მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 118 total)
  • Author
    Posts
  • #3600
    Edika
    Participant

    საინტერესოა კიდევ სამოქალაქო კოდექსის 399-ე  მუხლის კომენტარი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების შეწყვეტის “პატივსადებ საფუძველში” მოიაზრება ასევე ვალდებულების დარღვევაც.

    #3601
    BLH
    Keymaster

    @Edika said:
    გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ 5 თვიანი რატომ არ ითვლება გრძელვადიანადდა სიტყვაზე 6 თვიანი ამაზე ცოტა დეტალურად თქვი.

     

    გრძელვადიანობის ცნებას კანონმდებელი არ განსაზღვრავს, ამიტომაც სასამართლო პრაქტიკის პრეროგატივაა აღნიშნული საკითხის განსაზღვრა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ სესხის ხელშეკრულება 1 წლამდე წარმოადგენს მოკლე ვადიანს და ყველაფერი 1 წელზე მეტი არის გრძელვადიანი, მაგრამ ამ საკითხზე არ არსებობს ცალსახა დადგენილი კრიტერიუმი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა ხელშეკრულება გრძელვადიანი.

    #3602
    BLH
    Keymaster

    2. როცა ხელშეკრულებაშია განსაზღვრული სხვადასხვა სახის პირობა სესხის ვადამდე შეწყვეტის შესახებ

    უპრიანი იქნებოდა, სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ რეგულაცია განსაზღვრული იყოს სესხის ხელშეკრულებაში. ბევრი სხვადასხვა ფორმულირებით შეიძლება ამ პირობების განსაზღვრა, მოდი ჩამოვწეროთ რამდენიმე.

    1. შეიძლება სკ-ის 873-ე მუხლის მორგება სესხის ხელშეკრულებაზე და პირობის შემდეგი სახით ჩამოყალიბება:

    1.1. გამსესხებელი უფლებამოსილია მოშალოს სესხის ხელშეკრულება, თუ (გათვალისწინებულია სესხის დაბრუნება ნაწილ ნაწილ და) მსესხებელმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

    1.1 გამსესხებელი უფლებამოსილია მოშალოს სესხის ხელშეკრულება, თუ (გათვალისწინებულია სესხის პროცენტის გადახდა ყოველთვიურად და) მსესხებელმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

    2. შეიძლება ასევე უფრო რთული პირობების შექმნა:

    1.1 გამსესხებელი უფლებამოსილია მოშალოს სესხის ხელშეკრულება, თუ ნებისმიერი ორი თვის მანძილზე მსესხებელი გადააცილებს სესხის პროცენტის ან სესხის თანხის გადახდის ვადას.

    მაგ:წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტის გახადა მოხდა ვადაგადაცილებით 2015 წლის მარტისა და ივნისის თვისათვის.

    1.2 სესხის ხელშეკრულება ითვლება მოშლილად, თუ გამსესხებელი ამის შესახებ შეტყობინებას გაუგზავნის მსესხებელს ბოლო თვის ვადაგადაცილებიდან 10 დღის ვადაში.

    მაგ: 1.1-ში მოყვანილ მაგალითში, თუ გამსესხებელი ივლისის 10 რიცხვის ჩათვლით მოითხოვს სესხის ხელშეკრულების მოშლას.

    #3603
    BLH
    Keymaster

    ზიანის ანაზღაურება გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების მოშლის დროს

    როცა მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და გამსესხებელი ვადამდე, ცალმხრივად წყვეტს სესხის ხელშეკრულებას, დგება ზიანის ანაზღაურების საკითხი.

    ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შესაბამისი რეგულაციების არ არსებობისას, გამსესხებელი უფლებამოსილია სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად (408-415 მუხლები) მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. (ამ საკითხს მოგვიანებით განვიხილავთ დეტალურად)

    უმჯობესი იქნება თუ ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული გარკვეული რეგულაცია, რომელიც მიცემს საშუალებას გამსესხებელს მოითხოვოს ადეკვატური ოდენობის ზიანის ანაზღაურება, სესხის ვადამდე შეწყეტის გამო.

    მაგ: „ა“-მ ისესხა „ბ“-სგან 10.000 ლარი 3 წლის ვადით. 2018 წლის 20 მაისამდე. 2017 წლის 20 ივნისს, „ბ“ ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება, რადგან „ბ“ არ იხდიდა ყოველთვიურ პროცენტს. მოცემულ შემთხვევაში „ა“ ვალდებულია ვადამდე დააბრუნოს სესხის თანხა 10.000 ლარი. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად კარგი იქნება თუ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული პირაგასამტეხლო (სკ-ის 417-ე მუხლი) ან პროცენტი (სკ-ის 403-ე მუხლი).

    პირობა შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

    გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანი გადასახდელი ვალდებულების 0.5 % ყოველდღიურად.

    #3604

    ვალდებულების შესრულების წესი და ადგილი

    ფულადი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის სესხით გათვალისწინებული ვალდებულებების არსებობისას მნიშვნელოვანია ვალდებულების შესრულების ადგილი და წესი.

    სკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად:

    „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.“

    ხოლო სკ-ის 386-ე მუხლი განსაზღვრავს სპეციალურ ნორმას, რომელიც ეხება ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილს:

    „1. შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფლის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით.”

    „2. თუ კრედიტორს აქვს ფულის ჩარიცხვისათვის გამიზნული საბანკო ანგარიში იმ ადგილას ან იმ ქვეყანაში, სადაც გადახდა უნდა მოხდეს, მაშინ მოვალეს შეუძლია ამ ანგარიშზე ჩარიცხვით შეასრულოს თავისი ფულადი ვალდებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრედიტორი ამის წინააღმდეგია.“

    აღნიშნული მუხლის რეგულაცია მოქმედებს, როცა მხარეები არ განსაზღვრავენ სესხის ხელშეკრულებაში, ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილს და წესს.

    მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსესხებელი ვალდებულია ვალდებულება შეასრულოს გამსესხებლის საცხოვრებელი ადგილის (ფიზიკური პირის შემთხვევაში) ან იურიდიული მისამართის (იურიდიული პირის შემთხვევაში).

    ხოლო, მეორე ნაწილის მიხედვით მსესხებელი უფლებამოსილია ფულადი თანხა ჩარიცხოს გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე, თუ ეს უკანაკსნელი ამის წინააღმდეგი არ არის. (მაგ: შეიძლება ბანკის ვალი ჰქონდეს და ჩარიცხვის შემთხვევაში ბანკმა ჩამოაჭრას). უკეთესი იქნებოდა, თუ მხარეები სესხის ხელშეკრულებაში განსაზღვრავდნენ, ვალდებულების შესრულების ადგილსა და წესს. ასეთი ნორმა შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

    • მსესხებელი უფლებამოსილია ვალდებულება შეასრულოს, როგორც უნაღდო ისე ნაღდი ანგარიშსწორებით.

    • ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია, გამსესხებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გადასცეს გამსესხებელს სესხის საგანი, რის შემდეგაც გამსესხებელი გასცემს შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს, სამოქალაქო კოდექსის 429-430-ე მუხლების შესაბამისად.

    • უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულებაში განსაზღვრული გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე ფულის ჩარიცხვის გზით.

    • უნაღდო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ხარჯები ეკისრება მსესხებელს.

    ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრას საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად:

    „ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო“

    ამდენად, სესხიდან გამომდინარე დავის შემთხვევაში, განსჯადი სასამართლო განისაზღვრება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ასეთი არ იქნება განსაზღვრული ხელშეკრულებაში, მაშინ გამოიყენება სკ-ის 386-ე მუხლის პირველი ნაწილი და განსჯადი სასამართლო განისაზღვრება გამსესხებლის საცხოვრებლის მიხედვით.

    #3607
    BLH
    Keymaster

    სესხით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება, ფულადი ერთეულის კურსის ცვლილებისას და ფულადი ვალდებულების ვალუტა

     

    სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებები შეიძლება მხარეებმა განსაზღვრონ, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში.

     

    საინტერესოა რა ემართება ფულად ვალდებულებას , როცა ფულადი ერთეულის კურსი იცვლება. როგორც წესი გამოიყენება ე.წ. ნომინალიზაციის პრინციპი, რომლის მიხედვითაც:

     

    მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.

     

    მაგ: თუ ვისესხე 100 ლარი რომლითაც 50 ლიტრა ბენზინის ყიდვა შემიძლია, ხოლო ვალის დაბრუნებისას იგივე 100 ლარით 40 ლიტრისა, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი, რადგან საქმე გვაქვს ნორმალურ კურსის ცვლილებასთან.

     

    როდის ხდება 389-ე მუხლში განსაზღვრული წესის გამოყენება?

     

    სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის მიხედვით:

     

    „თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.“

     

    სკ-ის 389 მუხლი გამოიყენება:

     

    ა)დენომინაციის დროს მაგ: საბჭოთა კავშირის დროს 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით.

     

    ბ)ვალუტის შეცვლით, მაგ: კუპონი–ლარი

     

    გ) ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაცისას,ფულადი ერთეულის მკვეთრი გაუარესება.

     

    გადაცვლით უერთიერთობათა საფუძველი ვალუტის შეცვლისას –ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად ედება ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობად ფულის ამ ერთეულებს შორის. ივარაუდება, რომ ვალუტათა გადაცვლის მომენტში ცნობილია თითოეული ვალუტის კურსი.

     

    მაგ: ვთქვათ შეცვლის დროს 100 კუპონის კურსი 1 დოლარის ტოლი იყო, ხოლო 1 ლარისა კი– 1 დოლარი. ასეთ ვითარებაში კუპონისა და ლარის კურსებს შორის სხვაობა ტოლი იქნებოდა 100–სა. თუ მექნებოდა 1 მილიონი კუპონი, მისი ლარზე გადაცვლისას მივიღებდი 10 000 ლარს.

     

    #3610
    BLH
    Keymaster

    ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა

    აღნიშნულ საკითხს ეხება, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი

    „(1 ნაწილი) თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.“

    „ეს მუხლი ადგენს სხვადასხვა საფუძვლებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობას და არა ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების ოდენობის დადგენისა და გაანგარიშების წესს. მოცემული მუხლი არეგულირებს იმ შემთხვევას, როცა სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა.“(სუსგ. 3კ/321-02)

    მაგ: ეს მუხლი არ ეხება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნებისა და პროცენტის გადახდის ვალდებულების რიგითობას. არამედ ეხება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებისა და ვთქვათ ნასყიდობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების რიგითობას.

    აქ ის შემთხვევაა, როდესაც რამდენიმე მსგავსი შესრულებიდან ის, რაც შესრულდა არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს.

    მაგ: მოვალეს კრედიტორისთვის უნდა გადაეხადა 100 ლარი სესხის ვალი და 200 ლარი ბინის ქირა. მოვალის ეს ორი შესრულება ერთმანეთს მსგავსი შესრულებაა და 387–ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს მათი შესრულების თანმიმდევრობა, თუ მოვალე მხოლოდ 150 ლარს იხდის 300-დან.

    შესრულების არჩევნის პრიორიტეტ მინიჭებული აქვს მოვალეს, რადგან მოვალემ ყველაზე უკეთ იცის რომელი ვალია მისთვის ყველაზე მძიმე და რომელი მათგანის გასტუმრების შემთხვევაში იქნება იგი დაზღვეული დამატებითი ხარჯებისგან.

    „(2 ნაწილი) თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა.“

    თუკი მოვალე არ გამოიყენებს 387.1. მინიჭებულ უფლებას, მაშინ შესრულების რიგითობა განისაზღვრება კანონის ობიექტური ნებით, კერძოდ, დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. ამდენად თუ ბინის ქირის გადახდის ვალდებულება წინ უსწრებს სასესხო ვალდებულებას, მაშინ პირველად დაიფარება ბინის ქირა.

    387.2. შესრულების რიგითობის იმ შემთხვევას აკანონებს, როცა მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დგება. ვთქვათ ერთ დღესა დასაფარი, როგორც სესხის ვალი ისე ბინის ქირა. ამ შემთხვევეში თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისთვის შესასრულებლად უფრო მძიმეა. ბუნებრივია 200 ლარი ამ შემთხვევაში ბინის ქირა უფრო მძიმეა.. სიმძიმე მხოლოდ ფულადი ნიშნების რაოდენობაში არ გამოიხატება, მხედველობაში მისაღებია ის არასასრუველი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოყვეს შესრულების დაუფარავნობას.

    „(3 ნაწილი) თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.“

    თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა მოვალისთვის მაშინ 387.3. მიხედვით დაიფარება ჯერ ის ვალდებულება, რომელსაც უზრუნველყოფა აქვს ნაკლები. მაგ: სესხიც და ბინის ქირაც 100–100 ლარი თუა და სესხი უზრუნველყოფილია გირაოთი, ამ შემთხვევაში ჯერ დაიფარება ბინის ქირა.

    ჩდება კითხვა, შეუძლიათ თუ არა სესხის ხელშეკრულების მხარეებს, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლში განსაზღვრული რეგულაციისგან განსხვავებულ წესზე შეთანხმება. ასევე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ფულადი ვალდებულებების გადახდის რიგითობაზე?

    #3611
    Edika
    Participant

    ჩემი აზრით შეიძლება განსხვავებულ წესზე შეთანხმება. თუ ვიტყვით რომ 387 მუხლი მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურება და მოვალისთვის არსებობს რატომ უნდა ეკრძალებოდეს მოვალეს განსხხვავებულ წესზე შეთანხმება მითუმეტეს თუ მისი სურვილია აღნიშნული?  იმპერატიული არის 388-ე მუხლი.

    პირველი პოსტი კიდე ნომინალიზმის პრინციპს რომ ეხება, შენი აზრით 398-ე მუხლის გამოყენებაზე რას იტყვი როცა ფულის მყიდველობაუნარიანობა უარესდება?

    #3612

    @Edika said: ჩემი აზრით შეიძლება განსხვავებულ წესზე შეთანხმება. თუ ვიტყვით რომ 387-ე მუხლი მოვალის ინტერესების დაცვას ემსახურება და მოვალისთვის არსებობს რატომ უნდა ეკრძალებოდეს მოვალეს განსხხვავებულ წესზე შეთანხმება მითუმეტეს თუ მისი სურვილია აღნიშნული?  იმპერატიული არის 388-ე მუხლი.

    გეთანხმები, თუ 387-ე მუხლს დავაკვირდებით, მას არ ახასიათებს იმპერატიული ვორდინგი, პირიქით, ძალიან დისპოზიციურად უდგება ამ საკითხის რეგულაციას და აქედან გამომდინარე, მხარეები უფლებამოსილნი არიან სხვაგვარი რეგულაციები განსაზღვრონ, როცა სახეზეა სხვადასხვა საფუძვლებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებები და საჭიროა მათი გადახდის რიგითობაში გარკვევა.

    რაც შეეხება სესხის შიგნით არსებულ სხვადსხვა ვალდებულების რიგითობას (მაგ: პროცენტი, პირგასამტეხო, სესხის ძირი თანხა). ამ მიმართულებითაც ანალოგიურად მხარეები თავისუფალნი არიან განსაზღვრონ შესაბამისი პირობები.

    ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მხარეთა ზემოთ აღნიშნული ნების გამოვლენის თავისუფლება არის შეზღუდული სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, რომელიც ეხება სასამართლო ხარჯების დაფარვის პრიორიტეტს.

    “მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ _ ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს პროცენტები.”

    მოცემული მუხლი აწესრიგებს ორი სახის ვალდებულებას:

    1) საჯარო სამართლებრივი ვალდებულება, როგორიცაა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება –რადგან სასამართლო ხარჯებზეა საუბარი ივარაუდება, რომ 388–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ეხება ვალდებულების დარღვევის შემდგომ განხორციელებულ შესრულებას. ხარჯებში იგულისხმება აღსრულების ხარჯები, რომელიც სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონის საფუძველზე ეკისრება მოვალეს და მათი ამოღება ხდება აღსასრულებელ პრეტენზიასთან ერთად(38.მ.)

    2)კერძო სამართლებრივი ვალდებულება, როგორიცაა ძირითადი ვალდებულებებისა და დამატებითი საპროცენტო ვალდებულების შესრულება – ძირითადი ვალდებულების მთლიანი თანხა, ძირითად ვალზე ვალდებულების შესრულებისას დასარიცხი პროცენტები და ვადის გადაცილების გამო წარომოშობილი პროცენტები.

    მაგ: შპს კოკა კოლას და მართებდა სს პირველი ბანკის სესხი ძირითადი ვალის სახით 10000 ლარი და პროცენტების სახით 1000 ლარი. სასამართლო ხარჯებმა შეადგინა 500 ლარი. თუ გადახდის(აღსრულების) დროს გაირკვევა, რომ შპს–ს შეუძლია რეალურად გადაიხადოს 9000 ლარი, ასეთ ვითარებაში ამ თანხიდან ჯერ გაიღება 500 ლარი სასამართლო ხარჯებისთვის, დანარჩენი თანხა 8500 ლარი–ძირითადი ვალის გასასტუმრებლად.

    #3613
    BLH
    Keymaster

    @Edika said:

    პირველი პოსტი კიდე ნომინალიზმის პრინციპს რომ ეხება, შენი აზრით 398-ე მუხლის გამოყენებაზე რას იტყვი როცა ფულის მყიდველობაუნარიანობა უარესდება?

     

    398-ე მუხლის გამოყენება არ დაგვჭირდება, რადგან 389-ე მუხლი უფრო სპეციალურია და სრულყოფილად არეგულირებს ამ საკითხს.

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 118 total)
  • You must be logged in to reply to this topic.