Forum Replies Created

Viewing 10 posts - 121 through 130 (of 142 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: საოჯახო სამართალი #2629
    Crassus
    Participant

    მე საერთოდ იცით რას ვფიქრობ, 1171-ე მუხლი  არარელევანტურია უნდა იყოს. ამ შემთხვევაში რატომ არ შეიძლება სკ-ის 1160-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება. იმ კუთხით, რომ ერთმა მეუღლემ განკარგა მეუღლეთა თანასაკუთრება და ეს განკარგვა ნამდვილია ამ ნორმის მიხედვით.  ასეთ შემთხვევაში მეორე მეუღლეს ექნება მხოლოდ 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება მეუღლის მიმართ, ხომ ასეა?

     

    და ვინაიდან თანასაკუთრების განმკარგველი მეუღლე გარდაიცვალა, მას მხოლოდ ამ მეუღლის სამკვიდროდან ექნება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება, ხოლო იმ მესამე პირს, ვის მიმართაც მოხდა აღნიშნული ქონების განკარგვა, იმის ვერ მოსთხოვს ვერაფერს.

    in reply to: სანივთო სამართალი #28694
    Crassus
    Participant

    საკუთრების უფლების შეძენა უძრავ ნივთებზე

    უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია არის კომპლექსური პროცესი, რომელიც შედგება რამდენიმე ასპექტისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საკუთრების უფლების შეძენასთან დაკავშირებულ ზოგად წესს- საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით და ამ შეთანხმდებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების რეგისტრაციით საჯარო რეესტრში.

    ამდენად უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენისათვის ამოსავალი წერტილია მხარეთა შეთანხმება, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენა ხდება ცალმხრივი გარიგების საფუძველზე (მაგ: მემკვიდრეობის მიღების გზით).

    ამდენად, პირველი ნაბიჯია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგების დადება მხარეებს შორის (ეს შეიძლება იყოს, როგორც ჩუქება, ისე ნასყიდობა, სამისდღეშიო რჩენა და ა.შ.).

    ამ ეტაპთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის ანალიზი, რომლის მიხედვითაც საკმარისია მხოლოდ მარტივი წერილობითი ასეთი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის.

    შემდეგი ეტაპია უკვე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამ ეტაპზე უკვე აუცილებელია, რომ მხარეთა შეთანხმებაზე ხელმოწერები იყოს დადასტურებული, საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მხრიდან ან სანოტარო აქტით.

    რეგისტაციისათვის განცხადების შეტანის უფლება აქვს, როგორც გამსხივსებელს ისე შემძენს. დაშვებულია წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობა.

    საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან საჯარო რეესტრში.

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #28825
    Crassus
    Participant

    დირექტორის პასუხისმგებლობა ინტერესთა კონფლიქტის დროს 

    (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-848-806-2013)

    მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანაკნელი ნორმა ზოგადად განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისა და საწარმოს არაკეთილსინდისიერად (საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ) მართვისათვის, ხოლო სამოქალქო კოდექსის 411-ე მუხლი წარმოადგენს იმ სამართლებრივ ნორმას, რომელსაც შეიძლება დავუკავშიროთ ის კონკრეტული  მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი _ ზიანის ანაზღაურება, რომლის დადგომაც სურს სარჩელით მოსარჩელეს.

    საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #29452
    Crassus
    Participant

    სამკვიდროს გაყოფა: სკ-ის 1452-ე მუხლი

     

    (საქმე N-ას-839-788-2010)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მემკვიდრეთა წილი მამკვიდრებლის ქონებიდან. კერძოდ, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდგომ დარჩა ოთხი პირველი რიგის მემკვიდრე. სამმა მათგანმა სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ზომებს მიმართა. ერთ-ერთი მემკვიდრე გარდაიცვალა, თუმცა სამკვიდროს მიღებაზე პრეტენზია არც მას და არც მის მემკვიდრეებს არ განუცხადებიათ. მიუხედავად ამისა, პალატამ თითოეულ მემკვიდრეს სამკვიდროდან წილი მიაკუთვნა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო გაიყოფა სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგებათ. მითითებული ნორმიდან და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამკვიდრო მიღებულია რა სამი თანაბარი უფლების მქონე მემკვიდრის მიერ, სამკვიდრო მათ შორის თანაბრად უნდა განაწილდეს. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით თითოეულ მათგანს სამკვიდროდან განესაზღვრა ქონების 1/3 ნაწილი.

    Crassus
    Participant

    წილთა თანაბრობის პრინციპი

    თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი (სსკ 954-ე მუხლი).

    საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხარეებს, რომლებიც არიან სახლმფლობელობის თანამესაკუთრეები 1/2 წილის უფლებით, ეკუთვნით თანაბარი წილი მიწის ნაკვეთზეც.

    სააპელაციო სასამართლომ 954-ე მუხლი განმარტა იმგვარად, რომ მხარეეებს თანაბარი წილი მიაკუთვნა მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან დაუშვებლად მიიჩნია მიწაზე და მის არსებით შემადგენელ ნაწილზე განსხვავებული ოდენობის წილობრივი თანასაკუთრების არსებობა.

    საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და მიუთითა, რომ მითითებული ნორმის სრულ შინაარს უკავშირდება განსხვავებული სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, მხარეთა წილი მიიჩნევა თანაბრად, თუ არ დგინდება სპეციალური შეთანხმება მხარეებს შორის.

    სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსმა ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული გამოაცხადა ამ პირთა საკუთრებად და მათზე გავრცელდა უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირთა ერთობლივ კანონიერ სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მათ თანასაკუთრებად.

    პრაქტიკაში უმეტესად ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სახლის თანამესაკუთრეებმა სარგებლობაში არსებული მიწები შეთანხმების საფუძველზე ღობით გამიჯნეს ან სხვა სახის მყარი ნაგებობით ან ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ შეთანხმებული მიწის ნაკვეთის ნაწილით. ასეთ შემთხვევაში მათ საკუთრების უფლება წარმოეშვათ მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც მათ უშუალო სარგებლობაში იყო ამ კოდექსის ამოქმედებამდე და არა მთელს მიწის ნაკვეთზე, რომელიც მიმაგრებული იყო მათ საერთო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული მიწა გახდა არა თანასაკუთრების, არამედ ამ პირთა დამოუკიდებელი საკუთრების საგანი. ასეთი უფლება გავრცელდა მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთზე, რომლითაც სარგებლობენ ეს პირები. ხოლო მიწა, რომელზეც აღმართულია მათი საცხოვრებელი სახლი, სახლთან ერთად წარმოადგენს მათ მესაკუთრეთა თანასაკუთრებას შესაბამისი წილების მიხედვით.  (სუს განჩინება, N ას–596-823-08).

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28861
    Crassus
    Participant

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ზოგადი დახასიათება

     

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მარჩენალი კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას, სარჩენისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამიდღესშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ნატურით ან ფულით.

     

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ელემენტები:

     

    1. ორმხირივობა- ორივე მხარეს აქვს, როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

     

    2. კონსესუალურობა დადებულად ითვლება მხარეთა შეთანხმების მომენტიდან.

     

    3. სასყიდლიანობა ყოველთვის სასყიდლიანია, რადგან მარჩენალი მიღებული ქონების სანაცვლოდ სარჩენს უხდის ხელშეკრულებით დადგენილ სარჩოს.

     

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში სარჩენი- შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი.

     

    ხელშეკრულების საგანი – ქონება, რომელიც არის სარჩენის საკუთრება (მოძრავი, უძრავი) და რომელსაც იგი ხელშეკრულებით გადასცემს მარჩენალს. ხოლო მარჩენალმა სანაცვლოდ უნდა უხადოს სარჩო, რომელიც შეიძლება დადგინდეს ფულადად (მაგ: 100 ყოველ კვირა ), ან ნატურით მაგ: სარჩოს უზრუნველყოფა ბინით,მოვლით, სხვა აუცილებელი დახმარებით (მაგ: წამლებით). ნატურით სარჩოს დადგენისას საჭიროა, ხელშეკრულებაში დეტალურად აღიწეროს ყველა პირობა.

     

    სარჩოს ოდენობა, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისთვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ან ზოგჯერ აღემატებოდეს კიდეც მას. მართალია სამისდღეშიო ხელშეკრულება ვადიანი და ჩვეულებრივ მოიცავს სარჩენის მთელ სიცოცხლეს, მაგრამ ხელშეკრულებით შეიძლება სხვა რამ იქნეს გათვალისწინებული.

     

    ხელშეკრულების ვადა- უნდა დადგინდეს ხელშეკრულებით, მაგ: სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით, 10 წლით, 1 წლით, 6 თვით, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩოს გადახდას.

     

    მარჩენალს სარჩენის ქონებაზე წარმოეშობა საკუთრების უფლება, მაგრამ შეზღუდვებით. სარჩენის სიცოცხლეში მას უფლება არ აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე.

     

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28855
    Crassus
    Participant

    ჩუქების ხელშეკრულების არსი

     

    ჩუქების ხელშეკრულებით, ერთი პირი ქონებაზე საკუთრების უფლებას გადასცემს მეორე პირს უსასყიდლოდ, საჭიროა ორივე მხარის ნების გამოვლენა. მჩუქებელმა უნდა გამოავლინოს ქონების ჩუქების ნება, ხოლო დასაჩუქრებულმა ამ ქონების მიღების სურვილი.

     

    ჩუქების ხელშეკრულების ელემენტები:

     

    1. ცალმხრივობა– ჩუქების ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, მჩუქებელს გააჩნია ნივთის გადაცემის ვალდებულება, ხოლო დასაჩუქრებულს- ნივთის მიღების უფლება, ანუ ერთ მხარეს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება, რაც შეესაბამება მეორე მხარის ვალდებულებას.

     

    2. რეალურობა– შეთანხმების მომეტი ემთხვევა საკუთრების გადაცემის მომენტს.

     

    3. უსასყიდლობა– მჩუქებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება.

     

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28854
    Crassus
    Participant

    ნასყიდობის ხელშეკრულების არსი

    ნასყიდობის ცნება:  ნასყიდობის ცნება განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც:

    „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.“

    „მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.“

    ამდენად, ნასყიდობის ცნებიდან გამომდინარე აღნიშნული ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი ელემენტებით:

    1. ორმხრივობა– ნასყიდობის ხელშეკრულების ორივე მხარეს აქვს, როგორც უფლება, ისე ვალდებულება. მყიდველს აქვს საფასურის გადახდის ვალდებულება და ნასყიდობის საგნის მიღების უფლება, ხოლო გამყიდველს საგნის გადაცემის ვალდებულება და საფასურის მიღების უფლება.

    2. კონსესუალურობა– ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მასზე შეთანხმების მომენტიდან და იგი შეიძლება არ დაემთხვეს ვალდებულების შესრულების მომენტს.

    3. სასყიდლიანობა– ორივე მხარე ღებულობს ურთიერთსარგებელს.

    ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ სამოქალაქო სამართლის ნებისმიერი სუბიექტი (ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი), ხოლო ნასყიდობის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება.

    ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, მნიშვნელოვანია გამყიდველს გააჩნდეს ნასყიდობის საგნის განკარგვის უფლებამოსილება. ასეთი უფლებამოსილება, საგნის მესაკუთრის გარდა შეიძლება გააჩნდეს ნებისმიერ პირს, კანონის ან/და მესაკუთრის ნების საფუძველზე.

    არსობრივად ზუსტად იგივე ტიპის ხელშეკრულებაა გაცვლის ხელშეკრულებაც, ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. ანუ გასაყიდი ფასის ადგილს იკავებს ნივთი. აქედან გამომდინარე, გაცვლის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს ანალოგიით არეგულირებენ ნასყიდობის ნორმები.

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #2604
    Crassus
    Participant

    <cite> @StepanozMamfal said:</cite> #ას-755-971-08  ამ გადაწყვეტილებაში, სასამართლო განმარტა, რომ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები (მათ შორის ადვოკატის მომსახურების ხარჯები)  არ უნდა ჩაითვალოს სარჩელის/საჩივარის საგნის ღირებულებაში, თუმცა #ას-1005-1204-08 ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო სააპელაციო საჩივრის ღირებულებაში ჩათვალა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.

     

    ზოგადად არ უნდა ჩაითვალოს საპროცესო ხარჯები  სარჩელის და საჩივრის ღირებულებაში, აღნიშნული პირდაპირ ჩანს საპროცესო კოდექსი, თუმცა როცა საჩივრდება თვითონ საპროცესო ხაჯრების დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ შეიძლება საჩივრის ღირებულებაში შევიდეს საპროცესო ხარჯები. მაგალითისათვის სასამართლო ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, თუმცა ხარჯები არ გაანაწილა შუაზე და მხოლოდ ერთი მხარეს დააკისრა. ამ შემთხვევაში ე.წ. “დაჩაგრული მხარე” თუ ასაჩივრებს მხოლოდ ხარჯების განაწილებას, მაშინ საჩივრის ფასი უნდა განისაზღვროს ზედემტად დაკისრებული ხარჯების ოდენობით.

    Crassus
    Participant

    ზიანთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები

    სხეულისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი

    როდესაც სახეზეა სხეულის დაზიანება, როგორც წესი ამავდროულად ჯანმრთელობაც ზიანდება, მაგ: ხელ-ფეხის მოტეხვა. თუმცა არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც ეს ორი ცნება არ ემთხვევა ერთმანეთს:

    მაგ: თმის შეჭრა, წვერის გაპარსვა სხეულის დაზიანებასთან არის კავშირში, თუმცა არ ზიანდება ჯანმრთელობა.

    მაგ: ფსიქოლოგიური აშლილობა-ზიანდება ჯანმრთელობა, თუმცა არა სხეული.

    სამედიცინო მკურნალობა, სპორტული დაზიანებები

    მკურნალობისას სხეულის მთლიანობა ირღვევა პაციენტის თანხმობის საფუძველზე, პაციენტი აცნობიერებს მკურნალობით მიყენებული ზიანის რისკებს და ეთანხმება მას, წერილობითად, შესაბამისად ნებისმიერი ზიანი, რაც შეიძლება გამოიწვიოს სწორმა მკურნალობამ არ შეიძლება საფუძველი გახდეს ექიმის/კლინიკის პასუხისმგელობისა, სხვა სიტუაცია იქნება, თუ მკურნალობისას ზიანი დადგება ბრალეული ქმედებების შედეგად, ასეთ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურებადია.

    სპორტული შეჯიბრების დროს მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება, რადგან სპორცმენს გაცნობიერებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება მოყვეს სპორტულ შეჯიბრს და შესაბამისად ამ რისკების რეალიზება ვერ გახდება ვინმეს პასუხისმგებლობის საფუძველი, თუმცა აქაც უნდა განვასხვაოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ხდება არა სპორტული რისკების რეალიზების შედეგად ზიანის მიყენება, არამედ სახეზეა სპორცმენისათვის ბრალეულად ზიანის მიყენება. მაგ: კონკურენტის მიერ ჭიდაობის დროს აკრძალული ილეთის გაკეთება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ზიანი მიაყენოს თავის კონკურენტს.

Viewing 10 posts - 121 through 130 (of 142 total)