• This topic has 71 replies, 6 voices, and was last updated 6 years ago by BLH.
Viewing 10 posts - 61 through 70 (of 72 total)
  • Author
    Posts
  • #29708

    მტკიცებულების წარდგენის ვალდებულების დარღვევა

    (განჩინება N-ას-1235-1164-2011)

    სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სსკ-ის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილი და არ გაათავისუფლა მოსარჩელე მტკიცების ტვირთისაგან. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ აღძრული შუამდგომლობა და მასში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად მოპასუხის მიერ წარმოსადგენი მტკიცებულებების ვალდებულება.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 136-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიზანია მტკიცებულებების წარდგენის უზრუნველყოფა იმ მხარისაგან, რომელთანაც ინახება მტკიცებულება, მაგრამ მისთვის არ არის ხელსაყრელი მათი სასამართლოში წარდგენა, რადგან ამ მტკიცებულებით შეიძლება დადასტურდეს მისთვის არასასურველი ფაქტი.

    ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია, მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე.

    განსახილველი ნორმის თანახმად კი, იმისათვის, რომ სასამართლომ გადააკისროს მტკიცების ტვირთი მხარეს, რომელსაც არ ევალება სადავო ფაქტის დადასტურება, აუცილებელია, არსებობდეს შემდეგი ორი წინაპირობა: პირველი, მხარე არ უნდა უარყოფდეს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა და, მეორე, იგი წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს უნდა ამბობდეს.

    საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ, ზემოთ მითითებული განმარტებების მიხედვით, მოპასუხეს უნდა განუსაზღვროს სსკ-ის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები და შედეგები, თუ მოპასუხე მხარე ვერ დაადასტურებს ამ მტკიცებულებების წარუდგენლობის საპატიო მიზეზს, მაშინ მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს ამ მტკიცებულებებით დასადასტურებელი ფაქტების მტკიცებისაგან. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა გასახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

    #29710

    მოსამართლის შინაგანი რწმენა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა

    (სუსგ. N-ას-1639-1536-2012)

    დავა ეხება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას, იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ მოპასუხე დღემდე ცოცხალია, მიიჩნია, რომ მოსარჩელე მას საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფდა, სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სასამართლო თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში და შეუძლია, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დადგენა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას.

    მოცემულ შემთხვევაში, სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე, რომელიც თანხის დაკისრებას ითხოვდა, ვალდებული იყო, წარედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მან მოპასუხის რჩენისათვის ეს თანხა გაიღო, რაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად განაწილების პირობებში, როდესაც მოსარჩელე საკუთარ მოთხოვნას შესაბამის მტკიცებულებებზე ვერ ამყარებს, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია, რაც სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 411-ე მუხლით, მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    #29712
    BLH
    Keymaster

    გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება

     

    (განჩინება N-ას-1162-1091-2012 )

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას, მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორად დასადგენად საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები და სხვა მტკიცებულებები არ შეაფასა სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე არასწორად გამოიყენა სსკ-ის 251-ე მუხლი.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ხელშეკრულების შინაარსის დადგენისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მის ფორმალურ ნიშნებზე ყურადღების გამახვილება, ასევე მნიშვნელოვანია მხარეთა ნებისა და ფაქტობრივად არსებული უფლება-ვალდებულებების გამორკვევა-შეფასება. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 251-ე მუხლი და გადაავადა გადაწყვეტილების აღსრულება გონივრული ვადით მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები მხარის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს აღსრულების გადავადებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

    #29722

    ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების  ფაქტის მტკიცება

     

    (განჩინება N-ას-1610-1511-2012)

    ანალოგიური საქმეები: #ას-864-810-2012; #ას-1118-1049-2012; #ას-1249-1178-2012; #ას-1510-1425-2012; #ას-1432-1351-2012; #ას-61-57-2013; #ას-95-90-2013.

    სააპელაციო სასამართომ, საჩივრის განხილვისას, უგულვებელყო სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, ყოველგვარი წერილობითი მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია კასატორის მიერ შემოსავლის მიღების ფაქტი, მაშინ, როდესაც ნებისმიერი ხელშეკრულების არსებობა, მისი შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ არის. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ კასატორს მძიმე ფინანსური ვალდებულება დააკისრა (ალიმენტის გადახდა შვილისათვის).

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმეში არსებული მტკიცებულებები აკმაყოფილებენ დასაშვებობის მოთხოვნებს, თუმცა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებენ კასატორის მატერიალურ მდგომარეობას იმ სახით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს შინაგანი რწმენა და იგი არ გამომდინარეობს სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული მტკიცებულებათა შეფასებიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

    #29724
    BLH
    Keymaster

    მტკიცების ტვირთი (ნასყიდობა)

    (გადაწყვეტილება #ას-1134-1065-2012)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის, ასევე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს, კერძოდ, გამყიდველს დააკისრა მტკიცების ტვირთი მის მიერ გაყიდული ნივთის ნივთობრივი ნაკლის არსებობა-არარსებობის თაობაზე (ავტომანქანის გადამცემთა კოლოფის ხმაურთან დაკავშირებით).

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნიდან არ გამომდინარეობს, რომ ხმაური, თავისთავად, ნაკლია. პირიქით, ექსპერტი ნაკლის არსებობას ვერ ადგენს.

    საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს იმ გარემოების გაბათილების ვალდებულება დააკისრა, რომლის არსებობის დადგენაც კი შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ფარული ნაკლი“ გულისხმობს იმგვარ გაუმართაობას, რომელიც თვალსაჩინო არ არის ჩვეულებრივ პირობებში, მაგრამ მისი აღმოჩენა სათანადო ტექნიკური შემოწმებისას შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში კი, შეუძლებელია, დადგინდეს, ხმა დამახასიათებელია ამ მოდელის ავტომანქანისათვის თუ გადამცემთა კოლოფის დაზიანებითაა გამოწვეული. არსებული არც ერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს, რომ გადამცემთა კოლოფის ხმა ფარული ნაკლის არსებობაზე მიუთითებს, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ხმა, თავისთავად, ნაკლია, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ემყარება და უსაფუძვლოა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    #29808
    BLH
    Keymaster

    ყადაღის დადება მეუღლეთა თანასაკუთრებაზე

     

     (სუსგ. N- ას-290-276-2013)

     

    დავა ეხება მოძრავი ქონების ყადაღისგან განთავისუფლებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 1158-ე მუხლი და მიიჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ დაყადაღებული ნივთები (გაზქურა, ცენტრალური გამათბობელი და ავეჯი) შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრებისას, არ წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ის გარემოება, რომ ნივთები უშუალოდ შეძენილია ცოლის მიერ, სადავო არ არის, მაგრამ მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს არა ის, რომ მან შეიძინა თავისი სახსრებით, არამედ ის, რომ ეს ნივთები არ წარმოადგენენ თანასაკუთრებას. შესაბამისად, სკ-ის 1158-ე მუხლიდან გამომდინარე, სსკ-ის 102-103-ე მუხლებისა და, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ ნივთებზე, რომლებიც შეძენილია ქორწინების პერიოდში მისი სახსრებით, არ წარმოიშობა თანასაკუთრება.

    საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ერთის მხრივ, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე (ცოლი) ფლობს საწარმოს, რომელიც მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდშია დაფუძნებული და მისივე მითითებით სწორედ ამ საწარმოდან მიღებული შემოსავლით არის შეძენილი სადავო ნივთები. ხოლო რაიმე გარემოება, რომ მოსარჩელემ საწარმო დააფუძნა საკუთარი სახსრებით დადგენილი არ არის, მეორე მხრივ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მეორე მეუღლეც (ქმარი) ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და ასევე ჰქონდა საკუთარი შემოსავლის წყარო. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ცოლის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, სადაც ორივე მეუღლე ერთად ცხოვრობს და რომელშიც არსებული ნივთებია დაყადაღებული, შეძენილია, ასევე ქორწინების პერიოდში და დატვირთულია იპოთეკით ქმრის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალების გადახდის მიზნით. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ერთობლიობაში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მეუღლეები ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და სარგებლობდნენ სადავო ნივთებით (გამათბობლით, გაზქურით, ავეჯით), რომლებიც მათი საერთო მოხმარების საგნებს წარმოადგენენ.

    #32163
    BLH
    Keymaster

    ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება

    საქმე № 3-509-03

    რაც შეეხება გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურების თანხების 33064,89 ლარის მოპასუხისათვის გადასახდელად დაკისრების შესახებ, დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

    მართალია, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელისა და შპსისშორის გაფორმებული ხელშეკრულება მოცემულ საქმეზე იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების და ამ მიზნით ზემოთ მითითებული საზოგადოებისათვის 38000 ლარის ჩარიცხვის შესახებ, ამასთან სსკ 47- მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია.

     ასეთ შემთხვევაში ადვოკატი სახელმწიფო სალაროდან მიიღებს ანაზღაურებას არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით. ეს წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს სახელმწიფო ხარჯზე მომსახურებას, ისიც მაშინ, თუ განსახილველი საქმე რთული და მნიშვნელოვანია. სხვა შემთხვევაში მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხდება საქმის სირთულესთან გონივრულ შესაბამისობაში და მომსახურების ღირებულების განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს მხარესა და იურიდიული დახმარების გამწევს შორის დადებულ ხელშეკრულებას.

    ამ საკითხის გადაწყვეტისათვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რა თანხა გადაუხადა მხარემ ადვოკატს, ვინაიდან მითითებული გარიგება არ შეიძლება სავალდებულოდ იქცეს წაგებული მხარისათვის, რადგან იგი არ მონაწილეობდა ამ გარიგების დადებაში. სსკ 53- მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმრებისათვის გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47- მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

    ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმომადგენლის დახმარებისათვის მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა სასამართლომ უნდა განსაზღვროს 5000 ლარით.

    #33941
    BLH
    Keymaster

    სარჩელის საფუძვლის შეცვლა

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს. უზენაესმა სასამართლომ 2009 წლის 6 ივლისის #ას-221-547-09 განჩინებით განმარტა, რომ „მითითებული დანაწესით გათვალისწინებული გარემოებები და ფაქტები ქმნიან სარჩელის საფუძველს და შეადგენენ მტკიცების საგანს. მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონვე განსაზღვრავს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტს დაამყაროს თავისი სასარჩელო მოთხოვნა, ამასთან, უფლებამოსილია, თავის სასარჩელო მოთხოვნა დაამყაროს როგორც ერთ, ისე რამდენიმე იურიდიულ ფაქტს, რაც დამოკიდებულია თვით სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათისაა და იგი უნდა დადასტურდეს იურიდიული ფაქტებით, რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა გარკვეულ შედეგებს უკავშირებს . . . სარჩელის საფუძველი იმ ფაქტების ერთობლიობაა, რომლებიც ასაბუთებენ, ფაქტობრივად ამართლებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, ამდენად, სარჩელის საფუძვლის შეცვლა იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას ნიშნავს, რომლებსაც მოსარჩელე თავის სარჩელში თავდაპირველად უთითებდა და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა“.

    #33943
    BLH
    Keymaster

    პრეზუმფციის როლი სამართალწარმოებაში

    საქმე №ას-570-541-2015 

     

    საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე – მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი – მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების  მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.

    #34556

    ანგარიშ-ფაქტურა, როგორც მტკიცებულება

    №ას-653-621-2013

    ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სარჩელში მითითებული ფაქტების ლოგიკური შეფასებიდან არ გამომდინარეობს სასამართლოს დასკვნა თანხის უსაფუძვლოდ გადახდის თაობაზე, ამასთანავე, საყურადღებოა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რომელსაც სარჩელითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების ფარგლებში აღნიშნავს შპს „ა.-ი“, განეკუთვნება საჯარო სამართლის (საგადასახადო კანონმდებლობა) რეგულირების სფეროს, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების დარღვევამ ანგარიშ-ფაქტურის გამოუწერლობის თვალსაზრისით, არ შეიძლება გავლენა იქონიოს სამოქალაქო ურთიერთობებში ვალდებულების არსებობაზე. თავის მხრივ, გასაზიარებელია კასატორის მსჯელობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგს, ვალდებულების შეწყვეტის რეგულაციას იცნობს სამოქალაქო კოდექსის მე-6 კარი და 427-454-ე მუხლების არც ერთი დანაწესით ხელშეკრულების შეწყვეტა ვალდებულების შეწყვეტასთან არ არის გაიგივებული.

Viewing 10 posts - 61 through 70 (of 72 total)
  • You must be logged in to reply to this topic.