Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Crassus
Participantწილთა თანაბრობის პრინციპი
თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი (სსკ 954-ე მუხლი).
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მხარეებს, რომლებიც არიან სახლმფლობელობის თანამესაკუთრეები 1/2 წილის უფლებით, ეკუთვნით თანაბარი წილი მიწის ნაკვეთზეც.
სააპელაციო სასამართლომ 954-ე მუხლი განმარტა იმგვარად, რომ მხარეეებს თანაბარი წილი მიაკუთვნა მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან დაუშვებლად მიიჩნია მიწაზე და მის არსებით შემადგენელ ნაწილზე განსხვავებული ოდენობის წილობრივი თანასაკუთრების არსებობა.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და მიუთითა, რომ მითითებული ნორმის სრულ შინაარს უკავშირდება განსხვავებული სამართლებრივი შედეგები. კერძოდ, მხარეთა წილი მიიჩნევა თანაბრად, თუ არ დგინდება სპეციალური შეთანხმება მხარეებს შორის.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო კოდექსმა ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული გამოაცხადა ამ პირთა საკუთრებად და მათზე გავრცელდა უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირთა ერთობლივ კანონიერ სარგებლობაში არსებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მათ თანასაკუთრებად.
პრაქტიკაში უმეტესად ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სახლის თანამესაკუთრეებმა სარგებლობაში არსებული მიწები შეთანხმების საფუძველზე ღობით გამიჯნეს ან სხვა სახის მყარი ნაგებობით ან ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ შეთანხმებული მიწის ნაკვეთის ნაწილით. ასეთ შემთხვევაში მათ საკუთრების უფლება წარმოეშვათ მიწის ნაკვეთის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც მათ უშუალო სარგებლობაში იყო ამ კოდექსის ამოქმედებამდე და არა მთელს მიწის ნაკვეთზე, რომელიც მიმაგრებული იყო მათ საერთო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული მიწა გახდა არა თანასაკუთრების, არამედ ამ პირთა დამოუკიდებელი საკუთრების საგანი. ასეთი უფლება გავრცელდა მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთზე, რომლითაც სარგებლობენ ეს პირები. ხოლო მიწა, რომელზეც აღმართულია მათი საცხოვრებელი სახლი, სახლთან ერთად წარმოადგენს მათ მესაკუთრეთა თანასაკუთრებას შესაბამისი წილების მიხედვით. (სუს განჩინება, N ას–596-823-08).
Crassus
Participantსამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ზოგადი დახასიათება
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მარჩენალი კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას, სარჩენისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამიდღესშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ნატურით ან ფულით.
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ელემენტები:
1. ორმხირივობა- ორივე მხარეს აქვს, როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.
2. კონსესუალურობა – დადებულად ითვლება მხარეთა შეთანხმების მომენტიდან.
3. სასყიდლიანობა –ყოველთვის სასყიდლიანია, რადგან მარჩენალი მიღებული ქონების სანაცვლოდ სარჩენს უხდის ხელშეკრულებით დადგენილ სარჩოს.
სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში სარჩენი- შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი.
ხელშეკრულების საგანი – ქონება, რომელიც არის სარჩენის საკუთრება (მოძრავი, უძრავი) და რომელსაც იგი ხელშეკრულებით გადასცემს მარჩენალს. ხოლო მარჩენალმა სანაცვლოდ უნდა უხადოს სარჩო, რომელიც შეიძლება დადგინდეს ფულადად (მაგ: 100 ყოველ კვირა ), ან ნატურით მაგ: სარჩოს უზრუნველყოფა ბინით,მოვლით, სხვა აუცილებელი დახმარებით (მაგ: წამლებით). ნატურით სარჩოს დადგენისას საჭიროა, ხელშეკრულებაში დეტალურად აღიწეროს ყველა პირობა.
სარჩოს ოდენობა, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისთვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ან ზოგჯერ აღემატებოდეს კიდეც მას. მართალია სამისდღეშიო ხელშეკრულება ვადიანი და ჩვეულებრივ მოიცავს სარჩენის მთელ სიცოცხლეს, მაგრამ ხელშეკრულებით შეიძლება სხვა რამ იქნეს გათვალისწინებული.
ხელშეკრულების ვადა- უნდა დადგინდეს ხელშეკრულებით, მაგ: სარჩენის მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობით, 10 წლით, 1 წლით, 6 თვით, რომლის განმავლობაშიც მარჩენალი კისრულობს სარჩოს გადახდას.
მარჩენალს სარჩენის ქონებაზე წარმოეშობა საკუთრების უფლება, მაგრამ შეზღუდვებით. სარჩენის სიცოცხლეში მას უფლება არ აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე.
Crassus
Participantჩუქების ხელშეკრულების არსი
ჩუქების ხელშეკრულებით, ერთი პირი ქონებაზე საკუთრების უფლებას გადასცემს მეორე პირს უსასყიდლოდ, საჭიროა ორივე მხარის ნების გამოვლენა. მჩუქებელმა უნდა გამოავლინოს ქონების ჩუქების ნება, ხოლო დასაჩუქრებულმა ამ ქონების მიღების სურვილი.
ჩუქების ხელშეკრულების ელემენტები:
1. ცალმხრივობა– ჩუქების ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, მჩუქებელს გააჩნია ნივთის გადაცემის ვალდებულება, ხოლო დასაჩუქრებულს- ნივთის მიღების უფლება, ანუ ერთ მხარეს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება, რაც შეესაბამება მეორე მხარის ვალდებულებას.
2. რეალურობა– შეთანხმების მომეტი ემთხვევა საკუთრების გადაცემის მომენტს.
3. უსასყიდლობა– მჩუქებელს არა აქვს უფლება მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება.
Crassus
Participantნასყიდობის ხელშეკრულების არსი
ნასყიდობის ცნება: ნასყიდობის ცნება განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც:
„ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.“
„მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.“
ამდენად, ნასყიდობის ცნებიდან გამომდინარე აღნიშნული ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი ელემენტებით:
1. ორმხრივობა– ნასყიდობის ხელშეკრულების ორივე მხარეს აქვს, როგორც უფლება, ისე ვალდებულება. მყიდველს აქვს საფასურის გადახდის ვალდებულება და ნასყიდობის საგნის მიღების უფლება, ხოლო გამყიდველს საგნის გადაცემის ვალდებულება და საფასურის მიღების უფლება.
2. კონსესუალურობა– ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მასზე შეთანხმების მომენტიდან და იგი შეიძლება არ დაემთხვეს ვალდებულების შესრულების მომენტს.
3. სასყიდლიანობა– ორივე მხარე ღებულობს ურთიერთსარგებელს.
ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ სამოქალაქო სამართლის ნებისმიერი სუბიექტი (ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი), ხოლო ნასყიდობის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, მნიშვნელოვანია გამყიდველს გააჩნდეს ნასყიდობის საგნის განკარგვის უფლებამოსილება. ასეთი უფლებამოსილება, საგნის მესაკუთრის გარდა შეიძლება გააჩნდეს ნებისმიერ პირს, კანონის ან/და მესაკუთრის ნების საფუძველზე.
არსობრივად ზუსტად იგივე ტიპის ხელშეკრულებაა გაცვლის ხელშეკრულებაც, ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს. ანუ გასაყიდი ფასის ადგილს იკავებს ნივთი. აქედან გამომდინარე, გაცვლის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს ანალოგიით არეგულირებენ ნასყიდობის ნორმები.
Crassus
Participant<cite> @StepanozMamfal said:</cite> #ას-755-971-08 ამ გადაწყვეტილებაში, სასამართლო განმარტა, რომ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები (მათ შორის ადვოკატის მომსახურების ხარჯები) არ უნდა ჩაითვალოს სარჩელის/საჩივარის საგნის ღირებულებაში, თუმცა #ას-1005-1204-08 ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო სააპელაციო საჩივრის ღირებულებაში ჩათვალა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა.
ზოგადად არ უნდა ჩაითვალოს საპროცესო ხარჯები სარჩელის და საჩივრის ღირებულებაში, აღნიშნული პირდაპირ ჩანს საპროცესო კოდექსი, თუმცა როცა საჩივრდება თვითონ საპროცესო ხაჯრების დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ შეიძლება საჩივრის ღირებულებაში შევიდეს საპროცესო ხარჯები. მაგალითისათვის სასამართლო ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, თუმცა ხარჯები არ გაანაწილა შუაზე და მხოლოდ ერთი მხარეს დააკისრა. ამ შემთხვევაში ე.წ. “დაჩაგრული მხარე” თუ ასაჩივრებს მხოლოდ ხარჯების განაწილებას, მაშინ საჩივრის ფასი უნდა განისაზღვროს ზედემტად დაკისრებული ხარჯების ოდენობით.
Crassus
Participantზიანთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები
სხეულისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი
როდესაც სახეზეა სხეულის დაზიანება, როგორც წესი ამავდროულად ჯანმრთელობაც ზიანდება, მაგ: ხელ-ფეხის მოტეხვა. თუმცა არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც ეს ორი ცნება არ ემთხვევა ერთმანეთს:
მაგ: თმის შეჭრა, წვერის გაპარსვა სხეულის დაზიანებასთან არის კავშირში, თუმცა არ ზიანდება ჯანმრთელობა.
მაგ: ფსიქოლოგიური აშლილობა-ზიანდება ჯანმრთელობა, თუმცა არა სხეული.
სამედიცინო მკურნალობა, სპორტული დაზიანებები
მკურნალობისას სხეულის მთლიანობა ირღვევა პაციენტის თანხმობის საფუძველზე, პაციენტი აცნობიერებს მკურნალობით მიყენებული ზიანის რისკებს და ეთანხმება მას, წერილობითად, შესაბამისად ნებისმიერი ზიანი, რაც შეიძლება გამოიწვიოს სწორმა მკურნალობამ არ შეიძლება საფუძველი გახდეს ექიმის/კლინიკის პასუხისმგელობისა, სხვა სიტუაცია იქნება, თუ მკურნალობისას ზიანი დადგება ბრალეული ქმედებების შედეგად, ასეთ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურებადია.
სპორტული შეჯიბრების დროს მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება, რადგან სპორცმენს გაცნობიერებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება მოყვეს სპორტულ შეჯიბრს და შესაბამისად ამ რისკების რეალიზება ვერ გახდება ვინმეს პასუხისმგებლობის საფუძველი, თუმცა აქაც უნდა განვასხვაოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ხდება არა სპორტული რისკების რეალიზების შედეგად ზიანის მიყენება, არამედ სახეზეა სპორცმენისათვის ბრალეულად ზიანის მიყენება. მაგ: კონკურენტის მიერ ჭიდაობის დროს აკრძალული ილეთის გაკეთება მხოლოდ იმ განზრახვით, რომ ზიანი მიაყენოს თავის კონკურენტს.
Crassus
Participantარაქონებრივი ზიანი
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არაქონებრივი (მორალური) ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით. არაქონებრივი ზიანის შესახებ ცალკე თემა ფორუმზე, შესაბამისად დეტალურად აქ არ განვიხილავთ.
Crassus
Participantქონებრივი ზიანის ცნება
ქონებრივი ზიანის დადგენა როგორც წესი არ არის ძნელი. ქონებრივი ზიანის დადგენა ხდება ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით, კერძოდ რა ქონებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, სანამ მის მიმართ განხორციელდებოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მას მიადგებოდა ქონებრივი ზიანი და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა პირი, ქონებრივი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემდგომ. ზიანის მოცულობა განისაზღვრება ამ ორ მდგომარეობის შორის სხვაობით.
მაგ: ავტომობილით მოძრავმა „ა“-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და დაეჯახა „ბ“-ს, რომლის მანქანის დაზიანების მოცულობამ შეადგენა 5.000 ლარი, მისი მკურნალობის ხარჯებმა- 2.000 ლარი, ხოლო დროებითი შრომისუუნარობის გამო მას მიადგა 1000 ლარიანი ზიანი. ამდენად „ბ“-სთვის მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს 8.000 ლარს, რაც დგინდება საგზაო შემთხვევამდე „ბ“-ს ქონებრივი მდგომარეობისა და ავარიის შემდგომი ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით.
პასივების ზრდა– ქონებრივი ზიანი გვაქვს მაშინაც, როდესაც დაზარალებულს ეზრდება პასივები, მაგ: თუ დაზარალებულს მოუწია მკურნალობა- მკურნალობის ხარჯები. ასეთ შემთხვევებში დაზარალებულს ემატება ვალდებულებები (ვალები), რაც ბუნებრივია მისი ქონებრივი მდგომარეობის შემცირებას წარმოადგენს.
შემოსავლების დაკარგვა– ზემოთ მითითებული ქონებრივი ზიანის დადგენის ფორმულა არ გამოდგება მომავალში წარმოშობილი ქონებრივი უფლებების მიმართ (მიუღებელი შემოსავალი). მაგ: თუ დაზარალებული პირი სამსახურში ღებულობს 1000 ლარს თვიურ ხელფას და მიყენებული ზიანის გამო იგი ვეღარ ახერხებს სამსახურში სიარულს 4 თვის მანძილზე. ასეთ შემთხვევაში მომავალში მისაღები ხელფასიც ჩაითვლება ზიანად და ანაზღაურდება, როგორც მიუღებელი შემოსავალი.
ქონებრივი ზიანის სხვა ფორმებიც არსებობს, მაგ: დაზარალებული ვეღარ ახორცილებს შიდა სახლის საქმეებს: ვეღარ ალაგებს, ამზადებს საჭმელს და ა.შ., რის გამოც მან დაიქირავა დამხმარე მოსამსახურე. აღნიშნული ზიანიც უნდა ანაზღაურდეს.
Crassus
Participantზიანის ცნება
ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. თუ არ არსებობს ზიანი, ვერც ქონებრივი პასუხისმგებლობა იარსებებს, ვინაიდან ზიანი არის ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ამოსავალი წერტილი.
ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებაუნარიანი ზიანი. ასეთია სამართლებრივად მნიშვნელოვანი და დაცული ზიანი. ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შეუძლებელია, ვერ ჩაითვლება ასეთად. არ ანაზღაურდება უმნიშვნელო ზიანი, რომლის რისკის მატარებელიც შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი. მაგ: „ქირავნობისას უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება“.
არსებობს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანი:
სახელშეკრულებო ზიანი, სახელშეკრულებო ურთიერთობის დაღვევის შედეგია. გამყიდველი, რომელმაც მყიდველს მიაწოდა უხარისხო პროდუქცია, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ამით მიყენებული ზიანი. ასეთი ვალდებულება ეკისრება გამჩუქებელს, რომელმაც ბოროტი განზრახვით დამალა გაჩუქებული ქონების ნაკლი, რამაც დასაჩუქრებულის ზიანი გამოიწვია.
არა სახელშეკრულებო ზიანის მაგალითია დელიქტური ზიანი. არასახელშეკრულებო ზიანი წინასწარ შეუფასებელი ზიანია და მისი ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება იმის მიხედვით, თუ რა ფასეულობის სიკეთე იქნება ხელყოფილი.
ზიანი იყოფა ქონებრივად და არა ქონებრივად:
ქონებრივი ზიანი ქონებრივი სიკეთეს ხელყოფით შემოიფარგლება, მაშინ როცა არაქონებრივი ზიანი არაქონებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგსაც წარმოადგენს, კერძოდ ისეთისა, რომელიც არაა სამოქალაქო ბრუნვის საგანი. ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს ქონებას სამართლებრივი გაგებით, მაგრამ მისი ხელყოფით დამდგარი ზიანი ანაზღაურებადია.
არაქონებრივი მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივისგან დამოუკიდებლად. თუ ქონებრივი ზიანის ანაზღაურება ისევ ქონებრივი საშუალებებით ხდება, არაქონებრივი ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს სხვა გზებითაც.
Crassus
Participantუსაფუძვლო გამდიდრება და ზიანის ანაზღაურება
სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სუსგ. N-ას-24-379-07)
წინამდებარე გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ განმარტა 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის არსი:
981-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს იურიდიული პასუხისმგებლობის ე.წ „საჯარიმო» და უფლებააღდგენით (ამ შემთხვევაში საკომპენსაციო) ფუნქციას. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის უმთავრესი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მისი რეალიზაციისას დაზარებულს უნდა აუნაზღაურდეს ის სარგებელი, რომელიც მიმღებმა ვერ მიიღო მეურნეობის არასათანადოდ გაძღოლის გამო და ამაში მიმღებს მიუძღვის ბრალი.
კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია ის შემოსავალი, რომელიც უნდა მიღებულიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ამდენად, ყურადღება გამახვილებულია მიმღების ანუ უსაფუძვლოდ გამდიდრებული პირის შესაძლებლობებზე, კერძოდ, აღნიშნული ნორმის კვალიფიკაციისათვის უნდა არსებობდეს გარემოება, როდესაც ქონების მიმღებს მისი ნორმალური სამეურნეო გაძღოლის შემთხვევაში შეეძლო მიეღო სარგებელი, მაგრამ ეს არ გააკეთა ბრალეული ქმედებით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის მატარებელია დაზარალებული, რომელმაც უნდა დაადასტუროს მიმღების ბრალი მიღებული ქონების არასათანადოდ გაძღოლისა და ამის შედეგად მოგების არმიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად.
-
AuthorPosts
