Forum Replies Created

Viewing 10 posts - 91 through 100 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28435

    ჩუქების გაუქმება (ას-73-419-07)

     

    სკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს. დასაჩუქებულს მოსთხოვოს გაჩუქებული, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. მითითებული ნორმა დასაშვებად თვლის ჩუქების გაუქმებას, შემდეგი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობისას:

     

    ა) თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე;

     

    ბ) თუ რეალურად არსებობს გაჩუქებული ნივთი;

     

    გ) თუ გაჩუქებულის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში;

     

    მოცემულ შემთხვევაში არსებობს გაჩუქებული ნივთი; დასაჩუქრებული მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, ვინაიდან ის არის არასრულწლოვანი და ცხოვრობს თავის მშობლებთან ერთად, რომელთაც პირად საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ბინები და რომლებიც ვალდებული არიან, შეუქმნან შვილს საცხოვრებელი პირობები; ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან მას არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა და ასევე, შრომის უნარის დაქვეითების გამო საყოფაცხოვრებო პირობებს ვერ შეიქმნის.

     

    კასატორის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მჩუქებლის მდგომარეობა ბინის გაჩუქების შემდეგ არ გაუარესებულა, იგი ომის მონაწილე და ინვალიდი მანამდე იყო, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. დადგენილია, რომ კ. ს-ავა ცხოვრობდა სადავო ბინაში. ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, რადგან მისთვის შეუძლებელი გახდა გაჩუქებულ ბინაში ცხოვრება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბინაში ცხოვრობს დასაჩუქრებულის დედა, მოსარჩელის განქორწინებული მეუღლე ლ. ც-ძე, რომელთანაც მოსარჩელეს აქვს დაძაბული ურთიერთობა; ამ გარემოებამ აიძულა უარი ეთქვა გაჩუქებულ ბინაში ცხოვრებაზე.

     

    დასაჩუქრებულმა ჩუქების ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, მუდმივი საცხოვრებელი მიეცა მჩუქებლისათვის, ის ვალდებული იყო, მისთვის შეექმნა ისეთი პირობები, რომლებიც მჩუქებელს ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრების საშუალებას მისცემდა. მართალია, აღნიშნული არ არის გამოწვეული დასაჩუქრებულის ბრალეული ქმედებით, მაგრამ სკ-ის 530-ე მუხლი მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობის შექმნაში არ მოითხოვს დასაჩუქრებულის ბრალის არსებობას.

     

    in reply to: სამოქალაქო პროცესი #28430

    დავის ღირებულების განსაზღვრა    ( N-ას-15-13-2013)

     

    „საკასაციო პალატა დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, ასევე მე-40 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმების მოქმედება ამავე კოდექსის 372-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით, ვრცელდება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეც, თავად ამ ნორმებით დადგენილია შემდეგი: დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით, ხოლო თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა  4 000 ლარით. თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.“

    ნორმატიული სამართლებრივი აქტი

    ცნება – უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუმდივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს. (ზაკ. 2.1. „ე“)

    უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით.

    საკანონმდებლო საფუძველი – ზოგადი საფუძვლები ჩამოყალიბებულია საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს კანონში „ნორმატიული აქტების შესახებ“ და ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. ცალკეული კანონით ხდება ადმ. ორგანოს უფლების დადგენა გამოსცეს ნორმატიული აქტი. ამ კანონში უნდა განისაზღვროს ნორმატიული აქტის „შინაარსი, მიზანი და მოცულობა“

    ქცევის ზოგადი წესი – განსხვავებით ინდივიდუალური სამართლებრივი აქტისაგან ნორმატიული აქტი ადგენს ქცევის ზოგად წესს და მიმართულია მრავალი ურთიერთობის განუსაზღვრელი მონაწილეებისათვის.

    in reply to: ქირავნობა/იჯარა #29063

    იჯარის ნივთის გამოთხოვა

     

    (N-ას-927-1164-04)

     

    „საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორად გამოიყენა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები. სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

     

    ამავე კოდექსის 172-ე მუხლით მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო კასატორს აღარ გააჩნია საიჯარო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი.“

    in reply to: ქირავნობა/იჯარა #2788

    ხოდა ტელეოლოგიური მსჯელობიდან გამომდინარე შეიძლება მსგავსი განმარტების გაკეთება, კერძოდ რამდენად შეესაბამება კანონმდებლის წარმოდგენები, რომელიც საფუძვლად დაედო 563-ე მუხლის მიღებას ამ კონკრეტულ სიტუაციას… და იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებელს არამგონია მრავლფეროვანი წარმოდგენები ჰქონდა ამ მუხლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი განმარტების გაკეთების შესაძლებლობა არსებობს და შეიძლება სწორიც იყოს კიდეც ამ კუთხით თუ მივუდექით.

    სამუშაოს შესრულება მენარდის მასალით

    ნარდობის დამახასიათებელი პრინციპია, რომ თუ მხარეთა შეთანხმებით რამე სხვა არ არის გათვალისწინებული, სამუშაოს შესრულება ხდება მენარდის მასალით და მისი ძალისხმევით. ამ შემთხვევაში მენარდეს ეკისრება პასუხისმგებლობა მასალის ხარისხისათვის.

    თუ მენარდე იყენებს შემკვეთის მასალას იგი პასუხისმგებელია ამ მასალის არასწორი გამოყენებისათვის, ამავდროულად იგი ვალდებულია წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.

    თუ სახეზეა შერეული მასალა, (შემკვეთისა და მენარდის), მენარდე ვალდებულია კეთილსინდისიერად გამოიყენოს ეს მასალა, ისე, რომ შემკვეთს არ მიადგეს ზიანი, წინაამღვდეგ შემთხვევაში მას ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს ზოგადი ნორმების საფუძველზე.

    უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება

    თუ სამუშაო მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მენარდე ვალდებულია გადასცეს შემკვეთს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი.

    უფლებრივი ნაკლი- ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ. მაგ: მესამე პირს ნაკეთობაზე გირავნობის უფლება აქვს, ან სულაც აცხადებს, რომ ეს ნაკეთობა მისია.

    ნივთობრივი ნაკლი- ნაკეთობის ხარისხი უნდა ემთხვეოდეს შეთანხმებულ ხარისხსს. როცა იგი არ არის გათვალისწინებული ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. (სკ-ის 641.1-ე მუხლი)

    ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.

    შემკვეთის მოთხოვნები ნაკლიანი ნივთის მიწოდებისას:

    დამატებითი შესრულების მოთხოვნა

    თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.

    დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს. ამ შემთხვევაში მან უნდა აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

    თუ მენარდე დაამზადებს ახალ ნაკეთობას, მას შეუძლია შემკვეთს მოსთხოვოს ნაკლის მქონე ნაკეთობის უკან დაბრუნება.

    თუ მენარდე დამატებითი შესრულების ფარგლებში შეასრულებს ვალდებულებას ჯეროვნად, მაშინ შემკვეთი აღარ იქნება უფლებამოსილი მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებისათვის, თუმცა მას შეეძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება შესრულების ვადის გადაცილებისათვის.

    ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ

    თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

    შემკვეთს შეუძლია მენარდეს მოსთხოვოს ავანსი ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯებისათვის.

    საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო

    შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

    ნაკლის მქონე ნაკეთობის მიღების შედეგები

    თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო.

    მენარდის მიერ ნაკლის განზრახ დაფარვის შედეგები

    თუ მენარდე ნაკლს განზრახ დაფარავს, მას არ შეუძლია მიუთითოს შეთანხმებაზე, რომელიც გამორიცხავს ან ზღუდავს შემკვეთის უფლებებს ნაკეთობის ნაკლის გამო.

    შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლა სამუშაოს ნაკლის არსებობისას

    (სუსგ. N- ¹ას-889-1175-09) მოცემული გადაწყვეტილება ეხება სამუშაოს ნაკლის გამო შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლასა და ზიანის ანაზღაურების საკითებს. განმარტებული ნორმები– სკ-ის 644 და 638-ე მუხლები.

    ფაქტობრივი გარემოებები: მენარდეს უნდა შეესრულებინა 371.5 კვ.მ-ზე სამუშაო თითოეული კვ. მ-ს ფასი 200 დოლარის მოცულობით, სულ 74.300 დოლარის სამუშაო.  სამუშაოს შესრულდა ნაკლიანად, შემკვეთმა მოშალა ხელშეკრულება და თვითონ გამოასწორა ნაკლი, შედეგად მან გადაუხადა მენარდეს მხოლოდ 48.500 დოლარი. მენარდემ მოითხოვა დარჩენილი თანხის ანაზღაურება, ხოლო შემკვეთმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ნაკლის გამოსოწრებისათვის მას დაეხარჯა 25.000 დოლარი. უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ 9.000 დოლარის ხარჯი ცნო და დანარჩენი 16.800 დოლარის ანაზღაურება დაავალა შემკვეთს მენარდის მიმართ.

    უზენაესის განმარტება: “მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარვეზებით შესრულების ფაქტის არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლი უფლებას აძლევს შემკვეთს, 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების მოშლის შედეგად კი, ამავე კოდექსის 352-ე მუხლი ითვალისწინებს ორმხრივ რესტიტუციას, ანუ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.”

    “მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოებაც, რომ მენარდემ სამუშაოების ნაწილი შეასრულა, რაც მას აძლევს უფლებას, მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას (სამოქალაქო კოდექსის 638-ე მუხლი). ამავდროულად, მენარდე ვალდებულია, აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულების მოშლის შედეგად გამოწვეული ხარჯები, რაშიც უპირველესად იგულისხმება მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო გაწეული ხარჯები.”

    “სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მენარდემ ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულა 371,5 კვ.მ სამუშაოს მოცულობა, რომლის ღირებულება ხელშეკრულებითვე თითოეული კვადრატული მეტრისათვის 200 აშშ დოლარია. შემკვეთს გადახდილი აქვს 48 500 აშშ დოლარი. სასამართლომ დაადგინა, რომ შემკვეთის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისთვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებისათვის დახარჯულ იქნა 9 000 აშშ დოლარი. სასამართლოს ეს დასკვნა ეყრდნობა მოსარჩელე მხარის _ შპს “მშენებელი-2007-ის” მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ამ ოდენობის სამუშაოთა ჩატარების აღიარებას. ა.გ-ძე სადავოდ ხდის რა ამ გარემოებას, უთითებს, რომ მის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებისთვის და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულებისათვის შესრულებულია 25 000 აშშ დოლარის სამუშაო, თუმცა არც სააპელაციო და არც საკასაციო საჩივარში ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.”

    შემკვეთის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

    (სუსგ. ას-852-1076-04)

    სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 633-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მენარდეს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, ვადის გადაცილების ხანგრძლივობისა და საზღაურის ოდენობის შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, იმის მიხედვით, რასაც მენარდე მიიღებდა თავისი სამუშაო ძალის სხვაგვარი გამოყენებით, შემკვეთს რომ ვადისათვის არ გადაეცინებინა.

    საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიუთითა რა აღნიშნულ ნორმებზე, არ დაადგინა შეთანხმებული სამუშაოს შესრულებისათვის რა აუცილებელი მოქმედება არ შეასრულა კომპანია „ი.-მა“, რამ განაპირობა ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობა და მის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებით გამოირიცხა თუ არა სს „ა.-ის“ ბრალი ხელშეკრულების შეუსრულებლობაში.

    სკ-ის 415-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში — თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი.

    ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უპირველესად ხელშეკრულების შინაარსის მიხედვით უნდა დაადგინოს მხარეთა ვალდებულების ფარგლები და მხოლოდ ორივე მხარის ბრალეულობის გათვალისწინებით იმსჯელოს მათი პრეტენზიების კანონიერებაზე და პასუხისმგებლობის შესაბამისობაზე ვალდებულების დარღვევასთან.

    შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლა

    I.  ხელშეკრულების მოშლა, როდესაც მენარდეს არ დაურღვევია ვალდებულება

    ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი შემკვეთს ანიჭებს უფლებამოსილებას ნებისმიერი დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, მიზეზის გარეშე. თუმცა ამ ნორმის საფუძველზე ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა იწვევს გარკვეულ ნეგატიურ სამართლებრივ შედეგს შემკვეთისათვის, კერძოდ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

    ამდენად, ამ საფუძვლით ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, შემკვეთმა დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს მენარდეს და გადაუსახდოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს პროპორციულად, რომელიც მენარდის მიერ შესრულებულია შემკვეთისაგან ხელშეკრულების მოშლის შესახებ შეტყობინების მიღების მომენტამდე. ასევე აუნაზღაუროს ხელშეკრულებით მოშლით მიყენებული ზიანი, რასაც მენარდე მიიღებდა ხელშეკრულება, რომ არ მოშლილიყო ვადამდე.

    მაგ: სამუშაოდან გამომდინარე მენარდეს უნდა მიეღო 5.000 ლარი მოგება. ხელშეკრულების მოშლის გამო, მან ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებით მიიღო 3.000 ლარის მოგება. მას ასევე შეუძლია მოითხოვოს დარჩენილი 2.000 ლარი, რასაც იგი მიიღებდა სრული მოცულობით სამუშაოს შესრულების შემთხვევაში.

    შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ნარდობის ხელშეკრულება, მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევის არ არსებობის პირობებში სკ-ის 398-ე და 399-ე მუხლებითაც. ამ მუხლებიდან გამომდინარე მოშლის საფუძვლების განხილვას ამ თემაში არ შევუდგებით, რადგან ეს საკითხი უკვე განვიხილეთ სახელშეკრულებო სამართლის თემაში. თუმცა იმას ავღნიშნავ, რომ სკ-ის 399-ე მუხლით ნარდობის ხელშეკრულების მოშლა იმით განსხვავდება 636-ე მუხლით ხელშეკრულების მოშლასთან, რომ პირველ შემთხვევაში, მეორისგან განსხვავებით აუცილებელია გვქონდეს: ა) გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ბ) ხელშეკრულების მოშლის პატივსადები მიზეზი.

    II.  ხელშეკრულების მოშლა, როდესაც მენარდემ დაარღვია თავისი ვალდებულება

    მენარდე ვალდებულია თავისი ვალდებულება შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტით (ჯეროვნად). იმ შემთხვევაში თუ მენარდე არღვევს თავის ვალდებულებას, (მაგ: ნელა, უხარისხოთ ასრულებს სამუშაოს) შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 399-ე, 405-ე და 644-ე მუხლებიდან გამომდინარე.

    სკ-ის 399-ე მუხლი გამოიყენება ისეთ შემთხვევაში, როცა სახეზეა გრძელვადიანი ნარდობითი ურთიერთობა და მენარდე არღვევს ვალდებულებას. ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ.

    სკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულების მოშლის შედეგად, თუ უკვე შესრულებული სამუშაო აღარ წარმოადგენს უფლებამოსილი პირისათვის რაიმე ინტერესს ხელშეკრულების მოშლის შედეგად, მაშინ ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ამ შესრულებაზედაც გავრცელდეს.

    თუ სახეზე არ არის გრძელვადიანი ურთიერთობა, მაშინ შემკვეთი უფლებამოსილია დაეყდნოს სამოქალაქო კოდექსის 644-ე და 405-ე მუხლებს.

Viewing 10 posts - 91 through 100 (of 449 total)