მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #30465
    BLH
    Keymaster

    ქმედება

    დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია პირის ქმედება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც ზიანი დგება მომეტებული საფრთხის წყაროდან რეალიზებული საფრთხის შედეგად. ქმედება მოიცავს, როგორც მოქმედებას, ისე უმოქმედობას.

    მოქმედება არის დამრღვევის სხეულით განხორციელებული აქტიურობა (მაგ: ქონების დაზიანება, ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ.).

    პასუხისმგებლობის საფუძველი შეიძლება გახდეს, როგორც მართლსაწინააღმდეგო (ნებისმიერი სამართლებრივი ნორმის დარღვევა) მოქმედება, ისე მართლზომიერი მოქმედებაც (მაგ: სკ-ის 117, 118, 119-ე მუხლები).

    უმოქმედობის გამო პასუხისმგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, როდესაც პირს გააჩნდა მოქმედების ვალდებულება და მან ვერ უზრუნველყო მოქმედების ჯეროვნად შესრულება.

    #30455
    BLH
    Keymaster

    მართლწინააღმდეგობა

    მართლსაწინააღმდეგოდ ქმედება ნიშნავს, სამართლებრივი დანაწესების დარღვევას. მაგ: საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში განსაზღვრული საგზაო წესების დარღვევა. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განსაზღვრული წესების დარღვევა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განხორციელება.

    ყველა ასეთ შემთხვევაში, პირი მოქმედებს მართლსაწინააღმდეგოდ, თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მართლწინააღმდეგობის ცნება უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, იგი მოიცავს, ნებისმიერ დარღვევას, რომელიც არ არის განსაზღვრული კანონმდებლობით, თუმცა ლახავს საზოგადოებრივ მართლწესრიგს.

    ამდენად, შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ მართლსაწინააღმდეგობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ირღვევა სამართლებრივი ნორმა, თუმცა ასევე შესაძლებელია დაირღვეს ჩვეულებაც (სამართლით დაურეგულირებელი) წესი, რომელიც განაპირობებს ქმედების მართწინააღმდეგობას.

    მოვალე ბრალეულად დაარღვევს თავის ვალდებულებებს თუ ბრალის გარეშე, ვალდებულების დარღვევა მაინც მართლსაწინაამღვდეგო იქნება.

    სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოვალე მართლსაწინაამღვდეგო ქმედებით არღვევს კონტრაჰენტის რელატიურ უფლებებს, ხოლო არასახელშეკრულებო(დელიქტურ) ურთიერთობებში ირღვევა აბსოლუტური უფლებები.

    მართლსაწინაამღვდეგო ქმედება შესაძლებელია, მოიცავს, როგორც აქტიურ მოქმედებას, ისე უმოქმედობასაც.

    სამოქალაქო სამართალი იცნობს მართლწინააღმდეგო ქმედების გარეშე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ასეთი შემთხვევები შეგვიძლია დავახარისხოთ ორ პირობით კატეგორიად:

    1) მართლზომიერი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ასეთი შემთხვევები გვაქვს უფლების განხორციელების დროს, აუცილებელი მოგერიება(116), უკიდურესი აუცილებლობა (117) თვითდახმარება (118).

    2) მომეტებული საფრთხის რეალიზაციის დროს დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მაგ: სკ-ის 999-ე მუხლი, ავტომობილის ექპსლოატაციის დროს დამდგარი ზიანი იმით ხასიათდება, რომ იგი არ არის გამოწვეული მძღოლის ქმედებით, არამედ იგი გამოწვეულია ადამიანის მიერ უკონტროლი მოვლენით, ანუ რა ღონეც არ უნდა მიიღოს ადამიანმა იგი ვერ აღკვეთავს ზიანის დადგომას.

    #30463
    BLH
    Keymaster

    მიზეზობრივი კავშირი

    სასამართლოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, აუცილებელია არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, მოპასუხე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

    სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით „ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.“

    აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იყენებს ადეკვატური მიზეზობრიობის თეორიას, იგივე უშუალო მიზეზობრიობის თეორიას. ადეკვატურია ისეთი მოქმედება, რომლის გარეშეც ზიანი არ დადგებოდა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რომ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედება,ზიანი არ დადგებოდა იმ ფორმით, იმ დროს და იმ ადგილას, როგორც იგი დადგა.

    როდესაც ზიანი დგება არა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, არამედ მომეტებული საფრთხის რეალიზაციის შედეგად, ასეთ შემთხვევაში მომეტებული საფრთხის წყაროდან მომავალი საფრთხის რეალიზაცია უნდა იყოს მიზეზობრივ კავშირში დამდგარ ზიანთან, რათა მასზე პასუხისმგებელ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის 999-ე, 1000-ე და ა.შ. მუხლები.

    აღნიშნულის შესახებ არაფერია ნათქვამი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, თუმცა ევროპული მოდელური კოდექსი (DCFR) უთითებს ამის თაობაზე.

    „A person causes legally relevant damage to another if the damage is to be regarded as a consequence of:

    1. That person’s conduct; or
    2. A source of danger for which that person is responsible.” (VI.–4:101)”

     

    #30207
    BLH
    Keymaster

    მიზეზობრივი კავშირი

    მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების უშუალო შედეგს.

    თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი). ასეთ შემთხვევაში ზიანის რისკი კრედიტორზე და მოვალეზე პასუხისმგებლობის პროპორციულად გადანაწილდება.

    სსკ-ის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხოლო სსკ-ის 412- ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

    მეცნიერებამ მიზეზობრივი კავშირის მრავალი თეორია შეიმუშავა (აუცილებელი და შემთხვევითი მიზეზობრივი კავშირის თეორია; შესაძლებლობისა და სინამდვილის თეორია; ექვივალენტურობის თეორია; უშუალო მიზეზეობრივი კავშირის თეორია და ა.შ.).

    საქართველოს სამოქალაქო კოდექსი უპირატესობას ანიჭებს უშუალო მიზეზობრივი კავშირის თეორიას, ანუ პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან ანუ დამდგარი ზიანი დარღვეული ვალდებულების რეალური და მოსალოდნელი შედეგია და მისი მიზეზობრივი კავშირი ქმედებასთან ობიექტური გადმოსახედიდან დასტურდება.

    სავარაუდობა სახეზეა, თუ შედეგის დაშვება შეგნებული მოვალის პერსპექტივიდან ობიექტურად შესაძლებელი იყო.მაშასადამე, უშუალო ანუ ადექვატური მიზეზობრიობის თეორიის თანახმად, შედეგის მიზეზად ერთი პირობაც საკმარისია, თუ ის ქმნის შედეგის დადგომის ობიექტურ შესაძლებლობას ანუ მიზეზობრივი კავშირის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოვლენებს შორის ობიექტური კავშირის არსებობას და იმას, რომ მიზეზსა და შედეგს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან.ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

    ამასთან დაკავშირებით წესები იგივეა, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებისას (მაგ.სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი აბზაცი). მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ე.წ. ექვივალენტური კაუზალობა არ არის საკმარისი (რომის სამართლიდან მომდინარე ამ ფორმულის მიხედვით სამართლებრივი ფიგურა ”მიზეზი” (მართლსაწინააღმდეგო მოქმედება) შედეგის (ზიანი) თვალსაზრისით მაშინ არის კაუზალური, თუ მის გარეშე შედეგი არ დადგებოდა)).

    აქედან გამომდინარე, ექვივალენტურობის თეორია იზღუდება ცნებით შერაცხადობა, შედეგად საუბარია ადექვატურ კაუზალობაზე. ეს უკანასკნელი სახეზეა, როცა ხდომილება (მართლსაწინააღმდეგო ქმედება) ობიექტური თვალსაზრისით ზოგადად და არც თუ მთლად თავისებური, უჩვეულო და ობიექტურად გათვალისწინებული გარემოებებიდან გამომდინარე საიმისოდ გამოდგება, რომ გამოიწვიოს დამდგარი შედეგი(ზიანი).

    #30466
    BLH
    Keymaster

    ბრალი

    სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი პასუხისმგებელია ზიანის მიყენებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს მისი ბრალი, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა (მაგ: 999-ე, 1000-ე და სხვა მუხლები).

    აღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების თაობაზე მითითებას აკეთებს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის დანაწესი:

    „მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.“

    განზრახვის ცნება -განზახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნებას და სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა- პირისთვის ზიანის მიყენების სახით (პირდაპირი განზრახვა) ან პირს გაცნობიერებული აქვს მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნება და გულგრილად ეკიდება შედეგის დადგომას. (არაპირდაპირი განზრახვა).

    გაუფრთხილებლობის ცნება -გაუფრთხილებლობით მოქმედების ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას. პირი ვალდებულია გამოიჩინოს იმგვარი ყურადღებიანობა, რასაც გამოიჩენდა საშუალო გონიერი ადამიანი მის ადგილას.

    გაუფრთილებლობა სამოქალაქო კოდექსში იყოფა უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობად. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. მარტივი გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის ვინც აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს შედარებით დაბალი დონით.

    ბრალის სხვადასხვა ფორმის განსხვავება უმნიშვნელოვანეს პრაქტიკულ როლს თამაშობს, აღნიშნულთან დაკავშირებით შეიძლება საკმაოდ ბევრი ნორმის მოყვანა, მაგ: სამოქალაქო კოდექსის 395.2-ე, 415-ე, 1005-ე და ა.შ. მუხლები. ყველა ამ ნორმის მიხედვით, აუცილებელია ბრალის ფორმის ზუსტად დადგენა, რათა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა/მისადაგება.

    #3081
    BLH
    Keymaster

    ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი

     

    (სუსგ. ას-447-423-2013 ;  №ას-65-63-2014 )

     

    ამ გადაწყვეტილებებში ერთგვაროვნად არის ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (ცხოველის მიერ პირისთვის ზიანის მიყენებისას) , პირის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საჭირო ფაქტობრივი საფუძვლები, რომლებიც იგივეა, რაც გენერალური დელიქტის დროს, კერძოდ:

     

    “პირს ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე შეიძლება დაეკისროს, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების აღნიშნული ნორმით დადგენილი წინაპირობები, კერძოდ: ა) ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; ბ) არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; გ) ზიანის მიმყენებლის ბრალი.”

    #3065
    Edika
    Participant

    ცხოველის მიერ მიყენებული ზიანი

     

    კაზუსი: “E” არის ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ამავე დროის ძალიან ავი ძაღლის მფლობელი. ძაღლი გამვლელებსა და სტუმრებს უკვე მრავალჯერ დაესხა თავს და უკბინა, რის გამოც E-მ მიწის ნაკვეთს ღობე შემოარტყა და გააკრა წარწერა ”ეზოში ავი ძაღლია”. B რომელსაც სურს სოციოლოგიური გამოკიტხვა არ აქცევს ყურადღებას წარწერად და შედის ჭიშკარში. უკბინა ძაღლმა. აქვს თუ არა მას B-სგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება?

    #3066

    @Edika said:  “E” არის ბათუმში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ამავე დროის ძალიან ავი ძაღლის მპყრობელი. ძაღლი გამვლელებსა და სტუმრებს უკვე მრავალჯერ დაესხა ტავს და უკბინა, რის გამოც E-მ მიწის ნაკვეთს ღობე შემოარტყა და გააკრა წარწერა ”ეზოში ავი ძაღლია”. B რომელსაც სურს სოციოლოგიური გამოკიტხვა არ აქცევს ყურადღებას წარწერად და შედის ჭიშკარში. უკბინა ძაღლმა. აქვს თუ არა მას E-სგან ზიანის ანაზღაურების მოთხპოვნის უფლება?

     

    შეიძლება ჰქონდეს ნაწილობრივ, რადგან  E-ს მხრიდან გამოჩენილია გარკვეული წინდახედულობის დარღვევა, კერძოდ მესაკუთრემ უნდა გაითვალისწინოს მსგავსი შემთხვევები, როგორც მინიმუმ ისე უნდა მოაწყოს ჭიშკარი, რომ ვერავინ შემოდიოდეს ასე მარტივად. თუმცა მეორე მხრივ B-ც წინდაუხედავად მოიქცა, რადგან საკმარისად ფრთხილად არ იყო, როცა შედიოდა სხვის საკუთრებაში, არც წარწერა შეამჩინა.. ამიტომაც სკ-ის 415-ე მუხლის მიხედვით შერეული ბრალი იქნება.

    #3068
    Edika
    Participant

    მთავარია რამდენად ადეკვატური ზომები მიიღო მესაკუთრემ მესამე პირთა ინტერესების დასაცავად. გააკეთა წარწერა – ეზოში ავი ძაღლია. რატომ არ უნდა ჩავთვალოთ ეს აუცილებელ ზომად მესამე პირების დასაცავად? თუ წაიკითხა ეს წარწერა და მაინც შევიდა რას ვერჩით მესაკუთრეს? შეიძლება კარები არ იყო ჩაკეტილი, მაგრამ როცა იცის რომ ძაღლია ეზოში რატომ უნდა ჩახვიდე?

    #3069

    მხოლოდ ამ წარწერის გაკეთება რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა აუცილებელი ზომის მიღებად? იქნებ ვერ დაინახა ამ ადამიანმა ეს წარწერა ან დაინახა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.. რატომ არის ავი ძაღლის სამყოფელი ასე მარტივად მისაწვდომი ქუჩიდან შემოსული ადამიანისათვის? ის გარემოება, რომ წარწერა გააკეთე არ ათავისუფლებს მას სხვა ზომების მიღებისაგან, მაგ: სპეციალური საკეტის გაკეთებისგან, რომელიც აღკვეთავს მსგავს ფაქტებს. რომ ყოფილიყო მსგავსი საკეტი, ხომ არ დადგებოდა აღნიშნული ზიანიც.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.