მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი ადმინისტრაციული სამართალი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 16 total)
  • Author
    Posts
  • #33998
    BLH
    Keymaster

    სახელმწიფოს პასუხისმგებლობა – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

    ამ თემაში განვიხილავთ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

    #3293
    BLH
    Keymaster

    სახელმწიფო მოხელის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა

    DCFR-ის რეგულაცია, რომელიც N-3248 პოსტში დავწერე ვრცელდება ყველა დასაქმებულზე და იურიდიულ პირზე, მათ შორის სახელმწიფო და საჯარო სუბიექტებზე. თუმცა აქვე არსებობს  დათქმა, რომლის მიხედვითაც თუ სუბიექტი ახორციელებს საჯარო მმართველობით ფუნქციებს და სწორედ საჯარო მმართველობითი ფუნქციების განხორციელებისას ადგება მესამე პირს ზიანი, მაშინ არ გამოიყენება აღნიშნული რეგულაციები. (VI.–7:103DCFR)

    ანუ DCFR-ის მიხედვით, როცა საჯარო სამართლის სუბიექტი ახორციელებს საჯარო სამმართლებრივ ფუნქციებს და მის ფარგლებში ხდება ზიანის მიყენება, დგება ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არა კერძო-სამართლებრივი. სახელმწიფო მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს სამოქალაქო წესით, როცა იგი არ ახორციელებს საჯარო ფუნქციებს.

    ამ კუთხით საინტერესოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს სამოქალაქო წესით, როცა სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე საკითხი არ წესრიგდება საჯარო სამართლით.

    დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ როცა საჯარო მოხელეს ქმედების შედეგად დადგება ზიანი, DCFR-ის მიხედვით განსჯადობის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, ქმედება წარმოადგენდა თუ არა საჯარო მმართველობის განხორციელებას.

    მაგ: როცა შსს-ს მინისტრის მძღოლი სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას ბრალეულად დაეჯახება “ჭ”-ის და მიაყენებს ზიანს, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დადგება სამოქალაქო წესით, ხოლო როცა ადმ. ორგანო თავისი ბათილი აქტით მიაყენებს “ჭ”-ის ზიანს,ამ შემთხვევაში  ადმინისტრაციული სამართლით მოხდება პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა.

    შემდეგი პოსტებში განვიხილავთ უკვე საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აღნიშნულ საკითხზე არსებულ რეგულაციებს.

    #3378

    სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება (საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით)

    ძალიან საინტერესო თემაა, დავყოთ ორ ნაწილად:

    1. რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს ასეთი დავები? (ქვემდებარეობის საკითხი)

    როცა სახელმწიფო მოსამსახურე , თავისი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე მიაყენებს სხვა პირს ზიანს, დავის განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ.

    აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის ანალიზის შედეგად. ამ უკანასკნელის მიხედვით:

    “სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.”

    ამ საკითხთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ განმარტება გააკეთა საქმეზე (ას-1246-1505-09) 

    ასეთი საქმეების “სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზეა დასაშვები.”

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლების შესაბამისად , მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს განხილული, თუ სადავო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, რომლის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ეკისრება. ეს ისეთი შემთხვევებია, როცა მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მხოლოდ სახელმწიფოსგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე ან სოლიდარულად სახელმწიფოსა და მის მოსამსახურესგან სკ-ის 1005-ე მუხლის საფუძველზე.(იხ.სუსგ-ბა, ¹ბს-233-224(გ-10))

    ამავდროულად დაზარალებულს არ ერთმევა უფლება ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს მოხელისაგან, როგორც ფიზიკური პირისაგან სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. ეს ისეთი შემთხვევაა, როცა დაზარალებული-მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს არა საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის ნორმების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსგან, არამედ კერძო-სამართლებრივი ნორმების (992-ე მუხლის  საფუძველზე) ფიზიკური პირისაგან (იხ. სუსგ ას-352-335-2011)

    #3381

    2. როგორია მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, სახელმწიფო მოხელის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში? 

     

    საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

     

    მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

     

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

     

    ანუ ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის 208-ე მუხლი წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის ანალოგს, მათ შორის განსხვავება ის არის, რომ 997-ე მუხლი ვრცელდება კერძო პირებზე, ხოლო 208-ე მუხლი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, დაქირავებული მუშა-ხელის ქმედებებისთვის.

     

    ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, 464-ე მუხლთან ერთად აფუძნებს დამატებით რეგულაციას, რომელიც აღჭურავს სახელმწიფო მოხელის ქმედებებისგან დაზარალებულ პირს უფლებას მოითხოვოს ანაზღაურება სახელმწიფოსთან ერთად ამავდროულად თვითონ მოხელესაგან სოლიდარულად.

     

    ამავდროულად არსებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, დაზარალებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მხოლოდ მოხელისგანაც. (სუსგ.ბს-233-224(გ-10) ას-352-335-2011) მაგ: როცა სახელმწიფო მოხელე ზიანს აყენებს სხვა პირს სკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე.

     

    ამდენად დაზარლებულს აქვს სამი ალტერნატივა:

     

    1. 208-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურება მოთხოვოს მხოლოდ სახელმწიფოს.

     

    2. 1005-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურება მოთხოვოს, როგორც სახელმწიფოს, ისე ზიანის მიმყენებელ მოხელეს (ამ შემთხვევაში აუცილებელია ზიანის მიყენებისას არსებობდეს მოხელის უხეში გაუფთხილებლობა ან გაზრახვა).

     

    3. დელიქტური ნორმების საფუძველზე (მაგ:, 992, 993 და ა.შ.) ზიანის ანაზღაურება მოთხოვოს მხოლოდ კერძო პირს (ზიანის მიმყენებელ მოხელეს).

     

    რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლს:  

     

    „თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.“

     

    ამ ნორმას გააჩნია  ხარვეზი- “უხეში გაუფთხილებლობის” მაგივრად პირველ წინადადებაში უნდა ეწეროს  “გაუფთხილებლობა”, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სახელმწიფო ორგანოები და საჯარო მოხელეები არ არიან პასუხისგებელნი გაუფთხილებლობით მიყენებული ზიანისათვის, თუ ის უხეში არ არის, რაც არ შეესაბამება ზოგად სამართლებრივ პრინციპებსა და საქართველოს კონსტიტუციას. ამავდროულად ამ ნორმის კონსტუქციიდან გამომდინარეც არალოგიკურია, კერძოდ ბოლო წინადადება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ნორმის რეალურ შინაარსს და ისეთ შთაბეჭდილებას იძლევა, რომ კანონმდებელს გაეპარა შეცდომა.

    #3384
    Edika
    Participant

    1) ვერ მივხვდი 997-ე მუხლი მარტო კერძო პირებზე რატომ ვრცელდება?

     

    2) გამოდის თუ მოსარჩელე ზ.ა.კ-ის 208-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მაშინ განიხილება ადმინისტრაციული წესით და თუ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მაშინ სამოქალაქო წესით განიხილება. სწორად გავიგე ხო შენი ნათქვამი? სასამართლო პრაქტიკითაც ასეა და ანუ იზიარებ ხომ იმ გადაწყვეტილებებში რა მოსაზრებაცაა?

    #3385

    @Edika said:
    1) ვერ მივხვდი 997-ე მუხლი მარტო კერძო პირებზე რატომ ვრცელდება?

     

    997-ე მუხლსა და 1005-ე მუხლს შორის არსებობს ზოგადი-კერძოს მიმართება და ვინაიდან 1005-ე მუხლში სახელმწიფო-მოხელის პასუხისმგებლობა განსხვავებულად რეგულირდება, კერძოდ მოხელეს ეკისრება პასუხისმგებლობა თავისი გაუფთხილებელი/განზრახი ქმედებით მიყენებული ზიანისათვის, აქედან გამომდინარე 1005-ე მუხლს გააჩნია უპირატესი ძალა 997-ე მუხლის დანაწესთან მიმართ, სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რადაგნ იგი უფრო სპეციალური ნორმაა.

     

    ახლა რაში ვლინდება ეს განსხვავება?  როგორც ავღნიშნე 997-ე მუხლისგან განსხვავებით სახელმიწფოსთან ერთად დაზარალებული წინაშე პასუხისმგებელია მოხელეც, სოლიდარულად. აღნიშნული 463-ე მუხლის მიხედვით ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, როგორც სახელმწიფოსგან და მოხელისგან ერთად, ისე ერთ-ერთისგან. ასეთი დანაწესი არ გვაქვს 997-ე მუხლში განსაზღვრულ შემთხვევაში, ანუ როცა კერძო სუბიექტის დაქვემდებარებაში არსებული მუშა-ხელი აყენებს ვინმეს ზიანს. ასეთ ვითარებაში დაზარალებულის წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ დამქირავებელს.

     

    2) გამოდის თუ მოსარჩელე ზ.ა.კ-ის 208-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მაშინ განიხილება ადმინისტრაციული წესით და თუ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მაშინ სამოქალაქო წესით განიხილება. სწორად გავიგე ხო შენი ნათქვამი? სასამართლო პრაქტიკითაც ასეა და ანუ იზიარებ ხომ იმ გადაწყვეტილებებში რა მოსაზრებაცაა?

     

    მე დავწერე, რომ სამი შესაძლებლობა არსებობს:

     

    1. ზაკ-ის 208-ე მუხლით- საქმე განხილება ადმინისტრაციული წესით.

     

    2. 1005-ე მუხლით- საქმე განიხილება ადმინისტრაციული წესით.

     

    3. სხვა კერძო სამართლებრივი საფუძვლით (მაგ: 992-ე მუხლით) მოხელის, როგორც კერძო პირის წინააღმდეგ- განიხილება სამოქალაქო წესით.

    #3387
    Edika
    Participant

    მოკლედ ვიფიქრე ამ განსჯადობაზე რა და ჩემი პოზიცია არის ის რომ მარტო 1005-ის პირველ ნაწილში კი არაა პრობლემა (ხარვეზი რომ არის რაღაც პასუხისმგებლობაზე) არამედ მაგარი მოუწესრიგებელია საერთოდ განსჯადობის მხრივ.   ჩემი აზრით დავა რომ მივიჩნიოთ ადმინისტრაციულად ამისათვის აუცილებელია ამ ურთიერთობის და დავის საგნის შინაარსი და ეს დამოკიდებული არ არის მოსარჩელე რა სამართლებრივ საფუძველზე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, ანუ მოსარჩელის სურვილზე არ უნდა იყოს ეს ყველაფერი დამოკიდებული. ამასთანავე თუ დაუშვებთ რომ საჯარო მოსამსახურის მიერ ტავისი სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევის გამო მიყენებული ზიანისათვის საქმე შეიძლება განხილულ იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით აუცილებლად დადგება უწყებრივი ქვემდებარეობის პრობლემა, ვინაიდან სასამართლოს მოუწევს არკვიოს სამსახურეობრივი მოვალეობის (რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით ექნება აუცილებლად დაკისრებული) დარღვევა რაში გამოიხატა,  ამიტომ  1005-ე მუხლი ჩემი აზრით არის ადმინისტრაციული ნორმა რომელიც რატომღაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსში.  1005 მუხლის შემადგენლობის დროს საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით 207 მუხლი მიუთითებს ამაზე.

    #3388

    საინტერესო მოსაზრებაა, იმ ფონზე, როცა უზენაესი სასამართლო საქმეში (ას-1246-1505-09), განმარტავს, რომ       ასეთი საქმეების “სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ საქმეებზეა დასაშვები.”

     

    რაც შეეხება სამოქალაქო სასამართლოს ქვემდებარეობას იმ შემთხვევაში, როცა დაზარალებული უჩივის მხოლოდ მოხელეს, ასეთი შესაძლებლობა მას, რომ აქვს ეს ნათელია იქიდან, რაც ზემო პოსტში დავწერე, ამავდროულად მსგავსი დავის ადმინისტრაციული წესით განხილვა არ იქნებოდა სწორი, რადგან მთლიანად კერძო სამართლებრივია ეს დავა, ანუ განსხვავდება 1005-ე მუხლის პირველი ნაწილისგან, რომელიც ზ.ა.კ-ის 207-ე მუხლის გამოძახილია და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფორმის გამოყენებით ადმინისტრაციული სამართლებრივი  პასუხისმგებლობის დაკისრების  საფუძველია.

     

    და ბოლოს ამავე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, სასამრთლომ განაცხადა, რომ ზაკ-ის 207-ე და 208-ე მუხლებიდან გამომდინარე “მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს განხილული, თუ სადავო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, რომლის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ეკისრება.”

    #3395
    Edika
    Participant

    მოკლედ ამ გადაწუვეტილებებში მთლად სრულყოფილად არაა განმარტებული ყველაფერი და ჩემ აზრს დავწერ. ზ.ა.კ-ის 208 და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლები განსაზღვრავენ სახელმწიფოს პასუხინმგებლობას მოხელის მიერ მიყენებული ზიანისთვის, მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ავტომატურად არ ნიშნავს ადმინისტრაციულ განსჯადობას.

     

    განსჯადობის (ქვემდებარეობის) აუცილებელი ელემენტია სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. რას ნიშნავს სადავო სამარტალურთიერთობა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან? იმას რომ ზიანი გამოწვეული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო-სამართლებრივი ფორმის რომელიმე კატეგორიიდან (ინდ. აქტი, ნორმატიული აქტი, რეალაქტი და ადმინისტრაციული ხელშეკრულება). ასე რომ მოხელის მიერ მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის სახელმწიფოსათვის დაკისრება ავტომატურად არ ნიშნავს დავის ადმინისტრაციულ ხასიათს თუ მიჩნევას, შესაძლებელია მოხელის მიერ მიყებეული ზიანი გამომდინარეობდეს კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან. მაგალითად მოხელემ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ისე რომ მას არანაირი სამსახურეობრივი მოვალეობა არ დაურღვევია ზიანი მიაყენა სხვას, ანუ ზიანი მიზეზშედეგობრივ კავშირში სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევასთან კი არ არის, არამედ კერძოსამართლებრივი ნორმების დარღვევასთან.

     

    მაგალითად მოხელე სამსახურის საქმეზე ავტომობილით მიემგზავრება სხვაგან რა დროსაც გზაში ახდენს ავარიას და აზიანებს სხვას. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო პასუხს აგებს არა ზ.ა.კ-ის 208-ე მუხლის საფუძველზე, არამედ სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის საფუძველზე. (ეს მოსაზრება ასევე განვიტარებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის კომენტარში დიმიტრი ქიტოშვილი, გვ 340) შესაბამისად განსჯადობა განისაზღვრება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.  აქედან გამომდინარე ზ.ა.კ-ის 208-ე მუხლში უნდა ვიგულისხმოთ ზიანი რომელიც დაკავშირებულია საჯაროსამართლებრივი ნორმების დარღვევასტან (რაც ზემოთ დავწერე ის საქმიანობის ფორმებიდან გამომდინარე ზიანი).

     

    კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისთვის აუცილებელი ელემენტია  ზიანი დაკავშირებული იყოს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლებრივი საქმიანობის რომელიმე ფორმასთან (სუბიექტს მნიშვნელობა არ ააქვს). აღნიშნული გამომდინარეობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლიდან. თუ დაუშვებთ რომ ყველანაირი საჯარო სამართლებრივი ნორმების დარღვევის შემთხვევაშია დავა ადმინისტრაციული, მაშინ ადმინისტრაციულად ჩაითვლება ასევე დავა რომელიც გამომდინარეობს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევიდან გამომდინარე ზიანის გამო. მაგალითად სამსახურეობრივ საქმეზე მანქანის მიმავალმა მოხელემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები რიტად ზიანი მიაყენა სხვას. ამ შემთხვევაში მარტალია ადმინისტრაციული ნორმები, მაგრამ ეს არ არის ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო სამართლებრივი საქმიანობის რომელიმე ფორმიდან გამოწვეული ზიანი.

     

    დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:

     

    1) სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, ზ.ა.კ-ია 208-ე მუხლთან ერთად არის ადმინისტრაციული შინაარსის (ას-1246-1505-09 შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება).

     

    2)ზ.ა.კ-ის 208- მუხლი სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მსგავსად გულისხმობს როცა ზიანის დადგომა დაკავშირებულია სამსახურეობდივი მოვალეობების (საქმიანობის რომელიმე ფორმის დარღვევასთან) არაჯეროვან შესრულებასთან, შესაბამისად 208-ე მუხლი არ გულისხმობს როცა ზიანი დადგა კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

     

    3) 208 და 1005-ე მუხლების შემთხვევაში განსჯადობა განისაზღვრება ადმინისტრაციული წესით (თუმცა 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის შემთხვევაში რამდენად განისაზზღვრევა ადმინისტრაციული წესით ამაზე ცალკე ვიმსჯელოთ).

     

    4) ზიანი რომელიც დაკავშირებული არ არის სამსახურეობრივი მოვალეობის დარღვევასთან, მაგრამ დადგა მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას განსჯადობა სამოქალაქო წესით.

    #3398

    ძალიან საინტერესო პოზიციაა, პრაქტიკულად შენ იძახი, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი ისევე წყდება, როგორც DCFR-შია მოცემული (იხ. მე-10 გვერდი N- 3293-ე პოსტში)

    ანუ სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, მისი მოხელის ქმედების გამო, შეიძლება დადგეს, როგორც ადმინისტრაციული წესით (208,207,1005-ე მუხლები), ისე სამოქალაქო წესით (997-ე მუხლის საფუძველზე).

     

     

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 16 total)
  • You must be logged in to reply to this topic.