Forum Replies Created

Viewing 10 posts - 471 through 480 (of 494 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1937

    სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

     

    (უზენაესი სასამართლოს განჩინება №ას-386-737-07)

     

    “სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს:

    1. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე;

    2. თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა.

    საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ წარმომადგენლის მიერ მოქმედებათა შეუსრულებლობა თავისთავად არ წარმოადგენს ვადის გაშვების საპატიო მიზეზს. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვადის გაშვების საპატიოობაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კანონიერი წარმომადგენლის დამოკიდებულება არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიმართ. კანონიერი წარმომადგენლის მიერ თავის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ან უფლებამოსილების უკანონო გამოყენება შეიძლება გახდეს არასრულწლოვანის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საფუძველი.”

    in reply to: უსაფუძვლო გამდიდრება #2836

    უსაფუძვლო გამდიდრების სუბსიდიური ბუნება

    (N-ას- 1249-1269-2011)

    უზენაესი სასამართლოს განმარტება, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების სუბსიდიურ ბუნებასთან დაკავშირებით:

    “უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლოდ გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.”

    აღნიშნული განმარტება გაზიარებული იქნა სხვა საქმეშიც. (სუსგ №ას-305-287-2014 )

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1924

    @Edika

    სამოქალაქო კოდექსის 1423-ე მუხლის მიხედვით „სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძლება მიიღოს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.“

    სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, ანუ სამკვიდროს მიღებისათვის საკმარისია უფლებამოსილი მემკვიდრის ნების გამოვლენა, რომელიც ორი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს: ნოტარიუსისთვის მიმართვის გზით და ფაქტობრივი ფლობით.

    შესაბამისად სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება შესაძლებელია, მაგ: წარმომადგენელს ავალებ მემკვიდრეობით დატოვებული ბინის გაქირავებას, ან მის მოვლას და ა.შ.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1961

     

    ზუსტად მაგ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო (N-ას-483-794-09) განმარტავს, რომ

    საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენის შემთხვევაში მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, . ნამდვილ მესაკუთრეს შეუძლია გამოითხოვს უკვე სხვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება ხანდაზმულობის საერთო ვადის ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128- მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს.”

    ჩნდება კითხვა, რომ თუ სამკვიდრო ქონება მემკვიდრის საკუთრებად ითვლება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან და საკუთრების უფლება, როგოროც აბსოლუტური უფლების დაცვა არ ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადებს,  მაშინ რას ეყდნობა მოცემული გადაწყვეტილება?

    საქმე იმაშია, რომ მართალია მემკვიდრის მიერ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს უძრავი ქონების დაუფლება წარმოშობს მის საკუთრების უფლებას ამ უძრავ ქონებაზე, თუმცა, როდესაც აღნიშნული უძრავი ქონება სხვა არაუფლებამოსილი მემკვიდრის მიერ საკუთრების უფლებით აღირიცხება საჯარო რეესტრში, უფლებამოსილი მემკვიდრე, როგორც ნამდვილი მესაკუთრე უფლებამოსილია მოითხოვოს ვინდიკაციური სარჩელით მისი უძრავი ქონების გამოთხოვა, რაზეც ვრცელდება უკვე ხანდაზმულობის ვადა.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1584

    კანონით მემკვიდრეობა და მემკვიდრეთა რიგითობა

    როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდაცვილი პირის – მამკვიდრებლის ქონება (მემკვიდრეობა) გადადის სხვა პირებზე – მემკვიდრეებზე. მემკვიდრეობის მემკვიდრეებზე გადასვლის ორი საფუძველი არსებობს: ა) კანონისმიერი საფუძველი. ბ) ანდერძისმიერი საფუძველი. ასევე შესაძლებელია ქონების მემკვიდრეებზე გადასვლა ორივე ამ საფუძვლით. (მაგ: როცა მემკვიდრეობის მხოლოდ ნაწილზეა დაწერილი ანდერძი).

    კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს:

    ა) თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი. ბ) თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს. გ)თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი.

    კანონით მემკვიდრეობა გულისხმობს მამკვიდრების ქონების გადასვლას მხოლოდ კანონში მითითებულ პირებზე. კანონით მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ- პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. ასეთ პირთა წრე და რიგითობა ამომწურავად არის განსაზღვრული კანონმდებლობით.

    რა არის კანონით მემკვიდრეთა რიგითობა?

    არსებობს კანონით მემკვიდრეთა 5 რიგი. წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობაც კი გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.

    მაგ: თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალია პირველი რიგის მემკვიდრე და იგი ღებულობს მემკვიდრეობას, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები ვერ მიიღებენ სამკვიდოს. ან თუ პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები არ არსებობენ და არსებობს მესამე რიგის ერთი მემკვიდრე მაინც, მაშინ მეოთხე რიგის მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდროს.

    I რიგის მემკვიდრეები: შვილები (მათ შორის გარდაცვალების შემდგომ დაბადებული), მეუღლე, მშობლები.

    II რიგის მემკვიდრეები: და-ძმა

    III რიგის მემკვიდრეები: ბებია-პაპა

    IV რიგის მემკვიდრეები: ბიძნები, დეიდები და მამიდები

    V რიგის მემკვიდრეები: ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი

    ერთ რიგში შემავალ მემკვიდრეებს გააჩნიათ თანაბარი უფლება სამკვიდროს მიღებაზე.

    მაგ: თუ პირი გარდაიცვალა და მემკვიდრეები არიან მისი ორი შვილი, ცოლი და დედა, მაშინ სამკვიდრო გაიყოფა 4 ნაწილად და შეხვდება ყველა მემკვიდრეს თანაბრად.

    იმ შემთხვევაში თუ არც ერთი რიგის მემკვიდრე არ არსებობს, სამკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

     

    in reply to: საოჯახო სამართალი #4154

    მეუღლეთა თანასაკუთრება

     

    ერთი მეუღლის მიერ მეორისთვის სახლის მიყიდვა (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ას-960-1162-08)

     

    სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნიკას წარმოეშვა თანასაკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე, რადგან სახლი მეუღლეთა ერთად ცხოვრების დროს მიჰყიდა თავის ცოლს.აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა 1158-ე მუხლზე, რომლის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

     

    უზენაესი სასამართლოს პოზიცია: “მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ფულადი თანხის გადახდა (რაზეც მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. განსახილველ შემთხვევაში ხდება ზემოთ მითითებულის საპირისპირო. არ არსებობს მეუღლეთა ერთობლივი ნება ქონების შეძენისათვის. პირიქით, ერთი მეუღლე ასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ ნივთს, ხოლო მეორე მეუღლე იძენს მას. აღნიშნული აქტი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ცოლ-ქმრის მიერ ერთობლივად ქონების შეძენის ფაქტი. აქ მეუღლეები ინდივიდუალურად განკარგავენ მათ უფლებებს და მათ შეუძლებელია წარმოეშვათ თანასაკუთრება ამ ნივთზე.”

    in reply to: საოჯახო სამართალი #2562

    ალბათ მაგის ახსნა იმაშია, რომ კანონმდებელი ანსხვავებს ერთი მხრივ განქორწინების გზით ქორწინების შეწყვეტას და მეორე მხრივ ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შედეგად ქორწინების შეწყვეტას. ეს განსხვავება სავარაუდოდ ეფუძნება იმას, რომ განქორწინება, როგორც იურიდიული მოვლენა გულისხმობს ასევე ქონებრივ გაყრასაც და ეს ქონებრივი გაყრის ვადა უფრო მცირედ არის განსაზღვრული, ვიდრე ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებისას ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში, სადაც განქორწინება და შესაბამისად ქონებრივი გაყრის საკითხი არ დგას და შესაბამისად ხანდაზმულობის ზოგადი ვადები გამოიყენება.

    in reply to: საოჯახო სამართალი #2555

    სამოქალაქო კოდექსის 1171-ე მუხლი არარელევანტურია ამ შემთხვევაში, რადგან ეხება მხოლოდ განქორწინების გზით ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში თანასაკუთრების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობას, ხოლო ამ შემთხვევაში სახეზეა გარდაცვალებით ქორწინების შეწყვეტა, ამიტომაც უნდა გავრცელდეს 10 წლიანი ზოგადი ხანდაზმულობის ვადა აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1579

    მოდი სანამ მაგაზე პასუხს გაგცემ იმაზე შევთანხმდეთ, რომ სამოქალაქო კოდექსის 133-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა შორის მოთხვონებზე ხანდაზმულობა შეჩერებულია, სანამ ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან, ანუ განქორწინების რეგისტრაციის მომენტამდე.

    “მუხლი 133. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ქორწინების განმავლობაში

    სანამ ქორწინება არსებობს, მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება. იგივე წესი მოქმედებს მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე.”

    რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლს: ” მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.” 

    ხოლო იქვე გვაქვს 1171-ე მუხლი, რომელიც გვეუბნება, რომ  “განქორწინებულ მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის თაობაზე მოთხოვნებისათვის დადგენილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.”

    აქედან გამომდინარე, ვინაიდან თანასკუთრების განკარგვიდან მიღებული სარგებლის გაყოფა წარმოადგენს თანასაკუთრების გაყოფას, უნდა ვიფიქროთ, რომ სამ წლიანი ხანდაზმულობა ვრცელდება აღნიშნულ მოთხოვნაზე.

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #1574

    იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლა

    იპოთეკარის მოთხოვნის შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილია საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნიდან. მას ამის გაკეთება რამდენიმე სხვადასხვა გზით შეუძლია. თითოეულს მიმოვიხილავთ შემდეგ პოსტებში, ამ პოსტში კი შევეხებით ერთ-ერთ ასეთ საშუალებას, რასაც წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის შესაძლებლობა.

    იმისათვის, რომ იპოთეკარმა იპოთეკის საგანი საკუთრებაში მიიღოს უნდა არსებობდეს რამდენიმე პირობა ერთობლივად:

    ა) იპოთეკის ხელშეკრულებაში განსაზღვრული უნდა იყოს იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა.

    ბ) იპოთეკით დატვირთლი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარი და იპოთეკის საგნის მესაკუთრემ ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ საჯარო რეესტრს, რომლითაც მოხდება იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემა.

    მაგ: “A” ასესხა “B”-ს ასი ათასი დოლარი, მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა “B”-ს სამ ორთახიანი ბინა. იპოთეკის ხელშეკრულებაში მხარეებმა განსაზღვრეს პირობა, რომ “B”-ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მისი ბინა გადავიდოდა “A” საკუთრებაში.

    “B”-მ ვერ გადაიხადა ვალი. “A” და “B” მივიდნენ საჯარო რეესტრში და ერთობლივი განცხადების საფუძველზე “A”-ს საკუთრებაში გადავიდა “B”-ს ბინა.

    თუმცა პრაქტიკას თუ გადავავლებთ თვალს, ხშირ შემთხვევაში იპოთეკის საგნის მესაკუთრე ასე მარტივად არ თმობს ბინას და უარს აცხადებს რეესტრში ერთობლივი განცხადების წარდგენზე. ამ შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს ბინის მის საკუთრებაში გადაცემა.

    სამოქალაქო კოდექსი ასევე ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ნოტარიუსის მეშვეობით მოხდეს იპოთეკის საგნის იპოთეკარისათვის გადაცემის იძულებითი უზრუნველყოფა. ამისათვის საჭიროა:

    ა) იპოთეკის ხელშეკრულებაში განსაზღვრული უნდა იყოს იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა

    ბ) იპოთეკის ხელშეკრულებაშივე უნდა იყოს განსაზღვრული იმის შესაძლებლობა, რომ თუ მოვალე არ შეასრულებს ვალდებულებას, ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს აღსრულების ფურცელი.

    გ) იპოთეკის ხელშეკრულება უნდა იქნეს შედგენილი საჯარო ნოტარიული აქტით.

    მაგ: ზემოთ მოყვანილი მაგალითი, რომ ავიღოთ თუ სამივე ეს პირობა დაცულია, მაშინ “A” უფლებამოსილი იქნება მივიდეს ნოტარიუსთან და მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა, სასამართლოს გარეშე და შემდეგ უკვე აღნიშნული საბუთით მოახდინოს თავის საკუთრებად “B”-ს ბინის რეგისტრაცია.

    ძალიან მნიშვნელოვანია ამავდროულად ის გარემოება, რომ თუ იპოთეკის საგანი მოვალის ვალდებულებაზე უფრო მცირე ღირებულების არის, მაშინ ვალდებულება მაინც შესრულებულად ითვლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი მხარეების მიერ.

    მაგ: “B”-ს ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება თუ მისი ბინა ასი ათას დოლარზე ნაკლები ღირებულების არის (ვალის ოდენობაზე ნაკლები), თუ იპოთეკის ხელშეკრულებით რაიმე სხვაზე არ შეთანხმდნენ მხარეები.

Viewing 10 posts - 471 through 480 (of 494 total)