#27234

ნორმათა იერარქია და კერძო სამართლის წყაროები

 

I. კონსტიტუცია

სსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, „სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი განმარტებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.“

ამ დებულებით კანონმდებელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი კანონი, ნორმათა იერარქიის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება. თუმცა საყურადღებოა, რომ ეს დებულება უშუალოდ კონსტიტუციის მე-6 (1) მუხლშია მოცემული. ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია და რომ ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. იგივე ხაზგასმულია ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-19, ისევე როგორც მე-20 და 24-ე მუხლებში.

II. საერთაშორისო ხელშეკრულებანი

საქართველოში საერთაშორისო ხელშეკრულება ნორმათა იერარქიაში კონსტიტუციის შემდეგ საფეხურზე იმყოფება, უშუალოდ კონსტიტუციის მე-6 (II) მუხლის დებულებიდან გამომდინარე.

ამდენად, საერთაშორისო შეთანხმებები/ხელშეკრულებები სარგებლობენ უპირატესი ძალით შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის მიმართაც.

III. კანონები

კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შემდეგ საფეხურზე დგას კანონი. ამასთან, ერთმანეთისაგან იმიჯნება ჩვეულებრივი და ე.წ. ორგანული კანონები.

ორგანული კანონები ნორმათა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება, ვიდრე ჩვეულებრივი კანონები და მიიღება კონსტიტუციის კონკრეტული მოთხოვნის შესასრულებლად. მაგ: შრომის კოდექსი.

სსკ-ის მე-2 მუხლი განსაზღვრავს, რომ ერთი და იმავე დონის კანონების (სამართლის ნორმათა) კოლიზიის დროს გამოიყენება უფრო სპეციალური და უფრო ახალი კანონი.

IV. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სსკის მე-2 (III) მუხლის თანახმად, მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ იგი ავსებს კანონის ნორმას.

კანონთან წინააღმდეგობის შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ გამოიყენება.

V.ჩვეულებები

დაწერილი კანონმდებლობისაგან (კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულება, კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) უნდა განვასხვაოთ ჩვეულებები.

სსკ არ მოიცავს ჩვეულების განმარტებას, თუმცა კონტინენტური ევროპის სხვა სამართლებრივ სისტემებშიც გამოიყენება ცნება „ჩვეულება“ მისი განმარტების გარეშე.

ჩვეულება არ არის სამართლის ნორმა. იგი წარმოიშობა ხანგრძლივი და ერთგვაროვანი გამოყენების საფუძველზე და შესაძლებელია შეზღუდული იყოს ტერიტორიული პრინციპისა თუ პირთა წრის მიხედვით მოქმედებით. უშუალო სამართლებრივი შედეგები გამომდინარეობს მისგან მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას დაწერილი სამართლის ნორმები უშუალოდ მიუთითებენ (მაგალითად, სსკ-ის 339-ე მუხლი მიუთითებს სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების გათვალისწინების შესაძლებლობაზე, ასევე 878-ე მუხლი ასევე მიუთითებს ჩვეულებებზე).

ჩვეულებების მოქმედება მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულების დებულებების, ნების გამოვლენისა და ცალკეული ქმედების განმარტებისას. თუმცა სსკ-ის მე-2 IV მუხლის საფუძველზე ისინი გამოიყენებიან მხოლოდ მაშინ, თუ არ ეწინააღმდეგებიან სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.