• This topic has 33 replies, 3 voices, and was last updated 5 years ago by BLH.
Viewing 10 posts - 21 through 30 (of 34 total)
  • Author
    Posts
  • #28136
    BLH
    Keymaster

    სამუშაოს გადაცემა და მენარდის პასუხისმგებლობა

    თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო.

    მაგ: მენარდეს უნდა დაემზადებინა ავეჯი, ხოლო შემკვეთს უნდა წაეღო აღნიშნული ავეჯი მენარდის საწარმოდან 2014 წლის 10 მაისს. თუ შემკვეთი არ წაიღებს შესრულებულ სამუშაოს დადგენილ ვადაში, მაშინ ჩაითვლება, რომ შემკვეთმა მიიღო სამუშაო.

    თუ სამუშაოს მიღების ვადა ხელშეკრულებით ზუსტად არ არის განსაზღვრული,სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს ხელშეკრულების მიერ დადგენილ ვადაში.

    მენარდის პასუხისმგებლობა შემკვეთის ქონების დაღუპვისას

    ზოგადი წესის მიხედვით, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის ქონების დაღუპვის ან დაზიანებისათვის გაუფრთხილებლობის დროსაც.

    მაგ: თუ მენარდემ იკისრა ვალდებულება, რომ შეაკეთოს მანქანა და იგი დააზიანებს მანქანის ძრავს. ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, განზრახ მოხდა თუ გაუფთხილებლობით დაზიანება, მენარდე მაინც პასუხისმგებელი იქნება დამდგარი ზიანისათვის.

    მენარდის პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს დაღუპვისა/დაზიანებისათვის

    მენარდეს ეკისრება შესრულებული სამუშაოს შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი შემკვეთისათვის შესრულების გადაცემამდე. გადაცემასთან ერთად შემკვეთზე გადადის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი. გადაცემას უთანაბრდება ისიც, როცა შემკვეთი აყოვნებს მიღებას.

    მაგ: მენარდემ დაამზადა შეკვეთილი ავეჯი, თუმცა შემკვეთმა იგი არ წაიღო დადგენილ ვადაში, ამის შემდეგ მეხი დაეცა მენარდის საწარმოს და ავეჯი განადგურდა. ამ შემთხვევაში შემკვეთი ვერ მოითხოვს ახალი ავეჯის დამზადებას, ხოლო მენარდე უფლებამოსილია მიიღოს საზღაური მის მიერ დამზადებული ავეჯისთვის.

    მასალის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მასალის მიმცემ მხარეს.

    მაგ: თუ შემკვეთის მასალით ხდება ავეჯის დამზადება, რომელიც მეხის დაცემის შედეგად განადგურდება, აღნიშნული რისკი მის კისერზე იქნება და იგი ვერ მოითხოვოს მენარდისგან შესრულებას მასალის განახლების გარეშე.

    #28137
    BLH
    Keymaster

    საგარანტიო ვადა და შემკვეთის უფლებამოსილება

    შესრულებულ სამუშაოს შეიძლება გააჩნდეს ხილული და უხილავი ნაკლი. ისინი იმით განსხვავდება, რომ ხილული ნაკლის შემჩნევა და შემოწმება შესაძლებელია სამუშაოს ჩაბარების მომენტში, ხოლო უხილავი ნაკლი ვლინდება დროთა განმავლობაში და მისი შემჩნევა მეტ ძალისხმევას მოითხოვს.

    შეიძლება სამუშაო ჩაბარდეს შემკვეთს და მას არ გააჩნდეს ხილული ნაკლი, თუმცა დროთა განმავლობაში გამოვლინდეს უხილავ ნაკლი, ასეთ შემთხვევაში შემკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ნაკლის გამოსწორება.

    მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საგარანტიო ვადაზე, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი უხილავი ნაკლის გამოსწორების ვალდებულება გააჩნია მენარდეს.

    მაგ: შპს „კომპიუტერმა“ ნიკას დაკვეთით შეაკეთა ლეპტოპი და მისცა ამ უკანასკნელს 2 თვიანი საგარანტიო ვადა. ამ ორ თვეში თუ გამოვლინდება, რაიმე დეფექტი ლეპტოპის შეკეთებასთან დაკავშირებით, მაშინ ნიკას გაუჩნდება გარკვეული მოთხოვნები მენარდის მიმართ.

    თუ საგარანტიო ვადაში ვერ მოხდება ნაკლის აღმოჩენა და ამ ნაკლის შესახებ შეტყობინება, შემკვეთს აღარ ექნება მოთხოვნები სამუშაოს ნაკლის გამო.

    საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შემკვეთისთვის შემდეგ უფლებებს:

    (იხ. სუსგ №ას-1118-1065-2013) სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.

    სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,შესაბამის უფლებებში” კანონმდებელი გულისხმობს შემკვეთის შემდეგ უფლებებს:

    ა) მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რაც გულისხმობს მენარდის მიერ, საკუთარი ხარჯებით, ნაკლის აღმოფხვრას, ან – ახალი ნაკეთობის დამზადებას (იმავე კოდექსის 642-ე მუხლი);

    ბ) დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (იმავე კოდექსის 643-ე მუხლი);

    გ) ნაკეთობის ნაკლის გამო უარის თქვას ხელშეკრულებაზე (კოდექსის 644-ე მუხლი);

    დ) შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (კოდექსის 645-ე მუხლი).

    #28138
    BLH
    Keymaster

    სპეციალური ხანდაზმულობის ვადები

    მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.

    მაგ: უხარისხო სამუშაოს შესრულების გადაცემის მომენტიდან შემკვეთს გააჩნია გარკვეული მოთხოვნის უფლებები, (რაც ზემო პოსტებში დაიწერა), ამ მოთხოვნის უფლებების რეალიზაცია სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაში, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

    გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, რომლებიც ნაგებობებს შეეხება (მაგ: სახლის აშენება, უძრავი ქონების რეკონსტრუქცია და ა.შ.), ასეთი სამუშაოებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 5 წელი.

    თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.

    #28139
    BLH
    Keymaster

    განსხვავება ნარდობასა და ნასყიდობის შორის

    სამუშაოს შესრულებისას მენარდის მასალით, როცა იგი გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე, საჭიროა განვასხვაოდ ნასყიდობისაგან. ეს განსხვავებებია:

    )ნადროობის ხელშეკრულების საგანი წარმოადგენს, როგორც წესი ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნაკეთობის დამზადებას. (კონკრეტული უნიკალური ნიშნების მქონე საგანი, რომელიც მხოლოდ ერთია სამოქალაქო ბრუნვაში), ნასყიდობისას უმრავლესად საგანია -გვაროვნული ნივთები. (ისეთი საგნები, რომლებიც ბევრია და გამოცვლადი).. ამიტომ სამოქალაქო კოდექსი მიუთითებს, რომ თუ ნარდოობის ხელშეკრულებით დამზადებულია გვაროვნული ნივთი, ანალოგიით გამოიყენება ნასყიდობის წესები.

    )ნარდოობის პირობები, მიმართულია სამუშაოთა შესრულების პროცესში მხარეების ურთიერთობის განსაზღვისაკენ, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითად შინაარსს წარმოადგენს ხელშეკრულების საგნის გადაცემა მეორე მხარისთვის (მყიდველისათვის).პრაქტიკულად კონკრეტული სიტუაციების გადასაწყვეტად საჭიროა ხელშეკრუელბის სხვა პირობების განმარტება: ხელშეკრულების სახელწოდება, მხარეები, ანგარიშსწორების წესი, გადაცემა და ა.შ.

    ) გამყიდველი რეალიზაციას უკეთებს ნაკეთობას, რომელიც დამზადებულია მისი მასალით, ხოლო მენარდე – ნაკეთობას, რომელიც დამზადებულია მისი ან შემკვეთის მასალით.

    ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულება, რომელიც ექვემდრებარება დამზადებას ან წარმოებას, ითვლება ნასყიდობის ხელშეკრულებად იმ პირობით, თუ საქონლის შემკვეთი მხარე არ კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს დამამზადებელს იმ მასალის არსებითი ნაწილი, რომელიც აუცილებელია ასეთი საქონლის დასამზადებლად ან საწარმოებლად.

    ამდენად, თუ შემკვეთმა, შეუკვეთა განსაზღვრული რაოდენობის ნივთები, აიღო ვალდებულება ნივთების დასამზადებელი მასალის მიწოდებისა, ხელშეკრულების კლასიფიკაცია დამოკიდებულია ამ მასალის რაოდენობაზე:  არის თუ არა ამ მასალის რაოდენობა არსებითი (ნარდოობის ხელშეკრულება), თუ არაარსებითია(ნასყიდობა).

    მაგ: თუ „ა“-მ შეუკვეთა 100 კაბის დამზადება „ბ“-ს და მიუტანა მას ამ კაბების დასამზადებლად ნაჭერი და სხვა საჭირო მასალა, ხოლო მკერავს კაბების შესაკერად დასჭირდა მხოლოდ ძაფები. ასეთ შემთხვევაში სახეზე იქნება ნარდობის ხელშეკრულება.

    მაგ: „ა“-მ შეკუვეთა „ბ“-ს 100 კაბა, თუმცა მხოლოდ ძაფები მიუტანა კაბების დასამზადებლად. ამ შემთხვევაში სახეზე იქნება ნასყიდობის ხელშეკრულება.

    ამ თემაზე მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-1162-1091-2012, სადაც სასამართლო მსჯელობს ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულების შესახებ განსხვავებებზე და მათ ნიშნებზე და დაადგენს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით თვალთმაქცურად დაფარულია ნარდობის ხელშეკრულება.

    #29006
    BLH
    Keymaster

    განსხვავება ნარდობასა და ნასყიდობას შორის

    (სუსგ. №ას-409-1073-03)

    სკ-ს 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. მენარდე ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. სამუშაო შეიძლება შესრულდეს, როგორც მენარდის, ისე შემკვეთის მასალითა და საშუალებით. სამუშაოს შესრულებისას მენარდის მასალით დამზადებულ ნაკეთობაზე, საჭირო ხდება, რომ ნარდობის ხელშეკრულება განვასხვაოთ ნასყიდობის ხელშეკრულებისაგან.

    თუ რომელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული, ნარდობისა თუ ნასყიდობის ამ საკითხის გადაწყვეტას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულების შესახებ ნორმები განსხვავდებიან იმ ნორმებისაგან, რომლებიც აწესრიგებენ ნასყიდობას. ეს განსხვავებები მდგომარეობს შემდეგში:

    პირველ რიგში ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, როგორც წესი, ინდივიდუალურად განსაზღვრული ნაკეთობის დამზადება, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი კი უმრავლეს შემთხვევაში არის გვაროვნული ნივთი.

    გვაროვნული ნივთი ეს ისეთი ნივთებია, რომლებიც განისაზღვრებიან ზომით, წონით ან რაოდენობით. ასეთია რაოდენობრივად მასობრივი ნივთები: ფული, ფასიანი ქაღალდები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და სხვა.

    მეორე რიგში, ნარდობის ხელშეკრულების პირობები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია სამუშაოთა შესრულების პროცესში მხარეების ურთიერთობის განსაზღვრისაკენ, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითად შინაარს წარმოადგენს ხელშეკრულების საგნის გადაცემა მეორე მხარისათვის – მყიდველისათვის.

    ნარდობა მოიცავს არა მარტო სამუშაოს შედეგს, არამედ მის შესრულებასაც. ე.ი. ნარდობის სახელშეკრულებო მოწესრიგება მოიცავს სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობასაც. ნასყიდობაში კი ასეთი რამ არ არის, რამეთუ ხელშეკრულება განსაზღვრავს მხოლოდ სამუშაოს შედეგს (თვითონ ნივთის დამზადება მდებარეობს ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ). აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა, ასევე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების სხვა პირობების განმარტება (ხელშეკრულების სახელწოდება, მხარეები, ანგარიშსწორების წესი, გადაცემა, ვისი მასალითა და საშუალებებით მზადდება ნივთი, მიწოდებული მასალის რაოდენობა არსებითია თუ არა და ა.შ.).

    მოცემულ საქმეზე მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მშენებელი აშენებს მრავალსართულიან საკუთარ საცხოვრებელ სახლს …, მე-9 საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დამკვეთმა შეუკვეთა საცხოვრებელი ფართი ამ მშენებარე 9 სართულიან საცხოვრებელ სახლში. ე.ი. შემკვეთმა შეუკვეთა კონკრეტულ მისამართზე მდებარე მშენებარე სახლში, კონკრეტულ სართულზე მდებარე განსაზღვრული ფართის ბინები. სადავო ხელშეკრულებები მოიცავს სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობასაც, კერძოდ, ბინებს გაუკეთდებათ რკინის კარები, დამკვეთის სურვილისამებრ გაკეთდება შიდა ტიხრები, ბინაში გაიყვანენ ცენტრალურ დგარებს, სახლს დაუმონტაჟდება ლიფტი, შეილესება, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია და ა.შ. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსი მოიცავს არა მარტო სამუშაოს შედეგს, არამედ მის შესრულებასაც. ასევე დადგენილია, რომ შემკვეთებმა წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადეს შეთანხმებული თანხა, რაც მიჩნეულ უნდა იქნეს ისეთ გარემოებად, რომ სამუშაო შესრულდა შემკვეთის საშუალებებით.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის აღიარებულ უნდა იქნეს სახელშეკრულებო ურთიერთობის — ნარდობის არსებობა და, შესაბამისად,გამოყენებულ უნდა იქნეს ნარდობის ხელშეკრულების შესახებ მომწესრიგებელი ნორმები. აღნიშნული ნორმები არ აწესებს ხელშეკრულების ფორმას, რის გამოც ნარდობის ხელშეკრვლების ფორმის საკითხი ექვემდებარება გარიგების ფორმის შესახებ საერთო ნორმებს. სკ-ს 68-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი.

    #29008
    BLH
    Keymaster

    უძრავ ნივთთან დაკავშირებული ნარდობის ხელშეკრულების ფორმა

    (სუსგ № ას-215-520-04)

    სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ შპს საინვესტიციო სამშენებლო კომპანია „კ-სსა“ და თ. ც-ეს შორის 1998წ. 12 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, გამოეყო და პირად საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ტერიტორიაზე მშენებარე ინდივიდუალური მრავალბინიანი სამსადარბაზოიანი საცხოვრებელი სახლის მე-2 სადარბაზოში, მე-2 სართულზე ხუთოთახიანი ბინა № 18, რის საფასურად თ.ც-ეს კომპანიისათვის უნდა გადაეხადა 74400 აშშ დოლარი.

    2000წ. 10 თებერვალს შპს საინვესტიციო სამშენებლო კომპანია „კ-სმა“ ანალოგიური ხელშეკრულება გააფორმა ი.დ-თან იმ განსხვავებით, რომ ბინის ნომრად მითითებული იყო 3/2, ხოლო ღირებულებად 84000 აშშ დოლარი.

    სასამართლო პროცესზე მოდავე მხარეებმა დააზუსტეს სადავო ბინის ნომერი და მიუთითეს, რომ მისი მისამართია … ქ.თბილისში.

    სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ამ ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან დავა შეეხებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობას უძრავ ნივთთან დაკავშირებით, მაგრამ ხელშეკრულება არ იყო დამოწმებული ნოტარიულად, ანუ არ იყო დაცული ფორმა ხელშეკრულების დადების შესახებ, ამიტომ იგი ბათილი იყო და არ წარმოშობდა ბინის გადაცემის ვალდებულებას.

    სკ-ის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებით სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. სკ-ის 193-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, 150-ე მუხლის მე- ორე ნაწილის მიხედვით, იმავდროულად ხდება ნივთის მესაკუთრეც.

    ზემოთ აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ცხადია, რომ შენობა-ნაგებობებზე საკუთრების უფლების წარმოშობა დაკავშირებულია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებასთან, ვინაიდან ამ უკანასკნელზე საკუთრების სამართლებრივი რეჟიმი განსაზღვრავს არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებას.

    აქედან გამომდინარე, თუკი მიწის მესაკუთრე ამხანაგობაა ან სხვა პირია, შპს საამშენებლო კომპანია „კ-სი“ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილის აგებით ვერ გახდება ვერც მიწის ნაკვეთის და ვერც ამ ნაწილის მესაკუთრე. მას ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უფლება ექნება, შეასრულოს სამუშაო და შექმნას ნარდობის საგანი, საცხოვრებელი ბინა. ნარდობის ხელშეკრულება ვერ გახდება ნარდობის საგანზე მენარდის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. თუკი დადგინდება, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შპს საამშენებლო კომპანია „კ-სია“, მაშინ შეიძლება ადგილი ჰქონდეს უძრავი ქონების ნასყიდობას და გამოიყენება შესაბამისი წესები.

    აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სკ-ის 623-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობისას გამოიყენება ნასყიდობის წესები, თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი — ბინა გვაროვნულ ნივთს არ წარმოადგენს, ამიტომ საცხოვრებელი სახლის აშენების ნარდობის ხელშეკრულება ყოველთვის არ საჭიროებს სანოტარო ფორმის დაცვას.

    #29011

    ნარდობის ხელშეკრულების ფორმა (უძრავ ნივთებთან დაკავშირებით)

    წინა ორ პოსტში იყო საუბარი ნარდობის ხელშეკრულების ფორმაზე, როდესაც ნარდობა იდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, სასამართლოს ამომწურავად არ უსაუბრია ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომაც მინდა უფრო ნათელი გავხადო აღნიშნული საკითხი.

    დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც საქმე ეხება ნარდობას, რომელიც გულისხმობს უძრავ ნივთის დამზადებას, შეიძლება ორი სხვადასხვა ტიპის ურთიერთობა გვქონდეს:

    1. პირველ შემთხვევაში მენარდე შემკვეთის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ახორციელებს სამშენებლო საქმიანობას და შესაბამისად მენარდის მიერ ნარდობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემა არ ხდება.
    2. მეორე შემთხვევაში შემკვეთი თავის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ახორციელებს მშენებლობას და საკუთრების უფლებას გადასცემს მასზე შემკვეთს.

    პირველ შემთხვევაში ნარდობის ფორმა არის ზოგადი, რადგან კანონით არ არის განსაზღვრული რაიმე სპეციალური ფორმა, ხოლო მეორე შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 183-ე 312-ე, 323-ე და 629-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია მარტივი წერილობითი ფორმა, ხოლო ნარდობის საგნის შემკვეთის საკუთრებაში გადასაცემათ აუცილებელია აღნიშნული ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

    #29012
    BLH
    Keymaster

    ნარდობით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების მტკიცებულება

    სუსგ. ას-323-307-2011

    “საგულისხმოა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656- მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღებაჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღებაჩაბარების ფორმაზე,მაგრამ მიღებაჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი.”

    #29023
    BLH
    Keymaster

    ნარდობის საფასური

    (სუსგ. ას-648-616-2013)

    მიუხედავად იმისა, რომ ნარდობის ხელშეკრულება სასყიდლიანია, შეთანხმება ანაზღაურების თაობაზე არ მიეკუთვნება ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებს.

    ამ პრეზუმფციაზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლი, რომლის თანახმად ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი.

    თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ ჩვეულებრივი ანაზღაურება.

    ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ნარდობის ხელშეკრულება ანაზღაურებითაა მოსალოდნელი, ხოლო ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის და არც ტარიფები არ არსებობს, მაშინ მხედველობაში მიიღება ჩვეულებრივი ანაზღაურება.

    “ჩვეულებრივ ანაზღაურებაში” იგულისხმება სამუშაოს შესრულების ადგილას დამკვიდრებული ანალოგიური შესასრულებელ სამუშაოსათვის ანაზღაურება. კანონი არ შეიცავს ისეთ დანაწესს, რომელიც მხოლოდ ცალკეული პროცესუალური საშუალებით (მაგალითად, წერილობითი მტკიცებულებებით და სხვა) შესაძლებელი იქნება ამ ფაქტების დადასტურება, შესაბამისად, ამ ფაqტების დადასტურებისათვის მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენენ დასაშვებ მტკიცებულებას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ზეპირი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ ანაზღაურებაზე, კონკრეტულ შემთხვევაში მოწმედ დაკითხული მენარდის (მოწმის) ჩვენება წარმოადგენს დასაშვებ მტკიცებულებას.

    #29024
    BLH
    Keymaster

    განსხვავება ნარდობისა და შრომის ხელშეკრულებებს შორის

     (უსგ. N-3-1352-02)

    საქმის მასალებით დადგენილია, რომ ..-სა და სს „…-შორის 2001. 12 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს შეადგენდა საკონსულტაციო მომსახურება, დანართის II ნაწილის მიხედვით კი კონსულტანტ ..- ევალებოდა ხრამჰესი 1 და 2-თან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე „…-ის მენეჯმენტის ყველა გონივრული მოთხოვნის განხორციელება.

    ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2002. 28 თებერვლამდე. ხელშეკრულების მე-8 მუხლით კომპანია უფლებამოსილი იყო ვადამდე შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება კონსულტანტისათვის ერთი კალენდარული თვით ადრე წერილობითი შეტყობინების მიცემის გზით, სადაც მიუთითებდა ვადამდე შეწყვეტის მიზეზს.

    სასამართლომ არასწორად მიიჩნია მხარეთა შორის დადებული გარიგება ნარდობის ხელშეკრულებად. პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

    სკ 629- მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. პალატა თვლის, რომ შრომის ხელშეკრულება თავისი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. შრომის ხელშეკრულებით მუშაკი ვალდებულია, შეასრულოს განსაზღვრული სამუშაო დაკავებული თანამდებობის, პროფესიის თუ კვალიფიკაციის მიხედვით, რასაც განსახილველ შემთხვევაში აქვს ადგილი.

    პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ნარდობისაა, იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მენარდის შრომის შედეგი, მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და მას არ ექვემდებარება, შრომის ხელშეკრულებით კი მუშაკი ექვემდებარება ადმინისტრაციას (დამსაქმებელს), ის სამუშაოს ასრულებს შრომის შინაგანაწესის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში კონსულტანტი (ექსპერტი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას ექვემდებარება ადმინისტრაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში.შრომითი ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების საგანი შეიძლება იყოს მუშაკის შრომის შედეგი, ისევე როგორც ნარდობის ხელშეკრულების შემთხვევაში. მუშაკი ხშირად ასრულებს სამუშაოს პირადად და საკუთარი რისკით.

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 34 total)
  • You must be logged in to reply to this topic.