Viewing 10 posts - 31 through 40 (of 47 total)
  • Author
    Posts
  • #30740
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი

    სუსგ. N- ას-1164-1309-08

    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. განსახილველი ნორმის თანახმად, ყურადღება უნდა მივაქციოთ ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.

    საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ელემენტის არსებობა (როდესაც არსებობს ფაქტები, რომლებიც პრდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე) გამორიცხავს მეორე ელემენტზე აპელირების გაკეთების საშუალებას (უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ).

    ის ფაქტი, რომ კ. ბ-ავას 2002 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულება ჩაჰბარდა დადების დღეს, შეიძლება მიუთითებდეს არა იმაზე, რომ მისთვის ცნობილი იყო თავისი უფლების დარღვევაზე, არამედ იმაზე, რომ მას უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მაგრამ აღნიშნული შეიძლება დავასკვნათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ამ ფაქტის გამომრიცხავი გარემოებები.

    #29778
    Crassus
    Participant

    ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი

    (გადაწყვეტილება N-ას-190-183-2013)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად განმარტა სკ-ის 130-ე მუხლი, როდესაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაუკავშირა მხარეთა შორის დადებული „ნასყიდობის“ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას.

    ზემოხსენებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში საუბარია ნასყიდობის, როგორც უცილოდ ბათილი გარიგების კანონშეუსაბამობაზე, რომლითაც მხარეებმა, სკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით დაფარეს იპოთეკის ხელშეკრულება.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო ურთიერთობებისათვის კანონმდებელმა დაადგინა ამ ურთიერთობის სუბიექტთა მიერ კანონის ცოდნის პრეზუმფცია. სწორედ ხსენებული პრეზუმფციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პრეიუდიციულად დადგენილია მხარეთა შორის უცილოდ ბათილი (არარა) გარიგების დადების ფაქტი, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ გამსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ვადის დენის დაწყების თაობაზე სესხის უზრუნველსაყოფად თვალთმაქცურად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (რომლითაც დაიფარა იპოთეკის ხელშეკრულება) ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან გახდა ცნობილი. ხანდაზმულობის საკითხის კვლევის ამგვარად გადაწყვეტა დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკითაც (იხ. სუსგ #ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    #29482
    Crassus
    Participant

    ხანდაზმულობის ვადის ათვლა (სკ-ის 130-ე მუხლი)

    (საქმე N-ას-649-610-2011)

    სარჩელი ეხება საზიარო საგნის აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს საზიარო სახელშეკრულებო უფლებიდან, შესაბამისად, ამ ურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. პალატის განმარტებით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი, წარმოშობილად ითვლება იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: მოდავე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ დგინდება. მათი უფლება-მოვალეობანი ერთმანეთის მიმართ გამომდინარეობს მხოლოდ კანონისმიერი საფუძვლიდან, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ სკ-ის 129-ე მუხლის გამოყენებას. რაც შეეხება მოთხოვნის წარმოშობის მომენტს, ჩნდება კითხვა, როდის წარმოეშვა კასატორს მოთხოვნა, სახლის აღდგენითი სამუშაოების დაწყებისას თუ დასრულებისას. პალატის მტკიცებით, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად სახლის აღდგენითი სამუშაოების დასრულების დრო უნდა მივიჩნიოთ, რადგან მშენებლობის ხარჯებზე დაზუსტებულ მოთხოვნას მანამდე ვერ წარადგენდა. ზემოაღნიშნული გარემოებების გამოკვლევის მიზნით, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

    #30726
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება

    ხანდაზმულობის ვადის შეჩერება გამოიხაატება იმაში, რომ დრო, რომელიც გავიდა ამ გარემოებათა დადგომამდე, რომლებიც ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას იწვევენ, ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება, ხოლო დრო, რომლის განმავლობაშიც გრძელდება ხანდაზმულობის ვადის დენის შემაჩერებელი გარემოება, მხედველობაში არ მიიღება.

    ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა შეჩერდეს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. მაგ: სამოქალაქო კოდექსის 132-ე, 133-ე და ა.შ. მუხლები განსაზღვრავენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხანდაზულობის ვადა ჩერდება.

    ხანდაზმულობის ვადის შეჩერებასთან დაკავშირებული გარემოებები ორი კატეგორიის შეიძლება იყოს:

    პირველ კატეგორიაში შედის ისეთი გარემოებები, რომლებიც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე პირს ართმევს მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას,

    მაგ: სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული მორატორიუმი შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, ფორს-მაჟორი და ა.შ.

    მეორე კატეგორიაში შედის ისეთი შემთხვევები, როდესაც ურთიერთობათა ხასიათიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა არ არის მიზანშეწონილი.

    მაგ: მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ხანდაზმულობის ვადა ჩერდება.

    ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ხდება მაშინ, თუ კანონით განსაზღვრული გარემოებები წარმოიშვნენ ან განაგრძობენ არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში. მაგ: როცა ხანდაზმულობის ვადა ურთიერთობისათვის სამი წელია, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება შეჩერდეს, თუ ერთ-ერთ შემაჩერებელ გარემობას ადგილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან ორი წლისა და ექვსი თვის გასვლის შემდეგ ან შემაჩერებელი გარემოება წარმოიშვა ადრე (ხანდაზმულობის ვადის ბოლო ექვს თვემდე), მაგრამ განაგრძობს არსებობას ხანდაზმულობის ვადის ბოლო ექვსი თვის ფარგლებშიც.

    ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება მისი ბოლო ექვსი თვის დაწყებისთანავე (მაგ: თუ ხანდაზმულობის ვადა სამი წელია და ორი წლისა და სამი თვის გასვლის შემდეგ წარმოიშობა მისი შემაჩერებელი გარემოება, რომელიც ხუთი თვე გაგრძელდა, ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება ორი წლისა და ექვსი თვის გასვლის შემდეგ). თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება ხანდაზმულობის მთელი ვადის ყოველ მომენტში.

    მაგ: თუ ხანდაზმულობის ვადა ხუთი თვეა, ის შეიძლება შეჩერდეს, თუნდაც, მისი დაწყებიდან ერთი დღის გასვლის შემდეგ.

    #30727
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა

    შეჩერებისაგან განსხვავებით, „შეწყვეტამდე გასული დრო მხედველობაში არ მიიღება და ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან იწყება“. ხანდაზმულობის შეწყვეტას  სკ ორ გარემოებას უკავშირებს:

    ა) ვალდებული პირის მიერ მოთხოვნის აღიარებას.

    ბ) უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში მიმართვას.

    მოთხოვნის არსებობის აღიარება-სხვადასხვა მოქმედებაში შეიძლება გამოიხატოს, რომლებიც ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას. ამ მოქმედებებიდან კანონი ასახელებს ავანსის, პროცენტის და კრედიტორისათვის გარანტიის მიცემას. მაგრამ არ გამორიცხავს მოთხოვნის აღიარების სხვა მოქმედებებსაც, რომლებიც მოწმობენ მოთხოვნის აღიარებაზე.

    მაგ: როცა მოვალე აღიარებს ვალდებულებას არსებობას ან ვალდებულების ნაწილს ასრულებს.

    იმისათვის, რომ მოვალის მოქმედება გაგებული იქნეს, როგორც მოთხოვნის არსებობის აღიარება, აუცილებელია, რომ აღიარება მოხდეს კრედიტორის და არა სხვა პირის წინაშე.

    უფლებამოსილი პირის მიერ სარჩელის შეტანა სასამართლოში-სასამართლოში სარჩელის წარდგენის გარდა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას გამოიწვევს პირის მიერ მოთხოვნის არსებობის შესახებ განცხადების შეტანა სახელმწიფო ორგანოში ან სასამართლოში.

    ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა გრძელდება სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება.

    სსკ-ს 140-ე მუხლი შეიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს და ვადა განაგრძობს დენას საერთო წესით:

    ა)მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, გამოიხმობს მას ან მხარეები მორიგდებიან.

    ბ)სასამართლოს მიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

    #29780
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა

    აღიარება, როგორც ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი

    (სუსგ. N-ას-266-254-2013)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას მოპასუხის მიერ სხდომაზე გაკეთებული განმარტება არსწორად შეაფასა სსკ-ის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებად. აღნიშნული აღიარება კი, მიიჩნია სკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სსკ-ის 131-ე მუხლის საფუძველზე, მხარე შეიძლება ადასტურებდეს რაიმე კონკრეტულ ფაქტს, მაგრამ ამ შემთხვევაში აღიარება რომ არსებობდეს, უნდა მოხდეს ზუსტად იმ ფაქტის დადასტურება, რომელზედაც მოწინააღმდეგე მხარე აფუძნებს თავის მოთხოვნას. შესაბამისად, სხვა ნებისმიერი გარემოების დადასტურებას კანონმდებლობა არ მიიჩნევს აღიარებად. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას აღიარების საფუძვლით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2005 წლის მდგომარეობით არც ერთი მოსარჩელე აღარ იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში მოპასუხესთან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაზე დასრულებული იყო 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა, კერძოდ, მოპასუხის მიერ განმარტების გაკეთების დროს სარჩელის ხანდაზმულობის ვადა უკვე გასული იყო, რაც ვერ ჩაითვლება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად. სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება, შეწყდეს მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში, ხოლო ხანდაზმულობის ვადის დასრულების შემდეგ მისი შეწყვეტა დაუშვებელია. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის საფუძვლით.

    #30743
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის შეწყვეტა

    მოთხოვნის არსებობის აღიარება (სუსგ. ას-374-347-2010)

    სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, ქუთაისის მერიის 2009 წლის 29 ოქტომბრის 1-282 წერილი, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს თუ არა ვალდებული პირის აღიარებას და ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 137- მუხლით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველს. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო კოდექსის 137- მუხლით ვალდებული პირის აღიარება უნდა განხორციელდეს უშუალოდ უფლებამოსილი პირის და არა სხვა სუბიექტის წინაშე.

    მოცემულ შემთხვევაში წერილის ადრესატს არ წარმოადგენს შპს. .-“. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა, აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს მხოლოდ ფაქტის აღიარებას თუ ვალდებულების აღიარებას. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის, როგორც 137-, ისე 144- მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებუ ლების ფაქტის კონსტატაციას.

    #30742
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის შეწყვეტა

    მოთხოვნის არსებობის აღიარება (სუსგ. ას-599-562-2010)

    სამოქალაქო კოდექსის 137- მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

    აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნისსხვაგვარ აღიარებადმხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ნებიმისერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული.

    #30741
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის შეწყვეტა

     

    მოთხოვნის არსებობის აღიარება ( სუსგ. ას-330-733-06 19)

    სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო და მხარეს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რომ სსმავადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზნით ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ დოკუმენტებთან ერთად წარადგინა შპსისთანხმობა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2000 წელს სს“, როგორც მოვალეს, დასჭირდა შპსისაგან“, რომელსაც თავის კრედიტორად თვლიდა, თანხმობა ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციისათვის.

    სკის 137- მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

    საკასაციო პალატა მიიჩნევს: მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად ჩათვალა, რომ საქმე გვაქვს ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარებასთან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ფინანსთა სამინისტროში კასატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მოწინააღმდეგე მხარისაგან, როგორც კრედიტორისაგან, თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დოკუმენტის წარდგენის მომენტისათვის — 2000. 8 მარტისათვის სს-“ კრედიტორად აღიარებდა შპსსსდა, შესაბამისად, აღიარებდა ამ უკანასკნელის მიმართ ვალდებულების არსებობის ფაქტსაც.

    აღნიშნულთან დაკავშირებით დასაბუთებულია კასატორის არგუმენტი, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია კრედიტორის აღიარება მაშინ, როდესაც კანონი ამგვარ საფუძვლად მხოლოდ მოვალის მიერ უფლებამოსილი პირის მიმართ აღიარებას მიიჩნევს.

    საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სკის 137- მუხლით დადგენილი ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს. მოვალის ასეთ ქმედებადსხვაგვარად აღიარებად უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულებების არსებობასთან მიმართებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ დავაში მოვალემ მესამე პირთან თავისი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად საჭიროდ ჩათვალა რა, მესამე პირისათვის ეცნობებინა სადავო ურთიერთობის არსებობის შესახებ, ამ მოქმედებით აღიარა ვალდებულების არსებობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აღიარების დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს არა მოვალის მიერ წარდგენილი დოკუმენტი (შპსისთანხმობა), არამედ  მოვალის მიერ ამ მოქმედების (დოკუმენტის წარდგენა) განხორციელება.

    #30739
    BLH
    Keymaster

    ხანდაზმულობის შეწყვეტა

    ვალდებულების აღიარება & ფაქტის აღიარება?

    (სუსგ. N_ ას-654-876-08)

    სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს ა. ა-ანის 2005 წლის 4 ოქტომბრის ახსნა-განმარტების შესახებ და შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა იგი სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ვალდებული პირის აღიარებას. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სწორად უნდა შეფასდეს შემდეგი გარემოება: ახსნა-განმარტება თავისი შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს ა. ა-ანის მიერ ვალდებულების აღიარებას თუ ფაქტის აღიარებას. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კო-დექსის როგორც 137-ე, ისე 144.3 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალ-დებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, როცა მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტობრივი გარემოებების კონსტატაციას.

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 47 total)
  • You must be logged in to reply to this topic.