მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ვალდებულებითი სამართლის ზოგადი საკითხები

  • This topic has 33 replies, 4 voices, and was last updated 7 years ago by BLH.
Viewing 10 posts - 11 through 20 (of 34 total)
  • Author
    Posts
  • #29475
    Crassus
    Participant

    კეთილსინდისიერების მოვალეობა

    (სუსგ. Nას-1388-1224-2010)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას გამოიყენა სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, მისი მოსაზრებით, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი შეიძლება გახდეს კეთილსინდისიერების პრინციპი, რომელიც გამომდინარეობს კოდექსის ზოგადი ნორმებიდან და გულისხმობს თითოეული მხარის მოვალეობას, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ერთმანეთს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობისას მხარეთა მოვალეობები მოქცეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა ფარგლებში. სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავს მითითებას კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები ანუ კეთილსინდისიერება უკავშირდება პირისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არა იმის შესრულებას, რაც მას არც ხელშეკრულებით და არც სხვა სახით მხარის მიმართ არ უკისრია.

    #33490
    BLH
    Keymaster

    ინფორმაციის გაცემის ვალდებულება

    სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლი აფუძნებს ზოგად ნორმას,ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესახებ.

    „ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია.“

    ინფორმაციის გაცემის მოვალეობა არის უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელსაც გააჩნია დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა. კანონით შეუძლებელია სრულიად განისაზღვროს, თუ რა ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შეიძლება ჰქონდეთ მხარეებს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში კანონი განსაზღვრავს ინფორმაციის მიწოდების სპეციალურ რეგულაციებს.

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლით განსაზღვრულია თავდების მიმართ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. 

    ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მჭიდროდ არის დაკავშირებული  გულისხმიერების პრინციპთან, რადგან სწორედ ინფორმაციის მიწოდებით ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია კონტრაჰენტის უფლებებისა და ქონების დაცვა.

    ამდენად, თუ ერთობლივად შევაფასებთ, სკ-ის 316.2-ე და 318-ე მუხლებს, შეიძლება დავასკვნად, რომ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში მხარეებს გააჩნიათ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, როდესაც ამას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისთვის, ასევე დაკავშირებულია მეორე მხარის უფლებებისა და ქონების დაცვასთან.

    მაგ: პროდუქტის ნასყიდობის დროს, თუ პროდუქტი საჭიროებს სპეციფიკურ მოვლას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გააჩნია გამყიდველს.

    მაგ: ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდე ვალდებულია შეატყობინოს შემკვეთს იმ ნაკლის შესახებ, რომელიც გააჩნია შემკვეთის მიერ მიწოდებული მასალას, ან ნარდობის ობიექტს.

    მაგ: თავდებობისას, თავდები უფლებამოსილია იყოს საქმის კურსში ძირითადი ვალის შესრულების პროცესის შესახებ. კრედიტორი ვალდებულია თავდებს აცნობოს, თუ მოვალე ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს. (სკ-ის 902-ე მუხლი).

    დროულმა შეტყობინებამ შესაძლებელია თავდების მხრივ ძირითადი ვალდებულების შესრულების პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინოს. ხოლო კრედიტორის მიერ ამ მოვალეობს შეუსრულებლობათავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი შეიძლება იყოს.

    ვთქვათთუ კრედიტორმა თავდებს არ შეატყობინა ძირითადი ვალის გადახდის ვადის გადაცილების შესახებ, გადაცილებას კი მოჰყვა პირგასამტეხლოს დარიცხვა, თავდებს ასეთ შემთხვევაში უფლება აქვს უარი თქვას ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული საურავის გადახდაზე.

    ამდენად, სკ-ის 318-ე მუხლი აფუძნებს ზოგად მოვალეობას ვალდებულებით ურთიერთობაში ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ხოლო ცალკეული მუხლები განსაზღვრავენ სპეციალურ რეგულაციებს, თუმცა ასეთი რეგულაციების გარეშეც შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში მხარეს ჰქონდეს ინფორმაციის მიწოდების ვადებულება. ამ ვალდებულების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

    #33491
    BLH
    Keymaster

    ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

    (სუსგ. ას-296-624-07)

    მოსარჩელემ შეიძინა მწარმოებელი კომპანიისგან პროდუქტი – სისხლის კრიოპლაზმა, რომელიც უხარისხო  “აივ” ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა და შედეგად მომხმარებლის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

    საკასაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან მწარმოებელი ახდენს ისეთი პროდუქციის რეალიზაციას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ა-ს აბსოლუტურ უფლებაზე  სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და რომლის ხარისხის სრულყოფილი გამოკვლევა მეცნიერებისა და ტექნიკის არსებული დონის გათვალისწინებით გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვალდებულია, მომხმარებელს მისცეს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და გააფრთხილოს სავარაუდო თანამდევ შედეგებზე.

    სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლს, რომელიც ადგენს კონტრაჰენტის ვალდებულებას ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმებიც, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს ასევე არეგულირებს საქართველოს კანონი “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, რომლის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ პროდუქცია მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში იყოს უსაფრთხო მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, აგრეთვე, არ აყენებდეს ზიანს ქონებას. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამამზადებელმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევნის შესაძლებლობას.

    ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მწარმოებელს უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რა ფარგლებში უზრუნველყოფდა მის მიერ წარმოებული პროდუქტი მომხმარებლის უსაფრთხოებას, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ლ. ჩ-ის ახლო ნათესავები მოსარჩელისათვის საჭირო სისხლის შეძენისას ვარაუდობდნენ, რომ იძენდნენ უეჭველად საიმედო, ხარისხიან პროდუქტს და ისინი ნივთის ვარგისიანობის შესაძლო ნაკლზე არავის გაუფრთხილებია.

    #33527
    BLH
    Keymaster

    სახელშეკრულებო წესების გამოყენება არასახელშეკრულებო ურთიერთობებზე

    სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის მიხედვით:

    „ვალდებულებათა მიმართ წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“

    ასეთ წესებს განეკუთვნება: წესები ზიანის ანაზღაურების, ვალდებულებათა შესრულების, ფულადი ვალდებულებების შესრულების შესახებ და ა.შ.

    სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის საფუძველზე, კონკრეტული სახელშეკრულებო ნორმების, არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ გამოყენების თაობაზე საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.

    მაგალითად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე (N- ას-81-71-2011) :

    „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის დაკისრებისას უნდა გამოირიცხოს დაზარალებულის ბრალიც. დელიქტური ვალდებულებების მომწესრიგებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსი 992-1008-ე მუხლები არ ითვალისწინებს შემხვედრი ბრალის საკითხს. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 415-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.“

    #33531
    BLH
    Keymaster

    კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში

    როგორც უკვე აღინიშნა, ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები არიან, ერთი მხრივ კრედიტორი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება და მეორე მხრივ მოვალე, რომელსაც გააჩნია ვალდებულება. შესაძლებელია, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს გამოდიოდეს ერთი ან ერთზე მეტი სუბიექტი.

    როდესაც ერთ-ერთ მხარეს მაინც, გამოდის ერთზე მეტი სუბიექტი, ასეთ შემთხვევაში გვაქვს კრედიტორთა ან/და მოვალეთა სიმრავლე.

    სუბიექტთა სიმრავლის დროს ვალდებულებით ურთიერთობებში, ვხვდებით ორი სახის ურთიერთობებს: წილადი ვალდებულებებით ურთიერთობა, სოლიდარული ვალდებულებითი ურთიერთობა.

    #33532
    BLH
    Keymaster

    წილადი ვალდებულება

    თითოეული კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს შესრულება მხოლოდ თავისი წილის ფარგლებში და თითოეული მოვალე ვალდებულია შეასრულოს მხოლოდ თავისი წილის ფარგლებში.

    მაგ: გარდაიცვალა “A”, რომელსაც დარჩა სამკვიდრო 50.000 ლარის ოდენობის და ამავდროულად “B”_ს მიმართ ვალდებულება 20.000 ლარის ოდენობით. „A”-ს სამკვიდრო გადავიდა მის პირველი რიგის მემკვიდრეებზე „C”  და „D”-ზე, თითოეულმა მიიღო 25.000 ლარის ოდენობის სამკვიდრო.

    მოცემულ შემთხვევაში მათ გააჩნიათ წილადი ვალდებულება „A”-ს მოვალის მიმართ, მიღებული სამკვიდროს ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად, ანუ თითოეულის ვალდებულების მოცულობა შეადგენს 10.000 ლარს.

    მოცემულ შემთხვევაში თითოეული მოვალის ვალდებულება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, მაგ: თუ „C”-მ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება, “B” ვერ მოითხოვს მისი ვალდებულების „D”-სგან შესრულებას.

    #33534
    BLH
    Keymaster

    სოლიდარული ვალდებულებანი

    წილადი ვალდებულებისგან განსხვავებით, სოლიდარული კრედიტორის მოთხოვნა აღიქმება ყველა სოლიდარული კრედიტორის მოთხოვნად და შესაბამისად, სოლიდარული მოვალის ვალი- ყველა სოლიდარული მოვალის ვალად.

    მიღებულია სოლიდარული ვალდებულების სამი სახე :

    აქტიური სოლიდარული ვალდებულება მაშინაა, როცა მხოლოდ მოთხოვნის უფლების მხარეზეა პირთა სიმრავლე,

    პასიური– როცა, მხოლოდ სავალო ვალდებულების მხარეზეა პირთა სიმრავლე,

    შერეული სოლიდარული ვალდებულება გვაქვს მაშინ, როცა პირთა სიმრავლეს ერთდროულად ადგილი აქვს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეზე.

    #33533
    BLH
    Keymaster

    სოლიდარული კრედიტორები

    სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლი აფუძნებს სოლიდარული კრედიტორების ცნებას:

    „თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს _ სოლიდარულ კრედიტორებს.“

    აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, სოლიდარული კრედიტორები არიან მაშინ, როდესაც არსებობს რამდენიმე ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელშიც მონაწილეობს რამდენიმე კრედიტორი და თითოეული უფლებამოსილია მოვალისგან მოითხოვოს მთლიანი შესრულება, ხოლო მოვალის მიერ ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს მას დანარჩენი კრედიტორების წინაშე ვალდებულებისაგან.

    მაგ: „A“-მ დააზიანა ავტომობილი, რომელიც „B”  და „C”-ს თანასაკუთრებაში იყო. მოცემულ შემთხვევაში „B” და „C” არიან სოლიდარული კრედიტორები “A”-ს მიმართ, ხოლო “A”-ს ვალდებულება ითვლება შესრულებულად, ერთ-ერთის მიმართ ვალდებულების შესრულების შედეგად.

    სოლიდარული უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლებია:

    ) ხელშეკრულება – სოლიდარული უფლებამოსილება შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერი ხელშეკრულებით, თუ ურთიერთობის ბუნება არ ეწინააღმდეგება სოლიდარული უფლებამოსილების წარმოშობის შესაძლებლობას.

    ) კანონი – საანდერძო დანაკისრი(სკ-ის 1383),როდესაც მამკვიდრებელი საანდერძო დანაკისრით ავალებს მემკვიდრეს,რომ მან თავის სამ მეგობარს გადასცეს 9000$. სამივე მათგანს წარმოეშობა სოლიდარული უფლებამოსილება.

    ) ვალდებულების საგნის განუყოფლობით – როგორც სანივთო, ისე ვალდებულებით ურთ-ში. მაგ: ვინმემ დააზიანა რამდენიმე პირის თანასაკუთრებაში არსებული ნივთი, ასეთ ვითარებაში თითოეულ მათგანს წარმოეშობა სოლიდარული უფლებამოსილება.

    #33540
    BLH
    Keymaster

    სოლიდარული კრედიტორები

    თუ ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორი უარს იტყვის მოვალის წინაშე მოთხოვნაზე, მაშინ მოვალე თავისუფლდება მხოლოდ იმ ნაწილის გადახდისაგან, რომელიც მოცემულ კრედიტორს ერგებოდა.

    მაგ: „A”  და “B“ არიან სოლიდარული კრედიტორები, მათ წინაშე „C”-ს აქვს ვალდებულება 20.000 ლარის ოდენობით. „A” უარის იტყვის თავის მოთხოვნის უფლებაზე. ასეთ შემთხვევაში „C” ვალდებული იქნება “A”-ს წილის გამოკლებით განახორციელოს ვალდებულების შესრულება, თუ კრედიტორების წილი მოთხოვნაში იყო თანაბარი, მაშინ „C”-ს ვალდებულება შემცირდება 10.000 ლარამდე.

    მოვალეს არ შეუძლია ერთ-ერთი კრედიტორის მიმართ გამოიყენოს ისეთი ფაქტები, რომლებიც სხვა კრედიტორთანაა დაკავშირებული.

    მაგ: „A”-ს აქვს ვალი 10.000 ლარის ოდენობით ორი სოლიდარული კრედიტორის წინაშე, რომელთაგან ერთ-ერთის მიმართ ხანდაზმულობის ვადა გავა. ასეთ შემთხვევაში მეორე კრედიტორის მიმართ ხანდაზმულობის გასვლის ფაქტის გამოყენება ვერ მოხდება.

    სოლიდარული კრედიტორი, რომელმაც მოვალისაგან მთლიანად მიიღო შესრულება, მოვალეა გადაუხადოს დანარჩენ სოლიდარულ კრედიტორებს მათი კუთვნილი წილი.

    მაგ: “A”-ს აქვს ვალი ორი სოლიდარული კრედიტორის მიმართ 10.000 ლარის ოდენობით. მან თავისი ვალდებულება შეასრულა ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის – B-ს მიმართ და გადასაცა მას 10.000 ლარი. ეს უკანასკნელი ვალდებული იქნება გადასცეს მეორე სოლიდარულ კრედიტორს „C”-ს თავისი კუთვნილი წილი.

    სოლიდარულ კრედიტორებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის სხვა რამ არ არის დადგენილი.

    თითოეული სოლიდარული კრედიტორის წილი განისაზღვრება კანონით ან ხელშეკრულებით. მოთხოვნის სოლიდარუობა არ ნიშნავს, რომ არ არსებობს წილი ან მისი განსაზღვრის წესი. მთავარი თვისება სოლიდარული უფლებამოსლებისა ისაა, რომ სოლიდარული კრედიტორი მოვალის წინაშე უფლებამოსილია არამარტო თავის წილზე, არამედ სხვების წილზეც, საერთოდ მთლიან მოთხვონაზე. სწორედ ამ უკანასკნელ უფლებაში ვლინდება სოლიდარული უფლებამოსილების იმანენტური თვისება.

    #33907
    BLH
    Keymaster

    ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი

    სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის მიხედვით „ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.“

    ვალდებულების ერთ-ერთი სახეა ზიანის ანაზღაურება, რომლის შესახებ ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ზოგად საფუძველს.

    მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

    აღნიშნული ნორმა ვრცელდება, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

    კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება,თუ არსებობს ზიანის ანაზღაურების შემდეგი საფუძვლები:

    • მართლსაწინააღმდეგო ქმედება
    • ზიანი
    • მიზეზობრივი კავშირი
    • ბრალი

    სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ზიანის ანაზღაურებისთვის არ არის აუცილებელი ბრალისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა, ასეთია ცალკეული დელიქტები, როგორიცაა სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზიანის ანაზღაურება, რადიაციული ნივთიერების, შენობებისა და სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე ზიანის დადგომის შემთხვევები.

    მოვალეს არ ეკისრება ზიანის ანაზღაურება ვალდებულების დარღვევისთვის, როდესაც სახეზე არ არის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტი.

    მაგ: „A”-ს უნდა მიეწოდებინა “B”-ისთვის 100 ტონა ხორბალი 2016 წლის 10 მაისამდე. მან ვალდებულების ჯეროვნად შესრულება შეძლო მხოლოდ 2016 წლის 25 მაისს. ვადის დარღვევა განპირობებული იყო დაუძლეველი ძალით. „B”-ს მიადგა 3000 ლარის ზიანი.

    მოცემულ შემთხვევაში, სკ-ის 394.1-ე და 401-ე მუხლების საფუძველზე, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ზიანის ანაზღაურებისთვის.

    მაგ: „A”-მ იყიდა 10 ტონა მანდარინი „B”-სგან, რომელიც მას უნდა წაეღო „A”-ს საწყობიდან 2015 წლის 20 მაისს, მიუხედავად “B”-ს არაერთი მოთხოვნისა, მას არ წაუღია საქონელი 2015 წლის 10 აპრილამდე, როდესაც მოხდა მიწისძვრა და განადგურდა საწყობში არსებული მანდარინი. ასეთ შემთხვევაში „B” ვერ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას მისი საქონლის დაზიანებისთვის.

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 34 total)
  • You must be logged in to reply to this topic.