Viewing 10 posts - 1 through 10 (of 21 total)
  • Author
    Posts
  • #29248
    BLH
    Keymaster

    ამ თემაში განვიხილავთ სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

    #29261
    BLH
    Keymaster

    რა არის სასაქონლო ნიშანი?

    საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.

    ამდენად, სასაქონლო ნიშნის ცნება, სამი ელემენტისგან შედგება:

    1. არის სიმბოლო (ან სიმბოლოთა ერთობლიობა);
    1. გამოისახება გრაფიკურად;
    1. განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს/მომსახურებას – მეორესგან.

    სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით.

    საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი შეიძლება იყოს, გარკვეული ბგერები, სუნი და ფერები, რასთან დაკავშირებითაც არსებობს განსხვავებული პოზიციები.

    ევროპის სასამართლომ (ECJ) ჩამოაყალიბა კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნიშანი, იმისათვის, რომ იქნეს დაცული, როგორც სასაქონლო ნიშანი.

    სასაქონლო ნიშანი უნდა იყოს:

    1. ნათელი;

    2. ზუსტი;

    3. შემცველობითი;

    4. ადვილად აღსაქმელი;

    5. შეცნობადი;

    6. მტკიცე;

    7. ობიექტური.

    #29282
    Crassus
    Participant

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია წარმოშობს მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგს, კერძოდ სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის მომენტიდან. სწორედ ამ მომენტიდან ხდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების შეძენა.

    საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის შესაბამისად.

    სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

    არსებობს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური და შედარებითი საფუძვლები.

    თუ ნიშანი ვერ აკმაყოფილებს სასაქონლი ნიშნის კრიტერიუმებს, იგი ვერ დარეგისტრირდება და შესაბამისად არ წარმოიშობა მასთან დაკავშირებული უფლებები. ასეთ შემთხვევაში სახეზე იქნება რეგისტრაციაზე უარის აბსოლუტური საფუძვლები.

    რაც შეეხება რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებით საფუძვლებს, ისინი დაკავშირებულია კონფლიქტში მოსვლასთან, სხვა უკვე დაცულ სასაქონლო ნიშანთან.

    მაგ: თუ განცხადებული სასაქონლო ნიშანი იდენტურია ან მსგავსია უკვე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან.

    უფრო დეტალურად ამ საკითხებზე ვისაუბრებთ შემდეგ პოსტებში.

    #29284
    BLH
    Keymaster

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები

    სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც:

    ა) არ გააჩნია სასაქონლო ნიშნის ცნების ყველა ელემენტი (იხ. ზემოთ).

    ბ)წარმოადგენს ერთ არასტილიზებულ (სტანდარტულ) ასოს ან ციფრს, ან ცალკე აღებულ მხოლოდ ერთ ფერს;

    გ) არ აქვს უნარი განასხვაოს შესაბამისი საქონელი.

    დ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ანდა მიჩნეულია ასეთად;

    ე) საყოველთაოდ გამოიყენება როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება;

    ვ) წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლისათვის დამახასიათებელ საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს, რომლის რეგისტრაციაც მოითხოვება; (მაგ: „Xerox”, “Jeep”, და ა.შ.)

    ზ) შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებებს, რელიგიასა და ტრადიციებს, ზნეობრივ ნორმებს;

    თ) შესაძლებელს ხდის, მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ;

    ი) მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა უცხო ქვეყნის სახელმწიფო გერბს, დროშას, ემბლემას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; საერთაშორისო ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის ემბლემას, მის სრულ ან შემოკლებულ სახელწოდებას; ოფიციალურ საკონტროლო, საგარანტიო, სასინჯო დამღას, ნიშანს (მათ შორის, საქონლის შესაბამისობის სასერტიფიკაციო ნიშანს), ბეჭედს, ორდენსა და მედალს; საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ ან ისტორიულ დასახელებას, გერბს, დროშას, ემბლემას, ფულის ნიშანს, ან წარმოადგენს ან აღნიშნული სიმბოლოების იმიტაციას.

    ასეთი სიმბოლოები სასაქონლო ნიშანში შედის დაუცველი ნაწილის სახით, თუ არსებობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ან მფლობელის თანხმობა მათი გამოყენების თაობაზე.

    #29285
    BLH
    Keymaster

    სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება ისეთი მოცულობითი ნიშანი, რომლის ფორმაც:

    ა) განპირობებულია მხოლოდ საქონლის თვისებებით;

    ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად.

    ზემოთ მითითებული „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ საფუძვლები არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად, ეს ნიშანი განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ.

    აღნიშნულის მტკიცებულა ევროპული სასამართლოს (ECJ_ის) განმარტებით, შეიძლება იყოს:

    a. ბაზრის წილი, რაც აღნიშნულ ნიშანს უკავია

    b. როგორია ამ ნიშნის გამოყენების ინტენსიურობა, გეოგრაფიული არეალი, გამოყენების ხანგრძლივობა.

    c. ნიშნის გაპიარებისათვის გაღებული ინვენსტიციების მოცულობა

    d. მომხმარებელთა ოდენობა, რომლებიც ამ ნიშნით განასხვავებენ საქონელს, როგორც კონკრეტული კომპანიისა.

    #29286
    BLH
    Keymaster

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები

    სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი:

    ა) იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;

    ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

    გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

    დ) რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;

    ე) საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების იდენტურია, მსგავსია, შეიცავს მას ან ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის, ანდა ასეთი სასაქონლო ნიშნით სარგებლობით მოხდება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის დასახელების რეპუტაციის გამოყენება. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით არის ჩართული მისი გამოყენების უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანში; (მაგ: ბორჯომი, ბახმარო, მუკუზანი და ა.შ.)

    ვ) საქართველოში დაცული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიმუშის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ითხოვს ამ სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი;

    ზ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა; (მაგ: სამშენებლო კომპანია „კოკა-კოლა“, სასტუმრო „ნესტლე“ და ა.შ.).

    თ) შეიცავს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პიროვნების სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს, პორტრეტს – ამ პიროვნებასთან ან მის მემკვიდრეებთან შეუთანხმებლად, ხოლო თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებას წარმოადგენს – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე; (მაგ: სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიცავს სახელს „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, „დავით აღმაშენებელი“, „შოთა რუსთაველი“ და ა.შ. ასევე მათ გამოსახულებებს.)

    ი) შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლების დასახელებას ან გამოსახულებას – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობის გარეშე. (მაგ: სასაქონლო ნიშანი, რომელიც შეიცავს დასახელება „ნარიყარა“, „სვეტიცხოველი“, „გელათი“ და ა.შ.).

    #29481
    Crassus
    Participant

    „სასაქონლო ნიშნების“ შესახებ კანონის 34-ე მუხლი

    (საქმე Nას-471-445-2011)

    თბილისის სააპელაციო სასამართლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას სასაქონლო ნიშნების მსგავსებასთან დაკავშირებით, სოციოლოგიური კვლევის შედეგებს დაეყრდნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის ეტიკეტები მათ მიერ წარმოებული იგივე სახეობის პროდუქციის აღრევის შესაძლებლობას იწვევს. ასევე პალატამ განმარტა, რომ მოპასუხეს უნდა აეკრძალოს პროდუქტის წარმოშობის გეოგრაფიული სახელწოდების ეტიკეტზე მითითება, რადგან აღნიშნული გეოგრაფიული სახელი მოსარჩელის მიერ კოლექტიური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გზით დაცული დასახელებაა და მოპასუხის მიერ მისი გამოყენება თავისი წამროებული პროდუქციის დასახელების შემადგენელ ნაწილად, რომელიც არ არის დარეგისტრირებული კანონის მოთხოვნათა დაცვით, არამართლზომიერია.

     

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმეში არსებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, რომელთაც სააპელაციო პალატა დაეყრდნო დავის გადაჭრისას, სასამართლოსათვის მხოლოდ დამატებითი არგუმენტის მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არა იმგვარი, რომლებზეც დაყრდნობით იურიდიული ფაქტის დადგენა იქნება შესაძლებელი. მოპასუხის ეტიკეტზე ჩანს სხვაობა ნაწარმის სახელწოდებასა და მის გეოგრაფიულ წარმომავლობას შორის. პროდუქტის სახელი მიუთითებს და აზუსტებს წარმოშობის ადგილს და მიზნად ისახავს არა პროდუქტების გაიგივებას, არამედ მომხმარებლისათვის მისი წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას პოპულარიზაციის მიზნით. „სასაქონლო ნიშნების“ შესახებ კანონის მიხედვით, გეოგრაფიული სახელის კოლექტიურ ნიშნად რეგისტრაცია არ ანიჭებს მის მფლობელს უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს ამ სახელწოდების გამოყენება სამოქალაქო ბრუნვაში, თუ ამით არ ირღვევა კეთილსინდისიერი კონკურენციის ნორმები. საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი.

    #29835
    Crassus
    Participant

    განსაკუთრებული უფლება

    რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

    განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის:

    ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;

    ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

    მაგ: „ა“ აწარმოებს ყავას, რეგისტრირებული სასაქონლი ნიშნით „გემრიელი ყავა“, იმავე სასაქონლო ნიშანს იყენებს „ბ“, თუმცა იგი აწარმოებს ჩაის და კაკაოს.

    გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;

    მაგ: „ა“-მ გახსნა სწრაფი კვების ობიექტი, რომლის სახელწოდება და ლოგო ძალიან წააგავდა მაკდონალდსის სასაქონლო ნიშანს.

    დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას.

    ზემოთ განსაზღვრულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება:

    ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე;

    ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით;

    გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;

    დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე.

    სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება:

    ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.;

    ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.

    #30687
    BLH
    Keymaster

    განსაკუთრებული უფლების ფარგლები

     

    სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს:

     

    ა) საკუთარი სახელი ან მისამართი, თუ ისინი ემთხვევა განსაკუთრებული უფლების მქონე პირის სასაქონლო ნიშანს;

     

    ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის, დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს;

     

    სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.

    #30688
    BLH
    Keymaster

    განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე

     

    განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე წარედგინება „საქპატენტს“ განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის მიერ.

     

    განაცხადი ივსება დადგენილი წესით, ქართულ ენაზე. განაცხადი ეხება მხოლოდ ერთ სასაქონლო ნიშანს.

     

    განაცხადი შეიცავს:

     

    ა) თხოვნას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ;

     

    ბ) განმცხადებლის სრულ სახელს (სახელწოდებას) და იურიდიულ მისამართს;

     

    გ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას;

     

    დ) იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.

     

    ე) წარმომადგენლის ვინაობას და მისამართს, თუ განაცხადი შეტანილია წარმომადგენლის მიერ;

     

    ვ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას განაცხადზე.

     

    განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღად ითვლება „საქპატენტში“ მისი ჩაბარების დღე.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 21 total)
  • You must be logged in to reply to this topic.