მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 118 total)
  • Author
    Posts
  • #3295
    Crassus
    Participant

    სესხის ხელშეკრულება

    ამ თემაში დეტალურად განვიხილავთ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    სარჩევი:

    1) სესხის ხელშეკრულების არსი

    სესხის ხელშეკრულების ცნება

    სესხის ხელშეკრულების წარმოშობა

    სესხის ხელშეკრულების საგანი

    სესხის ხელშეკრულების შინაარსი

    სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნება

    სესხის შეპირების ხელშეკრულება

    სესხის შეპირების გამიჯვნა, სესხის ხელშეკრულებისგან

    2) სესხის სარგებელი

     

    #3298
    BLH
    Keymaster

    სესხის ხელშეკრულების ცნება

    სესხის ხელშეკრულების ცნება განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლში:

    სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

    მოცემული ნორმის თანახმად სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გამსესხებელი გადასცემს სესხის საგანს  მსესხებელს და მას წარმოეშობა სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, ისე რომ მას მსესხებლის წინაშე ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო მსესხებელს წარმოეშობა  ვალდებულება დააბრუნოს სესხი, ამასთან მას არ წარმოეშობა რაიმეს მოთხოვნის უფლება.

    მაგ: A-მ ასესხა B-ს 10.000 ლარი, რომელიც უნდა დაებუნებინა ამ უკანასკნელს 2008 წლის 20 მაისამდე. მოცემულ შემთხვევაში, A-ს გააჩნია მოთხოვნის უფლება B-ს მიმართ, ხოლო B-ს გააჩნია ვალდებულება დააბრუნოს სესხი.

    ის გარემოება, რომ გამსესხებელს გააჩნია მხოლოდ მოთხოვნის უფლება და მსესხებელს მხოლოდ სესხის დაბრუნების ვალდებულება, განაპირობებს სესხის ხელშეკრულების ცალმხრიობას. შედარებისთვის, ორმხრივი ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების ორივე მხარეს გააჩნია, როგორც მოთხოვნის უფლება, ისე ვალდებულება.

    მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მყიდველს გააჩნია, როგორც ნასყიდობის საგნის მისთვის გადაცემის მოთხოვნის უფლება, ისე ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, ხოლო გამყიდველს გააჩნია ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულება და ნასყიდობის საფასურის  მოთხოვნის უფლება.

    #3303

    სესხის ხელშეკრულების წარმოშობა

    სესხის ხელშეკრულება წარმოშობილად ითვლება თუ არსებობს შემდეგი ელემენტების ერთობლიობა: სესხის ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, კანონით დადგენილი ფორმით და გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს სესხის საგანს.

    #32829
    BLH
    Keymaster

    სესხის ხელშეკრულების საგანი

    სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს სესხის სახით ფულს ან ნებისმიერ გვაროვნულ ნივთს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების საგანი, ფულის გარდა, შეიძლება იყოს გვაროვნული ნივთებიც, ისეთი ნივთები, რომელთა  გამოცვლა შესაძლებელია.

    მაგ: კარტოფილი, საწვავი, ზეთი და ა.შ.

    აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მოვიხმოთ სამოქალაქო კოდექსის 382-ე მუხლის დანაწესი:

    თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული ნივთი), მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს.

    მოცემული წესის მიხედვით მსესხებელი ვერ ეტყვის გამსესხებელს  უარს ნასესხები კარტოფილის დაბრუნებაზე სანამ კარტოფილის შოვნა არის შესაძლებელი.

    შედარებისათვის სესხის ხელშეკრულების საგანი არ არის ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი და როცა ასეთი ნივთის გადაცემა ხდება დროული სარგებლობისათვის, ეს იქნება უკვე თხოვების ხელშეკრულება, ანუ შეუძლებელია სესხის ხელშეკრულების დადება ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის შესახებ.

    მაგ: ბინის გასესხება შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია პიანინოს გასესხება და ა.შ.

    მსესხებელი მისთვის გადაცემულ სესხის საგანზე ღებულობს საკუთრების უფლებას და შემდგომ მან უნდა დააბრუნოს მსგავსი ხარისხის, ოდენობისა და რაოდენობის ნივთი.

    მაგროცა მარიამი ასესხებს 100 კილოგრამ კარტოფილს ნიკას, კარტოფილის გადაცემის მომენტიდან იგი ნიკას საკუთრება ხდება და ეს უკანასკნელი იგივე კარტოფილს კი არ უბრუნებს მარიამს, არამედ კარტოფილის გვაროვნული ბუნებიდან გამომდინარე ნიკამ უნდა დააბრუნოს მსგავსი ხარისხის და ოდენობის კარტოფილი.

    მნიშვნელოვანია არაფულადი სესხის დროს ზუსტად გაიწეროს ხელშეკრულებაში გასესხებული გვაროვნული ნივთის ხარისხი და ოდენობა. ხარისხის განუსაზღვრეობის შემთხვევაში ამოქმედდება სამოქალაქო კოდექსის 380-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც:

    თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.“

    #3362
    BLH
    Keymaster

    სესხის ხელშეკრულების შინაარსი

    რა საკითხებზეა შეთანხმებაა საკმარისი  სესხის ხელშეკრულების დასადებად?

    სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით:

    ხელშეკრულება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს ამ ხელშეკრულების შინაარსი.

    ხოლო სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:

    ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

    სესხის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ არსებობს შემდეგ საკითხებზე შეთანხმება:

    • მხარეები სესხის ხელშეკრულება დადებული ვერ იქნება თუ არ არის ზუსტად განსაზღვრული თუ ვინ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების მხარეებს. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 53-ე და 327-ე მუხლებიდან. სწორედ მხარეები განსაზღვრავენ სკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულების ძირითად პირობებს და თუ არ არიან განსაზღვრული სესხის ხელშეკრულების მხარეები, მაშინ სესხის ხელშეკრულების არსებობაზეც ვერ ვისაუბრებთ.
    • სესხის საგანი როგორც უკვე აღინიშნა სესხის საგანს წარმოადგენს ფული ან გვაროვნული ნივთები, ბუნებრივია თუ არ იქნა განსაზღვრული, რა ასესხა გამსესხებელმა მსესხებელს, მაშინ ვერც იმის განსაზღვრა იქნება შესაძლებელი თუ რისი დაბრუნების ვალდებულება აქვს მსესხებელს, ამიტომაც სესხის საგნის განსაზღვრის გარეშე არ იარსებებს არც სესხის ხელშეკრულება.
    • სესხის ხელშეკრულების დადების განზრახვა სესხის ხელშეკრულებაში უნდა ჩანდეს მხარეთა განზრახვა, რომ ისინი დებენ სესხის ხელშეკრულებას. შეიძლება გვქონდეს სესხის არსებობის ყველა სხვა პირობა, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენდეს სესხის ხელშეკრულების დადების საფუძველს.

    მაგ: დაიდო ხელშეკრულება „ა“ და „ბ“-ს შორის, „ა“-მ გადასცა „ბ“-ს საკუთრებაში ფულადი თანხა. ერთი შეხედვით ყველ პირობა გვაქვს სესხის ხელშეკრულების არსებობისათვის:

    ა) განსაზღვრულია მხარეები;

    ბ) განსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი;

    გ) ფულადი თანხის საკუთრებაში გადაცემა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის.

    მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლება, თუ მხარეებმა მკაფიოდ არ დააფიქსირეს სესხის ხელშეკრულების დადების სურვილი, რადგან ზემოთ მოყვანილი ელემენტები სხვა ხელშეკრულებებსაც ახასიათებს, მაგალითად ჩუქების ხელშეკრულებას, ამიტომაც სესხის ხელშეკრულების დადების განზრახვა უნდა ჩანდეს მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება დადებულად.

    #3302
    BLH
    Keymaster

    სესხის ხელშეკრულებისრეალურიბუნება

    სესხის ხელშეკრულების რეალურ ბუნება  ვლინდება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა მხოლოდ მხარეთა შეთანხმების მომენტიდან, არამედ ფაქტობრივად სესხის საგნის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან. ამდენად, სესხი ხელშეკრულება არ ჩაითვლება დადებულად იმ მომენტამდე, სანამ სესხის საგანი არ გადაეცემა მსესხებელს საკუთრებაში.

    სესხის საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემა შეიძლება მოხდეს სამი სახით:

    1.სესხის საგნის გადაცემა პირდაპირ მფლობელობაში- ამ შემთხვევაში შემძენი ფაქტობრივად ეუფლება სესხის საგანს.

    2.სესხის საგნის გადაცემა არაპირდაპირ მფლობელობაში, როცა ძველი მესაკუთრე რჩება ნივთის პირდაპირი მფლობელი- მაგ: სესხის საგანია 100 ტონა კარტოფილი, რომელსაც ფაქტობრივად ფლობს კვლავ ძველი მესაკუთრე, თუმცა მას აღარ გააჩნია სესხის საგანზე საკუთრების უფლება, რომელიც გადაცემული აქვს ახალ შემძენს და რომელიც წარმოადგენს სესხის საგნის არაპირდაპირ მფლობელს, საკუთრების უფლებიდან გამომდინარე.

    3.მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. მაგ: „A”-მ ასესხა „B”-ს 100 ტონა კარტოფილი, რომელიც მისი მეზობელი „C”-ს საწყობში ინახებოდა, “A” უფლებამოსილია მოსთხოვოს „C”-ს სესხის საგანის მისთვის გადაცემა.

    #3304
    Edika
    Participant

    სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება, მაგრამ აღსანიშნავია რომ საკრედიტო ხელშეკრულება რომელიც წარმოადგენს იგივე სესხის ხელშეკრულებას შეიძლება არსებობდეს კონსესუალური ფორმითაც.

    #3312

    @Edika said: სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით გათვალისწინებული სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება, მაგრამ აღსანიშნავია რომ საკრედიტო ხელშეკრულება რომელიც წარმოადგენს იგივე სესხის ხელშეკრულებას შეიძლება არსებობდეს კონსესუალური ფორმითაც.

    სხვათაშორისო ძალაინ საინტერესო თემაა სესხის ხელშეკრულების ზოგადი ნორმების შედარება, სპეციალურ სასესხო ურთიერთობასთან, რომელსაც წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობა და ანაბარი.. საკრედიტო და საანაბრო ურთიერთობებზე ვრცელდება სესხთან დაკავშირებული ზოგადი ნორმები, თუმცა კრედიტისა და ანაბრის შემთხვევაში გარკვეული განსხვავებები გვაქვს, რაც უპირველესყოვლისა მდგომარეობს იმაში, რომ ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე აუცილებლად სპეციალური სუბიექტი- ბანკი გვყავს.. ასევე მნიშვნელოვანია, ის რაც შენ აღნიშნე საბანკო კრედიტისა და ანაბარის კონსესუალური ბუნება (ისინი დადებული ითვლება არა ფულის ფაქტობრივად გადაცემის მომენტიდან, არამედ მხარეთა შეთანხმების მომენტიდან), ასევე ამ ხელშეკრულებების ობიექტი არის მხოლოდ ფული და არა გვაროვნული ნივთი და ა.შ.

    პ.ს. ამ თემაზე კარგი კვლევის დაწერა შეიძლება.

    #3314
    BLH
    Keymaster

    სესხის ხელშეკრულების ფორმა და რეალური ბუნების პროცესუალური ანალიზი

    სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნების სწორი გაგება, მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან სწორედ სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნება განაპირობებს სესხთან დაკავშირებულ დავებში მტკიცების ტვირთის თავისებურებას.

    სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, იმსჯელა სესხის რეალურ ბუნებაზე, სესხის ფორმასა და მტკიცების ტვირთზე. (იხ. სუსგ ას-756-812-2011 ).

    სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების ფორმის შესახებ რეგულაცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირად, ისე წერილობით, თუმცა ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობის მტკიცებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმის ჩვენება, ამავდროულად უნდა არსებობდეს სხვა მტკიცებულებებიც. აღნისანიშნავია ასევე, რომ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას ენიჭება აშკარა უპირატესობა.

    გადაწყვეტილების მიხედვით, რეალური ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან.

    სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს, მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებასთუმცა აღნიშნული მსჯელობა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეხება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, ვინაიდან ზეპირი შეთანხმება ვერ მიიჩნევა სესხის ხელშეკრულების დადებად, მაშინ როდესაც ამისათვის აუცილებელია რეალური ქმედება.

    რეალური ხელშეკრულება დადებულად ითვლება რეალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ. სადავოობის შემთხვევაშისესხის ზეპირი ხელშეკრულების დადების დროს, მხარემ უნდა ამტკიცოს არა სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის სახით თანხის რეალურად გადაცემა. 

    სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს სასესხო ურთიერთობებთან მიმართებაში წერილობითი ფორმის უპირატესობას ზეპირ ფორმასთან, მაგრამ ეს დასტურდება პრაქტიკით. შესაბამისად, მხარეები წერილობითი ხელშეკრულების დადებით ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიასროდესაც რეალური ქმედების ამსახველ წერილობით დოკუმენტში აღწერენ სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების, მაკვალიფიცირებელი ქმედების განხორციელებას, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების დადებას.

    სასამართლოს განმარტებით, სესხის წერილობითი ხელშეკრულების დადებისას, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა თანხა ისესხა, საპირისპიროს დადასტურებამდე, იგულისხმება, რომ სესხება, როგორც რეალური ქმედება, უკვე განხორციელდა.

    წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება სესხის რეალურად გადაცემის ფაქტი. რაც შეეხება ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული, ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის სახით თანხის გადაცემაში გამოიხატება, თანხის გადახდის ქვითარი, ხელწერილი თანხის გადაცემასთან დაკავშირებით და ..

    #3358

    ბოლო პოსტში აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე შეგვიძლია შევაჯამოთ სესხის რეალური ბუნების მნიშვნელობა, პროცესუალური კუთხით. წარმოვიდგინოთ ორი შემთხვევა:

    1.”A”-მ ასესხა “B”-ს 1000 ლარი, სესხის ხელშეკრულება ზეპირად დაიდო, “A”-მ ბანკის ანგარიშზე ჩაურიცხა “B”-ს თანხა. სესხის ხელშეკრულების მოწმეა “C”.

    აღნიშნულ შემთხვევაში თუ “B” არ დააბრუნებს თანხას “A”-მ სასამართლოში სესხის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მის მიერ “B”-სთვის სესხის სახით 1000 ლარის საკუთრებაში გადაცემის ფაქტს, მხოლოდ “C”-ს ჩვენებებით აღნიშნული ფაქტის დადასტურება ვერ მოხერხდება, სკ-ის 624-ე მუხლის მიხედვით. ამდენად, A-მ უნდა წარადგინოს ბანკის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს მის მიერ B-სთვის თანხის გადარიცხვის ფაქტს, რაც საკმარისი მტკიცებულება იქნება სესხის არსებობის დასამტკიცებლად.

    2.ახლა წარმოვიდგინოთ იგივე შემთხვევა, მაგრამ მხარეების მიერ იქნა წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე “A” ღებულობს ვალდებულებას “B”-ს გადასცეს 1000 ლარი, ხოლო “B” კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს აღნიშნული თანხა.

    მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების წარდგენით სასამართლოში ვერ დადასტურდება სესხის არსებობის  და შესაბამისად “B”-ს მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების ფაქტი, ვინაიდან სკ-ის 623-ე, 319-ე მუხლებისა და 54-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ისეთი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ჯერ არ მიღებული სესხის დაბრუნებას არის ბათილი.

    ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N- 3/1012-01, სადაც სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა

    სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს მოჩვენებითი ან თვალთმაქცური. არ შეიძლება სესხზე ლაპარაკი, თუ ფული მსესხებელს არ ჰქონდა მიღებული. არარად ჩაითვლება სესხის ხელშეკრულება, თუ დასტურდება მისი უფულობა. .. არარა იქნება ისეთი გარიგება, როცა მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს დაუბრუნოს ის, რაც მისგან არ მიუღია.”

    ამდენად, იმისათვის, რომ მსგავს შემთხვევაში მოხდეს სესხის ხელშეკრულების არსებობის დადასტურება, საჭიროა სხვა მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც დაადასტურებს “ა”-ს მიერ “ბ”-სთვის სესხის გადაცემის ფაქტს.

    სხვა ვითარება იქნებოდა ისეთი სესხის ხელშეკრულების არსებობის დროს, სადაც ეწერებოდა, რომ “ბ” ვალდებულია დაუბრუნოს “ა”-ს მისგან ნასესხები 1000 ლარი.

    ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/3521-13 :

    სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102- მუხლში ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან არცერთს არა აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა, თუმცა, რიგ შემთხვევებში მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას თავად მატერიალურსამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს.

    ფულადი ვალდებულების სპეციფიკიდან გამომდინარე, მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების წარმოშობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მოვალისათვის თანხის გადაცემის ფაქტზე.

    სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება მსესხებლისათვის თანხის ან გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. სესხის ხელშეკრულების არსიდან გამომდინარე, გასესხებული თანხის გადაცემის დამტკიცების მოვალეობა აქვს გამსესხებელს.

    ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს თანხის გადაცემის და შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი არ შეიძლება დადასტურდეს ზეპირი სახის მტკიცებულებებით მოწმის ჩვენებით, მხარის ახსნაგანმარტებით. ამდენად, კანონმდებელი სესხის ხელშეკრულების წერილობით ფორმას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული, გამსესხებელი თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითებს წერილობითი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებაზე, მსესხებელმა კი უნდა დაადასტუროს ამ საბუთის უსწორობა“.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 118 total)
  • You must be logged in to reply to this topic.