Forum Replies Created

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 142 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: საჯარო სამსახური #29533
    Crassus
    Participant

    როგორ ხდება საჯარო სამსახურში დაწინაურება?

     

    მოხელის სამსახურეობრივი დაწინაურება შესაძლებელია ორი  პირობის არსებობის შემთხვევაში. (იხ. სტატია

    in reply to: საჯარო სამსახური #29528
    Crassus
    Participant

    ვინ შეიძლება გახდეს საჯარო მოხელე?

     

    სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. (იხ. სტატია სრულიად).

     

    Crassus
    Participant

    ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტი

    (გადაწყვეტილება N-ას-190-183-2013)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად განმარტა სკ-ის 130-ე მუხლი, როდესაც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი დაუკავშირა მხარეთა შორის დადებული „ნასყიდობის“ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას.

    ზემოხსენებულ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში საუბარია ნასყიდობის, როგორც უცილოდ ბათილი გარიგების კანონშეუსაბამობაზე, რომლითაც მხარეებმა, სკ-ის 56-ე მუხლის მიხედვით დაფარეს იპოთეკის ხელშეკრულება.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამოქალაქო ურთიერთობებისათვის კანონმდებელმა დაადგინა ამ ურთიერთობის სუბიექტთა მიერ კანონის ცოდნის პრეზუმფცია. სწორედ ხსენებული პრეზუმფციისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პრეიუდიციულად დადგენილია მხარეთა შორის უცილოდ ბათილი (არარა) გარიგების დადების ფაქტი, საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ გამსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ვადის დენის დაწყების თაობაზე სესხის უზრუნველსაყოფად თვალთმაქცურად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების (რომლითაც დაიფარა იპოთეკის ხელშეკრულება) ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან გახდა ცნობილი. ხანდაზმულობის საკითხის კვლევის ამგვარად გადაწყვეტა დადგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკითაც (იხ. სუსგ #ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    Crassus
    Participant

    ხანდაზმულობის ვადის დაწყება

     

    (სუსგ. N-ას-547-515-2012, ანალოგიურია საქმე N-ას-1580-1579-2011)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად ათვალა ხანდაზმულობის ვადა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

    ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება – როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანხვედრია და ორიენტებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.

    in reply to: სასაქონლო ნიშნები #29481
    Crassus
    Participant

    „სასაქონლო ნიშნების“ შესახებ კანონის 34-ე მუხლი

    (საქმე Nას-471-445-2011)

    თბილისის სააპელაციო სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას სასაქონლო ნიშნების მსგავსებასთან დაკავშირებით, სოციოლოგიური კვლევის შედეგებს დაეყრდნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის ეტიკეტები მათ მიერ წარმოებული იგივე სახეობის პროდუქციის აღრევის შესაძლებლობას იწვევს. ასევე პალატამ განმარტა, რომ მოპასუხეს უნდა აეკრძალოს პროდუქტის წარმოშობის გეოგრაფიული სახელწოდების ეტიკეტზე მითითება, რადგან აღნიშნული გეოგრაფიული სახელი მოსარჩელის მიერ კოლექტიური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გზით დაცული დასახელებაა და მოპასუხის მიერ მისი გამოყენება თავისი წამროებული პროდუქციის დასახელების შემადგენელ ნაწილად, რომელიც არ არის დარეგისტრირებული კანონის მოთხოვნათა დაცვით, არამართლზომიერია.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმეში არსებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, რომელთაც სააპელაციო პალატა დაეყრდნო დავის გადაჭრისას, სასამართლოსათვის მხოლოდ დამატებითი არგუმენტის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არა იმგვარი, რომლებზეც დაყრდნობით იურიდიული ფაქტის დადგენა იქნება შესაძლებელი. მოპასუხის ეტიკეტზე ჩანს სხვაობა ნაწარმის სახელწოდებასა და მის გეოგრაფიულ წარმომავლობას შორის. პროდუქტის სახელი მიუთითებს და აზუსტებს წარმოშობის ადგილს და მიზნად ისახავს არა პროდუქტების გაიგივებას, არამედ მომხმარებლისათვის მისი წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას პოპულარიზაციის მიზნით. „სასაქონლო ნიშნების“ შესახებ კანონის მიხედვით, გეოგრაფიული სახელის კოლექტიურ ნიშნად რეგისტრაცია არ ანიჭებს მის მფლობელს უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს ამ სახელწოდების გამოყენება სამოქალაქო ბრუნვაში, თუ ამით არ ირღვევა კეთილსინდისიერი კონკურენციის ნორმები. საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი.

    Crassus
    Participant

    ხანდაზმულობის საერთო ვადა

    ხანდაზმულობის საერთო ვადა ათი წელია. საერთო ვადა ვრცელდება ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობაზე, რომლის მიმართაც კანონმდებლობით სპეციალური ვადები არაა დადგენილი.

    მაგ: უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 10 წელია, რადგან კანონმდებელი არ ადგენს სპეციალურ ვადებს უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით.

    სპეციალური ხანდაზმულობის ვადა შეიძლება იყოს, როგორც შემოკლებული, ისე უფრო ხანგრძლივი.

    მაგ: სკ-ის 129-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები 3 წლით განისაზღვრება, ხოლო სკ-ის 920-ე მუხლის მიხედვით, ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა ოცდაათი წელია.

    Crassus
    Participant

    ხანდაზმულობის არსი და ფუნქციები

    სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებების შეილახა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა.ძირითადად ეს ხორციელდება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში დარღვეული უფლების განხორციელება და აღდგენა შეიძლება სხვა ორგანოს მიერაც. ამიტომაც ხანდაზმულობის ვადები მოიცავს, როგორც სასარჩელო ისე არასასარჩელო გზით უფლების დაცვის ვადებს.

    1. სასარჩელო ხანდაზმულობა უადვილებს სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას.

    2. სასარჩელო ხანდაზმულობა მიმართულია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვისკენ, არიდებს რა მის მონაწილეებს იმ გაუგებრობას, რაც აუცილებლად წარმოიშობოდა სამოქალაქო სამართლის დამრღვევ პირს დიდი ხნის მანძილზე თუ დავაყენებდით სახელმწიფო იძულების ღონისძიების გამოყენების რისკის ქვეშ.

    3. დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობა, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით, ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში.

    4. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თავიანთ უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების აქტიურობის სტიმულირებას ახდებს, აგრეთვე აძლიერებს ორმხრივ კონტროლს ვალდებულების შესრულებაზე.

    Crassus
    Participant

    კეთილსინდისიერების მოვალეობა

    (სუსგ. Nას-1388-1224-2010)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას გამოიყენა სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, მისი მოსაზრებით, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი შეიძლება გახდეს კეთილსინდისიერების პრინციპი, რომელიც გამომდინარეობს კოდექსის ზოგადი ნორმებიდან და გულისხმობს თითოეული მხარის მოვალეობას, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ერთმანეთს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობისას მხარეთა მოვალეობები მოქცეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა ფარგლებში. სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავს მითითებას კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები ანუ კეთილსინდისიერება უკავშირდება პირისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არა იმის შესრულებას, რაც მას არც ხელშეკრულებით და არც სხვა სახით მხარის მიმართ არ უკისრია.

    Crassus
    Participant

    სესხის დაბრუნების ვადა, ზეპირი სესხის ხელშეკრულებისას

    (საქმე N- ას-858-807-2010)

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, მოწმეთა ჩვენებებისა და მოპასუხის არგუმენტის საფუძველზე დაადგინა სესხის ზეპირი ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: თუ სესხის ხელშეკრულება დადებულია ზეპირი ფორმით, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სესხის ხელშეკრულება ვადიანი იყო. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მხარეები სესხის დაბრუნების ვადაზე არ შეთანხმებულან. ე.ი. სახეზეა განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულება. სკ-ის 365-ე მუხლის მიხედვით, კი თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი არც სხვა გარემოებებიდან ირკვევა, მაშინ კრედიტორს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი შესრულება. მოვალე, კი ვალდებულია მოთხოვნიდან სამი თვის განმავლობაში დააბრუნოს ვალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    in reply to: სანივთო სამართალი #29469
    Crassus
    Participant

    უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი- დავის არსებობის ცოდნა

     

    (საქმე N-ას-888-836-2010)

     

    დავა ეხება კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ორივე მხარის ახლობლის შუამავლობით, დაადგინა, მყიდველისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო გამყიდველის საკუთრებაზე არსებული დავის შესახებ. ასეთ ვითარებაში, კი, რეესტრის ჩანაწერი ვერ გახდება მყიდველის კეთილსინდისიერების გარანტი.

     

    სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: დავის განმავლობაში ნივთის გასხვისებისას მყიდველს შეიძლება, არ ჰქონდეს ინფორმაცია შეძენილ ქონებასთან დაკავშირებული დავის არსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემძენი ითვლება კეთილსინდისიერად და მისი უფლება დაცულია კანონით (სკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები).

     

    თუ შემძენი ინფორმირებულია შესაძენ ნივთთთან დაკავშირებული დავის თაობაზე, იგი ხდება იმ რისკის მატარებელი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება, დადგეს ამ ნივთის მიმართ. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ შემძენმა დავის განმავლობაში შეიძინა ნივთი და ამის თაობაზე იგი ინფორმირებული იყო, შეუძლებელია იგი მივიჩნიოთ არაკეთილსინდისიერად და მას ჩამოვართვათ ნივთი.

     

    შემძენი არ შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერად და მასთან დადებული გარიგება გაბათილდეს, თუ რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის ყველა დოკუმენტი ამ ნივთთან დაკავშირებით სამართლებრივად მოწესრიგებულია და სასამართლო დავის წაგების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

     

    დავის დროს ქონების გასხვისებისას არაკეთილსინდისიერებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც შემძენისათვის ცნობილია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს საკუთრების უფლება არამართლზომიერად აქვს მოპოვებული და ნივთი სხვისდება შესაბამისი სამართლებრივი შედეგის თავიდან აცილების მიზნით. თუ შემძენი დარწმუნებულია რეესტრის მონაცემების უტყუარობაში და მისთვის უცნობია რეგისტრაციის არამართლზომიერების თაობაზე, იგი კეთილსინდისიერია და მას ნივთი არ ჩამოერთმევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 142 total)