Viewing 10 posts - 1 through 10 (of 47 total)
  • Author
    Posts
  • #2564

    ამ თემაში განვიხილავთ სამოქალაქო სამართლის ზოგად საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო სამართლის პრინციპები, სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ობიექტი, გარიგების ცნება, მისი ნამდივლობისა და ბათილობის საკითხები, სამოქალაქო ვადები, ხანდაზმულობის ვადები და ა.შ.

    სარჩევი:

    1) სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები და პრინციპები

    სამოქალაქო სამართლის რეგულირების სფერო

    ნორმათა იერარქია და სამართლის წყარო

    კანონის არ ცოდნის სამართლებრივი შედეგები

    კანონის და სამართლის ანალოგია

    სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების კლასიფიკაცია

    სამოქალაქო სამართლის სტრუქტურა 

    სამოქალაქო სამართლის ობიექტები

    სამოქალაქო სამართლის სუბიექტები

    კერძო სამართლის პრინციპები

    2) გარიგებანი

    გარიგების ცნება და სახეები

    გარიგების შინაარსი

    გარიგების ფორმა

    ბათილი გარიგებები

    უცილოდ ბათილი გარიგებები

    5) ვადები და ხანდაზმულობა

    ვადების ცნება

    ვადების ათვლა და დამთავრება

    ხანდაზმულობის არსი

    ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი

    ხანდაზმულობის შეჩერება

    ხანდაზმულობის შეწყვეტა

    ხანდაზმულობის ვადის გასვლის შედეგები

    ვალდებულების აღიარება ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ

    დამატებითი მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა

    სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

    #27232

    სამოქალაქო სამართლის რეგულირების სფერო

    სამოქალაქო სამართალის რეგულირების სფერო მოიცავს კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.

    სამოქალაქო სამართალი ძირითადად მაინც აწესრიგებს ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ანუ განსაზღვრავს წესებს პირების მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.

    ქონებრივი ურთიერთობა სხვადასხვა სახის არის:

    ხელშეკრულების მეშვეობით საქონლის გაცვლა (ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა და ა.შ.).

    ხელშეკრულებები, რომლებიც ეხება სარგებლობის უფლებას (ქირავნობა, იჯარა, თხოვება და ა.შ.).

    ხელშეკრულებები, რომლებიც გულისხმობს სარგებლის სანაცვლოდ გარკვეული მომსახურების გაწევას (ნარდობა, მომსახურება).

    ყველა ეს საკითხი მოწესრიგებულია ვალდებულებითი სამართლის ნორმების მეშვეობით.

    სანივთო სამართალი მოიცავს წესებს: მფლობელობის,  ნივთებზე საკუთრების გადაცემის, ნივთების გირავნობის შესახებ და ა.შ.

    ქონებრივი ურთიერთობების შეიძლება ეხებოდეს მეუღლეთა ქონებას (საოჯახო სამართალი) მეუღლეთა თანასაკუთრებას, სარჩოს უფლება და ა.შ.

    ქონებრივი ურთიერთობები შეიძლება ეხებოდეს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების განკარგვას.(მემკვიდრეობითი სამართალი)

    ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობების გარდა სამოქალაქო სამართალი ასევე აწესრიგებს ისეთ საკითხებს როგორიც არის:

    პირადი არაქონებრივი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი)

    საოჯახო სამართლის ნაწილები,რომლებიც არ ეხება ქონების განკარგვას, მაგ: შვილება, მეურვეობა, ოჯახის წევრებს შორის არსებული უფლება-მოვალეობები და ა.შ.

    #27234

    ნორმათა იერარქია და კერძო სამართლის წყაროები

     

    I. კონსტიტუცია

    სსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, „სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი განმარტებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.“

    ამ დებულებით კანონმდებელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი კანონი, ნორმათა იერარქიის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება. თუმცა საყურადღებოა, რომ ეს დებულება უშუალოდ კონსტიტუციის მე-6 (1) მუხლშია მოცემული. ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია და რომ ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. იგივე ხაზგასმულია ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-19, ისევე როგორც მე-20 და 24-ე მუხლებში.

    II. საერთაშორისო ხელშეკრულებანი

    საქართველოში საერთაშორისო ხელშეკრულება ნორმათა იერარქიაში კონსტიტუციის შემდეგ საფეხურზე იმყოფება, უშუალოდ კონსტიტუციის მე-6 (II) მუხლის დებულებიდან გამომდინარე.

    ამდენად, საერთაშორისო შეთანხმებები/ხელშეკრულებები სარგებლობენ უპირატესი ძალით შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის მიმართაც.

    III. კანონები

    კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შემდეგ საფეხურზე დგას კანონი. ამასთან, ერთმანეთისაგან იმიჯნება ჩვეულებრივი და ე.წ. ორგანული კანონები.

    ორგანული კანონები ნორმათა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება, ვიდრე ჩვეულებრივი კანონები და მიიღება კონსტიტუციის კონკრეტული მოთხოვნის შესასრულებლად. მაგ: შრომის კოდექსი.

    სსკ-ის მე-2 მუხლი განსაზღვრავს, რომ ერთი და იმავე დონის კანონების (სამართლის ნორმათა) კოლიზიის დროს გამოიყენება უფრო სპეციალური და უფრო ახალი კანონი.

    IV. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

    კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სსკის მე-2 (III) მუხლის თანახმად, მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ იგი ავსებს კანონის ნორმას.

    კანონთან წინააღმდეგობის შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ გამოიყენება.

    V.ჩვეულებები

    დაწერილი კანონმდებლობისაგან (კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულება, კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) უნდა განვასხვაოთ ჩვეულებები.

    სსკ არ მოიცავს ჩვეულების განმარტებას, თუმცა კონტინენტური ევროპის სხვა სამართლებრივ სისტემებშიც გამოიყენება ცნება „ჩვეულება“ მისი განმარტების გარეშე.

    ჩვეულება არ არის სამართლის ნორმა. იგი წარმოიშობა ხანგრძლივი და ერთგვაროვანი გამოყენების საფუძველზე და შესაძლებელია შეზღუდული იყოს ტერიტორიული პრინციპისა თუ პირთა წრის მიხედვით მოქმედებით. უშუალო სამართლებრივი შედეგები გამომდინარეობს მისგან მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას დაწერილი სამართლის ნორმები უშუალოდ მიუთითებენ (მაგალითად, სსკ-ის 339-ე მუხლი მიუთითებს სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების გათვალისწინების შესაძლებლობაზე, ასევე 878-ე მუხლი ასევე მიუთითებს ჩვეულებებზე).

    ჩვეულებების მოქმედება მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულების დებულებების, ნების გამოვლენისა და ცალკეული ქმედების განმარტებისას. თუმცა სსკ-ის მე-2 IV მუხლის საფუძველზე ისინი გამოიყენებიან მხოლოდ მაშინ, თუ არ ეწინააღმდეგებიან სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.

    #27235

    კანონის არ ცოდნის სამართლებრივი შედეგები

     

    კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.

    მაგ: სამკვიდროს დადგენილ 6 თვიან ვადაში მიუღებლობა ვერ გამართლდება იმ არგუმენტით, რომ მემკვიდრემ არ იცოდა კანონის ჩანაწერი სამკვიდროს მიღების ვადის შესახებ.

    მაგ: შინაური ცხოველის მიერ პირისათვის ზიანის მიყენებისას, მეპატრონე ვერ გაიქცევა პასუხისმგებლობისგან იმ საფუძვლით, რომ მან არ იცოდა, მისი შინაური ცხოველის ქმედების გამო კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

    მაგ: პირი ვერ მოითხოვს ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებას იმ საფუძვლით, რომ მან არ იცოდა ხანდაზმულობის ვადის დინების თაობაზე.

    #30678
    BLH
    Keymaster

    კანონისა და სამართლის ანალოგია

     

    შეიძლება არსებობდეს ისეთი ურთიერთობები, რომელთა მომწესრიგებელი ნორმები კანონში არ არის პირდაპირ მითითებული. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმების გამოყენება. (კანონის ანალოგია).

    მაგ: იჯარიდან გამომდინარე ზოგიერთ ურთიერთობაზე გამოიყენება ქირავნობის ნორმები, გაცვლასთან დაკავშირებით ურთიერთობებზე – ნასყიდობის ნორმები და ა.შ.

    ანალოგია ვერ გავრცელდება სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებზე (საგამონაკლისო ნორმები).

    მაგ:  „საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.“ (სკ-ის 561.1-ე მუხლი).

    მოცემული ნორმა არის საგამონაკლისო- ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელი სადგომების ქირავნობის დროს და ვერ იქნება გამოყენებული მაგალითად ფარეხის, კომერციული ფართის გაქირავების დროს.

    თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).

    #27238

    სამოქალაქო ნორმების კლასიფიკაცია

    სამოქალაქო სამართალი შეიცავს სხვადასხვა სახის ნორმებს (წესებს):

    მკაცრი წესები (ius strictum)- მკაცრი წესები სახეზეა, როდესაც კანონით ნათლად და ზუსტად არის განსაზღვრული ფაქტობრივი შემადგენლობა და მისი სამართლებრივი შედეგი; ესეიგი, როდესაც ნორმა არ იძლევა საშუალებას, რომ კონკრეტული შემთხვევისთვის დამახასიათებელი დეტალები გავითვალისწინოთ; მკაცრი ნორმები არ საჭიროებენ შეფასების მეშვეობით შინაარსის შევსებას/განსაზღვრას.

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი: „არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.“

    მოცემულ შემთხვევაში ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა და სამართლებრივი შედეგი ზუსტად არის განსაზღვრული და არ რჩება ინტერპრეტაციის საშუალება, კერძოდ თუ პირის ასაკი შვიდი წლიდან თვრამეტ წლამდე მერყეობს იგი ჩაითვლება შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ.

    სამართლიანობის წესები(ius aequum)–  სახეზეა, როდესაც სამართლის ნორმა შეიცავს  ფაქტობრივ შემადგენლობას, რომელიც საჭიროებს შეფასების მეშვეობით მისი შინაარსის შევსებას/განსაზღვრას ან სამართლებრივ შედეგს, რომელიც იძლევა შეფასების მეშვეობით გადაწყვეტილების მიღებას.

    მაგ:  სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლი „გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.“

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“

    ორივე შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, აუცილებელია შეფასება- შეესაბამება თუ არა ნორმაში განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებები, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელსაც ვაფასებთ.

    იმპერატიული წესები (ius cogens)–   გულისხმობს, რომ აღნიშნული წესების შეცვლა არ შეუძლიათ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით;

    ამ მხრივ იმპერატიული წესები ზღუდავს კერძო სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ -ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს;

    იმპერატიული წესების დაწესებით, კანონმდებელი არ ანდობს ურთიერთობის მონაწილეებს მათი ურთიერთობების დამოუკიდებლად განსაზღვრას და თავად აწესრიგებს ურთიერთობების შინაარსს.

    მაგ:   სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი: „იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.“..

    მოცემულ შემთხვევაში კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ იპოთეკის უფლების წარმოშობა დაკავშირებულია მის რეგისტრაციასთან საჯარო რეესტრში. სხვაგვარად მხარეების შეთანხმება იპოთეკის შესახებ არ წარმოშობს იურიდიულ ძალას.

    დისპოზიციური წესები (ius dispositivum)- გულისხმობს ისეთ სამართლებრივ წესებს, რომელთა შეცვლა და გამორიცხვა შეუძლიათ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს;

    დისპოზიციური წესები კანონმდებელმა შექმნა ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც ურთიერთობის მხარეებს დაავიწყდათ ან გამორჩათ გარიგების საფუძველზე გარკვეული საკითხების გათვალისწინება;

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის  553-ე მუხლის პირველი ნაწილი: „ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას.“

    მოცემული ნორმა არის დისპოზიციური, რაც ნიშნავს იმას, რმ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ქირის გადახდის სხვაგვარ ვადაზე, ვთქვათ ქირავნობის ხელშეკრულების დადების მომენტში, ან ყოველთვიურად.

    #27652
    Edika
    Participant

    სამოქალაქო სამართლის სტრუქტურა და აგებულება

     

    სამოქალაქო კოდექსი პანდექტური სისტემის მქონეა, ესეიგი სამოქალაქო კოდექსის მოწყობის პრინციპია – ზოგადი ნორმებიდან კერძო ნორმებზე.

    სამოქალაქო კოდექსი შედგება ექვსი წიგნისგან (მეოთხე წიგნი პრაქტიკულად ამოღებულია):

    წიგნი პირველი – ზოგადი ნაწილი (1-146)

    წიგნი მეორე – სანივთო სამართალი (147-315)

    წიგნი მესამე – ვალდებულებითი სამართალი (316-1016)

    წიგნი მეოთხეინტელექტუალური საკუთრების სამართალი (1017-1105)

    წიგნი მეხუთე – საოჯახო სამართალი (1106-1305)

    წიგნი მეექვსე – მემკვიდრეობის სამართალი (1306-1503)

    პირველ წიგნში განსაზღვრულია ზოგადი ნორმები, რომლებიც ვრცელდება ყველა სხვა წიგნებში განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

    მაგ: პირველ წიგნში განსაზღვრული სუბიექტების და ობიექტების ცნება, გარიგებების ცნება, გარიგებების ნამდვილობის ცნება ვრცელდება სხვა წიგნებში არსებულ ურთიერთობაზე, ვთქვათ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საკითხის გარკვევისას გამოიყენება ზოგადი გარიგების შესახებ ბათილობის საფუძვლები.

    იგივე პრინციპით- ზოგადიდან კერძოსაკენ- არის აგებული სამოქალაქო კოდექსის ცალკეული წიგნები.

    მაგ: ვალდებულებითი სამართლის წიგნში მოცემული ზოგადი ნორმები ვალდებულებითი სამართლის შესახებ.

    #27655

    კერძო სამართლის ობიექტები

    კერძო სამართლის ობიექტი არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის საგანი.

    მაგ: ბინა წარმოადგენს კერძო სამართლის ობიექტს, ხოლო მესაკუთრის მიერ ბინის გაყიდვა ხორციელდება კერძო სამართლის პირებს შორის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების გზით- ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით.

    კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.

    მატერიალური ქონებრივი სიკეთე– მაგ: ბინა, მანქანა, ოქროს საათი (ის, რაც მატერიალური (ფიზიკური) სახით არსებობს).

    არამატერიალური ქონებრივი სიკეთე– მაგ: ბრენდის სახელწოდება (ისეთი ქონებრივი ღირებულების მქონე საგანი, რომელიც არამატერიალური სახით არსებობს).

    პირადი არაქონებრივი სიკეთე– მაგ: ღირსება, პატივი, გამოსახულებაზე უფლება. (პიროვნებასთან დაკავშირებული, ქონებრივი ღირებულების არ მქონე საგანი).

     

    #30802
    BLH
    Keymaster

    კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი

     

    საქმეას-515-1171-03

    სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ დავის საგანი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს არ წარმოადგენს. სკ მე-7 მუხლის თანახმად, კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სკ არეგულირებს ურთიერთობებს, რომლის დავის საგანი სამოქალაქო ბრუნვაშია, ანუ ნივთზე ზემოქმედება, (მფლობელობა, განკარგვა და სხვა) შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევას, უკანონო ნაგებობაზე კანონით გათვალისწინებული წესით არ შეიძლება დადგინდეს არც საკუთრება და შესაბამისად, არც მფლობელობა.

    უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკს 147‑ მუხლი. მითითებული ნორმის თანახმად ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. აღნიშნული ნორმა ცალსახად აწესებს, რომ სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს უნდა შეეძლოთ ნივთის თავისუფალი შეძენა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა. ეს თვისება განაპირობებს ნივთის ბრუნვაუნარიანობას. მოქმედი კანონი აწესებს უძრავი ნივთების გასხვისების სპეციალურ წესს (სკ 183- და 323- მუხლები), რომელთა გამოყენება უკანონო ნაგებობების მიმართ შეუძლებელია; უკანონო სახლთმფლობელობა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ვერ იქნება მიჩნეული.

    #27661

    კერძო სამართლის სუბიექტები

    ფიზიკური პირები– ყველა ადამიანი, მიუხედავად მოქალაქეობისა.

    იურიდიული პირები– ყველა იურიდიული პირი, მათ შორის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები და უცხოური იურიდიული პირები.

    ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები– მაგ: ამხანაგობები, თუმცა მათ გააჩნიათ გარკვეული შეზღუდვები, როგორც სუბიექტებს, რაზეც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაშ მოგვიანებით.

    სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებ –  იმ ურთიერთობებში წარმოადგენენ კერძო სამართლის პირებს, რომლებიც სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 47 total)
  • You must be logged in to reply to this topic.