მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #3070
    Edika
    Participant

    ყურადღება რომ არ მიაქცია იმას რაც ობიექტურად შესამჩნევია და დაარღვია წინდახედულობის ნორმები მაგაშია საქმე.

    #3071

    @Edika said: ყურადღება რომ არ მიაქცია იმას რაც ობიექტურად შესამჩნევია და დაარღვია წინდახედულობის ნორმები მაგაშია საქმე.

     

    დაზარალებულის დაუდევრობა არ ათავისუფლებს ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან ძაღლის მესაკუთრეს, რომელმაც თავის მხრივაც გამოიჩინა გაუფრთხილებლობა, რაზეც წინა პოსტში ვისაუბრე… ამიტომაც სახეზეა შერეული ბრალი 415-ე მუხლის გათვალისწინებით.

    #3073
    Edika
    Participant

    დაუდევრობა აღარ ქვია უკვე მაგას. ხედავს რომ ავი ძაღლია ეზოში და მაინც ჩადის. ანუ დაუდევრობა კი არა მიზანმიმართულად აკეთებს ამას 😀

    #3074
    თუ აღქმული აქვს, რომ ეზოში ძაღლია და მას საფრთხე ემუქრება და მაინც შედის ამ ეზოში, მაშინ მისი ბრალის მოცულობა გაიზრდება სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის მიზნებისათვის, თუმცა გარკვეული პასუხისმგებლობა შეიძლება მაინც დაეკისროს ძაღლის მესაკუთრეს, თუნდაც იმის გამო, რომ ძაღლი არ იყო დაბმული, ან კარები არ იყო დაკეტილი და ა.შ.

    პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ არა მესაკუთრეს დამოკიდებულია მოსამართლის შინაგან რწმენაზე..

    ერთ მაგალითს მოვიყვან უცხოური დოქტრინიდან, სადაც შერეული ბრალით მოხდა კვალიფიკაცია:

    A და B პარკში ასეირნებდნენ ძაღლებს, ორივეს ძაღლი დაუბმები იყო და არ ჰქონდათ პირსაბმელები… ძაღლებმა დაიწყეს ჩხუბი და B-მ გაშველების დროს მიიღო სხეულის დაზიანებები… ამ შემთხვევაში B-ს ზიანთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა განაწილდა A-ზეც, რადგან მიუხედავად იმისა, რომ B-ც არღვევდა წინდახედულობის ნორმებს, A-ს თავისი წილი პასუხისმგებლობა მაინც უნდა დაეკისროს მისი ბრალის შესაბამისად.

    #3083
    Edika
    Participant

    ავარიიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება

    კაზუსი: “A” არის ავტომანქანის რეგისტრირებული მესაკუთრე. “A”-მ გადასცა ეს მანქანა თავის მეზობელს “N”-ს მფლობელობაში, ქირავნობის საფუძველზე. ერთ ერთ საღამოს, რესტორანში ყოფნის შემდეგ “N”-მა მოყინული გზის გამო გზაზე მოძრაობისას დაკარგა კონტროლი მანქანაზე, მოსრიალდა და შეეჯახა “E”-ს მანქანას. “N” ამ ავარიის დროს მძიმედ დაშავდა. “A”-ს ავტომოანქანამ კაპიტალური ზიანი მიიღო.  რა მოთხოვნები შეიძლება გაჩნდეს და ვის მიმართ?

    #3091

    ავარიის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

     

    კარგი კაზუსია, ეხება სატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. მოდი პუნქტობრივად განვიხილოთ:

     

    1. დავიწყოთ E-ს მოთხოვნიდან, მას მიადგა ზიანი ავარიის შედეგად. (ავტომობილის დაჯახების შედეგად).. 

     

    რისი მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს და ვისგან?

     

    E-ს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს N-ისგან სამოქალაქო კოდექსის 999.1-ე მუხლის ან 992-ე მუხლის მიხედვით.

     

    ა. განვიხილოთ 999-ე მუხლით მოთხოვნის უფლების შესაძლებლობა

     

    სკ-ის 999.1-ე მუხლის მიხედვით: “მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.”

     

    სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის სატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობას ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ას- 254-239-2010, რომლის მიხედვითაც, სსკ-ის 999.1-ე მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. (მაგ: მესაკუთრე, დამქირავეელი, მოიჯარე).

     

    სკ-ის 999.1-ე მუხლში გამოყენებულია ტერმინი “მფლობელი” და არა ტერმინი “მესაკუთრე”, შესაბამისად კანონმდებელი 999.1-ე მუხლით განსაზღვრულ პირში არ გულისხმობს მხოლოდ მესაკუთრეს. მეორეს მხრივ რა არის ამ მუხლის მიზანი? განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის.ავტომობილის ექსპლუატაციისთვის პასუხისმგებელი უნდა იყოს ის პირი, რომლის ფაქტობრივ ბატონობაშიც იმყოფება ავტოტრანსპორტი, რადგან მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება ავტომობილის გამოყენება და იგი აგებს პასუხს ავტომობილიდან წარმოშობილი საფრთხისათვის, როგორც ავტომობილის “მებატონე”, ანუ მასზე პასუხისმგებელი პირი. ანალოგიური პოზიციაა გაზიარებული აღნიშნული მუხლის კომენტარებშიც.

     

    ამდენად 999-ე მუხლის მიხედვით N ითვლება A-ს კუთვნილი ავტომობილის მფლობელად, რადგან მას ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს მისგან მიღებული მფლობელობაში აღნიშნული ავტომობილი და სწორედ იგია ვალდებულია აანაზღაუროს ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანი სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

     

    ბ. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით მოთხოვნის შესაძლებლობა..

     

    999-ე მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან განსხვავებით, 992-ე მუხლის შემთხვევაში უნდა გვქონდეს ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (999-ე მუხლის დროს გვაქვს მხოლოდ მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე ზიანი, არც მართლწინააღმდეგობა და არც ბრალი არ არის სახეზე).

     

    ამდენად თუ დამტკიცდება, რომ N-ის მიერ E-ს მანქანის დაზიანებისას (მოცურებისას) N-ის მხრიდან მოხდა ტარების წესების დარღვევა და ზიანი გამოწვეულია არა მომეტებული საფრთხის წყაროდან გამომდინარე საფრთხიდან, არამედ N-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან, მაშინ 999-ე მუხლის ვერ გამოვიყენებთ და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად.

     

    2. დაუძლეველი ძალა, როგორც N-ის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძველი.

     

    სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე N-ი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ დამტკიცდება, რომ ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის ფარგლებში… ამასთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესის სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები:  ას-494-463-2010 №: ას-64-61-2012 ;   №: ას-95-90-2013 ;   №: ას-1657-1554-2012), რომელთა მიხედვითაც:

     

    “სამოქალაქო  კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი.”

     

    #3099

    ავარიიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება

     

    მოკლე შეჯამებას გავაკეთებ სკ-ის 999-ე მუხლთან დაკავშირებით და შემდეგ პოსტში უკვე განვიხილოთ ევროპული სამართლით როგორაა დარეგულირებული ეს საკითხი.

     
    მოკლედ როცა ავტომობილით ხდება პირისთვის ზიანის მიყენება, ისე რომ სახეზე არ არის ზიანის მიმყენებლის ბრალი, მოქმედებს 999-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ასეთი ზიანისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ავტომობილის მფლობელს. ეს შეიძლება იყოს, როგორც მესაკუთრე, ისე დამქირავებელი, მოიჯარე და ა.შ…. (ეს არის ზოგადი წესი).

     

    999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი,  შესაძლებელია მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ზოგადი წესის მიხედვით, როცა ავტომობილით სარგებლობდა სხვა პირი მფლობელის ნებართვის გარეშე და ეს სარგებლობა გამოწვეულია მფლობელის ბრალით (მაგ: ღია დატოვა მანქანის კარები ავტომობილის მესაკუთრემ, რომელიც გაიტაცეს ორმა თინეიჯერმა და მიაყენეს ზიანი გზაზე გადამსვლელ ქვეითს) ან როცა ავტომობილის ექსპლუატაციას ახორციელებს მოსარგებლე სსკ-ის 155-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაგებით.

     

    ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მფლობელს არ ეკისება პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მომეტებული საფრთხის შედეგად დამდგარი ზიანის გამო, როცა პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე (მაგ: ქურდი იპარავს მანქანას და ბრალის გარეშე ამ მანქანით ზიანს აყენებს ქვეითს)

    #3100
    BLH
    Keymaster

    ავტომობილის “მფლობელის” ცნება ევროპულ სამართალში

     

    (DCFR-ის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ევროპული  კერძო სამართლის განზოგადებას)

     

    Notion of Keeper – the concept of a “keeper” is of general significance for the entire law on non-contractual liability. a keeper, in relation to a motor vehicle is the person who has the beneficial use or physical control of it for that person’s own benefit, and who exercises the right to control it or its use. the rule deliberately avoid invoking the concept of “possession”: “possession” is a concept of property law and has or may have a meaning which differs from jurisdiction to jurisdiction”

     

    უპირველესყოვლისა აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი განმარტების მიხედვით სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლით განსაზღვრული მფლობელისა და 999-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მფლობელის ცნებები განსხვავდება.

     

    სკ-ის 999-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მფლობელი არის ის პირი, რომელიც პირდაპირ სარგებელს ღებულობს ავტოტრანსპორტის გამოყენებიდან, ფიზიკურად აკონტროლებს მას, იყენებს და ფლობს პირადი მიზნებისთვის. აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 999-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული “მფლობელი” არის ისეთი პირდაპირი მფლობელი, რომელიც ფლობს ავტოტრანსპორტს სამართლებრივი საფუძვლის მიხედვით, მაგ: დამქირავებელი, რომელიც ფიზიკურად ფლობს და სარგებლობს ავტოტრანსპორტით, იყენებს მას თავისი ინტერესების შესაბამისად და შესაბამისად პასუხისმგებელია იმ ზიანისათვის, რაც მის მიერ მანქანის გამოყენების (ექსპლოატაციის) დროს დგება.

     

    “მფლოებლის” მსგავსი განმარტება, როგორც წინა პოსტებში უკვე აღინიშნა სრულიად მოდის შესაბამისობაში ქართულ დოქტრინასთან, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარებში ზუსტად ეს პოზიციაა ასახული.

    #3103

    დავამატებ გერმანული Straßenverkehrsgesetz – ში  მფლობელის (keeper-ის) ცნების შესახებ.

     

    გერმანლი დელიქტური სამართლის მიხედვით მანქანის “მფლობელი” არის მისი მესაკუთრე და ასევე ის პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ფლობს მანქანას (მაგ: დამიქრავებელი), თუმცა პირი, რომელმაც რამდენიმე დღით ითხოვა მანქანა არ წარმოადგენს “მფლობელს” . (იხ. Cees Van Dam, European tort law 362-ე გვ.)

    #3105
    Edika
    Participant

    მოკლედ საკმარისად წერე შენ თუ როგორ უნდა განიმარტოს 999.1-ე მუხლით გათვალისწინებული მფლობელი. მე უბრალოდ შევეხები იმ გადაწყვეტილებას რაც შენ მოიყვანე (ას-254-239-2010).

     

    ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მანქანის მძღოლის მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლად სასამართლო უთითებს 999-ე მუხლის 4 ნაწილის მესამე წინადადებას. ანუ ვინაიდან მანქანის მესაკუთრემ, მძღოლს ათხოვა მანქანა სასამართლომ ჩათვალა რომ სახეზე გვქონდა 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებით გათავლისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა. ანუ ამ გადაწყვეტილებით თუ ვიხელმძღვანელებთ, მფლობელად უნდა ჩაითვალოს მესაკუთრე, მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი ფლობდა მანქანას თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე.

     

    სინამდვილეში არის ეს ასე? ანუ გვააქვს 999.4 მესამე წინადადებით გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობა? არის თუ არა ამ შემთხვევაში მანქანის მძღოლი პირი, როემლიც დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების მმართველად ან გადაცემული აქვს სატრანსპორტო საშუალება მფლობელისაგან?  თუ იგი წარმოადგენს 999.1-ე მუხლით განსაზღვრულ მფლობელს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით- თხოვების ხელშეკრულებით ფლობს სატრანსპორტო საშუალებას?

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.