Viewing 6 posts - 31 through 36 (of 36 total)
  • Author
    Posts
  • #28760
    Crassus
    Participant

    სერვიტუტის წარმოშობის საფუძვლები

     

    ( სუსგ ას-1077-1009-2010)                                                        

     

    “სერვიტუტი, როგორც სანივთო გარიგება, თავისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ორი გზით შეიძლება დადგინდეს, კერძოდ, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე ან სანივთო გარიგების საფუძველზე. კანონისმიერი სერვიტუტის გამოყენებას კონკრეტული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფს, ხოლო სანივთო გარიგებას – მხარეთა ნება, რომლის შინაარსი ძირითადად კანონის ნორმატიული ნებით განისაზღვრება, სერვიტუტისათვის, როგორც სანივთო გარიგებისათვის, აუცილებელია ნების ნამდვილობა, რაც გულისხმობს კონტრაჰენტთა ნების თავისუფალ გამოხატვას ამ გარიგების მარეგულირებელი ნორმების ფარგლებში.”

    #28867
    Crassus
    Participant

    პირობადებული საკუთრება (ას-914-954-2011)

     

    „მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემძენზე საკუთრება გადავიდოდა ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად, თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ.“

     

    მსგავსი ტიპის პირობა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრავი ნივთის შეძენის თავშია სკ-ის 188-ე მუხლი, შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ქონების შეძენის შემთხვევაში. 

    #29469
    Crassus
    Participant

    უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი- დავის არსებობის ცოდნა

     

    (საქმე N-ას-888-836-2010)

     

    დავა ეხება კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ორივე მხარის ახლობლის შუამავლობით, დაადგინა, მყიდველისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო გამყიდველის საკუთრებაზე არსებული დავის შესახებ. ასეთ ვითარებაში, კი, რეესტრის ჩანაწერი ვერ გახდება მყიდველის კეთილსინდისიერების გარანტი.

     

    სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, სკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: დავის განმავლობაში ნივთის გასხვისებისას მყიდველს შეიძლება, არ ჰქონდეს ინფორმაცია შეძენილ ქონებასთან დაკავშირებული დავის არსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემძენი ითვლება კეთილსინდისიერად და მისი უფლება დაცულია კანონით (სკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები).

     

    თუ შემძენი ინფორმირებულია შესაძენ ნივთთთან დაკავშირებული დავის თაობაზე, იგი ხდება იმ რისკის მატარებელი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება, დადგეს ამ ნივთის მიმართ. მხოლოდ იმაზე მითითება, რომ შემძენმა დავის განმავლობაში შეიძინა ნივთი და ამის თაობაზე იგი ინფორმირებული იყო, შეუძლებელია იგი მივიჩნიოთ არაკეთილსინდისიერად და მას ჩამოვართვათ ნივთი.

     

    შემძენი არ შეიძლება ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერად და მასთან დადებული გარიგება გაბათილდეს, თუ რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის ყველა დოკუმენტი ამ ნივთთან დაკავშირებით სამართლებრივად მოწესრიგებულია და სასამართლო დავის წაგების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

     

    დავის დროს ქონების გასხვისებისას არაკეთილსინდისიერებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც შემძენისათვის ცნობილია, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მესაკუთრეს საკუთრების უფლება არამართლზომიერად აქვს მოპოვებული და ნივთი სხვისდება შესაბამისი სამართლებრივი შედეგის თავიდან აცილების მიზნით. თუ შემძენი დარწმუნებულია რეესტრის მონაცემების უტყუარობაში და მისთვის უცნობია რეგისტრაციის არამართლზომიერების თაობაზე, იგი კეთილსინდისიერია და მას ნივთი არ ჩამოერთმევა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს.

    #29703

    მიწაზე განლაგებულ შენობაზე საკუთრების უფლების შეძენა

     

    (სუსგ. N-859-853(კ-11) 09.11.11)

     

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (#3/ბ-20-2011 02.03.11) ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე #3/222-2010 16.11.10) შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ შეუძენია კანონით დადგენილი წესით. ამასთან, იგი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მას საკუთრებაში გადაეცა მაღაზია მაშინ, როდესაც სკ-ის 150.1 მუხლის შესაბამისად, შენობა (როგორც მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი) შესაძლოა იყოს ცალკე უფლების ობიექტი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

    საკასაციო პალატის განმარტება: საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მაღაზიის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის შედეგად მას, როგორც ნაკვეთზე განლაგებული ობიექტის მესაკუთრეს, მიწის ნაკვეთის ნაწილზე წარმოეშვა საკუთრების უფლება, რამდენადაც მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე უფლება იწვევს მიწის ნაკვეთის ნაწილზე აქცესორულ უფლებას. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს და დაადგინოს, კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი და აკმაყოფილებდა თუ არა რეგისტრაციის განხორციელებისას მოსარჩელე `ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ~ 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

    #29806
    BLH
    Keymaster

     

    ავტომობილზე საკუთრების უფლების პრეზუმფცია

     

    (სუსგ. N-ას-24-22-2013)

     

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას სკ-ის 489-ე მუხლზე დაყრდნობით არასწორად მიიჩნია სადავო ავტომანქანა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთად და სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დააკმაყოფილა.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს, მთავარი პირობაა სკ-ის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მხარეთა შორის გაცვლის ხელშეკრულების დადებამდე, სადავო ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ირიცხებოდა მოპასუხის სახელზე და იმყოფებოდა მისავე მფლობელობაში. რაც ქმნის ვარაუდს, რომ გამყიდველი წარმოადგენდა გასხვისებული ნივთის მესაკუთრეს. ხოლო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ვერ აბათილებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ავტომანქანის უფლებრივ ნაკლთან დაკავშირებით პრეტენზია დაუსაბუთებელია.

     

     

    #33824
    BLH
    Keymaster

    საჯარო რეესტრის დამფუძნებელი ეფექტი

    საქართველოში უფლებათა რეგისტრაცია დამფუძნებელი ეფექტის პრინციპს ემყარება, რაც გულისხმობს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა ან ხელშეკრულებით რეალური უფლების წარმოშობა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი. საჯარო რეესტრს გააჩნია სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, კერძოდ, მესაკუთრეს, საჯარო რეესტრში რეგისტრაციით დაცული აქვს თავისი საკუთრება სხვისი ხელყოფისაგან, ხოლო შემძენი, თავის მხრივ, ენდობა საჯარო რეესტრის ჩანაწერს.

    რეგისტრაციის ეფექტიდან გამომდინარეობს „წინააღმდეგ მოქმედების პრინციპი“, რომლის მიხედვით, უფრო ადრე წარმოშობილ საკუთრების უფლებას აქვს უპირატესობა მომდევნოსთან შედარებით. საჯაროობის მიზნიდან გამომდინარე, პირი რომელიც მიაღწევს ამ პრინციპს რეგისტრაციით, უპირატესობა ენიჭება მასთან შედარებით, ვინც არ დაარეგისტრირა უფლება. დროის მიხედვით, პირველად რეგისტრირებულ უფლებას აქვს უპირატესობა. უფლების რეგისტრაციის დრო დგინდება რეესტრის მონაცემების მიხედვით. ურთიერთდაპირისპირებული ჩანაწერების არსებობასთან მიმართებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. ამავე დროს რეესტრის ჩანაწერთა კონკურენციისას რეესტრის სანდოობა ვერ იმოქმედებს.

    მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამიტომაც, სარეგისტრაციო სამსახურს ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის განხორციელებისას, ყოველმხრივ გადაამოწმოს სხვა პირზე რეგისტრაციის არსებობა.

Viewing 6 posts - 31 through 36 (of 36 total)
  • You must be logged in to reply to this topic.