შრომის ხელშეკრულების შინაარსს სახელმწიფო გააკონტროლებს

career-public-service-lawშრომის ხელშეკრულებების შინაარსს სახელმწიფო გააკონტროლებს??

კომპანიებს თანამშრომლებთან დადებული ხელშეკრულებების შინაარსს სახელმწიფო გაუკონტროლებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიებს შესაძლოა, ჯარიმების გადახდა დაეკისროთ.

ამ ცვლილებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაერთიანებული პროფკავშირების და დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილებების პაკეტი მზადაა და მისი პარლამენტში ინიცირება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მოხდება.

რაც შეეხება კანონპროექტის დეტალებს, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მათი ინიციატივით, მიმდინარე წელს შრომის ხელშეკრულებების შესწავლა-ინსპექტირება დაიწყო, რომლის შედეგადაც გასულ წელს შექმნილმა შრომის ინსპექციამ 20-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანია შეამოწმა, შედეგები კი 2 თვეში გასაჯაროვდება. გარდა ამისა, შრომის ინსპექცია ამ საკითხზე ანგარიშსაც ამზადებს.

მათივე ინფორმაციით, შრომის ინსპექცია, მომავალი წლიდან, კომპანიებში უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებასაც გააკონტროლებს, რაც კომპანიებისთვის სავალდებულო იქნება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ბიზნესს სანქცია დაეკისრება, თუმცა სანქციების ტიპი, ამ დროისთვის, ცნობილი არ არის.

რაც შეეხება ბიზნესის პოზიციას, კომპანიების წარმომადგენლები ერთიან აზრზე არ არიან. არის კომპანიები, რომლებშიც საერთაშორისო სტანდარტებია დანერგილი. ისინი თანხებს ხარჯავენ, რომ ყველაფერი მოწესრიგებელი ჰქონდეთ და არიან მათი კონკურენტებიც. ამიტომ ისინი ვარაუდობენ, რომ შეიძლება ბიზნესსუბიექტები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

დამსაქმებელთა ასოციაცია კი დასაქმებულთა უფლებების დაცვაზეც ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ, ამ მიმართულებით, გარკვეული რეგულაციების დაწესება მოხდება.