Viewing 10 posts - 11 through 20 (of 21 total)
  • Author
    Posts
  • #30689
    BLH
    Keymaster

    განაცხადის ექსპერტიზა

     

    სასაქონლო ნიშნის განაცხადზე „საქპატენტი“ ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას და არსობრივ ექსპერტიზას.

     

     

    ფორმალური ექსპერტიზა

     

    განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან 2 თვის ვადაში,ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი გაფორმებული სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონის შესაბამისად. (შემდგომში კანონი).

     

    თუ განაცხადი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, განმცხადებლის სახელზე გაიცემა ცნობა განაცხადის შეტანის თარიღის დადგენის შესახებ საკანცელარიო

    ნომრისა და შეტანილი საბუთების ჩამონათვალის მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება განაცხადის მასალის მიღებაზე დასაბუთებული უარი.

     

    ამდენად, ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის საფუძველზე „საქპატენტი“ გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განსახილველად მიღებისა და პრიორიტეტის დადგენის, ან განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ და აცნობებს განმცხადებელს.

     

    არსობრივი ექსპერტიზა

     

    არსობრივი ექსპერტიზა ტარდება განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.

     

    არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა  კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.

     

    არსობრივი ექპერტიზის საფუძველზე განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ.

    #30690
    BLH
    Keymaster

    ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში

     

     

    განმცხადებელს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.

     

    განმცხადებელს არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ შეუძლია გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის ვადაში.

     

    განაცხადის მონაცემების ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ მოტივით, რომ დარღვეულია კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნები. ამასთანავე, დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში იმავე საფუძვლით.

     

    სააპელაციო პალატა საჩივარს იხილავს მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    #30691
    BLH
    Keymaster

    საქპატენტის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზის შემდეგ

     

     

    „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე არსობრივი ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში.

     

    ბიულეტენში ქვეყნდება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მფლობელის შესახებ და მისამართი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი.

     

    თუ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში არ იქნება შეტანილი სააპელაციო საჩივარი, ან მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ, „საქპატენტი“

    ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და მონაცემებს რეგისტრირებული ნიშნის შესახებ აქვეყნებს ბიულეტენში.

     

    რეესტრში შეტანილი იქნება სასაქონლო ნიშნის გამოსახულება, ცნობები მისი მფლობელის შესახებ, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღი, საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

     

    ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს „საქპატენტში“ სათანადო განცხადების წარდგენის შემდეგ გაეცნოს რეესტრის მონაცემებს და მოითხოვოს დამოწმებული ამონაწერი.

     

    მოწმობა სასაქონლო ნიშანზე

     

    სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი“ გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე.

     

    მოწმობით დასტურდება სიმბოლოს რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, მფლობელის განსაკუთრებული უფლება აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა.

    #30695
    BLH
    Keymaster

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა

     

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება 10 წლით და აითვლება „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.

     

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ყოველი შემდგომი 10 წლით, გაგრძელების ჯერადობის შეუზღუდავად. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადას აგრძელებს „საქპატენტი“ ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ „საქპატენტში“ წარდგენილი განცხადების საფუძველზე.

     

    განცხადების „საქპატენტში“ წარდგენა და შესაბამისი საფასურის გადახდა წარმოებს რეგისტრაციის მოქმედების ბოლო წლის განმავლობაში.

     

     

     

     

    #30696
    BLH
    Keymaster

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა

     

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები შეიძლება გადაეცეს სხვა პირს.

     

    სასაქონლო ნიშანი გადაეცემა სხვა პირს საწარმოსთან ერთად ან მის გარეშე.

     

    საწარმოს გადაცემა გულისხმობს სასაქონლო ნიშნის გადაცემასაც, თუ გადაცემის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

     

    ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ ფორმდება წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.

     

    სასაქონლო ნიშნის გადაცემისას სათანადო ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

     

    სასაქონლო ნიშნის ახალ მფლობელს არ შეუძლია გამოიყენოს რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ, ვიდრე რეესტრში არ შეიტანება სათანადო ცვლილებები სასაქონლო ნიშნის გადაცემასთან დაკავშირებით.

     

     

    თუ „საქპატენტი“ სასაქონლო ნიშნის გადაცემის შესახებ წარდგენილი საბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასაქონლო ნიშნის გადაცემამ შეიძლება მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას იმ საქონლის თვისებების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის, მწარმოებლის ან სხვა მახასიათებლების შესახებ, რომლის მიმართაც ის რეგისტრირებულია, „საქპატენტი“ რეესტრში არ შეიტანს ცნობას გადაცემის შესახებ, ვიდრე არ მიიღებს უფლებამონაცვლის თანხმობას ჩამონათვლიდან შეცდომაში შემყვანი საქონლის ამოღების თაობაზე.

    #30697
    BLH
    Keymaster

    სალიცენზიო ხელშეკრულება

     

    სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება მისმა მფლობელმა (ლიცენზიარმა) შეიძლება მიანიჭოს სხვა პირს (ლიცენზიატს) სალიცენზიო ხელშეკრულებით. სალიცენზიო ხელშეკრულება იდება როგორც საქონლის მთლიანი ჩამონათვალის, ისე მისი ნაწილის მიმართ.

     

    ლიცენზია არის განსაკუთრებული ან მარტივი.

     

    თუ ხელშეკრულებიდან არ ჩანს ლიცენზიის ხასიათი, იგულისხმება მარტივი ლიცენზია. ამ შემთხვევაში ლიცენზიარის უფლებაა თვითონაც გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი და დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება.

     

    განსაკუთრებული ლიცენზია არ აძლევს ლიცენზიარს უფლებას დადოს სხვა სალიცენზიო ხელშეკრულება და გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. განსაკუთრებული ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები ძალაშია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის

    მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

     

    ლიცენზიატს ეკრძალება სალიცენზიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა ან ქველიცენზიის გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან.

     

    სალიცენზიო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული თავისი განსაკუთრებული უფლებები ლიცენზიატის მიმართ, თუ დარღვევა ეხება ხელშეკრულების ვადას, სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფორმას, იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლისთვისაც გაიცა ლიცენზია, ტერიტორიას, სადაც სასაქონლო ნიშანი შეიძლება იქნეს გამოყენებული,

    საქონლის ხარისხს.

     

    სასაქონლო ნიშანზე სალიცენზიო ხელშეკრულების დადების ფაქტის რეგისტრაცია წარმოებს „საქპატენტში“ და შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება ბიულეტენში დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.

     

    სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიატი აღძრავს სარჩელს მხოლოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით.

     

    ლიცენზიატს უფლება აქვს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ჩაერთოს სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შესახებ გამართულ სასამართლო პროცესში.

    #30698
    BLH
    Keymaster

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები

     

     

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს „საქპატენტი“:

     

    ა) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით;

     

    ბ) სასაქონლო ნიშნის მფლობელი ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მას არ დარჩა მემკვიდრე, ან იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, თუ არ არსებობს უფლებამონაცვლე;

     

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:

     

    ა) სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე

    შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება;

     

    ეს საფუძველი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.

     

     

    ბ) სასაქონლო ნიშანი იქცა გვარეობით ცნებად იმ საქონლისთვის, რომლის მიმართაც ის არის რეგისტრირებული;

     

    გ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით სასაქონლო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის სახეობის, თვისების, ხარისხის, ღირებულების ან გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ.

     

    თუ სასაქონლო ნიშნის გაუქმების საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.

     

    საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.

     

    #30699
    BLH
    Keymaster

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

     

     

    სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ:

     

    ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული;

     

    ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით;

     

    გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე;

     

    დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა;

     

    ე) ამგვარი რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე.

     

    თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები არსებობს საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია ბათილად იქნება ცნობილი მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.

     

    საქონლის მთელი ჩამონათვლის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანება რეესტრში და ცნობა ამის შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში.

     

    #30700
    BLH
    Keymaster

    პასუხისმგებლობა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისათვის

     

     

    სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:

     

    ა) თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა;

     

    ბ) მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

     

    გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის, შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან იმიტაციას;

     

    დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.

    #30701
    BLH
    Keymaster

    სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ას-791-740-10

    მოსარჩელემ განმარტა, რომ შპს „ჯ. და კ-ნიას“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში 2009 წლის თებერვლიდან რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი (#19081), რომელიც წარმოადგენს მაიონეზის პროდუქტს.

    2007 წლის აპრილის თვიდან მოსარჩელეს თავისი მაიონეზის პროდუქტი „ს-ოდა“ დაპა-ტენტებული აქვს „საქპატენტში“.

    მოცემული პროდუქტები თავიანთი ეტიკეტის გამოსახულებითი თვისების მიხედვით წარმოადგენენ ერთმანეთის მსგავსებს.

    მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხემ სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით დაარღვია დაცული საავტორო უფლებები და არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოახდინა სასაქონლო ნიშნად მაიონეზ „ს-ოდას“ სამომხმარებლო ბაზარზე დამკვიდრებული და საყოველთაოდ ცნობილი ეტიკეტის მსგავსი შეფუთვის მქონე მაიონეზის რეგისტრაციისათვის განაცხადის წარდგენა მისი შემდგომი კომერციული მიზნით გამოსაყენებლად.

    სააპელაციო სასამართლოს განმარტება:

    სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი აკეთებს ჩამონათვალს იმ საფუძვლებისას თუ როდისაა შესაძლებელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა. აპელანტი მხარის მითითებით, მოპასუხემ თავისი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოახდინა და ამ რეგისტრაციით დაარღვია მესამე პირის საავტორო უფლებები.

    არაკეთილსინდისიერ განზრახვაში აპელანტი მხარე გულისხმობს იმდენად დიდი მსგავსების მქონე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას მოპასუხის მიერ, რომელმაც მის მიერ რეგისტრირებულ სამრეწველო ნიმუშთან მსგავსების გამო აღრევა გამოიწვია.

    პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული მოსაზრება და განმარტა, რომ არაკეთილსინდისიერი განზრახვა, რომელიც საბოლოოდ აღრევას იწვევს სრულიად შეფასებითი კატეგორიაა. აპელანტი არ მიუთითებს, რომ სადაო სასაქონლო და სამრეწველო ნიმუშები ერთმანეთის იდენტურია, არამედ მიუთითებს, რომ ისინი ერთმანეთს იმდენად ემსგავსება, რომ აღრევას იწვევს.

    „სასაქონლო ნიშნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია ის გარემოება, თუ იგი საქართველოში დაცული უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიმუშის იდენტურია.

    ქრესტომატიულად იდენტურობა ზუსტ იგივეობას ნიშნავს, მსგავსება კი მხოლოდ გარკვეული ნიშანთვისებების იგივეობას.

    პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი რეგისტრაციის ბათილობის საფუძვლად მხოლოდ შესადარებელი სასაქონლო და სამრეწველო ნიმუშების იდენტურობას მიიჩნევს და არა მსგავსებას.

    ტერმინს „მსგავსებას“ კანონმდებელი მხოლოდ სასაქონლო და სამრეწველო ნიშნის მატარებელი საქონლის შესაფასებლად მოიხმობს და არა თავად სასაქონლე ან სამრეწველო ნიშნისა. აქედან გამომდინარე კი აყალიბებს თავის ნებას რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია უსწორო, ანუ ბათილად საცნობი, თუ იგი უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიმუშის იდენტურია (მუხლი 5 პუნქტი 3).

    პალატა შენიშნავს, რომ ამ კუთხით საკითხი სადაოდ აპელანტ მხარეს არც გაუხდია, ანუ აპელანტს არსად მიუთითებია, რომ სასაქონლო და სამრეწველო ნიმუშები ერთმანეთის იდენტურია. აპელანტის არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ მოპასუხის სასაქონლო ნიშანსა და მოსარჩელის სამრეწველო ნიმუშს შორის მსგავსება იმდენად დიდია, რომ მომხმარებლის ცნობიერებაში მათ აღრევას იწვევს.

    სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის I ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო თუ სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული.

    სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილებაში უკვე იყო საუბარი იმის თაობაზე რომ კანო-ნის მე-5 მუხლში გაკეთებული დათქმა სასაქონლო და სამრეწველო ნიმუშთა იდენტურობის თაობაზე  განსახილველ შემთხვევაში არ არის დადასტურებული. აღნიშნული გარემოება კი „ჯი თი სი და კ-ნიის“ მი-ერ რეგისტრირებული სადაო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს.

    რაც შეეხება საავტორო უფლებების დარღვევას, პალატის მოსაზრებით მსგავსია თუ არა ორი შესადარებელი ეტიკეტი ერთმანეთისა  სრულიად შესაფასებელი კატეგორიაა და იგი ერთგვარად გამორიცხავს კიდეც ამ შეფასების შედეგად გაკეთებული დასკვნის კატეგორიულობას.

    საავტორო უფლების დარღვევად მხოლოდ ისეთი მსგავსება შეიძლება მივიყნიოთ, როდესაც მთლიანად მითვისებულია საავტორო უფლების ობიექტი, კონკრეტულ შემთხვევაში თუ მთლიანად ერთმანეთის მსგავსი იქნებოდა ფერთა კომბინაცია, რკალების მოხაზულობა, ასოთა განლაგება, ზეთისხილის ტოტების ოდენობა და ა.შ. რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.

    გამომდინარე აღნიშნულიდან სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სს „ე-ს“ საავტორო უფლება არ არის ხელყოფილი, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებას წარმოადგენს.

    კასატორის არგუმენტაცია საკასაციო საჩივარში:

    კასატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სს „ე-ს“ პროდუქტი არის რუსული წარმოების და მასზე დატანილია რუსულენოვანი წარწერები. ასეთივე რუსულენოვანი წარწერები დატანილია მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოშვებულ პროდუქტზეც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ქართული წარმოებისაა. კასატორმა განმარტა, რომ პროდუქციის მსგავსების დამადასტურებელ ნიშნებს წარმოადგენენ, პროდუქტის ერთი-დაიგივე გარეგანი ფერი, მიმსგავსებული მხატვრული შესრულება სიტყვათა წყობითა და მოხაზულობითი განლაგებით. შეფუთვაზე გადატანილია გამოსახულებითი და აღწერილობითი ნიშნები მსგავსი ელემენტე-ბით, როგორიცაა მოხაზულობითი რკალი, სახელწოდება `ოლივკოვი~, მსგავსი ფერების კომბინაცია, ზომები მოცულობა, რუსულენოვანი წარწერები და საერთო ჯამში ვიზუალური გამოსახულება. ანუ მოწინა-აღმდეგე მხარის სასაქონლო ნიშანში ადგილი აქვს იმ მხატვრული ნაწარმოების გამოყენებას, რომელზე-დაც მოსარჩელეს გააჩნია საავტორო უფლებები. აღნიშნული მსგავსება დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნითაც, რომელზეც სასამართლოს არ უმსჯელია.

    საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

    მოსარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიმუშთან მიმსგავსებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამარ-თლოს მტკიცებით კი, სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიშნის ზუსტად იდენტურია.

    საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია არა მარტო სა-საქონლო ნიშანსა და სამრეწველო ნიმუშთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების მოყვანა, არა-მედ იმის გათვალისწინებაც, თუ რა როლს ასრულებს თითოეული მათგანი ბაზარზე.

    „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სომბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერ-თი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან.

    ამრიგად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასაქონლო ნიშანი არის აღნიშვნა, რომელის დანიშნუ-ლებაა ერთი მწარმოებლის საქონელი განასხვავოს მეორე მწარმოებლის საქონლისაგან.

    რაც შეეხება სამრეწველო ნიმუშს, მისი ძირითადი ფუნქცია ესთეტიკური ზეგავლენის მოხდენის გზით, მყიდველის მოზიდვაა. იგი ერთი მწარმოებლის მეორესაგან განმასხვავებელი აღნიშვნა არ არის. სწორედ ამ მიზეზით, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობით ნაკლები დაცვით სარგებლობს, ვიდრე სასაქონლო ნიშანი.

    „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი ამ კანო-ნის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული.

    იმავე კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი არ დარეგისტრირდება, თუ საქართველოში დაცული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიმუშის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგიტრაციას ითხოვს ამ სამრეწველო ნიმუშზე გან-საკუთრებული უფლების მფლობელი.

    ამგვარად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იმისათვის რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათლად იქნას ცნობილი, რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეტანილი უნდა იყოს საქართველოში და-ცულ სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მფლობელისაგან განსხვავებული პირის მიერ, სამრეწველო ნიშანზე უფრო გვიან, ამასთან სასაქონლო ნიშანი სამრეწველო ნიმუშის იდენტური უნდა იყოს. იდენტურობა გულისხმობს ზუსტ იგივეობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ის, რომ შპს “ჯ. და კ-ნიის” სასაქონლო ნიშანი სს „ე-ს“ სამრეწველო ნიმუშის იდენტური არაა, არც მოსარჩე-ლეს გაუხდია სადავოდ. მხარე საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად ყველა ეტაპზე მხოლოდ მსგავსე-ბაზე მიუთითებდა.

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფი-ლებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

    საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 21 total)
  • You must be logged in to reply to this topic.