მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #1592
    BLH
    Keymaster

    დელიქტური სამართალი

    ამ თემაში განვიხილავთ დელიქტურ ვალდებულებებს, კერძოდ ზიანის ანაზღაურებას სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად, როგორიცაა: მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ავარიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შინაური ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ა.შ.

    სარჩევი:

    1.ზიანის ანაზღაურების ზოგადი საფუძვლები

    ზიანის ანაზღაურების ზოგადი საფუძვლები

    სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი

    2.დელიქტური პასუხისმგებლობის ელემენტები

    ზიანის ცნება

    ქონებრივი ზიანის ცნება

    არაქონებრივი (მორალური) ზიანის ცნება

    ზიანის მოცულობის განსაზღვრა

    ქმედება

    მართლსაწინააღმდეგობა

    მიზეზობრივი კავშირი

    ბრალი

    3. ცალკეული დელიქტები

    ავარიიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება  

    დამსაქმებლის პასუხისმგებლობა დასაქმებულის ქმედებებისთვის  

    სახელმწიფოს პასუხისმგებლობა   

    ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი

    #1729

    ზოგადი ინფორმაცია დელიქტის შესახებ

    დელიქტი წარმოადგენს კანონისმიერი ვალდებულებითი-სამართლებრივი ურთიერთობის წყაროს, რაც გულისხმობს ერთი პირის (კრედიტორი) უფლებამოსილებას მეორე პირისგან (მოვალისგან) მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

    ზოგადად სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, მოვალისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება (ზიანის ანაზღაურების დაკისრება) შესაძლებელია, თუ არსებობს შემდეგი ოთხი ელემენტი: 1) მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. 2) ზიანი.  3) მიზეზობრივი კავშირი მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის. 4) მოვალის ბრალი.

    თუმცა არსებობს ისეთი საგამონაკლისო დელიქტები, რომლებიც ბრალისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების გარეშე ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას, ასეთია ე.წ. მომეტებული საფრთხის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. (მაგ: ელექტრო მოწყობილობიდან გამომდინარე ზემოქმედების შედეგად მიყენებული ზიანი).

    #1912

    ევროპულ მოდელურ კოდექსში (DCFR- Draft Common Frame of Refference) მოცემულია გენერალური დელიქტის ცნება (992-ე მუხლის ანალოგი)

    ნორმა ორი ნაწილისგან შედგება:

    1. პირი რომელსაც მიადგა ზიანი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, იმ პირისგან, რომელიც განზრახ ან გაუფთხილებლობითი განხორციელებული ქმედების გამო ან სხვაგვარად პასუხისმგებელია ზიანის ანაზღაურებისათვის.

    2. პირი პასუხისმგებელია მიყენებული ზიანისათვის, გამონაკლის შემთხვევებშიც, როდესაც ზიანი არ არის გამწოვეული მისი განზრახი ან გაუფთხილებლობითი ქმედებით.

    აღნიშნული მუხლი უფრო სრულყოფილია ვიდრე ჩვენი 992-ე მუხლი, რადგან გარდა ბრალეული (განზრახ/გაფრთხილებლელი) მოქმედებით მიყენებული ზიანისა, იგი ითვალისწინებს ასევე სხვა შემთხვევებს, როცა პირი პასუხისმგებელია ზიანის ანაზღაურებისათვის, ასეთ სხვა შემთხვევებში იგულისხმება ისეთი დელიქტები, როცა ბრალისა და მართლსაწინააღმდეგობის არსებობა არ არის საჭირო.

    #28248
    BLH
    Keymaster

    სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტება

    (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-507-481-2011)

    “სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება,  ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი – ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

    ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

    ამავე კოდექსის 412-ე მუხლით დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

    ზიანის ფაქტის არსებობისა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე. მითითებული ნორმების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს.”

    #3012
    Edika
    Participant

    დელიქტის ცნებასთან დაკავშირებით დავწერ ორიოდე სიტყვას

    სკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით სამოქალაქო პასუხისმგებლობის საფუძვლებია:   ა) ქმედება;   ბ) მართლწინააღმდეგობა;  გ) ბრალეულობა;  დ) მიზეზ-შედეგობრიობა და ე) ზიანი.

    გამოდის სულ 5 ელემენტი რომელიც აუცილებელია 992-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისთვის.

    ქმედება:

    მაგალითი: A  მოძრაობდა თავისი ველოსიპედით, რომელსაც დაეჯადა B მძღოლი. დაჯახების შედეგად A -მ დააზიანა C-ს მაღაზიის ვიტრინა.

    მოქმედება ნიშნავს რაიმე ცნობიერს ან სურვილით მოტივირებულ ქმედებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს. შესაბამისად გამოირიცხება A-ს პასუხისმგებლობა. არაცნობიერი და რეფლექსები მხედველობაში არ მიიღება.

    მართლწინააღმდეგობა:

    მაგალითი:  შეჯახებამდე A -მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები. მართლსაწინააღმდეგო ქმედება- საგზაო წესების დარღვევა სახეზე გვაქვს, რომელიც მოხდა გააზრებულად და იყო სურვილოით მოტივირებული.

    ბრალეულობა:

    მაგალითი: A -ს  გადმოუვარდა  რკინის ნივთი მე-8 სართულზე არსებული ბინიდან, რამაც დააზიანა გამვლელი B.  მოცემულ შემთხვევაში სახეზეა A-ს ბრალეული ქმედება, კერძოდ მან გამოიჩინა გაუფრთხილებლობა, რადგან ვერ შეძლო თავისი ბინიდან რკინის ნივთის გადავარდნის აღკვეთა.

    მიზეზობრივი კავშირი:

    მაგალითი: წინა მაგალითიდან, A-ს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას მოყვა გამვლელი B-ს დაზიანება, ანუ B-სთვის მიყენებული ზიანის საფუძველია A-ს ქმედება, შესაბამისად გვაქვს მიზეზობრივი კავშირი.

    ზიანი:

    დელიქტურ ზიანს წარმოადგენს პირისთვის ქონებრივი/არაქონებრივი დანაკლისის მიყენება, მაგ: წინა მაგალითში B-ს მკურნალობის ხარჯები წარმოადგენს A-ს ქმედებიდან გამომდინარე ზიანს.

    #29760
    Crassus
    Participant

    ზიანის ცნება

    ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. თუ არ არსებობს ზიანი, ვერც ქონებრივი პასუხისმგებლობა იარსებებს, ვინაიდან ზიანი არის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ამოსავალი წერტილი.

    ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. არ ანაზღაურდება უმნიშვნელო ზიანი, რომლის რისკის მატარებელიც შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი. მაგ: „ქირავნობისას უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება“.

    არსებობს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანი:

    სახელშეკრულებო ზიანი, სახელშეკრულებო ურთიერთობის დაღვევის შედეგია. გამყიდველი, რომელმაც მყიდველს მიაწოდა უხარისხო პროდუქცია, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ამით მიყენებული ზიანი. ასეთი ვალდებულება ეკისრება გამჩუქებელს, რომელმაც ბოროტი განზრახვით დამალა გაჩუქებული ქონების ნაკლი, რამაც დასაჩუქრებულის ზიანი გამოიწვია.

    არა სახელშეკრულებო ზიანის მაგალითია დელიქტური ზიანი. არასახელშეკრულებო ზიანი წინასწარ შეუფასებელი ზიანია და მისი ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება იმის მიხედვით, თუ რა ფასეულობის სიკეთე იქნება ხელყოფილი.

    ზიანი იყოფა ქონებრივად და არა ქონებრივად:

    ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთეს ხელყოფით შემოიფარგლება, მაშინ როცა არაქონებრივი ზიანი არაქონებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგსაც წარმოადგენს, კერძოდ ისეთისა, რომელიც არაა სამოქალაქო ბრუნვის საგანი. ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ქონებას სამართლებრივი გაგებით, მაგრამ მისი ხელყოფით დამდგარი ზიანი ანაზღაურებადია.

    არაქონებრივი მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივისგან დამოუკიდებლად. თუ ქონებრივი ზიანის ანაზღაურება ისევ ქონებრივი საშუალებებით ხდება, არაქონებრივი ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს სხვა გზებითაც.

    #29763
    Crassus
    Participant

    ქონებრივი ზიანის ცნება

    ქონებრივი ზიანის დადგენა როგორც წესი არ არის ძნელი. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით.

    მაგ: ავტომობილით მოძრავმა „ა“-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა „ბ“-ს, რომლის მანქანის დაზიანების მოცულობამ შეადგენა 5.000 ლარი, მისი მკურნალობის ხარჯებმა- 2.000 ლარი, ხოლო დროებითი შრომისუუნარობის გამო მას მიადგა 1000 ლარიანი ზიანი. ამდენად „ბ“-სთვის მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს 8.000 ლარს, რაც დგინდება საგზაო შემთხვევამდე „ბ“-ს ქონებრივი მდგომარეობისა და ავარიის შემდგომი ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით.

    პასივების ზრდა– ქონებრივი ზიანი გვაქვს მაშინაც, როდესაც დაზარალებულს ეზრდება პასივები, მაგ: თუ დაზარალებულს მოუწია მკურნალობა- მკურნალობის ხარჯები. ასეთ შემთხვევებში დაზარალებულს ემატება ვალდებულებები (ვალები), რაც ბუნებრივია მისი ქონებრივი მდგომარეობის შემცირებას წარმოადგენს.

    შემოსავლების დაკარგვა– ზემოთ მითითებული ქონებრივი ზიანის დადგენის ფორმულა არ გამოდგება მომავალში წარმოშობილი ქონებრივი უფლებების მიმართ (მიუღებელი შემოსავალი). მაგ: თუ დაზარალებული პირი სამსახურში ღებულობს 1000 ლარს თვიურ ხელფას და მიყენებული ზიანის გამო იგი ვეღარ ახერხებს სამსახურში სიარულს 4 თვის მანძილზე. ასეთ შემთხვევაში მომავალში მისაღები ხელფასიც ჩაითვლება ზიანად და ანაზღაურდება, როგორც მიუღებელი შემოსავალი.

    ქონებრივი ზიანის სხვა ფორმებიც არსებობს, მაგ: დაზარალებული ვეღარ ახორცილებს შიდა სახლის საქმეებს: ვეღარ ალაგებს, ამზადებს საჭმელს და ა.შ., რის გამოც მან დაიქირავა დამხმარე მოსამსახურე. აღნიშნული ზიანიც უნდა ანაზღაურდეს.

    #29765
    Crassus
    Participant

    არაქონებრივი ზიანი

     

    საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არაქონებრივი (მორალური) ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. არაქონებრივი ზიანის შესახებ ცალკე თემა ფორუმზე, შესაბამისად დეტალურად აქ არ განვიხილავთ.

    #29766
    Crassus
    Participant

    ზიანთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები

    სხეულისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი

    როდესაც სახეზეა სხეულის დაზიანება, როგორც წესი ამავდროულად ჯანმრთელობაც ზიანდება, მაგ: ხელ-ფეხის მოტეხვა. თუმცა არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც ეს ორი ცნება არ ემთხვევა ერთმანეთს:

    მაგ: თმის შეჭრა, წვერის გაპარსვა სხეულის დაზიანებასთან არის კავშირში, თუმცა არ ზიანდება ჯანმრთელობა.

    მაგ: ფსიქოლოგიური აშლილობა-ზიანდება ჯანმრთელობა, თუმცა არა სხეული.

    სამედიცინო მკურნალობა, სპორტული დაზიანებები

    მკურნალობისას სხეულის მთლიანობა ირღვევა პაციენტის თანხმობის საფუძველზე, პაციენტი აცნობიერებს მკურნალობით მიყენებული ზიანის რისკებს და ეთანხმება მას, წერილობითად, შესაბამისად ნებისმიერი ზიანი, რაც შეიძლება გამოიწვიოს სწორმა მკურნალობამ არ შეიძლება საფუძველი გახდეს ექიმის/კლინიკის პასუხისმგელობისა, სხვა სიტუაცია იქნება, თუ მკურნალობისას ზიანი დადგება ბრალეული ქმედებების შედეგად, ასეთ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურებადია.

    სპორტული შეჯიბრების დროს მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება, რადგან სპორცმენს გაცნობიერებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება მოყვეს სპორტულ შეჯიბრს და შესაბამისად ამ რისკების რეალიზება ვერ გახდება ვინმეს პასუხისმგებლობის საფუძველი, თუმცა აქაც უნდა განვასხვაოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ხდება არა სპორტული რისკების რეალიზების შედეგად ზიანის მიყენება, არამედ სახეზეა სპორცმენისათვის ბრალეულად ზიანის მიყენება. მაგ: კონკურენტის მიერ ჭიდაობის დროს აკრძალული ილეთის გაკეთება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ზიანი მიაყენოს თავის კონკურენტს.

    #28282
    BLH
    Keymaster

    ზიანის ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა

    სააპელაციო სასამართლომ განმარტება გააკეთა 992-ე მუხლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოცულობაზე (სუსგ. №ას-998-956-2013).

    ფაქტობრივი გარემოებები: საწარმოში დასაქმებულმა პირმა, თავისი შრომითი მოვალეობების შესრულებისას მიიღო ტრავმა, რომელიც გამოწვეული იყო საწარმოს ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. მას შეეზღუდა შრომის უნარი უვადოდ, რადგან  ამპუტირებული აქვს ფეხი და იგი ვერასოდეს ვეღარ იმუშავებს თავისი პროფესიით.

    დაზარალებულმა პირმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ მკურნალობის ხარჯების, ყოველთვიური სარჩოსა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

    “სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელემ შპს „ჯ. მ-ი“ მუშაობის პერიოდში მიიღო საწარმოო ტრავმა, რის გამოც, მას შეეზღუდა შრომის უნარი, კერძოდ, მიღებული ტრავმის გამო, დაკარგული აქვს პროფესიული შრომითი უნარი უვადოდ, რადგან ს. ქ-ეს ამპუტირებული აქვს მარჯვენა ფეხი და იგი ვერასოდეს ვეღარ იმუშავებს პროფესიით, რომელსაც წლების განმავლობაში ეუფლებოდა.”

    “სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.”

    ყოველთვიური სარჩო –  “თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მოსარჩელე მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.”

    მკურნალობის ხარჯები – “სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, ს. ქ-ის მიერ წარმოდგენილი შპს ”შშმპ-თა სოც. რეაბილიტაციის ცენტრის” ანგარიშ-ფაქტურით, ხარჯთაღრიცხვით, დასტურდება, რომ ს. ქ-ის მუხლის ზედა პროთეზის დამზადების ღირებულება „ottobock“ ცენტრში, ქალაქ დუდენშტატში, გერმანიაში შეადგენს 139559 ლარს. ამ თანხაში შედის ისეთი ხარჯები, როგორიცაა ფრანკფურტის აეროპორტიდან გადაადგილება, პროთეზის მასალა, დამზადება, განთავსება თანმხლებ პირთან ერთად (30 დღე), შიდა ტრანსპორტირება, დაზღვევა და მომსახურება, რაც ღირს 131 947 ლარი, ასევე სხვა ზემოთ მოყვანილი ხარჯებიც.”

    არ იქნა გაზიარებული მოპასუხის არგუმენტი, რომ სხვა უფრო იაფიანი პროთეზის დამზადება იყო შესაძლებელი.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.