Viewing 10 posts - 21 through 30 (of 47 total)
  • Author
    Posts
  • #30737
    BLH
    Keymaster

    მოჩვენებითი გარიგება  

    (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-228-489-08)

    ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 10 აპრილს „ა“-მ  სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე “ბ“, „გ“  და ნოტარიუსის მიმართ და მოითხოვა „ბ“-სა  და „გ“-ს შორის 2007 წლის 2 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების, ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, თვითონ და თავის მეუღლეს საერთო საკუთრებაში გააჩნდათ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით – 97,6 კვ.მ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ „ბ“-მ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება მემკვიდრეობით გაიფორმა თავის სახელზე. მემკვიდრეობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში დავის განხილვის დროს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ მისი მეუღლის სახელზე რიცხული მთლიანი ქონება 30000 ლარად მიჰყიდა „გ“-ს, მაშინ, როდესაც აუდიტორული დასკვნის თანახმად, აღნიშნული ქონება 105 000 ლარად იყო შეფასებული. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ, ვინაიდან „გ“-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა სადავო სახლი, ასევე, არ დაინტერესებულა შეძენილი ქონებით, ისე გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, აღნიშნული გარიგება მოჩვენებითია, რის გამოც მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

    უზენაესი სასამართლოს განმარტება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ვითომ ყიდის ან ჩუქნის ქონებას, სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ ხდება.

    მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარემოების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, არსებობდა თუ არა ყველა ის სამართლებრივი წინაპირობა, რომელიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისათვის. სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, ასევე გაიზიარა „გ“-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, მაშინ, როდესაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა და არა წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებით. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ისეთ გარემოებებს, რაც სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს, კერძოდ, დადგენილია, რომ გაყიდულ სახლს ფაქტობრივად ფლობდა მოსარჩელე, იგი მყიდველს არ გადასცემია. სადავო სახლი გაიყიდა იმ დროს, როდესაც სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სადავო სახლზე.

    სასამართლოს არ გამოურკვევია სადავო სახლის ღირებულების გადახდის ფაქტი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „გ“ არ იჩენდა ინტერესს მოცემული დავის მიმართ, არ წარუდგენია შესაგებელი, არ ცხადდებოდა სასამართლოში ახსნა-განმარტების მისაცემად, ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გასაჩივრების ვადის დარღვევით. მართალია, მოსარჩელემ „გ“ მესამე პირად ისე მიუთითა, მაგრამ იგი საქმეში ფაქტობრივად ჩაბმული იყო როგორც მოპასუხე („გ“ სსკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები და დაევალა წარედგინა შესაგებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, შესაბამისად, გასაჩივრებულილ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მტკიცებულებები უნდა განიხილოს ყოველმხრივ და ობიექტურად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

    #29471
    BLH
    Keymaster

    მოჩვენებითი გარიგება

     

    (საქმე N-ას-1049-983-2010)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დაიდო კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისად, გარიგება მოჩვენებითია, რაც დასტურდება ერთი იმით, რომ დასაჩუქრებულის სასარგებლოდ ისედაც არსებობდა ანდერძი და მეორე გამჩუქებელს არ შეუწყვეტია გაჩუქებული ქონების ფლობა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მოჩვენებითი გარიგებაა, როდესაც მხარის მიერ გამოვლენილი ნება მათ რეალურ განზრახვას არ შეესაბამება. ნების ნაკლს მრავალი გარემოება შეიძლება, ადასტურებდეს, მაგრამ არა ის ფაქტი, რომ მოანდერძემ მიზანშეწონილად მიიჩნია ქონების სიცოცხლეშივე განკარგვა და თავისი მემკვიდრისათვის ჩუქება.

    სკ-ის 170-ე მუხლით მესაკუთრეს შეუძლია არა მხოლოდ თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით, არამედ თავისუფლად განკარგოს კიდეც იგი, თუ უფლების ბოროტად გამოყენება არ ხდება. არც ის გარემოება, რომ გამჩუქებელს არ შეუწყვეტია გასხვისებული ქონების ფლობა, ყოველთვის გარიგების მოჩვენებითობაზე არ მეტყველებს.

    მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დასაჩუქრებული გამჩუქებელთან ერთად ცხოვრობდა მის საკუთრებაში გადასულ ბინაში, ამასთან, მჩუქებელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სხვა პირის მზრუნველობას საჭიროებდა. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 412-ე მუხლით, გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

    #30711
    BLH
    Keymaster

    ვადები სამოქალაქო სამართალში

    სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია ვადებთან, ვრცელდება არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ურთიერთობებზე, არამედ სხვა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებზეც, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის გარეთ არის მოქცეული.

    ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა. არსებობს ვადების სხვადასხვა კატეგორია:

    ა. სამოქალაქო უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული ვადები– ვადის გასვლა იწვევს სამოქალაქო უფლების წარმოშობას. მაგ: ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისთვის განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია  ხელშეკრულებიდან გავიდეს და მოითხოვოს ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნება.

    ბ. სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადებიმაგ: მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღო სამკვიდრო, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის მანძილზე.

    გ. ვალდებულების შესრულების ვადები- მაგ: ხელშეკრულებით დადგენილია, რომ „ა“-მ უნდა გადაუხადოს ბინის გამყიდველს 100.000 დოლარი, 2013 წლის 20 მაისამდე.

    დ. უფლების დაცვლის (ხანდაზმულობის ვადები)- მაგ: სასამართლოს გზით სესხის დაბრუნების შესაძლებლობა გააჩნია გამსესხებელს 3 წლის განმავლობაში, სესხის დასაბრუნებლად განსაზღვრული დღიდან.

    ვადები შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ფორმით:

    1. ზუსტად განსაზღვრული კალენდარული თარიღით, მაგ: 2015 წლის 20 მაისს „ა“ ვალდებულია გადაუხადოს „ბ“-ს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.
    2. განსაზღვრული პერიოდულობით– პერიოდი შეიძლება დღეებით, კვირეებით, თვეებით, წლებით და ა.შ. განსაზღვრული. ამავდროულად აუცილებელია პერიოდის ათვლის თარიღის განსაზღვრაც. მაგ: „ა“ ვალდებულია დაუბრუნოს „ბ“-ს სესხი 10.000 დოლარის ოდენობით, 2 წლის შემდეგ. აუცილებელია განისაზღვროს, თუ როდიდან აითვლება აღნიშნული 2 წლიანი ვადა.
    3. მოვლენაზე მიბმული ვადები, აუცილებელია მოვლენა დადგომაუნარიანი იყოს. მაგ: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, მარჩენალმა იკისა ვალდებულება ერჩინა სარჩენი მის გარდაცვალებამდე, რის სანაცვლოდაც, მან მიიღო ამ უკანასკნელის ბინა.

    სამოქალაქო კოდექსის 121-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრული ვადების გამოთვლის წესი გამოიყენება კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში.

    ვადები განსხვავდება იმის მიხედვით ადგენს მას კანონი, სასამართლო თუ გარიგებით არის დადგენილი.

    კანონით დადგენილი ვადები- შეიძლება იყოს, როგორც იმპერატიული (მაგ: სამკვიდროს მიღების ვადაა, პირის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში ), ისე დისპოზიციური (მაგ: გამოსყიდვის უფლების ვადები).

    სასამართლო ვადები – სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს განსაზღვრული მოქმედების ვადა. მაგ: სასამართლოს შეუძლია დაავალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის გამოქვეყნება განსაზღვრულ დროში.

    გარიგების ვადები- მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ან ცალმხრივი ნების გამომჟღავნებით დადგენილი ვადები.

    მაგ: განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში, საფასურის გადახდის ვადები.

    მაგ: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია განუსაზღვროს მოვალეს გონივრული ვადა, ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად, ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსიალი მოშალოს ხელშეკრულება.

    #30713
    BLH
    Keymaster

    ვადის დაწყება და დამთავრება

    თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო.

    მაგ: როცა ვადის დასაწყისად აღებული მოვლენა დგება 14 ივნისს, ვადის ათვლისას ეს დღე არ მიეთვლება.

    იგივე სიტუაციაა როცა ვადის დასაწყისად აღებულია დღის რომელიმე დრო, მაგ: 14 ივნისის 13 საათი, ამ შემთვევაში 14 ივნისი არ იქნება გამოყენებული ვადის გამოთვლისას.

    დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

    მაგ: თუ 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 14 ივნისს, ვადა დამთავრებულად ჩაითვლება 19 ივნისს 24 საათზე.

    ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს.

    თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას.

    მაგ: თუ ვადა განსაზღვრულია 2 თვით და მისი დაწყება მოხდა 2014 წლის 14 ივნისს, ვადა გასულად ჩაითვლება 2014 წლის 14 აგვისტოს ღამის 24 საათზე.

    თუ თვეების მიხედვით განსაზღვრული ვადის გასვლა მოდის ისეთ თვეზე, რომელშიც არ არის შესაბამისი რიცხვი, მაშინ ვადა გავა ამ თვის ბოლო დღეს. მაგ: თუ მხარეთა მიერ შეთანხმებული ორთვიანი ვადა დაიწყო 30 დეკემებერს, მაშინ ეს ვადა გავა 28 ან 29 თებერვალს.

    შეიძლება ისეთი სიტუაცია წარმოიშვას, როცა რაიმე მოქმედების შესრულება გარკვეულ თვეშია განსაზღვრული რიცხვის მიუთითებლად. მაგ: შესრულება უნდა მოხდეს აგვისტოს თვეში. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ დათქმული მოქმედების შესრულება უნდა მოხდეს აგვისტოს თვის ბოლომდე.

    თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.

    მაგ: თუ შესრულების ვადის ბოლო დღე არის 31 აგვისტო, მაგრამ ეს რიცხვი კვირა დღეს დაემთხვა, მაშინ ვადა დამთავრდება მომდევნო სამუშაო დღეს – 1 სექტემბერს (ორშაბათს).

    #29604
    Crassus
    Participant

    ხანდაზმულობის არსი და ფუნქციები

    სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებების შეილახა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა.ძირითადად ეს ხორციელდება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში დარღვეული უფლების განხორციელება და აღდგენა შეიძლება სხვა ორგანოს მიერაც. ამიტომაც ხანდაზმულობის ვადები მოიცავს, როგორც სასარჩელო ისე არასასარჩელო გზით უფლების დაცვის ვადებს.

    1. სასარჩელო ხანდაზმულობა უადვილებს სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.

    2. სასარჩელო ხანდაზმულობა მიმართულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვისკენ, არიდებს რა მის მონაწილეებს იმ გაუგებრობას, რაც აუცილებლად წარმოიშობოდა სამოქალაქო სამართლის დამრღვევ პირს დიდი ხნის მანძილზე თუ დავაყენებდით სახელმწიფო იძულების ღონისძიების გამოყენების რისკის ქვეშ.

    3. დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობა, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით, ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში.

    4. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თავიანთ უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების აქტიურობის სტიმულირებას ახდებს, აგრეთვე აძლიერებს ორმხრივ კონტროლს ვალდებულების შესრულებაზე.

    #30786
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის არსი  (სუსგ. N-ას-1267-1398-04) 

    ხანდაზმულობასამოქალაქო სამართალში ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას მოხდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

    ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

    ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშვა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, თუ პირმა, თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო, ვერ გაიგო უფლების დაღრვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

    ზოგიერთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

    #29606
    Crassus
    Participant

    ხანდაზმულობის საერთო ვადა

    ხანდაზმულობის საერთო ვადა ათი წელია. საერთო ვადა ვრცელდება ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომლის მიმართაც კანონმდებლობით სპეციალური ვადები არაა დადგენილი.

    მაგ: უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 10 წელია, რადგან კანონმდებელი არ ადგენს სპეციალურ ვადებს უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით.

    სპეციალური ხანდაზმულობის ვადა შეიძლება იყოს, როგორც შემოკლებული, ისე უფრო ხანგრძლივი.

    მაგ: სკ-ის 129-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები 3 წლით განისაზღვრება, ხოლო სკ-ის 920-ე მუხლის მიხედვით, ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა ოცდაათი წელია.

    #29608
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის ვადების იმპერატიული ბუნება

     

    დაუშვებელია მხარეთა შეთანხმებით კანონისაგან განსხვავებული ვადების, მათი გამოთვლის, ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის წესების დადგენა. მხარეთა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მათი სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ არ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადები ან პირობა, რომ მხარე სასამართლოს წინაშე არ განაცხადებს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ბათილია.

     

     

    #30719
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი

    ხანდაზმულობის საკითხის გარკვევისას, მნიშვნელოვანია ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება, იმ დღიდან, როცა წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. თუ კანონით ან ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი დაფიქსირებული, მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

    მაგ: როდესაც სესხის ხელშეკრულების მიხედვით „ა“ ვალდებულია დაუბრუნოს „ბ“-ს სესხი 2015 წლის 10 მაისის ჩათვლით, 2015 წლის 11 მაისიდან „ბ“-ს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება „ა“-ს მიმართ. ამავე მომენტიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის ათვლა.

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის 2 წლიანი ვადა, რომელიც აითვლება, მათი განქორწინების მომენტიდან.

    მაგ: „ა“-ს ბინიდან წყალი ჩამოდიოდა „ბ“-ს ბინაში, თუმცა აღნიშნული პროცესი ფარულად მიმდინარეობდა. „ბ“-მ მხოლოდ მაშინ გაიგო მისი კედლის დაზიანების შესახებ, როდესაც წყლის ლაქები გამოჩნდა მის კედელზე. მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა აითვლება სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც „ბ“-მ შეიტყო, რომ „ა“-სგან ჩამოსდიოდა წყალი, რამაც დააზიანა მისი ბინის კედლები.

    როცა კანონში ან ხელშეკრულებაში მითითებულია მოთხოვნის წარმოშობის მომენტზე, ითვლება, რომ სამართლებრივი ურთ-ს მონაწილესთვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

    როცა პირი ვალდებულია თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, ხანდაზმულობის ვადის დენა არ დაიწყება მანამდე, სანამ პირი თავს იკავებს ასეთი მოქმედებისაგან.

    როცა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება კრედიტორის რაიმე მოქმედებაზეა დამოკიდებული, სანამ იგი არ შეასრულებს ასეთ მოქმედებას, მოვალისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა.

    მაგ: ნიკას უნდა გადაეცა ნარდობის საგანი მარიამისათვის ფულის მისთვის გადაცემიდან 1 კვირის განმავლობაში. სანამ მარიამი არ გადასცემს ნიკას ფულს, ხანდაზმულობა არ წარმოიშობა.

    #29637
    Crassus
    Participant

    ხანდაზმულობის ვადის დაწყება

     

    (სუსგ. N-ას-547-515-2012, ანალოგიურია საქმე N-ას-1580-1579-2011)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად ათვალა ხანდაზმულობის ვადა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

    ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება – როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 47 total)
  • You must be logged in to reply to this topic.