Viewing 10 posts - 1 through 10 (of 136 total)
  • Author
    Posts
  • #1443

    საოჯახო სამართალი

    ამ თემაში განვიხილავთ საოჯახო სამართლებრივ საკითხებს, როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, მეუღლეთა თანაზიარი ქონება, საალიმენტო ურთიერთობანი და ა.შ.

    სარჩევი:

    1) ქორწინება და განქორწინება

    ქორწინების სამართლებრივი ბუნება

    ქორწინების ბათილობის საფუძველი

    განქორწინების სამართლებრივი ბუნება

    2) მეუღლეთა საკუთრება

    მეუღლეთა თანასაკუთრება 

    წილის თანაბრობის პრინციპი

    მეუღლეთა თანასაკუთრების პრეზუმფცია უძრავ ქონებაზე

    თანასაკუთრების განკარგვა განქორწინების შემდეგ

    თანასაკუთრების განკარგვა დაბალ ფასად

    მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობის ხანდაზმულობის ვადები

    თანასაკუთრების გაყოფა მეუღლის გარდაცვალების შემდგომ

    ერთი მეუღლის მიერ მეორისთვის სახლის მიყიდვა

    ქორწინების პერიოდში, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია

    პირადი ფულით შეძენილი ქონება

    თანასაკუთრების განკარგვა: ბავშობის მეგობრისთვის მიყიდვა

    თანასაკუთრების განკარგვა: შვილზე გადაფორმება

    მეუღლეთა საერთო ვალი და თანასაკუთრება

    3) საალიმენტო ვალდებულებები

    ალიმენტთან დაკავშირებული საკითხები

    ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება

    ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა 

    ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ფინანსური მდგომარეობა

    4) არასრულწლოვანზე მზრუნველობა 

    არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

    დედის მიერ შვილის საზღვარგარეთ წაყვანა საცხოვრებლად

    მამობის დადგენა

    ბავშვის ქონების განკარგვა მშობლის მიერ

    #1481
    BLH
    Keymaster

    ქორწინების სამართლებრივი ბუნება

    ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში (იუსტიციის სახლში).

    რეგისტრაციის გარეშე ქორწინება არ წარმოიშობა. ჯვრისწერა ან სხვა მსგავს ღონისძიებებს სამართლებრივი ძალა არ გააჩნიათ.

    რა პირობებია აუცილებელი ქორწინებისათვის?

    ორი პირობაა აუცილებელი:

    1)დასაქორწინებელი წყვილის თანხმობა, რომელსაც ისინი ხელმოწერით ადასტურებენ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

    2)მათი ასაკი- ქორწინება დაიშვება 18 წელს მიღწეულ პირებს შორის. (თუმცა არსებობს გამონაკლისი, როცა 16 წელს მიღწეულ პირებს შორის ხდება ქორწინება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მშობლის/მზრუნველის წინასწარი თანხმობა, ხოლო მისი მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება).

    რა არის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები?

    1) დაუშვებელია ქორწინება ისეთ პირებს შორის, რომლებიც სხვა პირთან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. (მათ შეუძლიათ განქორწინდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაქორწინდნენ სხვა პირთან)

    2)დაუშვებელია ქორწინება პირდაპირ აღმავალ/დაღმავალ ნათესავებს შორის. (მაგ: პირდაპირი აღმავალი ნათესავები: მამა-ბაბუა-ბაბუის მამა და ა.შ.; პირდაპირი დაღმავალი ნათესავები: შვილი-შვილიშვილი-შვილთაშვილი).

    3) ბიოლოგიური და-ძმასა და არაბიოლოგიური და-ძმას შორის.

    4)მშვილებელსა და ნაშვილებს შორის.

    5) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ გამოცხადებულ პირთან.

    #1491
    BLH
    Keymaster

    განქორწინება და მისი სამართლებრივი ბუნება

    ქორწინება წყდება ორ შემთხვევაში: 1) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება ან გარდაცვლილად გამოცხადება. 2) განქორწინება.

    განქორწინება თავის მხრივ ორი სახისაა: ა) ნებაყოფლობითი.  ბ) სასამართლოს მეშვეობით, მეუღლეებს შორის დავის არსებობისას

    განქორწინება ხდება სასამართლო წესით თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა რაიმე საკითხთან დაკავშირებით (იხ. ქვემოთ). დავის არ არსებობის შემთხვევაში განქორწინება ხდება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში.

    ნებაყოფლობით განქორწინების საფუძველია ორივე მეუღლის (ან მათი წარმომადგენლების) განცხადება განქორწინების შესახებ. მეუღლეები განქორწინებულად  ითვლებიან განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან, რაც ხორციელდება მეუღლეთა განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში.

    თუ ერთ-ერთი მეუღლე არ არის თანახმა განქორწინდეს, მაშინ მეორე მეუღლეს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს განქორწინება. განქორწინებასთან ერთად აღნიშნული პროცესის ფარგლებში შეიძლება განხილულ იქნეს განქორწინებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები, როგორიცაა:

    ა) შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

    ბ) საალიმენტო ურთიერთობები;

    გ) მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა;

    სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განქორწინების თაობაზე არ ახდენს ავტომატურად ქორწინების შეწყვეტას. ამისათვის საჭიროა აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დაინტერესებულმა მეუღლემ მიმართოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს განქორწინების მოთხოვნით.

    აქვე აღსანიშნავია, რომ ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.

    #1513

    არასრულწლოვანის საცხოვრებლის განსაზღვრასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები

    უპირველესყოვლისა აღსანიშნავია, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა შესაძლებელია, როგორც მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ისე მათ შორის ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაშიც, სასამართლოს მეშვეობით.

    მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით მოხდა ბავშვის საცხოვრებლის განსაზღვრა, თუ სასამართლოს მეშვეობით, ორივე მშობელს უნარჩუნდება თანაბარი უფლება-მოვალეობანი შვილის მიმართ (მაგ: შვილის აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტა- ვთქვათ შვილის საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვების საკითხის).

    თუმცა მეორე მხრივ ის მშობელი, რომელთანაც იცხოვრებს ბავშვი უფლებამოსილი იქნება ყოველდღიური საყოფაცხოვრებლო საკითხების შესახებ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ასევე იგი უფლებამოსილი იქნება მეორე მშობლისგან, შვილის აღზრდის საჭიროებიდან გამომდიანრე,  მოითხოვოს ალიმენტი.

    და ბოლოს, საქართველოს სასამართლოების არსებულ სასამართლო პრაქტიკას თუ გადავავლებთ თვალს, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის მიხედვით დედაც და მამაც თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და არანაირი დათქმა ბავშვის საცხოვრებლის განსაზღვრისას, დედისთვის უპირატესობის მინიჭებაზე არ არსებობს, სასამართლოები მაინც დედას ანიჭებენ უპირატესობას, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გარემოება არ დგინდება საქმეში, რომელიც დედასთან შვილის ცხოვრების მიზაშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

    #29753

    არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

    (სუსგ. N-ას-1062-996-2012 )

    თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ  შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას, ძირითადი ყურადღება იყო გადატანილი მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებულ შედეგებზე, რასაც სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისათვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, გაეროს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას არ გაამახვილა ყურადღება საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც აუცილებელია სამართლებრივი დასკვნებისათვის.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: გაეროს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ დაშორება აუცილებელია და ბავშვის ინტერესებისთვის უკეთესია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას რომელიმე მშობელთან, რაც სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქოპედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით.

    ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ის რისკები, რომლებიც ეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ სტრესს, დედასთან დაშორებით გამოწვეულ უარყოფით განცდას და შესაბამისი სპეციალისტების მეშვეობით გამოიკვლიოს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე რომელი რისკის აცილება უფრო მნიშვნელოვანია ასაკის გათვალისწინებით.

    სააპელაციო სასამართლომ უნდა გაამახვილოს ყურადღება ისეთ აუცილებელ კრიტერიუმებზე, როგორიცაა ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა, განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა, დედის მიერ ბავშვის მიტოვების მიზეზი.

    საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვისა და დედის გაერთიანება, დედას უნდა ჰქონდეს მშობლის უფლებებისა და ვალდებულებების რეალიზაციის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, დედას უფლება აქვს, მოითხოვოს ბავშვის დაბრუნება. ზემოაღნიშნული საფუძვლით საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

    #29486
    BLH
    Keymaster

    არასრულწლოვანი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მშობლების განქორწინებისას

    (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N ას-904-944-2011)

    დავა ეხება ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების შეუთანხმებლობისას არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. მოცემულ შემთხვევაში მეუღლეებს ჰყავთ ორი მცირეწლოვანი ბავშვი. ერთი მათგანი ცხოვრობს დედასთან, მეორე მამასთან.

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას სპეციალისტის დასკვნის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე და-ძმა ცალ-ცალკე არ უნდა იზრდებოდეს.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების შეუთანხმებლობისას არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელ ადგილს განსაზღვრავს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

    კანონი არ ადგენს რაიმე პრეზუმფციას დედის ან მამის სასარგებლოდ. სასამართლო დავის გადაწყვეტისას, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, არკვევს, თუ რომელ მშობელს შეუძლია უკეთ უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა, რაც მარტო საბინაო-საყოფაცხოვრებო და მატერიალურ პირობებზე არ არის დამოკიდებული. ამდენად, დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტი უნდა განისაზღვროს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისად, აუცილებელია სპეციალისტების (ფსიქოლოგების) პროცესში მონაწილეობა და მათი დასკვნების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.

    #1515

    ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია

    განქორწინებისას ძალიან ხშირია ე.წ. საალიმენტო დავები. აღსანიშნავია, რომ ხშირად ალიმენტის გადახდის ვალდებულება მხოლოდ მშობლების ვალდებულებად აღიქმევა, რაც არასწორი შეხედულებაა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ალიმენტის გადახდის ვალდებულება შეიძლება გააჩნდეს, როგორც მშობელს შვილის მიმართ, ისე მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ, და-ძმას, ბებია-პაპას, გერს, დედინაცვალ-მამინაცვალს და ასევე ფაქტობრივ აღმზრდელსა და აღსაზრდელს.

    ალიმენტის გადახდის ვალდებულება თავისი ბუნებით წარმოადგენს პირად  ქონებრივ უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირს, ხოლო ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის გარდაცვალებისას, ეს უფლება არ გადადის მემკვიდრეობით.

    ალიმენტის გადახდის ვალდებულება ოჯახის, როგორც სოციალური მოვლენიდან გამომდინარე ვალდებულებაა..იგი ეყდნობა პრინციპს, რომლის მიხედვითაც ოჯახის წევრებმა ერთმანეთი უნდა არჩინონ და მხარში ამოუდგნენ. თუ ისინი არ ასრულებენ აღნიშნულ მორალურ ვალდებულებას, მაშინ სახელმწიფო ერევა ამ ურთიერთობაში და კანონმდებლობით აძლევს საშუალებას გასაჭირში მყოფ ოჯახის წევრს, რათა მან სასამართლოს მეშვეობით მიიღოს დახმარება სხვა ოჯახის წევრისგან, რომელსაც გააჩნია საალიმენტო ვალდებულება მის მიმართ.

    ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, როგორც ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მატერიალური მდგომარეობა, ისე იმ პირის მატერიალური მდგომაროება, ვისაც გააჩნია ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრებისა და მისი ოდენობის შესახებ.

    #29485
    BLH
    Keymaster

    ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ

     

    (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-58-49-2011)

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ ალიმენტვალდებული უმუშევარია, ალიმენტის მინიმალური ოდენობა დააკისრა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1214-ე მუხლის თანახმად, სასამართლო, ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე _ შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებს, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, ერთ-ერთი მათგანი ბავშვობიდან არის ინვალიდი. მძიმე ავადმყოფობის გამო იგი საჭიროებს მუდმივ მოვლასა და მკურნალობას, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან.

    პალატის განმარტებით, ალიმენტვალდებულის უმუშევრობა, თუ ეს არაა გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი გადაიხადოს ალიმენტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და საქმეზე მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    #29033
    BLH
    Keymaster

    ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა

    (სუსგ.N-1299-1266-2012)

    ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (N-2/ბ-796 01.08.12) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (N-2/57 01.06.12) გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელა სკ-ის 1212-ე, 1214-ე მუხლებით, 1221-ე მუხლის მეორე ნაწილით და, მოპასუხის გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მის მიერ გადასახადი საბანკო კრედიტის საფასურის გათვალისწინებით, გონივრულად მიიჩნია, დაკისრებული ალიმენტის 20 ლარით გაზრდა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე _ შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, რის შედეგადაც დაადგენს ალიმენტის ობიექტურ ოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანის რეალურ და აუცილებელ მოთხოვნილებებს. მართალია, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ამ უკანასკნელის კმაყოფაზე იმყოფება ახალ ქორწინებაში შეძენილი ორი არასრულწლოვანი შვილი. სადავო ალიმენტის ოდენობაზე, სასამართლოს განმარტებით, გავლენას ვერ მოახდენს მოპასუხის მიერ ყოველთვიურად კრედიტის დასაფარად დადგენილი გადასახადის გადახდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება სადავო ალიმენტის 40 ლარით გაზრდის თაობაზე.

    #1519
    BLH
    Keymaster

    მეუღლეთა თანასაკუთრება

    ქორწინებას მნიშვნელოვანი იურიდიული შედეგი მოაქვს, იგი წარმოშობს მეუღლეთა შორის ქონებრივ და პირადი სახის უფლება-მოვალეობებს, როგორიცაა მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მეუღლეების მემკვიდრობის უფლება და ა.შ.

    იხ. სტატია სრულიად   https://blh.com.ge/?p=1095

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 136 total)
  • You must be logged in to reply to this topic.