Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterსესხის ხელშეკრულების შინაარსი
რა საკითხებზეა შეთანხმებაა საკმარისი სესხის ხელშეკრულების დასადებად?
სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით:
ხელშეკრულება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს ამ ხელშეკრულების შინაარსი.
ხოლო სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:
„ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.“
სესხის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ არსებობს შემდეგ საკითხებზე შეთანხმება:
- მხარეები– სესხის ხელშეკრულება დადებული ვერ იქნება თუ არ არის ზუსტად განსაზღვრული თუ ვინ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების მხარეებს. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 53-ე და 327-ე მუხლებიდან. სწორედ მხარეები განსაზღვრავენ სკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულების ძირითად პირობებს და თუ არ არიან განსაზღვრული სესხის ხელშეკრულების მხარეები, მაშინ სესხის ხელშეკრულების არსებობაზეც ვერ ვისაუბრებთ.
- სესხის საგანი– როგორც უკვე აღინიშნა სესხის საგანს წარმოადგენს ფული ან გვაროვნული ნივთები, ბუნებრივია თუ არ იქნა განსაზღვრული, რა ასესხა გამსესხებელმა მსესხებელს, მაშინ ვერც იმის განსაზღვრა იქნება შესაძლებელი თუ რისი დაბრუნების ვალდებულება აქვს მსესხებელს, ამიტომაც სესხის საგნის განსაზღვრის გარეშე არ იარსებებს არც სესხის ხელშეკრულება.
- სესხის ხელშეკრულების დადების განზრახვა– სესხის ხელშეკრულებაში უნდა ჩანდეს მხარეთა განზრახვა, რომ ისინი დებენ სესხის ხელშეკრულებას. შეიძლება გვქონდეს სესხის არსებობის ყველა სხვა პირობა, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენდეს სესხის ხელშეკრულების დადების საფუძველს.
მაგ: დაიდო ხელშეკრულება „ა“ და „ბ“-ს შორის, „ა“-მ გადასცა „ბ“-ს საკუთრებაში ფულადი თანხა. ერთი შეხედვით ყველ პირობა გვაქვს სესხის ხელშეკრულების არსებობისათვის:
ა) განსაზღვრულია მხარეები;
ბ) განსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი;
გ) ფულადი თანხის საკუთრებაში გადაცემა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის.
მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლება, თუ მხარეებმა მკაფიოდ არ დააფიქსირეს სესხის ხელშეკრულების დადების სურვილი, რადგან ზემოთ მოყვანილი ელემენტები სხვა ხელშეკრულებებსაც ახასიათებს, მაგალითად ჩუქების ხელშეკრულებას, ამიტომაც სესხის ხელშეკრულების დადების განზრახვა უნდა ჩანდეს მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება დადებულად.
BLH
Keymasterსესხის ხელშეკრულების საგანი
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს სესხის სახით ფულს ან ნებისმიერ გვაროვნულ ნივთს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების საგანი, ფულის გარდა, შეიძლება იყოს გვაროვნული ნივთებიც, ისეთი ნივთები, რომელთა გამოცვლა შესაძლებელია.
მაგ: კარტოფილი, საწვავი, ზეთი და ა.შ.
აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა მოვიხმოთ სამოქალაქო კოდექსის 382-ე მუხლის დანაწესი:
„თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული ნივთი), მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს.“
მოცემული წესის მიხედვით მსესხებელი ვერ ეტყვის გამსესხებელს უარს ნასესხები კარტოფილის დაბრუნებაზე სანამ კარტოფილის შოვნა არის შესაძლებელი.
შედარებისათვის სესხის ხელშეკრულების საგანი არ არის ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი და როცა ასეთი ნივთის გადაცემა ხდება დროული სარგებლობისათვის, ეს იქნება უკვე თხოვების ხელშეკრულება, ანუ შეუძლებელია სესხის ხელშეკრულების დადება ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის შესახებ.
მაგ: ბინის გასესხება შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია პიანინოს გასესხება და ა.შ.
მსესხებელი მისთვის გადაცემულ სესხის საგანზე ღებულობს საკუთრების უფლებას და შემდგომ მან უნდა დააბრუნოს მსგავსი ხარისხის, ოდენობისა და რაოდენობის ნივთი.
მაგ: როცა მარიამი ასესხებს 100 კილოგრამ კარტოფილს ნიკას, კარტოფილის გადაცემის მომენტიდან იგი ნიკას საკუთრება ხდება და ეს უკანასკნელი იგივე კარტოფილს კი არ უბრუნებს მარიამს, არამედ კარტოფილის გვაროვნული ბუნებიდან გამომდინარე ნიკამ უნდა დააბრუნოს მსგავსი ხარისხის და ოდენობის კარტოფილი.
მნიშვნელოვანია არაფულადი სესხის დროს ზუსტად გაიწეროს ხელშეკრულებაში გასესხებული გვაროვნული ნივთის ხარისხი და ოდენობა. ხარისხის განუსაზღვრეობის შემთხვევაში ამოქმედდება სამოქალაქო კოდექსის 380-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც:
„თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია შეასრულოს, სულ ცოტა, საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.“
BLH
Keymasterსესხის ხელშეკრულების ცნება
სესხის ხელშეკრულების ცნება განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლში:
„სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.“
მოცემული ნორმის თანახმად სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გამსესხებელი გადასცემს სესხის საგანს მსესხებელს და მას წარმოეშობა სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, ისე რომ მას მსესხებლის წინაშე ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო მსესხებელს წარმოეშობა ვალდებულება დააბრუნოს სესხი, ამასთან მას არ წარმოეშობა რაიმეს მოთხოვნის უფლება.
მაგ: A-მ ასესხა B-ს 10.000 ლარი, რომელიც უნდა დაებუნებინა ამ უკანასკნელს 2008 წლის 20 მაისამდე. მოცემულ შემთხვევაში, A-ს გააჩნია მოთხოვნის უფლება B-ს მიმართ, ხოლო B-ს გააჩნია ვალდებულება დააბრუნოს სესხი.
ის გარემოება, რომ გამსესხებელს გააჩნია მხოლოდ მოთხოვნის უფლება და მსესხებელს მხოლოდ სესხის დაბრუნების ვალდებულება, განაპირობებს სესხის ხელშეკრულების ცალმხრიობას. შედარებისთვის, ორმხრივი ხელშეკრულების შემთხვევაში, ხელშეკრულების ორივე მხარეს გააჩნია, როგორც მოთხოვნის უფლება, ისე ვალდებულება.
მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მყიდველს გააჩნია, როგორც ნასყიდობის საგნის მისთვის გადაცემის მოთხოვნის უფლება, ისე ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, ხოლო გამყიდველს გააჩნია ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულება და ნასყიდობის საფასურის მოთხოვნის უფლება.
BLH
Keymasterუსაფუძვლო გამდიდრების დროს მიყენებული ზიანის ცნება განსხვავდება დელიქტური ზიანის ცნებისგან. დელიქტური ზიანის შემთხვევაში სახეზეა სხვისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ისე რომ ამით სამართალდამრღვევი არანაირ სარგებელს არ იღებს (ანუ დაზოგვა და გაზრდა ამ უკანასკნელის ქონების არ ხდება სხვის ხარჯზე).
მაგალითად გაიყიდა სხვისი მოძრავი ნივთი იმაზე ნაკლებ ფასად ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო. შემძენი კეთილსინდისიერია. არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებულ სარგებელზე ვრცელდება კონდიქციური ნორმები (კონდიქციური მოთხოვნა შეიცავს დელიქტურ ელემენტებსაც, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ საქმე გვაქვს სამართალდამრღვევის ქონების გაზრდასთან გამოიყენება კონდიქციური ნორმები). ზიანის იმ ნაწილში რაშიც არ მოხდა ნივთის გაყიდვა, სამართალდამრღვევს არანაირი სარგებელი არ მიუღია აქედან გამომდინარე უნდა გავრცელდეს დელიქტური ნორმები. ანუ პარალელური მოთხოვნები (კონდიქციური და დელიქტური).
BLH
Keymasterსკ-ის 997-ე მუხლი ეფუძნება გერმანულ და ავსტრიულ მოდელს და განსხვავებულია DCFR -ის რეგულაციისგან, ამ უკანასკნელის მიხედვით დამსაქმებლის პასუხისმგებლობა ვრცელდება არა მხოლოდ დასაქმებული ბრალეული ქმედებების შედეგად მიყენებულ ზიანზე, არამედ ისეთ შემთხვევებზეც, როცა დასაქმებული ზიანის აყენებს მესამე პირს და აღნიშნული სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია (მაგ: ავტომობილის მომეტებული საფრთხის რეალიზაციის შედეგად დგება მესამე პირისთვის ზიანი. იხ. წინა პოსტებში მაგალითი),
მაშასადამე გერმანული სამოქალაქო კოდექსის (831-ე მუხლი) მიხედვით მსგავსად ავსტრიული სამოქალაქო კოდექსისა, დამსაქმებელი პირი პასუხისმგებელია ნებისმიერი ზიანისათვის, რომელსაც მისი დასაქმებული მიაყენებს მესამე პირებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
დამსაქმებელი პირის პასუხისმგებლობა არ დგება, თუ მან გამოიჩინა საკმარისი წინდახედულება დასაქმებულის შერჩევისას და ზიანთან დაკავშირებულ ქმედებებთან დაკავშირებით ან ზიანი დადგებოდა ასეთი წინდახედულობის მიუხედავად.
ეს ბოლო წინადადებაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი (რომელიც რატომღაც არ გადმოიტანა ჩვენმა კანონმდებელმა), რადგან სწორედ ამ წინადადების მიხედვით გამოირიცხება ვთქვათ სკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასაქმებული მიერ მესამე პირისათვის მიყენებული ზიანისათვის დამსაქმებლის პასუხისმგებლობა. ჩვენ კოდექსში პირდაპირ წერია, რომ ბრალის არსებობის გარეშე პასუხისმგელობა არ დგება. მსგავსი ჩანაწერი, ძალიან არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს პირდაპირ მიუთითებს რა უნდა გააკეთოს, მაინც დაუხვეწელია და აღნიშნული თქმის საფუძველს იძლევა DCFR –ის რეგულაცია ამ საკითხზე, რაც უკვე განვიხილეთ.
BLH
Keymasterქირავნობის ურთიერთობის შეწყვეტა (სუსგ. № 3კ-751-02)
სკ-ს 559-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ქირავნობის ურთიერთობა შეწყდება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ.ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება მაშინ ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით.
ქირავნობის ხელშეკრულებით ნივთით სარგებლობას ყოველთვის აქვს დროებითი ხასიათი. დრო, რომლის განმავლობაშიც დამქირავებელს უფლება აქვს ისარგებლოს დაქირავებული ნივთით, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება. თუმცა, ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადითაც. ქართული სამართალი არ იცნობს უვადო, მუდმივ ხელშეკრულებებს. ამიტომ ქირავნობის ხელშეკრულება ვადის მიუთითებლად დადებულად ითვლება განუსაზღვრელი ვადით და ნებისმიერ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
მხარე, რომელსაც ხელშეკრულების შეწყვეტა სურს, წინასწარ აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ სურს შეწყვიტოს ქირავნობის ურთიერთობა. განსაზღვრული ვადით დადებული ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გასვლა ნიშნავს ქირავობის ხელშეკრულების შეწყვეტას. თუმცა მხარეებს უფლება აქვთ განაახლონ ქირავნობის ხელშეკრულება, თუ დამქირავებელი სარგებლობს ნივთით ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც და გამქირავებელი ამაზე არ ედავება. ამ შემთხვევაში ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით, რომელიც, თავის მხრივ, ნებისმიერი მხარის სურვილის შესაბამისად შეიძლება შეწყდეს ხელშეკრულების მოშლის შესახებ განცხადების გაკეთებით (სკ-ს 559-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ე.ი. კანონი ხელშეკრულების განახლებისათვის არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ ფორმას. საკმარისია გამქირავებელი არ ედავებოდეს დამქირავებელს ნივთით სარგებლობაში.
ქირავნობის ხელშეკრულების განახლების სურვილი მარტო დამქირავებლის მხრიდან საკმარისი არ არის. აუცილებელია გამქირავებლის ნებაც — განაახლოს ქირავნობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დამქირავებელს არანაირი უპირატესობა არ გააჩნია სხვა პირებთან შედარებით კვლავ დადოს ახალი ხელშეკრულება გამქირავებელთან იმ ნივთზე, რომლითაც ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობდა.
BLH
Keymasterიურიდიული პირის პასუხისმგებლობა, მისი წარმომადგენლების ქმედებებისთვის
DCFR-ის VI.–3:201-ე მუხლის მე-2 ნაწილი:
“(2) Paragraph (1) applies correspondingly to a legal person in relation to a representative causing damage in the course of acting as such a representative. For the purposes of this paragraph, a representative is a person who is authorised to effect juridical acts on behalf of the legal person by its constitution.”
იურიდიული პირის წარმომადგენლის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება იურიდიულ პირს, DCFR-ის VI.–3:201 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით .
მეორე ნაწილში ამ ნორმის არსებობა გამოწვეულია იმით, რომ იურიდიული პირის წარმომადგენელი ყოველთვის არ არის მასთან შრომით ურთიერთობაში (მაგ: დირექტორი, დავალების ხელშეკრულების საფუძველზე წარმომადგენელი პირი). მსგავსი ჩანაწერის ქონა კარგი იქნებოდა ჩვენი კოდექსის 997-ე მუხლის მეორე ნაწილში, თუმცა 396-ე მუხლი მოიცავს მსგავს შემთხვევბს, ამიტომაც ცალკე გამოყოფის დიდი საჭიროება არ არის.
BLH
Keymasterდამსაქმებლის პასუხისმგებლობა მისი დასაქმებულის მიერ ბრალის გარეშე მიყენებული ზიანისთვის
როგორც ზედა პოსტში უკვე ავღნიშნე DCFR-ის მიხედვით პასუხისმგებლობა დგება არა მხოლოდ ბრალის შემთხვევაში, არამედ ბრალის გარეშე შემთხვევებშიც, მაგ: როცა „ა“-ს ყავს დაქირავებული „ბ“ მძღოლად. „ბ“ თავისი მანქანით ემსახურება „ა“-ს. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში „ბ“ , ბრალის გარეშე, მომეტებული საფრთხის რეალიზაციის შედეგად დაეჯახება „გ“-ის და მიაყენებს ზიანს. ამ შემთხვევაში „ა“ იქნება პასუხისმგებელი ამ ზიანის ანაზღაურებისათვის, რადგან მისმა დაქირავებულმა, სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელებისას მიაყენა ზიანი მესამე პირს. პასუხისმგებლობა დადგება მიუხედავად იმისა, რომ სახეზე არ არის ბრალი.
BLH
Keymaster997-ე მუხლთან დაკავშირებული რეგულაცია ევროპულ მოდელურ კოდექსში (DCFR VI 3:201)“VI.–3:201: Accountability for damage caused by employees and representatives(1) A person who employs or similarly engages another is accountable for the causation of legally relevant damage suffered by a third person when the person employed or engaged:(a) caused the damage in the course of the employment or engagement; and(b) caused the damage intentionally or negligently, or is otherwise accountable for the causation of the damage.(2) Paragraph (1) applies correspondingly to a legal person in relation to a representative causing damage in the course of acting as such a representative. For the purposes of this paragraph, a representative is a person who is authorised to effect juridical acts on behalf of the legal person by its constitution.”აღნიშნული მუხლი ორ ნაწილიანია, პირველი ნაწილის მიხედვით, პირი პასუხისმგებელია მისი დაქირავებულის ან ანალოგიურად დაკავშირებული პირის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას ბრალეული და ბრალის გარეშე ქმედების (ბრალის გარეშე პასუხისმგებელობის შემთხვევა) შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანისათვის.მეორე ნაწილის მიხედვით იურიდიული პირები აგებენ პასუხს თავიანთი წარმომადგენელთა ქმედებებისათვის.დასაქმებულის ცნება დასაქმებულის ცნება განისაზღვრება მისა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის არსებობიდან გამომდინარე. დასაქმებული არ იქნება დამოუკიდებელი ქვე-კონტრაქტორი და მსგავსი ტიპის დამოუკიდებელი სუბიექტები, რადგან დასაქმებულის გამო პასუხისმგებლობის ამოსავალი წერტილიაის გარემოება, რომ დამსაქმებელს გააჩნია დასაქმებულის ქმედების აბსტრაქტული კონტროლისა და მეთვალყურეობის მექანიზმები, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, ხოლო დამოუკიდებელ ქვე-კონტრაქტორს ან სხვა მსგავს სუბიექტების მიმართ ასეთი ძალაუფლება არ არსებობს.მაგ: საზღვაო კლუბი ქირაობს ამწეკრანს კერძო ფირმისაგან, რათა გადაიტანოს თავიანთი კლუბის წევრთა კუთვნილი იახტები ხმელეთზე შესაკეთებლად. კერძო ფირმა უზრუნველყოფს აღნიშნული ამწის მიწოდებას, თავისი პერსონალით. ამ უკანასკნელთა გაუფთხილებლობის გამო დაზიანდა ერთი იახტა. ამ შემთხვევაში კერძო კომპანია იქნება პასუხისმგებელი და არა საზღვაო კლუბი აღნიშნული ზიანისათვის.როგორც უკვე ავღნიშნე აღნიშნული მუხლი ვრცელდება არა მხოლოდ დასაქმებულებზე, არამედ ისეთ პირებზეც რომლებთანც არ არსებობს შრომითი ურთიერთობა ფორმალური სახით, თუმცა მათ მიმართ არსებობს „instructional dependence” (superiority and inferiority), ანუ უფლებამოსილება აკონტროლს და უმეთვალყურეოს ამ პირის ქმედებებს.მაგ: კლინიკა უზრუნველყოფს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, უფასო სამედიცინო სტაჟირებით, რომლის ფარგლებშიც სტუდენტის მიერ გამოჩენილი დაუდევროს გამო ერთ-ერთ პაციენტს მიადგა ზიანი. ამ შემთხვევაში მართალია სტუდენტსა და კლინიკას შორის არ არსებობს შრომითი ურთიერთობა, თუმცა მაინც კლინიკა იქნება პასუხისმგებელი ამ ზიანისათვის.როცა დროებით ხდება პირთა აყვანა სამსახურში, პასუხისმგებლობა მათი ქმედებებისათვის ეკისრება კომპანიას, რომელმაც უზრუნველყო ასეთი პირების მიწოდება. მაგრამ თუ ამ პირთა ინტეგრირება მოხდება კომპანიაში (მაგ: აცვიათ ფორმა, ახორციელებენ ყოველდღიურ საქმიანობას), მაშინ ისინი წარმოადგენენ „similary engaged” პირებს (ანალოგიურად დაკავშირებულ პირებს) და მათი ქმედებისთვის პასუხს აგებს ის კომპანია, რომელთანაც მართალია შრომით ურთიერთობა არ არსებობს, თუმცა სახეზეა ფიქცია.მაგ: ბენზინის კომპანია საჭიროებდა დამატებით მძღოლს ბენზინის გადაზიდვისთვის რამდენიმე კვირის პერიოდისათვის. ამ მიზნით ბენზინის კომპანიამ დადო ხელშეკრულება სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც მიაწოდა მძღოლი, რომელსაც ჩაუტარდა ტრეინინგები ბენზინის კომპანიის მხრიდან და მისი კარგი მუშაობის შედეგად დამატებითი დროით დაიტოვეს სამუშაოდ, თუმცა მან ამ დამატებით დროში გაუფთხიელბლობით მიაყენა ზიანი მესამე პირს ბენზინის გადაზიდვის დროს. აღნიშნულ შემთხვევაში ზიანი დადგა ბენზინის კომპანიის საქმიანობის განხორციელების დროს, იგი იყო ინტეგრირებული და ასრულებდა ამ კომპანიის მითითებას. მისი დე ფაქტო ზედამხეველი და ინსტრუქტორი იყო სწორედ ბენზინის კომპანია და იმის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა შრომითი ურთიერთობა სატრანსპორტო კომპანისთან, პასუხს აგებს ბენზინის კომპანია.პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, როცა ზიანი მიყენებულია შრომითი (ან ანალოგიურად დაკავშრებული საქმიანობის) შედეგად. უნდა დაისვას კითხვა, ქმედების განხორციელბისას პირი შრომით ფუნქციებს ასრულებდა თუ პირად მიზნებს მიზდევდა.მაგ: როცა ექიმი შვებულებაშია და მკურნალობს პიროვნებას, როდესაც მისი გაუფთხიელბლობას მოყვება ზიანი ამ პირისათვის. ამ შემთხვევაში ექიმის დამსაქმებელი კლინიკა არ იქნება პასუხისმგებელი.BLH
Keymasterდამსაქმებლის პასუხსიმგებლობა დასაქმებულის მიერ მიყენებულ ზიანზე
ვინაიდან შევეხეთ რამდენჯერმე 997-ე მუხლს, მოდი განვიხილოთ დეტალურად, თუ რას წარმოადგენს ეს მუხლი.პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.”აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე განვიხილოთ სკ-ის 396-ე მუხლი:მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.”აღნიშნული მუხლების მიხედვით განსაზღვრულია პირის პასუხისმგებლობა დაქირავებული მუშაკის და წარმომადგენლის ბრალეული ქმედებისათვის. პასუხისმგებლობის საფუძველია: დაქირავებული პირის/წარმომადგენლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი.სკ-ის 992-ე მუხლით პასუხისმგებლობისაგან იმით განსხვავდება, რომ მოვალე პასუხისმგებელია არა თავისი, არამედ სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის. სახეზეა ფიქცია, რომელიც ვლინდება იმაში, რომ დასაქმებული პირის/ წარმომადგენელის ქმედება გატოლებულია მოვალის ქმედებასთან.უნდა განვსაზღვროთ 997 და 396-ე მუხლის რეგულაციის სფერო, იგი ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:1. დაქირავებული პირის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში- უნდა არსებობდეს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. (997-ე მუხლი).2. წარმომადგენლის მიერ ზიანის მიყენებისას (ამ შემთხვევაში რელევანტურია ზოგადად წარმომადგენლობასთან დაკავშირებული მუხლები 103-114-ე მუხლები, ასევე სპეციალური შემთხვევები, მაგ: დავალების ხელშეკრულების დროს).3. როცა მესამე პირის გამოყენება ხდება ვალდებულების შესრულებისათვის. მაგ: “ა” და “ბ”-მ დადეს მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, “გ”-ს უნდა ჩამოეყვანა “ბ”-სთვის ავტომობილი, თუმცა მან არ ჩამოუყვანა ავტომობილი დროულად. ამ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებელი იქნება “ა” და არა “გ”.აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი გამოყოფს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოხელეთა ბრალეული ქმედების შემთხვევაში (სკ-ის 1005-ე მუხლი), ხოლო (სუსგ N- ას- 1078-1313-05) ამ გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ რატომღაც მიიჩნია, რომ საჯარო მოხელეს გამო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა 997-ე მუხლით უნდა ეკისრებოდეს, რაც ვფიქრობ არასწორია და ამის შესახებ მოგვიანებით ვიმსჯელოთ. -
AuthorPosts
