მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 201 through 210 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #3056
    Edika
    Participant

    ქურდის წინაშე თუ არ ეკისრება პასუხისმგებლობა მესაკუთრეს, ბავშვის წინაშე რატომ ეკისრება? არც ბავშვი არ უნდა ყოფილიყო სახლში ეგრე.  მოტივს, მიზანს და ვინ შევიდა სახლში  რა მნიშვნელობა აქვს სახლის მესაკუთრის პასუხისმგებლობისთვის?

     

    გასაგებია რომ ისეთ მდგომარეობაში უნდა ამყოფო შენი საკუთრება რომ სხვებს არ მიადგეს ზიანი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ სხვა რომ შევა უნებართვოდ თუგინდ ბავშვი იყოს და თუგინდ ქურდი და ჩავარდება ორმოში (დაზიანდება) მის წინაშე უნდა აგო პასუხი?

    #3057
    დიდი განსხვავებაა, მე, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე არ ვაკეთებ ჩემი სახლის კიბეს, იმიტომ, რომ გონივრულად მიმაჩნია, რომ მას საფრთხე არ მოაქვს სხვა პირების მიმართ და ობიექტურად მართლაც ასეა, რადგან ბინაში შეღწევა მართლზომიერად მოქმედი პირისათვის შეუძლებელია (მაგ: ბავშვისთვის, რომელიც მეთვალყურეობის ქვეშ არ არის, ან მთვრალი კაცისთვის, რომელსაც ქუჩაში აებნა გზა).. ანუ ასეთ შემთხვევაში ჩემი უმოქმედობა არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის საფუძველს, რადგან წინდახედულობის გონივრული სტანდარტი არ დამირღვევია.

     

    განსხვავებით იმ შემთხვევისა, როცა ღია ორმოა ჩემ ეზოში, რომლის ღობეც მორღვეულია და არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ ვიღაც შეიძლება ჩავარდეს შიგნით. ასეთ შემთვევაში მე ვარღვევ წინდახედულობის გონივრულ სტანდარტს.

     

    დასკვნა: წინდახედულობის ნორმები დაცულია ერთ შემთხვევაში, როცა მეორე შემთხვევაში არ არის დაცული, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მესაკუთრის პასუხისმგებლობას. წინდახედულობის ნორმების დაუცველობა წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

    #3061
    Edika
    Participant
    მოკლედ კაცს ეზოში ორმო ვერ ამოგითხრია. მაგ ლოგიკით თუ წავალთ კაცმა ეზოში რომ მოინდომოს ვთქვათ ბასეინის გაკეთება და მიწა გაჭრას ეგეც არამართლზომიერია :)). რასაც მინდა იმას გავაკეთებ მე ჩემს ეზოში და ჩემს სახლში და თუ ვინმე ჩავარდება შიგნით რატომ უნდა იყოს ჩემი რისკი? მითუმეტეს როცა სახლში არ ვარ და ჩემ უნებართვოდ ვინმე შედის ჩემს სახლში?
     

    კიდევ მეორე მაგალითს მოვიყვან. დაუშვათ მაქვს აივანი სახლზე რომელზეც არ არის მოაჯირები და არც მაქვს ჯერ საშუალება რომ გავაკეთო. თუ ვინმე შევა მითუმეტეს ჩემს დაუკითხავად და გადმოვარდება იქედან რატომ უნდა იყოს ჩამი რისკი? თვითონ ხომ უნდა დაიცვას უსაფრთხოების წესები? როცა არ მაქვს საშუალება და ვერ ვაკეთებ ესეც უმოქმედობით მიყენებული ზიანია? აქაც არის გონივრული ვარაუდი იმისა რომ შეიძლება ვინმე გადმოვარდერს, მაგრამ თუ ვინმე შევა და გადმოვარდება ან გადმოხტება რატომ უნდა დამეკისროს მე ზიანის ანაზღაურება?

    #3063

    როცა ორმოს თხრი და ტოვებ, ისე რომ ობიექტურად რისკი არსებობს, რომ ვიღაც ჩავარდეს (თუნდაც პატარა ბავშვი), აქ მართწინააღმდეგობა აშკარად გვაქვს იმაში, რომ შენ ქმნი საფრთხის წყაროს, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვიღაცას (თუნდაც ბავშვს ან მთვრალ ადამიანს)… სასამართლომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა დაადგინოს პირის უმქომედობა არღვევდა თუ არა წინდახედულობის სტანდარტს.

     

    ის, რომ ბავშვი არ უნდა გამოეშვათ ასე მარტო ან მთვრალი კაცი უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო შეიძლება პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი იყოს (სკ-ის 415-ე მუხლის მიხედვით – შერეული ბრალი), მაგრამ აღნიშნული გარემოებები ვერ ათავისუფლებს უძრავი ქონების მესაკუთრეს თავისი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი არღვევს წინდახედულობის სტანდარტს.

     

    რაც შეეხება შემთხვევას, როცა ქურდი სახლში შემოიპარა და დაზიანდა, იმიტომ, რომ სახლში კიბის მოაჯირი იყო გატეხილი, ეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, ამ შემთხვევაში შენ საფრთხის წყარო არ შეგიქმნია არავისთვის და არ გამოგიჩენია წინდაუხედავობა.. რომ არა ქურდის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი არ დადგებოდა.

     

    რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, რაც მოიყვანე.. მაგ სიტუაციაში ჩემი რისკია იმდენად, რამდენადაც ჩემ სახლში იმყოფება პიროვნება მართლზომიერად და მე მაკისრია პასუხისმგებლობა ინფორმირებული ვამყოფო ეს ადამიანი, შესაძლო საფრთხეების შესახებ ან სხვაგვარად ვუზრუნველყო მისი უსაფრთხოება, ამიტომაც მაგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დამეკისრება, თუმცა აქაც  415-ე მუხლის მიხედვით შერეული ბრალი გვექნება.

    #29903
    BLH
    Keymaster

    @Edika said: არ მომწონს მასეთი მიდგომა,არ ვუარყოფ რომ უმოქმედობითაც შეიძლება ზიანის მიყენება მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომწონს.

     

    ამ საკითხში კიდევ ერთხელ ჩანს ჩვენი 992-ე მუხლის არასრულყოფილი ბუნება.. (რაზეც პირველ გვერდზე გავაკეთე აქცენტი), რომელიც დელიქტური ვალდებულების საფუძველს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაში ხედავს და უგულებეყოფილია მართლსაწინააღდეგო უმოქმედობა…

     

    შედარებისთვის, ასეთი 992-ე მუხლის სადარი ნორმა ევროპულ მოდელურ კოდექსში ასე გამოიყურება:

     

    “A person who suffers legally relevant damage has a right to reparation from a person who caused the damage intentionally or negligently or is otherwise accountable for the causation of the damage” 

     

    აქ უმოქმედობაც გათვალისწინებულია და ასევე ბრალისა და მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებებით დელიქტური პასუხისმგებლობის შემთხვევები.. ნათელია, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამ ნორმით  შეცვლილიყო ჩვენი 992-ე მუხლი :)

     

    #3077
    Edika
    Participant
    შემდეგი კაზუსი:

     

    სამსახურის დასრულების შემდეგ C ფარულად შედის F-ის ბინაში ღია ფანჯრიდან და იპარავს ძვირფას სამაჟურს. უნდა აგოს თუ არა დამსაქმებელმა პასუხი? (C -ს დამსაქმებელი A)

    #3078

    @Edika said:

    სამსახურის დასრულების შემდეგ C ფარულად შედის F-ის ბინაში ღია ფანჯრიდან და იპარავს ძვირფას სამაჟურს. უნდა აგოს თუ არა დამსაქმებელმა პასუხი? (C -ს დამსაქმებელი A)

     

    დამსაქმებელი არაფერ შუაში არაა.. მარტივი საკითხი ეგ, მაგაზე ერთგვაროვანი პრაქტიკაა და დოქტინაშიც ერთნაირი მიდგომაა, რომ დამსაქმებელი პასუხს აგებს თავისი დასაქმებულის ქმედბაზე მხოლოდ მისი სამსახურეობრივი საქმიანობის ფარგლებში. (იხ. სუსგ. 288-237-2010) 

    #28417
    BLH
    Keymaster

    (N- ას-33-406-05)  არასწორი მკურნალობით მიყენებული ზიანი

     

    მოსარჩელეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, რაც გამოიხატება სამი უშედეგო ოპერაციის ჩატარების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებაში, რის გამოც მოითხოვა მატერიალური ზიანის  2700 აშშ დოლარისა და მორალური ზიანის _ 500000 ლარის ანაზღაურება.

     

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

     

    საერთაშორისო კონვენცია „ბიოლოგიაში და მედიცინაში ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვის შესახებ“ (1997წ. 4 აპრილის) განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში, სამედიცინო კვლევის ჩათვლით, უნდა განხორციელდეს სათანადო პროფესიული ვალდებულებების და სტანდარტების შესაბამისად. ამავე კონვენციის მე-4 მუხლის განმარტებითი მემორანდუმი განმარტავს, რომ ექიმის ძირითადი მოვალეობაა არა მარტო პაციენტის განკურნება, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ტკივილის შემსუბუქება და პაციენტის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფა. (რატიფიცირებულია 27.05.2000).

     

    კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არათუ შესრულდა კონვენციის მოთხოვნა, არამედ მოპასუხის არასწორი მოქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ხანგრძლივი ფიზიკური და სულიერი ტკივილი. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, საექიმო შეცდომად ითვლება ექიმის მიერ უნებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.

     

    სკ-ის 1007-ე მუხლისა და „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 103-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვა) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის“.

     

    დასახელებული ნორმის თანახმად, მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ ზიანის დადგომაშიბრალი არ მიუძღვის, ეკისრება მოპასუხე მხარეს. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამოქალაქო სამართლებრივი საფუძვლები: ზიანი, ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალი და მიზეზობრივი კავშირი პირის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ოთხივე პირობა არსებობს.

     

    მოსარჩელეს მოპასუხის არასწორი მკურნალობის შედეგად სამჯერ უშედეგოდ ჩაუტარდა უმძიმესი ქირურგიული ოპერაცია. იგი გახდა მესამე ჯგუფის ინვალიდი და შეეზღუდა შრომის უნარი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ ორივე ოპერაცია შესრულებულია არასწორად, ტექნიკური წუნით.

     

    ამჟამად მოსარჩელეს ესაჭიროება ოპერაციული ჩარევა-ენდოპროთეზის დარჩენილი ფეხის კომპონენტის ამოღება და რეენდოპროთეზირება. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ზიანი მიყენებულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა მკურნალობის აღიარებული სამედიცინო სტანდარტები, რასაც მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

     

    უზენაესი სასამართლოს განმარტება:

     

    მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია არა 1007-ე მუხლი, არამედ სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო (2003 წ. 4 მარტის სამედიცინო მომსახურეობის ხელშეკრულება) ურთიერთობა.

     

    ვალდებულების დარღვევისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისას დგება სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მოცემული ნორმის საფუძველზე ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

     

    მოვალე ამ შემთხვევაში სტაციონარია. რადგან სკ-ის 396-ე მუხლით, მოვალემ იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოსარჩელემ მოთხოვნა სათანადო მოპასუხეს წარუდგინა.

     

    რაც შეეხება სარჩელის დასაბუთებულობას, საოლქო სასამართლომ სწორად მიუთითა მოთხოვნის მაკვალიფიცირებელ გარემოებებზე (ბრალი, მართლწინააღმდეგობა, ზიანი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი). პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საოლქო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის ბრალეულობის, მოქმედების არამართლზომიერებისა და მიზეზობრივ კავშირზე.

     

    პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები ზიანის არსებობის, ბრალის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ.

    #3107
    Edika
    Participant

    ……………………………………

    #3110
    Edika
    Participant

    ……………………………………

Viewing 10 posts - 201 through 210 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.