსპორტის შემთხვევაში (მ.შ. საცალო ვაჭრობაში), წარმოების ექსპორტიორებს დღგ-ის თანხებს უნაზღაურებენ საგადასახადო ორგანოები, ხოლო მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთისას – საბაჟო ორგანოები.

    აღსანიშნავია, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითადი დოკუმენტი ანუ ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ 1949 წლის ხელშეკრულება, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დღგ-ისთან დაკავშირებულ საკითხებს.

    მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია უკრძალავს წევრ სახელმწიფოებს ექსპორტიორების მოგების (საშემოსავლო) გადასახადისაგან განთავისუფლებას. ამასთან,  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია პირდაპირ ითვალისწინებს  დღგ-ის დაბრუნების შესაძლებლობას ექსპორტიორებისათვის და აბსოლუტურად დასაშვებად მიიჩნევს აღნიშნულ საკითხს.

    დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის სუბიექტია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას და შესაბამისი საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს. ამასთან, კერძო სამართლის იურიდიული პირების გარდა, გადასახადის გადამხდელებს წარმოადგენენ სახელმწიფო ორგანოები, სახელმწიფო კომპანიები, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები, აგრეთვე საჯარო-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილ სხვა ორგანიზაციები, თუ ისინი ახორციელებენ ეკონომიკურ ოპერაციებს საქონლისა და მომსახურების მიწოდების გზით.

    დღგ-ის გადამხდელების განსაზღვრისას აუცილებელია გავმიჯნოთ გადასახადის იურიდიული და ეკონომიკური გადამხდელები. იურიდიულ გადასახადის გადმხდელია პირი, რომელსაც კანონის ძალით ევალება ამ შენატანის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება. ეკონომიკური გადასახადის გადამხდელია საქონლის ან მომსახურების საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ატარებს გადასახადის ტვირთს მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ფასის ნაწილის ფორმით.

    დღგ-ით დასაბეგრი ბაზა საქონლის (მომსახურების) ღირებულების ახალი ნაწილია, რომელიც წარმოიშვა მისი მოძრაობის მორიგ სტადიაზე.

    დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშების წესი შეიძლება ეფუძნებოდეს პირდაპირ ადიტიურ მეთოდს, არაპირდაპირ ადიტიურ მეთოდს, პირდაპირი გამოქვითვის მეთოდს ან არაპირდაპირი გამოქვითვის მეთოდს. ვინაიდან, გადასახადის გამოსაანგარიშებლად შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა მეთოდი, მნიშვნელობა ენიჭება სწორედ კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ დღგ-ის გამოანგარიშების წესს.

    ყველაზე გამოყენებად მეთოდს მეოთხე, ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლის, მეთოდი წარმოადგენს. იგი განსაკუთრებით „გამჭირვალეა“ შემოწმებისათვის და დიფერენცირებული გადასახადის განაკვეთების გამოყენების საშუალებას იძლევა. საქართველოში სწორედ აღნიშნული მეთოდი გამოიყენება.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #29548
    Crassus
    Participant

    წერილობითი მტკიცებულების დედნის წარდგენის ვალდებულება

     

    (სუსგ. N-ას-967-1246-09)

     

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, ასლებს მტკიცებულების ძალა მიანიჭა, მიუხედავად იმისა, რომ დედნების წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 135-ე მუხლის ანალიზით, მტკიცებულების ძალა გააჩნია დოკუმენტის დედანს. დოკუმენტის ასლი სასამართლოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლია მტკიცებულებად მიიჩნიოს. ამისთვის მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად და ნათლად უნდა დაადასტუროს, რომ დოკუმენტის დედანი არსებობს ან არსებობდა, მაგრამ მას, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეუძლია მისი წარმოდგენა. განსახილველ შემთხვევაში ასეთი გარემოება არ დასტურდება. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

     

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 142 total)