მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო სამართლის ზოგადი საკითხები
Tagged: ბათილობა, გარიგება, ვადები, ზოგადი სამოქალაქო, სამართალი, სამოქალაქო, შეწყვეტა, ხანდაზმულობა, ხანდაზმულობის შეჩერება
- This topic has 46 replies, 4 voices, and was last updated 8 years ago by
BLH.
-
AuthorPosts
-
აგვისტო 30, 2015 at 12:02 #29599
BLH
Keymasterვალდებულების აღიარება ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ
(გადაწყვეტილება N-ბს-1197-1164(კ-10))
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით რეგლამენტირებული, ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია, სახეზეა ხსენებული კოდექსის 144-ე მუხლის (ვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას) მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შემთხვევაში. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ მოვალეობის შესრულებას უთანაბრდება მოვალის დაპირება _ ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის არსებობის აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ თუ ვალდებულმა პირმა კონკრეტული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ხსენებული მოთხოვნის არსებობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტს, სამართლებრივად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა მხარის შესაბამისი მატერიალური უფლების სასამართლო წესით რეალიზაციისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა აღიარა ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძისა და ა. ბ-ძის წინაშე სადეპუტატო უფლებამოსილებასთან დაკავშირებული თანხების, ხოლო ნ. ნ-ძის წინაშე ასევე ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის დავალიანება, მას შემდეგ, რაც ხსენებული დავალიანებების მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა, რითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.
სექტემბერი 1, 2015 at 00:04 #30728BLH
Keymasterვალდებული პირის უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლისას
ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
თუ ვალდებულმა პირმა მოვალეობა შეასრულა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, მას არა აქვს უფლება მოითხოვოს შესრულებულის დაბრუნება, თუნდაც მოვალეობის შესრულების მომენტში მას არ სცოდნოდა, რომ ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.
იგივე წესი გამოიყენება ვალდებული პირის აღიარებისა და უზრუნველყოფის საშუალებათა მიმართაც.
სექტემბერი 2, 2015 at 00:12 #30729BLH
Keymasterდამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
სექტემბერი 2, 2015 at 00:43 #30789BLH
Keymasterდამატებითი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
(სუსგ. № ას-1254-1392-04)
აღნიშნული საქმე ეხება უძრავ ნივთზე დადებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ სს „ბანკ კ–სა“ და მ. წ–ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 27000 აშშ დოლარზე ყოველთვიური 7%-ის დარიცხვით, რომელიც დამოწმებულ იქნა ნოტარიუს ც.ბ–ის მიერ 1997წ. 13 ოქტომბერს. იმავე დღეს 1997წ. 13 ოქტომბერს სს ბანკ „კ–სა“ და მ. წ–ეს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულ იქნა ასევე ნოტარიუს ც.ბ–ის მიერ.
მოსარჩელე მ.წ–ემ მოითხოვა ნოტარიუსისათვის საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებების დამოწმების საფასურის — 1036,16 ლარისა დაკისრება და ნოტარიუსის მიერ 1997წ. 13 ოქტომბერს შესრულებული სანოტარო მოქმედებების (რეგ. 112-1150 და 2-1151) გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსმა არასწორად გადაახდევინა ხელშეკრულებების დამოწმების საფასური და სანოტარო მოქმედებები კანონის დარღვევით შეასრულა;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 ივნისის განჩინებით მ. წ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დელიქტთან საქმე არა გვაქვს და ნოტარიუსის მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ზიანს საფუძვლად უდევს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნეს სკ–ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან სახელშეკრულებო მოთხოვნები დაკავშირებულია უძრავ ნივთებთან.
საქმის მასალების მიხედვით, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებები 1997წ. 13 ოქტომბერს დამოწმდა. სკ–ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელისათვის თავისი უფლებების დარღვევის ფაქტი ცნობილი უნდა ყოფილიყო 1997წ. 13 ოქტომბერს, ხელშეკრულებების გაფორმების დღეს მ.წ–ემ კი სასამართლოს სარჩელით 2003წ. 1 აპრილს, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა. პალატა ასევე თვლის, რომ სკ–ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შესრულებული სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია და არა ექვსი წელი.
ნოტარიუსის მიერ დამოწმებულია სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებები. სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, ხოლო გირავნობის ხელშეკრულების — ექვსი. განსახილველ შემთხვევაში გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის დამატებითი მოთხოვნა დაკავშირებულია სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ძირითად მოთხოვნასთან. სკ–ის 145-ე მუხლის მიხედვით კი მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. ამდენად, მოთხოვნა სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობის შესახებ ხანდაზმულია.
სექტემბერი 2, 2015 at 01:00 #30788BLH
Keymasterსასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება № ას-446-1139-03
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1969წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად სარჩოს გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს. მ–ს მიენიჭა უფლება, მოითხოვოს მოპასუხისაგან ყოველთვიური სარჩოს გადახდა მდგომარეობის შეცვლამდე.
ვინაიდან მდგომარეობა არ შეცვლილა მოსარჩელეს აღნიშნული უფლება არ დაუკარგავს. მას სკ–ს 129-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 142-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს, მოითხოვოს მოპასუხისაგან გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შესრულება, თუ იმ მომენტიდან, როდესაც მოპასუხეს უნდა შეესრულებინა მოქმედება, სარჩელის შეტანამდე არ გასულა სამ წელზე მეტი.
ს. მ–მა სასამართლოს სარჩელით მიმართა 2001წ. 14 აგვისტოს. მას უნდა აუნაზღაურდეს ერთდროულად 1998წ. შესაბამისი თვიდან 2004წ. 1 იანვრამდე, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის 53 ლარის გათვალისწინებით, 3392 ლარი, ხოლო 2004წ. იანვრიდან — ყოველთვიურად 53 ლარი.
სექტემბერი 8, 2015 at 16:33 #29751ივერიელი
Participantუფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა (სკ. 115-ე მუხლი)
(სუსგ. N-ას-1385-1307-2012 )
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ვალდებულების დარღვევიდან 2 წლისა და 5 თვის გასვლის შემდეგ წარადგინა სარჩელი, შეაფასა, როგორც მისთვის მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენება.
საკასაციო სასამართლომ განმარტება: სკ-ის 115-ე მუხლით რეგლამენტირებულია უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის პრინციპი. უფლების ბოროტად გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, თუ პირი მოქმედებს არამართლზომიერად, ამასთან ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას და არ ემსახურება საკუთარი უფლების დაცვას ან აღდგენას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევიდან დაუყოვნებლივ არ წარმოადგინა სარჩელი სასამართლოში, არ შეიძლება განვიხილოთ უფლების ბოროტად გამოყენებად, მით უმეტეს მაშინ, როცა მოსარჩელემ საკუთარი უფლების რეალიზაცია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დაცვით შეძლო. საკასაციო სასამათლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 411-ე მუხლით, მიიღო ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
სექტემბერი 11, 2015 at 11:43 #29781BLH
Keymasterსაკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა
(სუსგ. ას-1655-1552-2011)
საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის სახელზე გაცემული იყო მინდობილობა და ამ უკანასკნელს მიენიჭა უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა სადავო უძრავი ქონება, მათ შორის აღერიცხა საკუთარ სახელზე. სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას, სკ-ის 114-ე მუხლზე დაყრდნობით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს ნასყიდობის საფასური არ ჰქონდა გადახდილი, არასწორად მიიჩნია, რომ სახეზე იყო მერყევად ბათილი გარიგება, რომლის ნამდვილობა დამოკიდებული იყო მოწონებაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და 114-ე მუხლის დისპოზიციის გათვალისწინებით, აღნიშნული განმარტება არასწორია, კერძოდ, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება მერყევად ბათილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მხარეს წინასწარ არ ექნებოდა მარწმუნებლის თანხმობა, ქონების საკუთარ სახელზე აღრიცხვის თაობაზე. ამგვარი თანხმობის გარეშე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება იქნებოდა მერყევად ბათილი, რომელიც იურიდულ ძალას შეიძენდა იმ შემთხვევაში, თუ მარწმუნებელი მას მოიწონებდა.
განსახილველ შემთხვევაში, კი, ხელშეკრულების ნამდვილობა მარწმუნებლის მოწონებაზე არ იყო დამოკიდებული, ვინაიდან არსებული მინდობილობა ითვალისწინებდა მარწმუნებლის თანხმობას. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას და არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს, შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ნივთის საფასური არ გადაუხდია, არ შეიძლება ამ ხელშეკრულების ბათილობას დაედოს საფუძვლად. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკუთრების უფლების წარმომშობი ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.