• This topic has 71 replies, 6 voices, and was last updated 6 years ago by BLH.
Viewing 2 posts - 71 through 72 (of 72 total)
  • Author
    Posts
  • #35339
    BLH
    Keymaster

    განსჯადობა – სახელშეკრულებო დავების დროს

    (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება № 2ბ/3559-1128)

    „ო. ე.-ს’’ ვალდებულებაა მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდა, თუმცა, ხელშეკრულების შესრულების ადგილად ვერ მიიჩნევა კრედიტორის ადგილსამყოფელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 362-ე მუხლის მიხედვით, ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულება, მართალია, ხელშეკრულების არსებითი პირობაა, მაგრამ,  ამავე დროს, არა ძირითადი, არამედ შემხვედრი ვალდებულებაა.

    პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულ უნდა იქნას იმ ვალდებულების შესრულების ადგილი, რომლის შესრულების მიზნებისათვისაც დაიდო ხელშეკრულება.

    მაგალითისათვის, მოცემულ შემთხვევაში, 2008 წლის 28 მაისის ხელშეკრულება დაიდო არა იმ მიზნით, რომ შპს „ს.-ს“ თანხა მიეღო, არამედ იმ მიზნით, რომ „ო. ე.-ს’’ ცემენტი მიეღო. აღნიშნული მიზნით, დაიდო რა ნასყიდობის ხელშეკრულება,  შპს „ს.-ს“ წარმოეშვა ცემენტის მიწოდების, ხოლო „ო. ე.-ს’’ – თანხის გადახდის შემხვედრი ვალდებულება.

    ამდენად, ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დროს ვალდებულებათა დიფერენცირება ძირითად და შემხვედრ ვალდებულებებად, ნათელს ხდის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავების განსჯადობას ძირითადი ვალდებულების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 362-ე და  386-ე მუხლების სხვაგვარი განმარტება ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავების ორმაგი განსჯადობის სტანდარტს აამუშავებს, ვინაიდან ვალდებულებათა შინაარსიდან გამომდინარე, ვალდებულებები ხელშეკრულების ყველა მხარეს ეკისრება და ზემოაღნიშნული ნორმები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ ვინც დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, იმ მხარის ვალდებულების შესრულების ადგილის მიხედვით უნდა განხორციელდეს სამართალწარმოება.

    ამგვარი ლოგიკით, „ს.-ს“ მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დავა თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს, ხოლო „ო. ე.-ს’’ მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში – გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ, რაც განსჯადობის ორმაგი სტანდარტია და არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლიდან.

    აღნიშნული მსჯელობის ნათელყოფის მიზნებისათვის, პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვასიტყვით განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელების განსჯადობა დაკავშირებულია ვალდებულების შესრულების ადგილთან და არა ვალდებულების დამრღვევი პირის მიერ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების ადგილთან.

    #38663
    BLH
    Keymaster

    წარმომადგენლის აღიარების შედეგები

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (N-679-650-2016)

    შრომით-სამართლებრივ დავაში დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის გადასაწყვეტად ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენდა იმის გარკვევა, არსებობდა თუ არა ის პოზიცია, სადაც დასაქმებული მუშაობდა სამუშაოდან დათხოვნამდე.

    საქმის მასალების მიხედვით მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, არსებობდა თუ არა ბანკში მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა, დამსაქმებლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არსებობდა და, ამ პოზიციაზე მუშაობდა თანამშრომელი, რომელიც ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოების შემდგომ რამდენიმე დღეა, შეუდგა მუშაობას.

    ბანკის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ამჟამად სხვა პირი მუშაობდა, საშტატო ერთეული შემცირებულია, იყო თოთხმეტი და არის თერთმეტი.

    საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საპროცესო მიზნებისათვის (სსკის 93- და 98- მუხლები) წარმომადგენლის პოზიცია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილება უშუალოდ მხარის პოზიციად და მას თავისუფლად დაემყარება სასამართლო.

    მატერიალური თვალსაზრისით, წარმომადგენლობა შეიძლება განხილულ იქნეს დავალების ჭრილში (სკის 709- და 712- მუხლები), რაც წარმოშობს იმ პრეზუმფციის დაშვების აუცილებლობას, რომ წარმომადგენლის მოქმედება დავალების შინაარსიდან გამომდინარეობს.

    აღნიშნული მსჯელობის ფონზე საკასაციო პალატამ დამსაქმებლის პრეტენზიის საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ მისი წარმომადგენლის განმარტება საშტატო ერთეულის არსებობის თაობაზე სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებაა, რომლის საპირისპიროდაც დამსაქმებელს არათუ დასაბუთებული პრეტენზია, არამედ სსკ-ის 133-ე მუხლით განსაზღვრული აღიარების გამაქარწყლებელ არცერთ გარემოებაზე არ მიუთითებია, რის გამოც პალატამ სადავო თანამდებობის არსებობა დადასტურებულად მიიჩნია.

Viewing 2 posts - 71 through 72 (of 72 total)
  • You must be logged in to reply to this topic.