მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ვალდებულებითი სამართლის ზოგადი საკითხები

Viewing 4 posts - 31 through 34 (of 34 total)
  • Author
    Posts
  • #33914

    კეთილსინდისიერების პრინციპი

    ას-1338-1376-2014

    საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

    კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა  „ius civile“-სა და რომაულ  სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “bona fide“-ს (“fides“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ex fide bona“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა.

    თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე  დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.

    კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

    უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ  ურთიერთობათა  კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.

    კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი  გახდეს.

    იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული შეხედულების მიხედვით, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება:

    1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე;

    2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა  მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია;

    3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.

    კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.

    #33917
    BLH
    Keymaster

    მართლსაწინააღმდეგო ქმედების გარეშე პასუხისმგებლობის სახეები

    მოვალე ბრალეულად დაარღვევს თავის ვალდებულებებს თუ ბრალის გარეშე, ვალდებულების დარღვევა მაინც მართლსაწინაამღვდეგო იქნება.

    მაგ: მომეტებული საფრთხის რეალიზციის შედეგად დამდგარი ზიანის დროს, სახეზე საერთოდ არ არის ქმედება, თუმცა ვინაიდან შელახულია მართწერსრიგი, სახეზეა მართლწინააღმდეგობის ელემენტი.

    ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო სამართალი იცნობს მართლსაწინააღმდეგო ქმედების გარეშე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. ასეთი შემთხვევები შეგვიძლია დავახარისხოთ ორ პირობით კატეგორიად:

    1) მართლზომიერი ქმედების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ასეთი შემთხვევები გვაქვს უფლების განხორციელების დროს, აუცილებელი მოგერიება(116), უკიდურესი აუცილებლობა (117) თვითდახმარება (118).

    2) მომეტებული საფრთხის რეალიზაციის დროს დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მაგ: სკ-ის 999-ე მუხლი, ავტომობილის ექპსლოატაციის დროს დამდგარი ზიანი იმით ხასიათდება, რომ იგი არ არის გამოწვეული მძღოლის ქმედებით, არამედ იგი გამოწვეულია ადამიანის მიერ უკონტროლი მოვლენით- რა ღონეც არ უნდა მიიღოს ადამიანმა იგი ვერ აღკვეთავს ზიანის დადგომას.

    ასეთ შემთხვევებში მართალი სახეზე არ გვაქვს მართლწინააღმდეგობა ქმედება, თუმცა ვინაიდან მომეტებული საფრთხის შედეგად ხდება მართლწესრიგის შელახვა, სახეზეა მართლწინააღმდეგობის ელემენტი, ქმედების გარეშე.

     

     

    #35381
    BLH
    Keymaster

     

    სოლიდარული პასუხისმგებლობა

    №ას-1158-1104-2014

     

    ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა უმეტესობა მარტივი სახისაა და როგორც წესი, მასში მონაწილეობს ერთი კრედიტორი და ერთი მოვალე.

    როგორც 316-ე მუხლის დანაწესიდან ჩანს, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საკანონმდებლო მოდელიც, ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში ერთი მოვალისა და ერთი კრედიტორის არსებობის პრეზუმფციიდან გამოდის.

    დღევანდელ ეკონომიკურ-სამართლებრივ რეალობაში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა რთულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა მატების ტენდენცია, რომელშიც ერთ ან მეორე მხარეზე, ან ორივეზე ერთდროულად რამდენიმე კრედიტორი ან მოვალე მონაწილეობს.

    სოლიდარული ვალდებულება ვალდებულებით – სამართლებრივ ურთიერთობებში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული და რთული სახეა.  სოლიდარული ვალდებულების არსებობა (კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე) რამდენიმე წინაპირობას უკავშირდება.

    უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე რამდენიმე პირის მონაწილეობა. ამასთან, იმის მიხედვით, თუ  ვალდებულების რომელ მხარეზე მონაწილეობს სოლიდარულად რამდენიმე პირი, თითეულს ერთი და იმავე მოვალის მიმართ გააჩნდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ანდა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ვალდებულება.

    სწორედ ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც.

    ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირთა უფლებამოვალეობები შესაძლებელია ორ ნაწილად დავყოთ – „გარე“ და „შიდა“ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებად და მოვალეობებად.

    „გარე“ ურთიერთობა გულისხმობს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს ვალდებულების მეორე მხარის მიმართ გააჩნია. რაც შეეხება შიდა ურთიერთობას, იგი ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს მოიცავს ერთმანეთთან მიმართებაში.

    როგორც წილადი, ასევე სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში.

    განსხვავებულ სურათთან გვაქვს საქმე ვალდებულებაში მონაწილე ამ რამდენიმე სუბიექტის „შიდა“ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „გარე“ ურთიერთობაში წილობრივი ან სოლიდარული უფლებამოსილება თუ ვალდებულება იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თუ როგორ აქვთ მოწესრიგებული „შიდა“ ურთიერთობები ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს. შესაბამისად, შესაძლებელია ვალდებულებაში სოლიდარულად, ანდა წილობრივად მონაწილე პირებს „შიდა“ ურთიერთობა სრულიად განსხვებულად ჰქონდეთ დარეგულირებული. „შიდა“ ურთიერთობა მხოლოდ „გარე“ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ხდება აქტუალური.

    სწორედ „შიდა“ ურთიერთობებით დადგენილი წილი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ ვინ რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი.  წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე.

    სამოქალაქო კოდექსის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.  სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა.

    სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. მუხლის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს.

    უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს.

    მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. 

    მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, თითოეული მათგანი მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე იყოს ვალდებული. ამით განსხვავდება სოლიდარული ვალდებულება წილობრივი ვალდებულებისგან. წილობრივი ვალდებულების დროს წილობრივი მოვალე მხოლოდ თავისი წილის ფარგლებში არის პასუხისმგებელი. სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში თითოეულ სოლიდარულ მოვალეს ვალდებულების მთლიანი შესრულების ვალდებულება ეკისრება. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მთლიანი ვალდებულების შესრულება, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია.

    სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.  სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა.  კანონის საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულების შემთხვევები სამოქალაქო კოდექსში საკმაოდ მრავლადაა.

    მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ზიანის დადგომაში მონაწილე პირების სოლიდარულ პასუხისმგებლობას აწესებს.  განსაკუთრებით ხშირია კანონისმიერი საფუძვლები საკორპორაციო სამართალში. მაგალითად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს) პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების (კს) პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები), მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ საზოგადოების ვალდებულებისათვის სოლიდარულად. ასევე სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მუხლის თანახმად, საწარმოს დაფუძნებამდე საწარმოს სახელით მოქმედ პირებსა და საწარმოს დამფუძნებლებს.

    სოლიდარული ვალდებულების დროს ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება დანარჩენ მოვალეებსაც ათავისუფლებს კრედიტორის წინაშე შესრულების ვალდებულებისაგან.

     

    #38047
    BLH
    Keymaster

    ვალდებულების შესრულების ფორმა/წესი/მტკიცებულება

    მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს ქონების მფლობელობაში გადაცემის ვალდებულების შესრულების ფორმა და წესი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ „ამ ფორმის დაუცველობას შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა, როდესაც ვალდებულების შესრულება არ იწვევს დავას ან/და ვალდებულების შესრულება ცალსახად ვლინდება ობიექტური გარემოებებიდან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულება მხარეთა შორის იწვევს დავას, ხელშეკრულების ამ პირობას (ვალდებულების შესრულების წესზე და ფორმაზე შეთანხმებას) შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა“ (იხ. სუსგ #ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).

    კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მტკიცებულებას და მიუთითებს უფლებაშემწყვეტი იურიდიული ხასიათის მოქმედებაზე. მხარეებმა თვითონ განსაზღვრეს, თუ რა ფორმით შეიძლება ვალდებულების შესრულების მიღების დადასტურება და ამ წესის შეცვლა მხოლოდ მხრეებს შეუძლიათ.

    საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზემოხსენებულ განჩინებაში განმარტა, რომ: „ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას . . . ვალდებულების შესრულების მიღების შესახებ შეთანხმებისათვის გათვალისწინებული ფორმის დაუცველობას, შესაძლებელია, არ მოჰყვეს ფორმადაუცველი გარიგებისათვის დადგენილი შედეგი, როდესაც მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებებით ფაქტობრივად იცვლება მათ მიერ განსაზღვრული წესი, მაგრამ ამ შემთხვევაში, გარკვეული თავისებურება ახასიათებს ვალდებულების შესრულების მტკიცებას“ (იხ. სუსგ #ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).

Viewing 4 posts - 31 through 34 (of 34 total)
  • You must be logged in to reply to this topic.