Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymaster2. როცა ხელშეკრულებაშია განსაზღვრული სხვადასხვა სახის პირობა სესხის ვადამდე შეწყვეტის შესახებ
უპრიანი იქნებოდა, სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ რეგულაცია განსაზღვრული იყოს სესხის ხელშეკრულებაში. ბევრი სხვადასხვა ფორმულირებით შეიძლება ამ პირობების განსაზღვრა, მოდი ჩამოვწეროთ რამდენიმე.
1. შეიძლება სკ-ის 873-ე მუხლის მორგება სესხის ხელშეკრულებაზე და პირობის შემდეგი სახით ჩამოყალიბება:
1.1. გამსესხებელი უფლებამოსილია მოშალოს სესხის ხელშეკრულება, თუ (გათვალისწინებულია სესხის დაბრუნება ნაწილ ნაწილ და) მსესხებელმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
1.1 გამსესხებელი უფლებამოსილია მოშალოს სესხის ხელშეკრულება, თუ (გათვალისწინებულია სესხის პროცენტის გადახდა ყოველთვიურად და) მსესხებელმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
2. შეიძლება ასევე უფრო რთული პირობების შექმნა:
1.1 გამსესხებელი უფლებამოსილია მოშალოს სესხის ხელშეკრულება, თუ ნებისმიერი ორი თვის მანძილზე მსესხებელი გადააცილებს სესხის პროცენტის ან სესხის თანხის გადახდის ვადას.
მაგ:წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური პროცენტის გახადა მოხდა ვადაგადაცილებით 2015 წლის მარტისა და ივნისის თვისათვის.
1.2 სესხის ხელშეკრულება ითვლება მოშლილად, თუ გამსესხებელი ამის შესახებ შეტყობინებას გაუგზავნის მსესხებელს ბოლო თვის ვადაგადაცილებიდან 10 დღის ვადაში.
მაგ: 1.1-ში მოყვანილ მაგალითში, თუ გამსესხებელი ივლისის 10 რიცხვის ჩათვლით მოითხოვს სესხის ხელშეკრულების მოშლას.
BLH
Keymaster@Edika said:
გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ 5 თვიანი რატომ არ ითვლება გრძელვადიანადდა სიტყვაზე 6 თვიანი ამაზე ცოტა დეტალურად თქვი.გრძელვადიანობის ცნებას კანონმდებელი არ განსაზღვრავს, ამიტომაც სასამართლო პრაქტიკის პრეროგატივაა აღნიშნული საკითხის განსაზღვრა. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ სესხის ხელშეკრულება 1 წლამდე წარმოადგენს მოკლე ვადიანს და ყველაფერი 1 წელზე მეტი არის გრძელვადიანი, მაგრამ ამ საკითხზე არ არსებობს ცალსახა დადგენილი კრიტერიუმი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა ხელშეკრულება გრძელვადიანი.
BLH
Keymasterვადიანი სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, როცა სესხით გათვალისწინებული ვალდებულება სრულდება ნაწილ-ნაწილ და მსესხებელი არღვევს ვალდებულებებს (მაგ: პროცენტის გადახდა გათვალისწინებულია ყოველთვიურად ან სესხის დაბრუნება ხდება ნაწილ-ნაწილ )
ორად გავყოთ თემა: 1. რა ხდება მაშინ, როცა არ არსებობს ხელშეკრულებით დარეგულირებული და 2. როცა ხელშეკრულებით დარეგულირებულია ეს საკითხი.
1. როცა არ არსებობს ხელშეკრულებით დარეგულირებული აღნიშნული საკითხი.
სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ, გამსესხებელი იმყოფება სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, რაც ვლინდება იმაში, რომ თუ სესხის დაბრუნების დრო განსაზღვრულია, მაშინ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე. (366-ე მუხლი).
აღნიშნული ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისები. გამსესხებლის მიერ ვადაზე ადრე სესხის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელია ორ შემთხვევაში:
ა. როცა მხარეები ამის თაობაზე შეთანხმდებიან ხელშეკრულებით.
ბ. როცა კანონი პირდაპირ უთითებს ასეთ შესაძლებლობაზე.
ჩვენ ზემო პოსტში განვიხილეთ კანონის მიერ პირდაპირ მითითებული შეთხვევები, როცა გამსესხებელს შეუძლია ვადამდე სესხის დაბრუნების მოთხოვნა (სკ-ის 367-ე და 627-ე მუხლები), თუმცა ეს მუხლები არ მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა გამსესხებელი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
რა უნდა ვქნათ ასეთ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაში არაფერი გვიწერია?
საინტერესოა ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი, რომელიც ეხება საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტას კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებისას:
„კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.“
ასეთი ნორმის სესხის შემთხვევაში გამოყენება გადაჭრიდა საკითხს, თუმცა ვინაიდან ეს ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო ნორმას და ვრცელდება მხოლოდ საკრედიტო ურთიერთობებზე, მას ანალოგიით ვერ გამოვიყენებთ არასაკრედიტო სესხებზე.
თუმცა ჩვენ გვაქვს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლი, რომლის გამოყენებაც შეიძლება ამ შემთხვევაში. რომლის მიხედვითაც უნდა გვქონდეს შემდეგი პირობები სესხის ხელშეკრულების ვადამდე შესაწყვეტად:
ა. სახეზე უნდა იყოს გრძელვადიანი სესხის ხელშეკრულება (მაგ: 5 თვიანი სესხის ხელშეკრულების დროს ვერ გამოვიყენებთ ამ მუხლს).
ბ. უნდა არსებობდეს პატივსადები საფუძველი- მაგ: ის, რომ მსესხებელი არ იხდის თვიურ პროცენტს სამი თვის განმავლობაში. ( 1 თვის პროცენტის გადაუხდებლობა ვერ იქნება პატივსადები საფუძველი) გ. გამსესხებელმა უნდა გააფრთხილოს მსესხებელი და მოთხოვოს ვალდებულების შესრულება.
სკ-ის 399-ე მუხლით სესხის ხელშეკრულება წყდება, ზემოთ მითითებული პირობების დაცვით, გამსესხებლის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებას და მისი მსესხებლისათვის მისვლის მომენტში იგი იძენს ძალას და ითვლება, რომ სესხის ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხი.
BLH
Keymasterსამედიცინო დელიქტი
სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლი
სკ-ის 1007-ე მუხლში განსაზღვრულია სამედიცინო დელიქტები, ანუ სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სპეციალური რეგულაცია:
„სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.“
ზიანის ანაზღაურება ეკისრება პირს, რომლის მუშაკიც თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინაამღვდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს მესამე პირს. (გამოიყენება სკ-ის 997-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესი).
პირი, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს მისი მუშაკის მართლსაწინაამღვდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანი, შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი, ასევე სახელმწიფო (როცა საჯარო სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას ხდება ზიანის მიყენება).
მუშაკის მიერ სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულებაში გაგებული უნდა იყოს, როგორც სამუშაოს შესრულება მისი სამსახურეობრივი (შრომითი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული. ასევე სამუშაო, რომელსაც პირი ასრულებს სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე. (მაგ: ექიმი უწევს „ჭ“ კლინიკის პაციენტს მომსახურეობას, ამ კლინიკასთან დადებული მომასხურების ხელშეკრულების საფუძველზე).
სამუშაოს მიმცემი პასუხს არ აგებს, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე (ბრალის არ არსებობის მტკიცების ტვირთი სწორედ მას აკისრია).
დავის წარმოშობის შემთხვევაში, მოპასუხედ გამოვა პასუხისმგებელი პირი,სწორედ მისგან უნდა მოითხოვოს დაზარალებულმა ზიანის ანაზღაურება. ხოლო ზიანის უშუალოდ მიმყენებლი-მუშაკი ჩართული იქნება საქმეში, როგორც მესამე პირი, ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფლების შემთხვევაში დამქირავებელი უფლებამოსილია სწორედ მისგან რეგრესის წესით მოითხოვოს მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ორგანიზაცია არ არის მოკლებული უფლებას ამტკიცოს, რომ მიუხედავად მისი მუშაკის შენობაში ან მის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტის სამუშაო საათებში, მუშაკმა ზიანი მიაყენა ისეთი ქმედებით, რომელიც მის შრომით(სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებასთან არანაირად არ იყო დაკავშირებული. მაგ: განზრახ მიაყენა ზიანი სხვა პირს შურისძიების მოტივით.
BLH
Keymasterსესხის სარგებლისა და ზიანის ანაზღაურების საფუძვლები
მოპასუხისათვის თანხის გადახდის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის პირობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის საფუძველს, ვინაიდან სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრეს. მაგალითისათვის, როდესაც მხარე ითხოვს სარგებელს, დაუშვებელია მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, ვინაიდან სარგებლისა და ზიანის ანაზღაურების საფუძვლები სხვადასხვაა. (იხ. სუსგ № 1136-1067-2012)
403-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესი გადაცილებული დროისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ პროცენტთან დაკავშირებით, გულისხმობს არა იმ პროცენტს, რომელზეც მხარეები ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეთანხმდნენ, არამედ სპეციალურად ვადაგადაცილებისათვის შეთანხმებულ პროცენტს, შესაბამისად, ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მოვალეს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ვადაგადაცილებული დროისათვის პროცენტი არ ეკისრება.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1)მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011)
თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორი (ფიზიკური პირი) დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ვადაგადაცილებული პერიოდისათვის მიუღებელ შემოსავალს საერთოდ ვერ მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია იმ ფაქტზე ყურადღების გამახვილება, რომ ნებისმიერი პირი, იქნება ეს ფიზიკური პირი, თუ საკრედიტო დაწესებულება, საკუთარი ფულის სხვისთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, აღნიშნული თანხის სრულად დაბრუნებამდე, უფლებამოსილია, მოითხოვოს ე.წ. `დაკარგული პროცენტი”, მიუღებელი შემოსავლის სახით. მიუღებელი შემოსავალი ფიზიკური პირი კრედიტორებისათვის საანაბრე პროცენტია, ანუ რასაც ფიზიკური პირი მიიღებდა ფულადი თანხა, ნაცვლად მოვალისათვის გადაცემისა, საბანკო ანაბარზე რომ განეთავსებინა, (იხ. სუსგ. ას-1576-1479-2012 ) ხოლო, საკრედიტო დაწესებულებისათვის – საკრედიტო ხელშეკრულების ვადის მოქმედების ფარგლებში მოვალესთან შეთანხმებული პროცენტი. რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელეს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის მიზნით აღებული აქვს სარგებლიანი სესხი, ასეთ ვითარებაში იგი უფლებამოსილია, ძირითად თანხასთან ერთად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუმცა, აღნიშნული ზიანი არ განეკუთვნება მიუღებელი შემოსავლის კატეგორიას, არამედ მითითებული ზიანი ფაქტობრივად დამდგარი ზიანია და მოთხოვნის საფუძველიც განსხვავებული აქვს.
BLH
Keymasterამბობს კი, მაგრამ რამდენად სწორია? როცა ვთქვათ სხვა პირი სარგებლობს ჩემი ნივთით, მე ხომ აღარ მაქვს იმის საშუალება, რომ იგი გავაქირავო, თუ იგი არ გამოდის თავისი ნებით ამ ბინიდან, შესაბამისად სახეზეა მიუღებელი შემოსავალი ამ ბინის გაქირავებიდან. ან თუნდაც ის შემთხვევა ავიღოთ, როცა ხდება სხვისი პირის ქონების განკარგვა, იგივე პრობლემა ჩანს იქაც.
BLH
Keymasterბინით უკანონოდ სარგებლობის შედეგები
სხვისი ბინით უკანონოდ სარგებლობის გამო ზიანის ანაზღაურების საკითხს ეხება ეს გადაწყვეტილებებიც (№ას-305-287-2014 და №ას-860-818-2013).
საინტერესოა, ის გარემოება, რომ როდესაც ხორციელდება ბინით უკანონოდ სარგებლობა, ამ შემთხვევაში მართალია გვაქვს “უსაფუძვლოდ გამდიდრებასთან გათანარების” შემთხვევა, თუმცა ასევე დელიქტური მოთხოვნის უფლების შემადგენლობა გვაქვს, ანუ მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია გვაქვს და საინტერესო ამ შემთხვევაში რატომ არ მოქმედებს უსაფუძვლო გამდიდრების სუბსიდიური ბუნება, რომლის მიხედვით მოთხოვნის საფუძვლების კონკურენციის დროს ჯერ უნდა გამოირიცოხს ყველა სხვა საფუძველი, სანამ მოხდება უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება.
BLH
Keymasterუსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანარება
სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი (სუსგ. №ას-1169-1115-2013)
მოცემული გადაწყვეტილება ეხება სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც მრავამხრივ განვიხილეთ წინა პოსტებში.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით გარდაიცვალა “A”, რომელმაც ანდერძით დაუტოვა თავისი ბინის 2/3 ნაწილი “B”-ს, ხოლო 1/3 ნაწილი “C”-ს….”B”-მ გადაიფორმა მთლიანად ბინა და გაყიდა 25.000 დოლარად..
სასამართლომ განმარტა, რომ “B”-მ განკარგა მართლსაწინააღმდეგო “C”-ს ბინის წილი (1/3 ნაწილი) და შესაბამისად სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა.. და “B”-ს უნდა აენაზღაურებინა ამავე მუხლით გათვალისწინებული “ზიანი”, რომელიც სასამართლომ გამოთვალა, არა 25.000 დოლარიდან (იმ თანხიდან, რამდენადაც ბ-მ გაყიდა ბინა და ფაქტობრივად გამდიდრდა), არამედ ბინის ღირებულებიდან – 35.000 დოლარიდან.
BLH
Keymasterსესხის ხელშეკრულების ფორმა და რეალური ბუნების პროცესუალური ანალიზი
სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნების სწორი გაგება, მნიშვნელოვანია პრაქტიკული თვალსაზრისით, რადგან სწორედ სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნება განაპირობებს სესხთან დაკავშირებულ დავებში მტკიცების ტვირთის თავისებურებას.
სააპელაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, იმსჯელა სესხის რეალურ ბუნებაზე, სესხის ფორმასა და მტკიცების ტვირთზე. (იხ. სუსგ ას-756-812-2011 ).
სასამართლომ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების ფორმის შესახებ რეგულაცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც ზეპირად, ისე წერილობით, თუმცა ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობის მტკიცებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მოწმის ჩვენება, ამავდროულად უნდა არსებობდეს სხვა მტკიცებულებებიც. აღნისანიშნავია ასევე, რომ სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადებას ენიჭება აშკარა უპირატესობა.
გადაწყვეტილების მიხედვით, რეალური ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან.
სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს, მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. თუმცა აღნიშნული მსჯელობა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ეხება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, ვინაიდან ზეპირი შეთანხმება ვერ მიიჩნევა სესხის ხელშეკრულების დადებად, მაშინ როდესაც ამისათვის აუცილებელია რეალური ქმედება.
რეალური ხელშეკრულება დადებულად ითვლება რეალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ. სადავოობის შემთხვევაში, სესხის ზეპირი ხელშეკრულების დადების დროს, მხარემ უნდა ამტკიცოს არა სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის სახით თანხის რეალურად გადაცემა.
სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს სასესხო ურთიერთობებთან მიმართებაში წერილობითი ფორმის უპირატესობას ზეპირ ფორმასთან, მაგრამ ეს დასტურდება პრაქტიკით. შესაბამისად, მხარეები წერილობითი ხელშეკრულების დადებით ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიას, როდესაც რეალური ქმედების ამსახველ წერილობით დოკუმენტში აღწერენ სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების, მაკვალიფიცირებელი ქმედების განხორციელებას, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების დადებას.
სასამართლოს განმარტებით, სესხის წერილობითი ხელშეკრულების დადებისას, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა თანხა ისესხა, საპირისპიროს დადასტურებამდე, იგულისხმება, რომ სესხება, როგორც რეალური ქმედება, უკვე განხორციელდა.
წერილობითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მტკიცებულების სახით წარდგენილ უნდა იქნეს სესხის ხელშეკრულება, რომელშიც ასახული იქნება სესხის რეალურად გადაცემის ფაქტი. რაც შეეხება ზეპირი ფორმით დადებულ სესხის ხელშეკრულებას, აღნიშნული, ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის სახით თანხის გადაცემაში გამოიხატება, თანხის გადახდის ქვითარი, ხელწერილი თანხის გადაცემასთან დაკავშირებით და ა.შ.
BLH
Keymasterსესხის ხელშეკრულების “რეალური” ბუნება
სესხის ხელშეკრულების რეალურ ბუნება ვლინდება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა მხოლოდ მხარეთა შეთანხმების მომენტიდან, არამედ ფაქტობრივად სესხის საგნის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან. ამდენად, სესხი ხელშეკრულება არ ჩაითვლება დადებულად იმ მომენტამდე, სანამ სესხის საგანი არ გადაეცემა მსესხებელს საკუთრებაში.
სესხის საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემა შეიძლება მოხდეს სამი სახით:
1.სესხის საგნის გადაცემა პირდაპირ მფლობელობაში- ამ შემთხვევაში შემძენი ფაქტობრივად ეუფლება სესხის საგანს.
2.სესხის საგნის გადაცემა არაპირდაპირ მფლობელობაში, როცა ძველი მესაკუთრე რჩება ნივთის პირდაპირი მფლობელი- მაგ: სესხის საგანია 100 ტონა კარტოფილი, რომელსაც ფაქტობრივად ფლობს კვლავ ძველი მესაკუთრე, თუმცა მას აღარ გააჩნია სესხის საგანზე საკუთრების უფლება, რომელიც გადაცემული აქვს ახალ შემძენს და რომელიც წარმოადგენს სესხის საგნის არაპირდაპირ მფლობელს, საკუთრების უფლებიდან გამომდინარე.
3.მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება. მაგ: „A”-მ ასესხა „B”-ს 100 ტონა კარტოფილი, რომელიც მისი მეზობელი „C”-ს საწყობში ინახებოდა, “A” უფლებამოსილია მოსთხოვოს „C”-ს სესხის საგანის მისთვის გადაცემა.
-
AuthorPosts
