Forum Replies Created

Viewing 10 posts - 481 through 490 (of 494 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: საოჯახო სამართალი #1562

    აი კიდევ ერთი განმარტება 982-ე მუხლის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ, საქმე   № ას-472-448-2013  

    “ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

    განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს  გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

    აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით.

    იმის გათვალისწინებით, რომ ი. კ-ის მიერ ნ. ა-ის საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა,  მას  უფლებას აძლევს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.”

    in reply to: საოჯახო სამართალი #1557

    ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების მიხედვით, სასამართლომ გამიჯნა ერთი მხრივ სარგებლის მოთხოვნის უფლებისა და მეორე მხრივ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები.

    1160-ე მუხლით განსაზღვრულია, თანასაკუთრების გასხვისებით მიღებული სარგებლის ნახევრის მოთხოვნის უფლება.

    მაგ: თუ ბინის გაყიდვა მოხდება 20.000 $-ად, მაშინ მეუღე უფლებამოსილია 1160-ე მუხლის მიხედვით მოითხოვოს 10.000 $.

    ხოლო, იმ შემთხვევაში, როცა მეუღლე ითხოვს ზიანის ანაღაურებას, იმ გარემოებების არსებობის პირობებში, რომ თანასაკუთრება საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად გასხვისდა, მაშინ უკვე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

    მაგ: ბინის ღირებულებაა 100.000 დოლარი, მისი გასხვისება ხდება 40.000 დოლარად ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან. ამ შემთხვევაში მიღებული სარგებლის ნახევარი იქნება 20.000 დოლარი, ხოლო ფაქტობრივი ზიანი – 50.000 დოლარი, რისი ანაზღაურების სამართებრივი საფუძველი იქნება სწორედ 982-ე მუხლის პირველი და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილები.

    შენ რა პრობლემას ხედავ მაგ შემთხვევაში?

    in reply to: საოჯახო სამართალი #1551

    სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: “მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.”

    შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ნორმა წარმოადგენს თანაზიარი ნივთის გამსხვისებელი მეუღლის პასუხისმგებლობის წყაროს, რაზეც მიუთითებს თავის მხრივ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი:  “ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

    ამდენად, აღნიშნული მუხლით დაზარალებულ მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს იმ სარგებლის ნახევარი, რაც ნივთის გასხვისებით იქნა მიღებული. მაგ: თუ ნივთი გასხვისდა 10.000 დოლარად, მას შეუძლია მოითხოვოს 5.000 დოლარი, მიუხედავად იმისა, ნივთის საბაზრო ღირებულება არის თუ არა უფრო მაღალი.

    იმ შემთხვევაში თუ თანასაკუთრებაში არსებული ნივთი საბაზრო ფასზე ნაკლებად იქნა გასხვისებული, მეუღლეს შეუძლია გარდა სარგებლის მოთხოვნისა, მოითხოვოს ასევე ზიანის ანაზღაურებაც. არსებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში გამოიყენება არა დელიქტური ნორმები, არამედ სამოქალაქო კოდექსის 982.1-ე და 979.2-ე მუხლები და “ზიანთან გათანაბრების” ცნება, რაც უსაფუძვლო გამდიდრების თემაში გვაქვს განხილული. (ას-1136-1067-2012).

    მაგ: ზემოთ მოყვანილ მაგალითში, თუ განკარგული ნივთის საბაზრო ღირებულება 20.000 დოლარია და იგი მხოლოდ 10.000 დოლარად განიკარგება, დაზარალებულ მეუღლეს შეუძლია მოითხოვოს 5.000 დოლარი, როგორც სარგებელი და 5.000 დოლარი, როგორც ზიანის ანაზღაურება სკ-ის 982.1-ე და 979.2-ე მუხლების საფუძველზე.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1995

    მე არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ  1160-ე მუხლი ეხება  მხოლოდ მეუღლეთა შიდა ურთიერთობას, ჩემი აზრით იგი ეხება შემძენის ინტერესებსაც და უფრო მეტიც, შემძენის ინტერესებს იცავს დამატებით (185-ე და 312-ე მუხლებთან ერთად), იგივეს ამბობს ზემოთ მოყვანილ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო, რომელიც უთითებს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე, ამიტომაც ვფიქრობ ამ საკითხის გადაწყვეტა სწორედ ამ კუთხით უნდა მოხდეს.

     

    რაც შეეხება ბათილობას, მხოლოდ შემძენის მიერ იმის ცოდნა, რომ ბინა შეძენილია მეუღლეთა თანასაკუთრების დროს და არის თანასაკუთრება არ წარმოადგენს ნასყიდობის ბათილობის საფუძველს, რადგან ბათილობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს ასეთ შემთხვევაში, განსხვავებული სიტუაცია იქნება, თუ შემძენმა იცის, რომ მეორე მეუღლეს კატეგორიულად არ სურს განკაგვა და რომ მეუღლეებს შორის დავაა.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1993

    ამ გადაწყვეტილებიდან ისე გამოდის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნამდვილი იქნება ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარად არაკეთილსინდისიერია შემძენი. მაშინაც ნამდვილი გამოდის, როცა შემძენმა იცის, რომ მეორე მეუღლემ არ იცის თანასაკუთრების განკარგვის შესახებ, რადგან იმით, რომ მეორე მეუღლემ თავის სახელზე არ დაირეგისტრირა აღნიშნულ უძრავი ქონება, ის რისკები, რაც ამ უმოქმედობას მოყვა მას ეკისრება.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1991

    მეუღლეთა თანასაკუთრების პრეზუმფცია უძრავ ქონებაზე

     

    ას-1058-1325-09 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მეუღლეთა თანასაკუთრებას უძრავ ქონებაზე. ამ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლო უთითებს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე, სადაც ნათქვამია:  

     

    “შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ერთად შეძენილ, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე (თანასაკუთრებაზე) მეუღლეთა საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ საჯარო რეესტრში ორივე მათგანის რეგისტრაციის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში მესამე პირების მიმართ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად”

    in reply to: საოჯახო სამართალი #1546
    კარგი მიგნებაა…მართალია, რომ 187-ე მუხლი ჩუქების დროს დათქმას აკეთებს, რომ მყიდველი მიუხედავად კეთილსინდისიერებისა მაინც ვერ იძენს საკუთრების უფლებას შეძენილ ნივთზე და ჩუქება ბათილია, თუმცა 1160-ე მუხლში თანასაკუთრების ნებისმიერი სახით განკარგვის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მეორე მეუღლე თანახმაა..

    ანუ ორი საფუძველი გვაქვს, რომლებიდანაც ერთი მეუღლის მიერ გაჩუქებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში ბათილად აცხადებს ასეთი გარიგებას (187-ე მუხლი) და მეორე მხრივ გვაქვს 1160-ე მუხლი, რომელიც ნამდვილად აცხადებს ასეთ გარიგებას.. ანუ კოლიზია გვაქვს..

    ამდენად, ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც გვეუბნება, რომ ზოგადი და სპეციალური ნორმების კოლიზიის დროს გამოიყენება სპეციალური ნორმა, ანუ უნდა გამოვიყენოთ 1160-ე მუხლი, რომლის საფუძველზე ნამდვილი იქნება ასეთი გარიგება.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1541

    მაგ შემთხვევაში შემძენის ინტერესებს იცავს 1160-ე მუხლი, რომლიდან გამომდინარეც ასეთი ხელშეკრულება იქნება ნამდვილი და მყიდველი შეიძენს აღნიშნულ მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლებას.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1538
    მოდი წარმოიდგინე, რომ არ არსებობს 1160-ე მუხლი, მეუღლე ყიდის ა) თანაზიარ უძრავ ნივთს; ბ) თანაზიარ მოძრავ ნივთს. ხოლო მყიდველმა არაფერი იცის იმის შესახებ ყავს თუ არა გამყიდველს მეუღლე.

    პირველ შემთხვევაში რეესტრის სისწორისა და სისრულის პრეზუმფციის მიხედვით უძრავი ქონების შემძენი იქნება კეთილსინდისიერი და აღნიშნულ ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი მეუღლეს არ ექნება, ხოლო მეორე შემთხვევაში მოქმედებს 187-ე მუხლი და ამ შემთხვევაშიც ვერაფერს იზამს გამყიდვლის მეუღლე, რადგან მყიდველი კეთილსინდისიერი იქნება.

    ყველაფერი აქედან გამომდინარე, 1160-ე მუხლი წარმოადგენს დამატებით დაცვის საშუალებას მყიდველისათვის, როცა საქმე ეხება ქორწინებას და მეუღლეთა თანასაკუთრებას და როცა ამის შესახებ იცის შემძენმა: მაგ: როცა ერთ-ერთი მეუღლის საკუთრებად არის რეგისტრირებული მეუღლეთა თანასაკუთრება, ხოლო შემძენმა იცის, რომ მას ყავს მეუღლე, რომლის თანასაკუთრებაც შეიძლება იყოს ან არის გასაყიდი ქონება. (ეს პოზიცია გამომდინარეობს თუნდაც უზენაესი სასამართლოს ას-307-643-05 გადაწყვეტილებიდან, თუმცა ამ პოზიციას ეწინააღმდეგება ძალიან საინტერესო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/1403-12).

Viewing 10 posts - 481 through 490 (of 494 total)