Forum Replies Created

Viewing 10 posts - 101 through 110 (of 138 total)
  • Author
    Posts
  • Crassus
    Participant

    გეთანხმები, ჩასათვლელი და ალტერნატიული გამოიყენება კიდეც პრაქტიკულად, ხოლო საჯარიმოს და ექსკლუზიურს არ იცნობს არც ქართული კანონმდებლობა და არც პრაქტიკა… აი რას იძახის ზუსტად ამ საკითხზე უზენასი სასამართლო: (სუსგ 3კ-422-03):

     

     

    “დაუშვებელია, ერთდროულად მოვალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდევინება, რამეთუ, როგორც პირგასამტეხლო, ისე გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების თანხას და არ შეიძლება ერთისა და იმავე დარღვევისათვის მოვალეს დაეკისროს გადახდა გაორმაგებული სტანდარტით, მითუმეტეს მაშინ, როცა სკ-ს 403-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, ვადის გადაცილების გამო კანონით გათვალისწინებული პროცენტი მოვალეს დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.”

     

    ამ შემთხვევაში მართალია საკითხი ეხებოდა ისეთ შემთხვევას, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ერთდროულად  პირგასამტეხლოც და 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტიც, თუმცა ანალოგიური მიდგომაა, როცა საქმე ეხება პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურებას ზოგადი საფუძვლებით (408-415 მუხლები), ან 403-ე მუხლსა და ზიანის ანაზღაურებას ზოგადი საფუძვლებით.

     

     

    Crassus
    Participant

    სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის ღონისძიებები

     

     

    გამსესხების მოთხოვნის და სიმშვიდის უფრო მყარად დასაცავად, სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს არაერთ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომლებსაც სათითაოდ განვიხილავთ:

     

     

    1. პირგასამტეხლო და სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი

     

     

    პირგასამტეხლო არის ფულადი სანქცია, სესხის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით, იგივეა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტიც, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ ფულადი ვალდებულებების დროს გამოიყენება, ხოლო პირგასამტეხლო შეიძლება გამოვიყენოთ არაფულადი ვალდებულებების დროსაც.

     

     

    აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება შეიძლება, როგორც სესხის საგანთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევისათვის, ისე სესხის პროცენტის გადაუხდელობისათვის.

     

     

    მაგ: დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მსესხებელს უნდა დაებრუნება 10.000 ლარი, 2015 წლის 10 აპრილს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მთლიანი თანხის 0.4 %-ის ოდენობით.

     

     

    მაგ: დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მსესხებელს უნდა დაებრუნება 10.000 ლარი, 2015 წლის 10 აპრილს. ამავდროულად მას უნდა გადაეხადა ყოველთვიური პროცენტი 200 ლარის ოდენობით, ყოველი თვის 10 რიცხვში. ამ ვალდებულების დარღვევისათვის კი განისაზღვრა პროცენტი მთლიანი თანხის 0.8 %-ის ოდენობით.

     

     

    მიმართება ზიანის ანაზღაურებასთან

     
    პირგასამტეხლო (ასევე 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი) წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, ხოლო თუ დამდგარი ზიანი უფრო მეტი ოდენობითაა, მაშინ გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანი ზიანის ანაზღაურება, თუმცა იგი ვეღარ მოითხოვს ამავდროულად პირგასამტეხლოს გადახდასაც. ან მას შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლო + ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით რამდენითაც აღემატება პირგასამტეხლოს.

     

     

    მაგ: სესხის დაუბრუნებლობამ გამოიწვია ზიანი 1000 ლარის ოდენობით, ამავდროულად 300 ლარის პირგასამტეხლო დაერიცხა სესხს. ასეთ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს 1000 ლარის ანაზღაურება, იგი ვერ მოითხოვს 1300 ლარის ანაზღაურებას.

     

     

    პირგასამტეხლოს გამოყენების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ პირგასამტეხლოს არსებობა გულისხმობს უპირობოდ მის გადახდას, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და გამსესხებელი აღარ იქნება ვალდებული ამტკიცოს ზიანის არსებობა.

     

     

    Crassus
    Participant

    პრაქტიკაში ხშირად გვხვდება ხელშეკრულებები, რომელიც მოიცავს შემდეგი ტიპის პირობებს:

    გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს სესხი“….. ხოლომსესხებელი ვალდებულია უკან დააბრუნოს სესხი

    მსგავსი ჩანაწერის მქონე ხელშეკრულება არ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებას, რადგან მსგავსი ხელშეკრულება არ არის ცალმხრივი – ხელშეკრულების ორივე მხარეს გააჩნია, როგორც ვალდებულება, ისე მოთხოვნის უფლება. მეორე მხრივ იგი არ არის რეალური -მსესხებელს ისე წარმოეშობა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომ სესხის საგანი მას არ მიუღია.

    ისმის კითხვა,  რა იურიდიული ძალის მქონეა მსგავსი შინაარსის მქონე ხელშეკრულება?

    მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების არსი უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, მხარეთა ნების გამოვლენის ანალიზის საფუძველზე.

    სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მიხედვით:

    ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება.

    სამოქალაქო კოდექსის 628-ე მუხლი კი ეხება სესხის დაპირების ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორეს წინაშე მომავალში სესხის გადაცემის ვალდებულების აღებას.

    სესხის დაპირება ნიშნავს გამსესხებლის მიერ ვალდებულების აღებას, რომ იგი გადასცემს სესხის საგანს მსესხებელს, ხოლო ზემოთ მოცემულ შემთხვევაში გვაქვს ორმხრივი ხელშეკრულება, კერძოდ გამსესხებელი იღებს ვალდებულებას გადასცეს სესხი მსესხებელს და ამავდროულად მას გააჩნია სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, იგივე ითქმის მსესხებელზე, რომელსაც გააჩნია, როგორც სესხის მიღების მოთხოვნის უფლება, ისე სესხის დაბრუნების ვალდებულება.

    ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ორ ელემენტს:

    1.სესხის შეპირებაზე შეთანხმება- გამსესხებლის ვალდებულება გადასცეს მსესხებელს სესხი.

    1. შეთანხმება მსესხებლის ვალდებულებაზე დააბრუნოს სესხი, ისე რომ მას არ მიუღია სესხის საგანი.

    პირველი შეთანხმება წარმოადგენს სესხის შეპირების ხელშეკრულებას, ხოლო მეორე შეთანხმება სკ-ის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპების მიხედვით, ასევე 623-ე და 319-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე,  არ წარმოშობს რაიმე იურიდიულ ძალას და ბათილია, რადგან ბათილ გარიგებად უნდა ჩაითვალოს, ისეთი გარიგება, რომლითაც  მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს დაუბრუნოს ის, რაც მისგან არ მიუღია.

    ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N- 3/1012-01, სადაც სასამართლომ შემდეგი განმარტება გააკეთა

    სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს მოჩვენებითი ან თვალთმაქცური. არ შეიძლება სესხზე ლაპარაკი, თუ ფული მსესხებელს არ ჰქონდა მიღებული. არარად ჩაითვლება სესხის ხელშეკრულება, თუ დასტურდება მისი უფულობა. .. არარა იქნება ისეთი გარიგება, როცა მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს დაუბრუნოს ის, რაც მისგან არ მიუღია.”

    in reply to: უსაფუძვლო გამდიდრება #4285
    Crassus
    Participant

    ძალიან კარგი გადაწყვეტილება, იმას ადასტურებს რაც წინა პოსტებში ვწერეთ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება დასკვნების გაკეთება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.

    მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: “A”-მ დაუკითხავათ გაასხვისა თავისი თანასოფლელი “B”-ს კუთვნილი 1000 ტონა კარტოფილი. ამ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ კარტოფილი არის გვაროვნული ნივთი და მისი დაბრუნება შესაძლებელია ნატურით.. “B”-ს შეუძლია მოითხოვოს “A”-სგან 1000 ტონა კარტოფილის დაბრუნება 982-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რადგან “A” გამდიდრდა 1000 ტონა კარტოფილით და ახლა მან უნდა დააბრუნოს იმავე ოდენობის და იმავე ხარისხის კარტოფილი (ანუ უნდა დააბრუნოს იმდენი, რამდენითაც გამდიდრდა).

    ახლა წარმოვიდგინოთ, რომ “A”-მ  ითხოვა და გაასხვისა არა კარტოფილი, არამედ “B”-ს კუთვნილი ოქროს საათი 400 დოლარად,  რომელიც ღირდა 1000 დოლარი.  ოქროს საათი წარმოადგენს ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთს და იქიდან გამომდინარე, რომ იგი გასხვისებულია და ახალი მესაკუთრე კეთილსინდისიერია, სამართლებრივად შეუძლებელია საათის დაბრუნება “B”-სთვის და დგება საკითხი, თუ რისი მოთხოვნის უფლება აქვს “B”-ს და ვისგან?

    ასეთ შემთხვევაში მას ექნება “A”-სგან საათის ღირებულების მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით… ანუ იგულისხმება, რომ სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრება, ანუ მიუხედავად იმისა, რომ “A” -მ 400 დოლარად გაყიდა საათი და ფაქტობრივად 400 დოლარით გამდიდრდა, ჩაითვლება, რომ იგი რეალურად გამდიდრდა ამ საათის ღირებულების შესაბამისად – 1000 დოლარით და შესაბამისად მან სწორედ ეს თანხა უნდა გადაუხადოს “B”-ს.

     

    Crassus
    Participant

    უკანონო ინდივიდუალური აქტის ფორმები

    უკანონო ინდივიდუალური აქტი შეიძლება არსებობდეს სამი ფორმით:

    1. მოქმედი (კანონიერ ძალაში შესული)– მიუხედავად იმისა, ინდ. აქტი არის კანონიერი თუ უკანონო, იგი მაინც მოქმედი ხდება, ანუ შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, მისი გაცნობისთანავე.

    მაგ: მერიამ გასცა მშენებლობის ნებართვა კანონის არსებითი დარღვვებით. ასეთ შემთხვევაში მართალია ინდ. აქტი არის უკანონო, თუმცა იგი მაინც მოქმედი იქნება და ისეთივე შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, როგორც  კანონიერი ინდ. აქტი.

    2. ბათილი– თუ ინდ. აქტი შინაარსობრივად უკანონოა, და შესაბამისად არსებობს მისი ბათილობის საფუძველი, იგი შეიძლება ბათილად ცნოს მისმა გამომცემა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომა ადმინისტრაციულმა ორგანომ ან სასამართლომ.

    ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდ. აქტის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდ. აქტს და მასზე ვრცელდება ინდ. აქტის გამოცემასთან დაკავშირებული რეგულაციები.

    3. არარა ინდ. აქტი– ეს ისეთი აქტია, რომელიც არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად მისი შესრულების ვალდებულება პირს არ გააჩნია.

    Crassus
    Participant

    შეცდომის გასწორება ინდ. აქტში

    ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში გაასწოროს შეცდომები.

    მნიშვნელოვანია გაირკვეს შეცდომა არსებითია, თუ არარსებითი, რადგან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას.

    შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისათვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

    Crassus
    Participant

    ინდ. აქტის გაცნობა სუსგ. ბს392-387(3-14)

    საკასაციო სასამართლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის ინსტიტუტთან დაკავშირებით სზაკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება:

    1. აქტის გასაჩივრების ვადის გასვლას;
    1. აქტის გასაჩივრების შემთხვევაში მის უცვლელად დატოვებას.

    განსახილველ საქმეში  სადავო დადგენილება გამოქვეყნდა ადგილობრივ პრესაში სზაკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, დადგენილია, რომ აქტი არავის არ გაგზავნია.

    საკასაციო სასამართლო სზაკ-ის 55-58-ე მუხლების დანაწესების საფუძველზე განმარტავს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის ხელმისაწვდომობის და მისი გაცნობის სტანდარტს, წესსა და პირობებს.

    საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე  №ბს-1580-1509(კ-09)  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო, მოპასუხის, ა. -ის მიმართ, ჩამოყალიბებულ განმარტებაში,  საკასაციო სასამართლომ აღნიშნა:

    „ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლას არაორაზროვნად და მკაფიოდ უკავშირებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობას, რაც ნიშნავს, რომ აქტით განსაზღვრული მოწესრიგება, სამართლებრივი შედეგი შესასრულებლად სავალდებულო ძალას იძენს მხოლოდ ადრესატისათვის აქტისგადაცემის შემთხვევაში. ამდენად, სამართლებრივი აქტით უნდა განისაზღვროს ადრესატისაქტის გამოცემის თარიღის შემდგომი სამართლებრივი მდგომარეობა (უფლება-მოვალეობების დადასტურება, დაწესება, შეცვლა, შეწყვეტა)“.

    საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აქტის ოფიციალური გაცნობის კანონით დადგენილი წესი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა ცნობილია აქტის ადრესატი/ადრესატთა წრე, აგრეთვე დაინტერესებული პირები.

    გასაჩივრებული დადგენილების შინაარსი ცხადყოფს, რომ აქტის სამართლებრივი შედეგი არ ზემოქმედებს  უშუალო ადრესატის ან მესამე პირთა კანონიერ ინტერესებზე, რამდენადაც ტექინვენტარიზაციის ბიუროს მონაცემებით ქ. ბათუმის მერიის სახელზე აღრიცხული ფართის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების მოთხოვნით საჯარო რეესტრისადმი მიმართვის უფლებას ეხება, ამდენად, აქტის ოფიციალური გაცნობის წესის გამოყენების ვალდებულება ადრესატის გარეშე ალოგიკური, შესაბამისად, არაკანონიერია.

    საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარ ვითარებაში, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებათა გამოქვეყნება ერთადერთი ლეგიტიმური საშუალებაა მისი საზოგადოების წევრებისათვის გაცნობის უზრუნველსაყოფად, რაც სავსებით ლოგიკურად და კანონიერად გამოიყენა მოპასუხე ქ. ბათუმის მერიამ, რაც გულისხმობს ამ აქტის სზაკ-ის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნების დღეს ძალაში შესვლას.

    აღნიშნულ გარემოებათა გამო,  გასაჩივრებული დადგენილება გამოქვეყნდა რა გაზეთ ,,…“ 2006 წლის 1 სექტემბრის ნომერში, აქტი ძალაში შევიდა გამოქვეყნების დღესვე, საიდანაც უნდა აითვალოს მისი გასაჩივრების ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა.

    ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით შეტანის თაობაზე არ გამომდინარეობს  სზაკ-ის 55-58-ე მუხლების სწორი, კანონშესაბამისი გაგება-განმარტებიდან.

    Crassus
    Participant

    ინდივიდუალური აქტის დასაბუთება

    წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

    ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდ. აქტი.

    თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ინდ. აქტის გამოცემისას.

    ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

    თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.

    Crassus
    Participant

    ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კლასიფიკაცია

    სამართლებრივი აქტის ინდ. აქტად მიჩნევისთვის უნდა მოხდეს ორი სტრუქტურლი ელემენტის ანალიზი ეს არის ადრესატთა წრე (გენერალური ან ინდივიდუალური) და ობიექტი (კონკრეტული ან აბსტრაქტული).

    ამ ელემენტების გათვალისწინებით, შეგვიძლია გამოვყოთ ოთხი ტიპის აქტი:

    აბსტრაქტულ-გენერალური

    აბსტრაქტული ელემენტი გულისხმობს აქტის გავრცელებას განუსაზღვრელ შემთვევებზე, ხოლო გენერალურობის ელემენტი გულისხმობს მის გავრცელებას პირთა განუსაზღვრელი ოდენობის მიმართ.  ასეთი ტიპის აქტი იქნება ნორმატიული.

    მაგ: ცენტრალურ პარკში ალკოჰოლური სასმელის დალევის აკრძალვა, გზის კონკრეტულ პერიმეტრზე მძიმე გაბარიტიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვა და ა.შ.

    კონკრეტულ-ინდივიდუალური

    კონკრეტული ელემენტი გულისხმობს აქტის გავრცელებას განსაზღვრულ, კონკრეტულ შემთხვევაზე, ხოლო ინდივიდუალურობის ელემენტი გულისხმობს მის გავრცელეაბს პირთა განსაზღვრული წრის მიმართ. შეიძლება პირები ზუსტად არ იყვნენ განსაზღვრული, თუმცა იყოს ობიექტური კრიტერიუმი, რითაც განისაზღვრებიან კონკრეტული პირები. ასეთი ტიპის აქტი იქნება ინდ. აქტი.

    მაგ: ავარიის შედეგად დაზიანდა „ა“ კორპუსი, რომლის მაცხოვრებლებს მერის ბრძანებით მერიისგან გადაეცათ მილიონი ლარი კომპენსაციის სახით.

    აბსტრაქტულ- ინდივიდუალური

    სახეზეა აბსტრაქტული ელემენტი- არ არის განსაზღვრული კონკრეტული ურთიერთობა, თუმცა გვაქვს ინდივიდუალურობის ელემენტი, რომლითაც განისაზღრება ის პირები, ვიზეც ვრცელდება აქტი. ასეთი ტიპის აქტი იქნება ინდ. აქტი.

    მაგ: „ა“ ქუჩა არის ცალმხრივი გზის მქონე, თუმცა მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით „ა“ ქუჩის მცხოვრებლები უფლებამოსილნი არიან საწინააღმდეგო მიმართულებით იმოძრაონ, მათი საჭიროებისამებრ.

    კონკრეტულ-გენერალური

    კონკრეტულობის ელემენტი- აქტი ეხება კონკრეტულ შემთხვევას, ხოლო გენერალურობის ელემენტი- იგი ეხება პირთა განუსაზღვრელ ოდენობას. ეს იქნება ინდ. აქტი.

    მაგ: რამდენიმე საათით პირთა გადაადგილების შეზღუდვა პარკში, ან ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვა სანამ გაივლის პრეზიდენტის კორტეჟი და ა.შ.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #28402
    Crassus
    Participant

    ხელშეკრულების დადება და სახელშეკრულებო ბოჭვის პრინციპი

    ხელშეკრულება ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგების ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი ფორმაა. ხელშეკრულება ორი ან რამდენიმე პირის შეთანხმებაა, რომლითაც ისინი კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავენ მიზნად.

    ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება და წარმოიშობა შესაბამისი სამართლებრივი შედეგი, მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის სახით, როდესაც მხარეები ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, მიაღწევენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას (კონსესუს), საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. (სკ. 327-ე მუხლი).

    მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგეგ, მყიდველს წარმოეშობა ნასყიდობის საგნის მოთხოვნის უფლება, ასევე საფასურის გადახდის ვალდებულება, ხოლო გამყიდველს წარმოეშობა საფასურის მოთხოვნის უფლება და ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულება.

    ხელშეკრულების დადების შედეგად, მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ბოჭვის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ცალმხრივად არ აქვთ უფლება უარი თქვან ხელშეკრულებაზე და იმ სამართლებრივ შედეგზე, რაც ამ ხელშეკრულებამ მოიტანა. იმ შემთხვევაში თუ ისინი უარს იტყვიან თავისი ვალდებულების შესრულებაზე, მეორე მხარეს უფლება ექნება სასამართლოს წესით იძულებითი აღსრულების გზით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება.

    კანონით ან მხარეთა შეთანხმებით, შესაძლოა გათვალისწინებული იყოს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მხარე უფლებამოსილია სახელშეკრულებო ბოჭვის მიუხედავად, ცალმხრივად უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

Viewing 10 posts - 101 through 110 (of 138 total)