Viewing 10 posts - 11 through 20 (of 47 total)
  • Author
    Posts
  • #30803
    BLH
    Keymaster

    კეთილსინდისიერების პრინციპი

     
    საქმეას-1388-1224-10
     

    სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავს მითითებას კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები ანუ კეთილსინდისიერება უკავშირდება პირისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არა იმის შესრულებას,რაც მას არც ხელშეკრულებით და არც სხვა სახით (ასეთი რამ საქმის მასალებით არ დასტურდება) მხარის მიმართ არ უკისრია.

     
     
     
     

    #37984
    BLH
    Keymaster

    კეთილსინდისიერების პრინციპი პრაქტიკაში

     (საქმე #ას-1338-1376-2014),

    საინტერესო განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ კეთილსინდისიერების პრინციპის არსზე, კერძოდ მან განმარტა სამართალურთიერთობაში კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი და აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერების ფუნქციიდან გამომდინარე, როდესაც სამართალსუბიექტს სამართლებრივი მოქმედების რამდენიმე შესაძლებლობა აქვს, მან უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ ამით ზიანი არ მიადგეს სხვას. თუ ერთი და იგივე მიზნის მიღწევა ამავე სამართალსუბიექტისათვის ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, რამდენიმე კანონიერი გზით არის შესაძლებელი, ასეთ შემთხვევაში არჩეული უნდა იქნეს ის გზა, რომლითაც სხვათა უფლებები ნაკლებად შეილახება.

    #30681
    BLH
    Keymaster

    გარიგების ცნება და მისი სახეები

     

    კერძო სამართლის სუბიექტების მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა ხორციელდება გარიგების მეშვეობით. გარიგების ცნება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც გარიგება შეიძლება იყოს ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი.

    ამდენად, იმისათვის, რომ ნების გამოვლენა მიჩნეული იყოს გარიგებად, აუცილებელია მას სამართლებრივი შედეგი მოყვებოდეს. მაგ: მისალმება, კომპლიმენტის თქმა და სხვა სახის ნების გამოვლინებები, არ წარმოადგენს გარიგებას, რადგან მას არ მოყვება სამართლებრივი შედეგი.

    ცალმხრივი გარიგებები– ისეთ გარიგებებია, რომელთა ნამდვილობისთვის, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. ცალმხრივი გარიგებები სამ ჯგუფად იყოფა:

    1. ცალმხრივი გარიგებები, რომლებიც მხოლოდ ნების გამომვლენ პირს ეხება.

    მაგ: ქონების მიტოვების დროს, ქონების მესაკუთრე ნებას ავლენს, თავისი საკუთრების უფლების გაუქმების მიზნით კონკრეტულ ქონებაზე, რაც წარმოშობს სამართლებრივ შედეგს- მისი საკუთრების უფლება ამ ქონებაზე უქმდება, ამავდროულად აღნიშნული გარიგება სხვა პირების უფლება-მოვალეობებს არ ეხება.

    2. ცალმხრივი გარიგებები, რომლებიც იურიდიულ ძალას იძენენ ერთი პირის ნების გამოვლენის შედეგად, მაგრამ უფლებრივ, ქონებრივ ან სხვაგვარ უპირატესობას ანიჭებენ მესამე პირს.

    მაგ: ანდერძი  მემკვიდრე იღებს სამართლებრივ უპირატესობას ერთი პირის ნების გამოვლენის დროს, ამ შემთვევაში მამკვიდრებელის.

    მაგ: მინდობილობა, რომელიც ერთი პირის ნების გამოვლენის საფუძველზე ანიჭებს სხვა პირს კონკრეტულ უფლებებს, ისე, რომ ამ უკანასკნელის ნების გამოვლენა არ არის საჭირო.

    3. გარიგება მესამე პირებს ეხება მაგრამ შესაძლოა მათ მოუტანოს ზიანი. ასეთი ცალმხრივი გარიგების მაგალითია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. (მიღებასავალდებულო ცალმხრივი გარიგება), ანუ იურიდიულ ძალას იძენს მესამე პირის მიერ მიღების შემთხვევაში.

    ასეთი გარიგება, მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, გარიგება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

    მაგ: ხელშეკრულების მოშლა არის ცალმხრივი გარიგება, რომელიც შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხორციელდება, იგი არ საჭიროებს მეორე მხარის ნების გამოვლენას და სამართლებრივ ძალას იძენს, მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ ნების მიღებისთანავე.

    ორმხრივი გარიგებები- ორმხრივი გარიგების კლასიკური ფორმაა ხელშეკრულება. ხელშეკრულება, რომ ჩაითვალოს ნამდვილად , მისი მხარეებს ნების თანხვედრა უნდა მოხდეს, ანუ ორივე ნების გამოვლენა შინაარსობრივად უნდა ემთხვეოდეს (კონსესუსი).

    ხეშეკრულების დროს ნების გამოვლენა ყოველთვის ერთზე მეტია.ხელშეკრულება იყოფა ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებად:

    ცალმხრივი ხელშეკრულებახელშეკრულების მხარეებს მხოლოდ უფლებები აქვთ ან მხოლოდ ვალდებულებები. მაგ: ჩუქების ხელშეკრულება, მჩუქებელს უფლება აქვს აჩუქოს(ვალდებულება) , ხოლო დასაჩუქრებულს უფლება აქვს მიიღოს , მაგრამ არ არის ვალდებული.

    ორმხრივი ხელშეკრულება -ამ დროს ხელშეკრულების ორივე მხარეს აკისრია, როგორც მოვალეობები ასევე აქვთ უფლებები. კლასიკური მაგალითია- ნასყიდობა.გამყიდველი ვალდებულია გადასცეს საქონელი, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საფასური, გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს საფასური, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს საქონელი.

    მრავალმხირივი გარიგება- ყველაზე გავრცელებული ფორმაა გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პირთა უმრავლესობით, ხელშეკრულებისგან განსხვავებით შეიძლება არ დასჭირდეს კონსესუსი და პირთა უმრავლესობის ნების გამოვლენით განხორციელდეს. მაგ: ბინის ამხანაგობის წესდებაში ასეთი გადაწყვეტილების მიღება განისაზღვრულის ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობა.

    #30684
    BLH
    Keymaster

    გარიგების შინაარსი

    გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია იკითხებოდეს მისი შინაარსი, კერძოდ უნდა არსებობდეს გარიგების ყველა აუცილებელი ელემენტი.

    გარიგების ბირთვია ნების გამოვლენა, თუმცა ნების გამოვლენის ცნება არ არის გარიგების ცნების იდენტური, გარიგების ნამდვილობისათვის უნდა არსებობდეს გარიგების სხვა ელემენტებიც.

    მაგ: სესხის ხელშეკრულება არსებობს, როცა სახეზეა შემდეგი ელემენტები ერთობლიობაში: განსაზღვრულია ხელშეკრულების მხარეები, მათ შორის მიღწეულია კონსესუსი სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მსესხებლისთვის გადაცემულია სესხი.

    მაგ: ცალმხრივი მიღებასავალდებულო გარიგების წარმოშობისთვის, ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის საკმარისი, უნდა არსებობდეს ამავდროულად ამ ნების გამოვლენის ადრესატისთვის მისვლის ფაქტიც.

    სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, გარიგების მონაწილეთა ნება უნდა დადგინდეს ნათლად, მთლიანი სურათის გათვალისწინებით, გონივრული განსჯის შედეგად.

    ხელშეკრულების განმარტებისას, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის (ზოგადი წესის) გარდა, გამოიყენება სპეციალური სკ-ის 337-340-ე მუხლები.

    ნების გამოვლენა არ უნდა იყოს ბუნდოვანი, რადგან ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსზეა საუბარი, შესაბამისად არ არსებობს გარიგება.

    ასეთ შემთხვევაში გვაქვს არა ბათილი გარიგება, არამედ საერთოდ თვით ნების გამოვლენა ითვლება არარსებულად, შესაბამისად საერთოდ არ არსებობს გარიგება.

    მაგ: “ა”-მ შეიტანა სარჩელი სასამართლოში “ბ”-ს წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის გადარიცხული 10.000 ლარის უკან დაბრუნება. თუ სასამართლო განხილვის შედეგად არ გამოიკვეთება კონკრეტული გარიგების შინაარსი, რომლიდან გამომდინარეც მიიღო “ბ”-მ თანხა, მაშინ ჩაითვლება, რომ გარიგება არ არსებობს და შესაბამისად “ბ” ჩაითვლება უსაფუძვლოდ გამდიდრებულად და დაეკისრება ვალდებულება დაუბრუნოს “ა”-ს გადარიცხული თანხა.

    #29476
    BLH
    Keymaster

    ნების გამოვლენის განმარტება (სკ-ის 52-ე მუხლი)

     

    (სუსგ. N-ას-377-357-2011)

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას განმარტა, ვინაიდან მხარემ კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განცხადებით მიმართა სანოტარო ორგანოს დედის სასარგებლოდ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნულ ნების გამოვლენას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მართალია, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმად ვერ ჩაითვლება, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მითითებულ დოკუმენტს სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. სკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

    სანოტარო აქტიდან ნათლად ირკვევა, რომ მხარეს სურდა სამკვიდროდან თავისი კუთვნილი წილი გადასულიყო დედის საკუთრებაში, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული სანოტარო აქტი ჩუქების ხელშეკრულებად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ სავალდებულო მოთხოვნებს, კერძოდ:

    ა) სანოტარო აქტი შეიცავს პირის ნებას ქონების სხვა პირის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასვლასთან დაკავშირებით; ბ) ქონების გამსხვისებელი არის ამ ქონების მესაკუთრე; გ) მხარე ნების ნაკლის არსებობას ვერ ადასტურებს; დ) უძრავ ქონებაზე დადებული ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული წერილობითი ფორმა დაცულია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

    #30730
    BLH
    Keymaster

    გარიგების ფორმა

    ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლი ითვალისწინებს წერილობით ფორმას უძრავი ნივთების გასხვისებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ამდენად, თუ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდება ზეპირი ფორმით, იგი იქნება ბათილი.

    მაგ: მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს წერილობითი ფორმით, შესაბამისად ისინი შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე და თუ მათ მიერ დადებული ხელშეკრულების გარკვეული პირობები ზეპირი ფორმით განაცხადეს, ეს პირობები იქნება ბათილი.

    მაგ: კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნივთის გაყიდვის შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს შესაბამისი უწების თანხმობა, რომლის არ  არსებობის შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულება იქნება ბათილი.

    გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით.

    გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

    მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მას, მხარეების გარდა, ხელს აწერს მხარდამჭერი. მხარდამჭერი ხელმოწერით ადასტურებს მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის გაწევას.

    წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით გარიგება ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან კანონით გათვალისწინებულმა სხვა პირმა.

    ხელის მოწერის გადანდობა სხვა პირისათვის

    იმ პირს, რომელიც თვითონ ვერ მოაწერს ხელს გარიგებას წერა-კითხვის უცოდინარობის, ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის გამო ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუძლია გარიგებაზე ხელის

    მოწერა სხვას მიანდოს. ამ უკანასკნელის ხელის მოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ის მიზეზი, რომლის გამოც გარიგების დამდებმა ვერ შეძლო გარიგებაზე ხელის მოწერა.

    გარიგების დადება რამდენიმე დოკუმენტის შედგენით

    თუ გარიგების დადებისას შედგენილია ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე დოკუმენტი, მაშინ საკმარისია თითოეულმა მხარემ ხელი მოაწეროს იმ დოკუმენტის ეგზემპლარს, რომელიც განკუთვნილია შესაბამისი მხარისათვის.

    #30685
    BLH
    Keymaster

    ბათილი გარიგებები

    ბათილი გარიგების სახეები:

    უცილოდ ბათილი გარიგება– ბათილია დადებისთანავე, გარიგება არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგს. მაგ: სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 55-ე, 56.1-ე, 57-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგებები.

    მერყევად ბათილი გარიგება– ბათილია დადებისთანავე, თუმცა შესაძლებელია მისი ნამდვილად გახდომა.  მაგ: სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლით განსაზღვრული გარიგებები.

    საცილოდ ბათილი გარიგება– ნამდვილია დადებისთანავე, თუმცა შესაძლებელია შეცილება და გაბათილება, გაბათილების შემთხვევაში ბათილად ჩაითვლება დადებისთანავე. მაგ: მოტყუებით, იძულებით, შეცდომით დადებული გარიგებები.

    #30686
    BLH
    Keymaster

    უცილოდ ბათილი გარიგებები

    მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი

    სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“

    მოცემული მუხლი ადგენს შინაარსობრივ მოთხოვნებს გარიგებისადმი, კერძოდ გარიგება იქნება უცილოდ ბათილი, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

    1)კანონსაწინაამღვდეგო გარიგებები-გარიგების ბათილობა შეიძლბა იყოს გამოწვეული, გარიგების შინაარსის წინააღმდეგობით საქართველოს კანონმდებლობასთან. საუბარია, როგორც სამოქალაქო კანონმდებლობაზე, ისე ადმინისტრაციულზე, საკონსტიტუციოზე, სისხის სამართლებრივზე და ა.შ.

    მაგ: ქრთამის მიცემა რაიმე საქმის გაკეთებისთვის, სსკ–ს  54–ე მუხლის მიხედვით იქნება ბათილი გარიგება, რადგან ეწინაამღვდეგბა კანონს, კონკრეტულად კი სისხლის სამართლის კანონმდებლობას.

    2)ზნეობის საწინაამღვდეგო გარიგებები– როცა ვამბობთ, რომ ბათილია ზნეობის ნორმების ხელმყოფი გარიგებები, აქ ძირითადად მხედველობაშია საზოგადოებაში აღიარებული ზნეობრივი ნორმები. ანგარიში უნდა გაეწიოს ამა თუ იმ რეგიონში გაბატონებულ ზნეობრივ წარმოდგენებს. მხედველობაში არ მიიღება მარდოოდენ ნების გამოვლენის სუბიექტის დამოკიდებულება ზნეობისადმი. საჭიროა, რომ ზნეობის ნორმის დარღვევა მოხდეს თვით გარიგებით, მისი დადების ფაქტით, ან მისი შინაარსით. უზნეო მოტივი ვერ მოახდენს გავლენას გარიგების ნამდვილობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი სპეციალური შეთანხმების საგანს წარმოადგენს და სწორედ ამ მოტივით იდება გარიგება.

    3)საჯარო წესრიგის საწინაამღვდეგო გარიგებები-საჯარო წესრიგის ცნებაში იგულისხმება, სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტალური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების, ხელშეუხებლობისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და ა.შ.

    საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილეთა უფლებები, არამედ იგი ვნებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესბს. მაგ: გარიგება, რომელის მიხედვითაც ერთი ადამიანი მეორეს მონად უდგება , ეს გარიგება იქნება ბათილი, რადგან ასეთი გარიგება ადამიანს ფაქტობრივად თიშავს სამოქალაქო ბრუნვიდან და ილახება მისი თავისუფლება.

    #30799
    BLH
    Keymaster

    მართლსაწინააღმდეგო გარიგება

     

    საქმე № 3/321-02

     

    სამოქალაქო კოდექსის 54- მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ მუხლის თანახმად გარიგების ბათილობას იწვევს შემდეგი სახის ფასეულობათა დარღვევა: ) კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები; ) საჯარო წესრიგი; ) ზნეობის ნორმები. საჯარო წესრიგის დარღვევაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლებანი და .. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

    #30755
    BLH
    Keymaster

    გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო

     

    ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.

    მაგ: ექიმმა იცის, რომ მკურნალობისთვის საკმარისია მცირე ღირებულის მქონე პროცედურების განხორციელება, თუმცა იგი ძვირადღირებულ ოპერაციას ურჩევს თავის პაციენტს.

    მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი

    ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

    მაგ: „ა“ ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცემს თავის ნათესავს მის საკუთრებაში არსებულ ბინას, იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს იძულებით ღონისძიებები მისი კრედიტორი- ბანკისგან, რომლის მიმართ მას გააჩნია სასესხო დავალიანება.

    თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

    მაგ: „ა“-ს სურს „ბ“-ს აჩუქოს ბინა, თუმცა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, „ბ“-ს დაეკისრება საშემოსავლო გადასახადის გადახადა, ნაჩუქარი ბინის საბაზრო ღირებულების 20%-ის ოდენობით, ამიტომაც მხარეებმა გააფორმეს ნასყიდობის ხელშეკრულება.

    გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

    ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად (ხუმრობით) იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.

    მაგ: მთვრალმა მამაკაცმა ქალბატონს აჩუქა თავისი ავტომობილი, გადასცა გასაღები, თუმცა აშკარა იყო, რომ იგი ამას არ გააკეთებდა ფხიზელი რომ ყოფილიყო.

    ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 47 total)
  • You must be logged in to reply to this topic.