• This topic has 35 replies, 4 voices, and was last updated 6 years ago by BLH.
Viewing 10 posts - 1 through 10 (of 36 total)
  • Author
    Posts
  • #2774

    ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა/

    ამ თემაში განვიხილავთ ქონების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებთან (ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა/სამისდღეშიო რჩენა) დაკავშირებულ საკითხებს.

    ნასყიდობის ხელშეკრულება– მყიდველის კისრულობს ვალდებულებას, გადასცეს გამყიდველს საკუთრების უფლება მის კუთვნილ ქონებაზე, ხოლო მყიდველი ვალდებულებას იღებს გადაიხადოს შესაბამისი საფასური.

    ჩუქების ხელშეკრულება– გამჩუქებელი თავის ქონებაზე არსებულ საკუთრების უფლებას გადასცემს სხვა პირს- დასაჩუქრებულს.

    გაცვლა– ერთი მხარე გადასცემს მეორეს გარკვეულ ქონებას, რის სანაცვლოთაც ღებულობს ამ უკანასკნელის ქონებას.

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება–  მარჩენალი ვალდებულებას იღებს არჩინოს სარჩენი, ხოლო ეს უკანასკნელი გადასცემს მარჩენალს თავის ქონებას რჩენისთვის.

    აღნიშნული ხელშეკრულებების მეშვეობით ხორციელდება ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა ერთი სუბიექტისგან მეორე სუბიექტზე. (მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების გზით ბინაზე საკუთრების უფლების გადასვლა მყიდველზე.)

    მათ შორის არსებულ განსხვავებებზე და სპეციფიკაზე დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაში.

    #28854
    Crassus
    Participant

    ნასყიდობის ხელშეკრულების არსი

    ნასყიდობის ცნება:  ნასყიდობის ცნება განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც:

    „ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.“

    „მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.“

    ამდენად, ნასყიდობის ცნებიდან გამომდინარე აღნიშნული ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი ელემენტებით:

    1. ორმხრივობა– ნასყიდობის ხელშეკრულების ორივე მხარეს აქვს, როგორც უფლება, ისე ვალდებულება. მყიდველს აქვს საფასურის გადახდის ვალდებულება და ნასყიდობის საგნის მიღების უფლება, ხოლო გამყიდველს საგნის გადაცემის ვალდებულება და საფასურის მიღების უფლება.

    2. კონსესუალურობა– ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მასზე შეთანხმების მომენტიდან და იგი შეიძლება არ დაემთხვეს ვალდებულების შესრულების მომენტს.

    3. სასყიდლიანობა– ორივე მხარე ღებულობს ურთიერთსარგებელს.

    ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ სამოქალაქო სამართლის ნებისმიერი სუბიექტი (ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი), ხოლო ნასყიდობის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება.

    ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, მნიშვნელოვანია გამყიდველს გააჩნდეს ნასყიდობის საგნის განკარგვის უფლებამოსილება. ასეთი უფლებამოსილება, საგნის მესაკუთრის გარდა შეიძლება გააჩნდეს ნებისმიერ პირს, კანონის ან/და მესაკუთრის ნების საფუძველზე.

    არსობრივად ზუსტად იგივე ტიპის ხელშეკრულებაა გაცვლის ხელშეკრულებაც, ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. ანუ გასაყიდი ფასის ადგილს იკავებს ნივთი. აქედან გამომდინარე, გაცვლის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს ანალოგიით არეგულირებენ ნასყიდობის ნორმები.

    #28888

    ნასყიდობის არსებითი პირობები

    (საქმე სუსგ. №ას-863-809-2012)                     

    სკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

    საკასაციო სასამართლომ, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებით განმარტა:

    „ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი, კანონით გათვალისწინებული პირობა ფასზე შეთანხმებაა (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პიველი ნაწილი, 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

    ამ ხელშეკრულებისთვის აუცილებელია რა საგანსა და ფასზე შეთანხმება, მხარეებმა  შეიძლება ღიად დატოვონ ესა თუ ის პირობა, მაგრამ უნდა შეთანხმდნენ მომავალში მისი განსაზღვრის საშუალებაზე. გასაყიდი ნივთის ფასი საბაზრო ეკონომიკის პირობებში შეიძლება შეიცვალოს და იგი მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის საგნის გადაცემის დროს არსებულ საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისად დადგინდეს. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის საკმარისია მის სასყიდლიანობაზე და არა ზუსტ ფასზე შეთანხმება, რაც მას განასხვავებს ქონების საკუთრებაში გადაცემის სხვა ხელშეკრულებებისაგან.“

    #28855
    Crassus
    Participant

    ჩუქების ხელშეკრულების არსი

     

    ჩუქების ხელშეკრულებით, ერთი პირი ქონებაზე საკუთრების უფლებას გადასცემს მეორე პირს უსასყიდლოდ, საჭიროა ორივე მხარის ნების გამოვლენა. მჩუქებელმა უნდა გამოავლინოს ქონების ჩუქების ნება, ხოლო დასაჩუქრებულმა ამ ქონების მიღების სურვილი.

     

    ჩუქების ხელშეკრულების ელემენტები:

     

    1. ცალმხრივობა– ჩუქების ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, მჩუქებელს გააჩნია ნივთის გადაცემის ვალდებულება, ხოლო დასაჩუქრებულს- ნივთის მიღების უფლება, ანუ ერთ მხარეს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება, რაც შეესაბამება მეორე მხარის ვალდებულებას.

     

    2. რეალურობა– შეთანხმების მომეტი ემთხვევა საკუთრების გადაცემის მომენტს.

     

    3. უსასყიდლობა– მჩუქებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება.

     

    #28861
    Crassus
    Participant

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ზოგადი დახასიათება

     

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მარჩენალი კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას, სარჩენისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამიდღესშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ნატურით ან ფულით.

     

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ელემენტები:

     

    1. ორმხირივობა- ორივე მხარეს აქვს, როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

     

    2. კონსესუალურობა დადებულად ითვლება მხარეთა შეთანხმების მომენტიდან.

     

    3. სასყიდლიანობა ყოველთვის სასყიდლიანია, რადგან მარჩენალი მიღებული ქონების სანაცვლოდ სარჩენს უხდის ხელშეკრულებით დადგენილ სარჩოს.

     

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში სარჩენი- შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი.

     

    ხელშეკრულების საგანი – ქონება, რომელიც არის სარჩენის საკუთრება (მოძრავი, უძრავი) და რომელსაც იგი ხელშეკრულებით გადასცემს მარჩენალს. ხოლო მარჩენალმა სანაცვლოდ უნდა უხადოს სარჩო, რომელიც შეიძლება დადგინდეს ფულადად (მაგ: 100 ყოველ კვირა ), ან ნატურით მაგ: სარჩოს უზრუნველყოფა ბინით,მოვლით, სხვა აუცილებელი დახმარებით (მაგ: წამლებით). ნატურით სარჩოს დადგენისას საჭიროა, ხელშეკრულებაში დეტალურად აღიწეროს ყველა პირობა.

     

    სარჩოს ოდენობა, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისთვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ან ზოგჯერ აღემატებოდეს კიდეც მას. მართალია სამისდღეშიო ხელშეკრულება ვადიანი და ჩვეულებრივ მოიცავს სარჩენის მთელ სიცოცხლეს, მაგრამ ხელშეკრულებით შეიძლება სხვა რამ იქნეს გათვალისწინებული.

     

    ხელშეკრულების ვადა- უნდა დადგინდეს ხელშეკრულებით, მაგ: სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით, 10 წლით, 1 წლით, 6 თვით, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩოს გადახდას.

     

    მარჩენალს სარჩენის ქონებაზე წარმოეშობა საკუთრების უფლება, მაგრამ შეზღუდვებით. სარჩენის სიცოცხლეში მას უფლება არ აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე.

     

    #28907

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების არსებითი პირობები

     

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია შემდეგი არსებითი პირობების განსაზღვრა:

     

    1. მითითება, რომ იდება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება– აუცილებელია ხელშეკრულებიდან ზუსტად ჩანდეს, რომ იდება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება და არა ვთქვათ ნასყიდობის ხელშეკრულება ან გაცვლის ხელშეკრულება და ა.შ.

     

    2. მხარეების განსაზღვრა– აუცილებელია ზუსტად განსაზღვრული იყოს, თუ ვინ არის მარჩენალი და ვინ არის სარჩენი.

     

    3. სარჩოს ტიპის და ოდენობის განსაზღვრა– აუცილებელია სარჩოს ტიპის განსაზღვრა- ნატურით/ფულადი, ასევე მისი ოდენობის განსაზღვრა.

     

    4.სარჩენის მიერ გადაცემული ქონების განსაზღვრა– სარჩენმა შესაძლებელია მთელი თავისი ქონება ან მისი ნაწილი გადასცეს მარჩენალს.

    #28919
    BLH
    Keymaster

    ნასყიდობასა და სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას შორის განსხვავება

     

    სუსგ. № 3-992-02

     

    სკის 941- მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ამავე კოდექსის 477- მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

     

    აღნიშნული ნორმების თანახმად, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან, პირველ რიგში, განსხვავდება სუბიექტური შემადგენლობის მიხედვით. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან მყიდველი და გამყიდველი, ხოლო სამისდღეშიო ხელშეკრულების მხარეებიმარჩენალი და სარჩენი. მეორე რიგში, მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაყიდ ნივთზე წარმოეშობა საკუთრების უფლება და შეუძლია, ნაყიდი ნივთი განკარგოს თავისი შეხედულებისამებრ, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით კი სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება. მესამე რიგში, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთერთი თავისებურება მდგომარეობს, აგრეთვე, იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით, მაგრამ იგი არსებითად არ მოიცავს ისეთ პირობას, როგორიცაა ფასი და ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით არ ხასიათდება გადასაცემი ქონების ეკვივალენტურობით.

     

    სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას (რაც აიხსენება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზეც შეთანხმდნენ).”

     

     

    #2547

    უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობა

     

    (ას-547-780-08 )

     

    მხარეებს შორის დაიდო უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრში მოხდა მყიდველზე შეზრუდული საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მყიდველმა გადაიხადა მთლიანი საფასურიდან 14.000 დოლარიდან, 7.000 დოლარი, ხოლო დანარჩენი უნდა გადაეხადა მომავალ პერიოდში, რაც არ განახორციელა.

     

    გამყიდველი იძახდა, რომ ბინის ფასებმა მოიმატა და ვინაიდან მყიდველმა არ შეასულა ვალდებულება, იგი ხელშეკრულებაზე უარს ამბობდა და ითხოვდა ბინის საკუთრებაში დაბრუნებას.

     

    უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ გამყიდველს ხელშეკრულების საფასური არ მოუთხოვია და არც სკ-ის 405-ე მუხლით განსაზღვრული ვადა განუსაზღვრია მყიდველისათვის და აქედან გამომდინარე ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი არ არსებობდა, ხოლო მყიდველი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გამყიდველის ბინიდან გამოსახლება, თუმცა საკუთრების უფლების შეზღუდვის მოხსნა დამოკიდებული იყო მის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდაზე.

    #28880
    BLH
    Keymaster

    ქონების რამდენიმე პირისთვის მიყიდვა

     

    N- ას-719-678-2011

     

    „საკასაციო პალატა მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ.სუსგ, N ას-1274-1512-05, 26.01.2006წ.) ანალოგიურ საქმეზე, სადაც დავის გადასაწყვეტად გამოყენებული იქნა სამოქალაქო კოდექსის 485-ე მუხლი, რომლის მიხედვით, თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია, რომ მოსარჩელე გ. ბ-ის მფლობელობაში ოდესმე იყო ან ამჟამად არის სადავო ნივთი. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ბინის თაობაზე პირველად ხელშეკრულება გაფორმდა ტ. ე-ესთან, კიდევ ერთხელ დასტურდება გ. ბ-ის სარჩელის უსაფუძვლობა.“

     

    ჩემი პირადი აზრია, რომ აღნიშნული პრაქტიკა არ უნდა გავრცელდეს უძრავ ნივთებზე მათზე საკუთების უფლების შეძენის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძოდ საჯარო რეესტრის როლიდან გამომდინარე. ბინაზე საკუთრების უფლება უნდა შეიძინოს იმ მესაკუთრემ, რომელსაც მფლობელობაში კი არ გადაეცა ნივთი, არამედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა პირველი.

     

    მაგ: როცა ბინის ორი მყიდველია “ა” და “ბ”.   “ა” ბინა შეიძინა 1999 წელს და მფლობელობაში იმ წელსვე მიიღო, თუმცა რეესტრში არ დაურეგისტრირებია მასზე საკუთრების უფლება, ხოლო “ბ”-მ იგივე ბინა შეიძინა 2002 წელს და მფლობელობაში საერთოდ არ მიუღია. ასეთ შემთხვევაში “ბ” იქნება მესაკუთრე და არა “ა” 485-ე მუხლიდან გამომდინარე.

    #2101

    საწარმოს მიერ ნასყიდობის ფასი და მასში დღგ-ს ჩათვლა

     

    (ას-593-974-06)

     

    მეწარმე ვალდებულია ფასის განსაზღვრისას გაითვალისწინოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, კერძოდ, „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მეწარმე ვალდებულია ფასის განსაზღვრისას დაიცვას საქონლის (მომსახურების) თვითღირებულების განსაზღვრის წესი და ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნები, გაითვალისწინოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადები, შენატანები, მოსაკრებლები და სხვა აუცილებელი გადასახდელები, უზრუნველყოს გასაყიდი საქონელი სასაქონლო ნიშნით, იარლიყით, ხარისხის სერტიფიკატით ან სხვა დოკუმენტაციით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

     

     „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის თანახმად, ტერმინი „გასაყიდი ფასი” ეს არის ერთეული ან გარკვეული რაოდენობის პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასი, რომელიც მოიცავს დღგ-ს ანდა სხვა გადასახადებს.”

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 36 total)
  • You must be logged in to reply to this topic.