Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterნებართვის ცნება
ნებართვის შესახებ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო გამოსცემს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს.
ნებართვის საფუძველზე პირს წარმოეშობა განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. მაგ: მშენებლობის ნებართვა.
შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან.
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო გასცემს ნებართვსა, თუ დაინტერესებული პირი აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს. სანებართვო პირობები არის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.
BLH
Keymasterლიცენზიის ცნება
ლიცენზია არის განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც პირს ენიჭება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური აქტის საფუძველზე.
იმისათვის, რომ უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცეს ლიცენზიის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციული ინდივიდუალური აქტი, აუცილებელია პირი აკმაყოფილებდეს ლიცენზიისთვის დადგენილ მოთხოვნებს – სალიცენზიო პირობებს.
სალიცენზიო პირობები არის კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას.
BLH
Keymasterსადაზღვევო ხელშეკრულების ვადამდე მოშლა
(სუსგ. N-ას-1708-1602-2012)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეწყვეტილი იყო, რაც გამორიცხავდა დამზღვევის ვალდებულებას, აენაზღაურებინა მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემია. სასამართლომ ეს დასკვნა დაამყარა სკ-ის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლებს.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება ემყარება მხოლოდ ვარაუდს, რომ დამზღვევის მიერ პრემიის გადაუხდელობისას, როდესაც სადაზღვევო კომპანიამ წერილობით არ განუსაზღვრა ვადის დამრღვევს შესრულების დამატებითი ვადა, მხარეთა ორმხრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩათვლილიყო. სასამართლომ ეს მოსაზრება გაამყარა იმ არგუმენტითაც, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნით დამზღვევს კომპანიისათვის არ მიუმართავს. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული მსჯელობა, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისკენ მიმართული ერთ-ერთი მხარის ნამდვილი, ცალმხრივი ნების (ხელშეკრულებიდან გასვლა) არსებობა არ არის დადგენილი. სკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემიის დაკისრების ნაწილში, სკ-ის 799-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დასაბუთებული იყო.
BLH
Keymasterჩუქების გაუქმება უმადურობის საფუძვლით
(სუსგ. N-ას-62-59-2012)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 529-ე მუხლი.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება, დაედოს საფუძვლად, მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. მით უფრო, რომ, სკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
ხსენებული მუხლი ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას ითვალისწინებს. დადგენილი გარემოებების ნაწილი, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ უმადურობის ფაქტის დამადასტურებლად მიიჩნია, 2002 და 2006 წელს განხორციელდა, კერძოდ, თავად მოსარჩელე უთითებს, რომ დასაჩუქრებული გამჩუქებელს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა 2002 წელს, ხოლო ისრაელში დააკავეს და დეპორტაცია შეეხო 2006 წელს. თავად ქმედებების ხასიათიდან გამომდინარე, გამჩუქებლისთვის იმთავითვე იყო ცნობილი დასაჩუქრებული ქმედების თაობაზე, შესაბამისად, სკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, ამ ნაწილში სარჩელი ხანდაზმულია. რაც შეეხება ბინიდან გამოსახლების მოთხოვნას, როგორც ზემოთ აღინიშნა, ჩუქების გაუქმების საფუძველი მხოლოდ დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობა ან გამჩუქებლის მძიმე შეურაცხყოფა შეიძლება გახდეს, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რატომ შეიძლება ჩაითვალოს უმადურობად ან შეურაცხყოფად, მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ბინის განკარგვის სურვილი და, ამ მიზნით, ნივთის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნა. საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით მიიღო ახალი გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
BLH
Keymasterზიანის ანაზღაურების ხანდაზმულობის ვადები
(სუსგ. N-ას-247-237-2013)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივარი სამომავლო მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ისე დააკმაყოფილა, რომ არ გაითვალისწინა, სამოქალაქო კოდექსით დადგენილი კერძო სამართლებრივი უფლების განხორციელების ხანდაზმულობით შეზღუდვა, ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დააკმაყოფილა სარჩელი ნაწიბურის გამოსასწორებლად საჭირო პლასტიკური ოპერაციის ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სკ-ის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. როდესაც მოსარჩელეს ჩაუტარდა ოპერაცია და ამოკვეთეს თირკმელი, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, სამომავლოდ ექიმის მეთვალყურეობის საჭიროების თაობაზე.
შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა ამ ვადის გასვლის შემდეგაა აღძრული. რაც შეეხება პლასტიკური ოპერაციის აუცილებლობას, ეს, სკ-ის 102-ე მუხლის თანახმად მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, ხოლო ამგვარი ოპერაციის ღირებულება უნდა დადასტურებულიყო სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია, მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი დოკუმენტი, რომლითაც შესაბამის ოპერაციაზე მხოლოდ კლინიკაში არსებული სავარაუდო ღირებულება დგინდება. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა, სამომავლო მკურნალობის ხარჯების დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია, ხოლო პლასტიკური ოპერაციის ღირებულების დაკისრების შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ამდენად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
BLH
Keymasterყადაღის დადება მეუღლეთა თანასაკუთრებაზე
(სუსგ. N- ას-290-276-2013)
დავა ეხება მოძრავი ქონების ყადაღისგან განთავისუფლებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას არასწორად განმარტა სკ-ის 1158-ე მუხლი და მიიჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ დაყადაღებული ნივთები (გაზქურა, ცენტრალური გამათბობელი და ავეჯი) შეძენილია მეუღლეთა თანაცხოვრებისას, არ წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: ის გარემოება, რომ ნივთები უშუალოდ შეძენილია ცოლის მიერ, სადავო არ არის, მაგრამ მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს არა ის, რომ მან შეიძინა თავისი სახსრებით, არამედ ის, რომ ეს ნივთები არ წარმოადგენენ თანასაკუთრებას. შესაბამისად, სკ-ის 1158-ე მუხლიდან გამომდინარე, სსკ-ის 102-103-ე მუხლებისა და, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ ნივთებზე, რომლებიც შეძენილია ქორწინების პერიოდში მისი სახსრებით, არ წარმოიშობა თანასაკუთრება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ერთის მხრივ, იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე (ცოლი) ფლობს საწარმოს, რომელიც მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდშია დაფუძნებული და მისივე მითითებით სწორედ ამ საწარმოდან მიღებული შემოსავლით არის შეძენილი სადავო ნივთები. ხოლო რაიმე გარემოება, რომ მოსარჩელემ საწარმო დააფუძნა საკუთარი სახსრებით დადგენილი არ არის, მეორე მხრივ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მეორე მეუღლეც (ქმარი) ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და ასევე ჰქონდა საკუთარი შემოსავლის წყარო. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ცოლის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, სადაც ორივე მეუღლე ერთად ცხოვრობს და რომელშიც არსებული ნივთებია დაყადაღებული, შეძენილია, ასევე ქორწინების პერიოდში და დატვირთულია იპოთეკით ქმრის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალების გადახდის მიზნით. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ერთობლიობაში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მეუღლეები ეწეოდნენ საერთო მეურნეობას და სარგებლობდნენ სადავო ნივთებით (გამათბობლით, გაზქურით, ავეჯით), რომლებიც მათი საერთო მოხმარების საგნებს წარმოადგენენ.
BLH
Keymasterავტომობილზე საკუთრების უფლების პრეზუმფცია
(სუსგ. N-ას-24-22-2013)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას სკ-ის 489-ე მუხლზე დაყრდნობით არასწორად მიიჩნია სადავო ავტომანქანა უფლებრივი ნაკლის მქონე ნივთად და სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს, მთავარი პირობაა სკ-ის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობის დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მხარეთა შორის გაცვლის ხელშეკრულების დადებამდე, სადავო ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ირიცხებოდა მოპასუხის სახელზე და იმყოფებოდა მისავე მფლობელობაში. რაც ქმნის ვარაუდს, რომ გამყიდველი წარმოადგენდა გასხვისებული ნივთის მესაკუთრეს. ხოლო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ვერ აბათილებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ავტომანქანის უფლებრივ ნაკლთან დაკავშირებით პრეტენზია დაუსაბუთებელია.
BLH
Keymasterსაკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა
(სუსგ. ას-1655-1552-2011)
საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის სახელზე გაცემული იყო მინდობილობა და ამ უკანასკნელს მიენიჭა უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებისამებრ განეკარგა სადავო უძრავი ქონება, მათ შორის აღერიცხა საკუთარ სახელზე. სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას, სკ-ის 114-ე მუხლზე დაყრდნობით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეს ნასყიდობის საფასური არ ჰქონდა გადახდილი, არასწორად მიიჩნია, რომ სახეზე იყო მერყევად ბათილი გარიგება, რომლის ნამდვილობა დამოკიდებული იყო მოწონებაზე.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და 114-ე მუხლის დისპოზიციის გათვალისწინებით, აღნიშნული განმარტება არასწორია, კერძოდ, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება მერყევად ბათილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მხარეს წინასწარ არ ექნებოდა მარწმუნებლის თანხმობა, ქონების საკუთარ სახელზე აღრიცხვის თაობაზე. ამგვარი თანხმობის გარეშე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება იქნებოდა მერყევად ბათილი, რომელიც იურიდულ ძალას შეიძენდა იმ შემთხვევაში, თუ მარწმუნებელი მას მოიწონებდა.
განსახილველ შემთხვევაში, კი, ხელშეკრულების ნამდვილობა მარწმუნებლის მოწონებაზე არ იყო დამოკიდებული, ვინაიდან არსებული მინდობილობა ითვალისწინებდა მარწმუნებლის თანხმობას. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველადი მოთხოვნებია გამყიდველის მიერ ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის გადახდა. ამ ძირითადი სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობა წარმოშობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლებას და არ წარმოადგენს გარიგების ბათილობის საფუძველს, შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ნივთის საფასური არ გადაუხდია, არ შეიძლება ამ ხელშეკრულების ბათილობას დაედოს საფუძვლად. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკუთრების უფლების წარმომშობი ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
BLH
Keymasterშესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ
(სუსგ. N-ას-1247-1176-2012)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას, მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეფასების შედეგად არასწორად განსაზღვრა ვალდებულების შესრულების მიღების უფლებამოსილი პირი. იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შესრულება მიიღო მოპასუხემ (შვილმა) სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ჩვენებებს და მიიჩნია, რომ მიღებული თანხა მოხმარდა დედის (მოსარჩელის) რჩენას, მკურნალობასა და სხვა ხარჯებს.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სააღსრულებო ფურცლის შეფასება ცხადყოფს, რომ მხარეებს გააჩნდათ სხვადასხვა ვალდებულებები, რაც შეეხება თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირს კი, წარმოადგენდა მოსარჩელე. სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღების სამართლებრივი წინაპირობები სკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება შესრულებულად, თუკი კრედიტორმა ამაზე თანხმობა განაცხადა ან შესრულებისაგან მიიღო სარგებელი. მოცემული განჩინებით ირკვევა, რომ არც პირველი და არც მეორე შემთხვევა გამოკვლეული არ არის,Aასევე, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კრედიტორისათვის არა თანხის გადაცემაზე, არამედ იმაზე, რომ მას ეს თანხა მოხმარდა სხვაგვარად. იგი ეყრდნობა მხოლოდ მოპასუხის განცხადებას და არ იკვლევს, მიიღო თუ არა სარგებელი კრედიტორმა.
BLH
Keymasterმტკიცების ტვირთი (ნასყიდობა)
(გადაწყვეტილება #ას-1134-1065-2012)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის, ასევე დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს, კერძოდ, გამყიდველს დააკისრა მტკიცების ტვირთი მის მიერ გაყიდული ნივთის ნივთობრივი ნაკლის არსებობა-არარსებობის თაობაზე (ავტომანქანის გადამცემთა კოლოფის ხმაურთან დაკავშირებით).
საკასაციო სასამართლოს განმარტება: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნიდან არ გამომდინარეობს, რომ ხმაური, თავისთავად, ნაკლია. პირიქით, ექსპერტი ნაკლის არსებობას ვერ ადგენს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს იმ გარემოების გაბათილების ვალდებულება დააკისრა, რომლის არსებობის დადგენაც კი შეუძლებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ფარული ნაკლი“ გულისხმობს იმგვარ გაუმართაობას, რომელიც თვალსაჩინო არ არის ჩვეულებრივ პირობებში, მაგრამ მისი აღმოჩენა სათანადო ტექნიკური შემოწმებისას შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში კი, შეუძლებელია, დადგინდეს, ხმა დამახასიათებელია ამ მოდელის ავტომანქანისათვის თუ გადამცემთა კოლოფის დაზიანებითაა გამოწვეული. არსებული არც ერთი მტკიცებულებიდან არ გამომდინარეობს, რომ გადამცემთა კოლოფის ხმა ფარული ნაკლის არსებობაზე მიუთითებს, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ხმა, თავისთავად, ნაკლია, საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ემყარება და უსაფუძვლოა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე გააუქმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
-
AuthorPosts
