Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterგარიგების შინაარსი
გარიგების ნამდვილობისათვის აუცილებელია იკითხებოდეს მისი შინაარსი, კერძოდ უნდა არსებობდეს გარიგების ყველა აუცილებელი ელემენტი.
გარიგების ბირთვია ნების გამოვლენა, თუმცა ნების გამოვლენის ცნება არ არის გარიგების ცნების იდენტური, გარიგების ნამდვილობისათვის უნდა არსებობდეს გარიგების სხვა ელემენტებიც.
მაგ: სესხის ხელშეკრულება არსებობს, როცა სახეზეა შემდეგი ელემენტები ერთობლიობაში: განსაზღვრულია ხელშეკრულების მხარეები, მათ შორის მიღწეულია კონსესუსი სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მსესხებლისთვის გადაცემულია სესხი.
მაგ: ცალმხრივი მიღებასავალდებულო გარიგების წარმოშობისთვის, ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის საკმარისი, უნდა არსებობდეს ამავდროულად ამ ნების გამოვლენის ადრესატისთვის მისვლის ფაქტიც.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით, გარიგების მონაწილეთა ნება უნდა დადგინდეს ნათლად, მთლიანი სურათის გათვალისწინებით, გონივრული განსჯის შედეგად.
ხელშეკრულების განმარტებისას, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის (ზოგადი წესის) გარდა, გამოიყენება სპეციალური სკ-ის 337-340-ე მუხლები.
ნების გამოვლენა არ უნდა იყოს ბუნდოვანი, რადგან ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსზეა საუბარი, შესაბამისად არ არსებობს გარიგება.
ასეთ შემთხვევაში გვაქვს არა ბათილი გარიგება, არამედ საერთოდ თვით ნების გამოვლენა ითვლება არარსებულად, შესაბამისად საერთოდ არ არსებობს გარიგება.
მაგ: “ა”-მ შეიტანა სარჩელი სასამართლოში “ბ”-ს წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის გადარიცხული 10.000 ლარის უკან დაბრუნება. თუ სასამართლო განხილვის შედეგად არ გამოიკვეთება კონკრეტული გარიგების შინაარსი, რომლიდან გამომდინარეც მიიღო “ბ”-მ თანხა, მაშინ ჩაითვლება, რომ გარიგება არ არსებობს და შესაბამისად “ბ” ჩაითვლება უსაფუძვლოდ გამდიდრებულად და დაეკისრება ვალდებულება დაუბრუნოს “ა”-ს გადარიცხული თანხა.
BLH
Keymasterგარიგების ცნება და მისი სახეები
კერძო სამართლის სუბიექტების მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა ხორციელდება გარიგების მეშვეობით. გარიგების ცნება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც გარიგება შეიძლება იყოს ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელსაც მოჰყვება სამართლებრივი შედეგი.
ამდენად, იმისათვის, რომ ნების გამოვლენა მიჩნეული იყოს გარიგებად, აუცილებელია მას სამართლებრივი შედეგი მოყვებოდეს. მაგ: მისალმება, კომპლიმენტის თქმა და სხვა სახის ნების გამოვლინებები, არ წარმოადგენს გარიგებას, რადგან მას არ მოყვება სამართლებრივი შედეგი.
ცალმხრივი გარიგებები– ისეთ გარიგებებია, რომელთა ნამდვილობისთვის, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. ცალმხრივი გარიგებები სამ ჯგუფად იყოფა:
1. ცალმხრივი გარიგებები, რომლებიც მხოლოდ ნების გამომვლენ პირს ეხება.
მაგ: ქონების მიტოვების დროს, ქონების მესაკუთრე ნებას ავლენს, თავისი საკუთრების უფლების გაუქმების მიზნით კონკრეტულ ქონებაზე, რაც წარმოშობს სამართლებრივ შედეგს- მისი საკუთრების უფლება ამ ქონებაზე უქმდება, ამავდროულად აღნიშნული გარიგება სხვა პირების უფლება-მოვალეობებს არ ეხება.
2. ცალმხრივი გარიგებები, რომლებიც იურიდიულ ძალას იძენენ ერთი პირის ნების გამოვლენის შედეგად, მაგრამ უფლებრივ, ქონებრივ ან სხვაგვარ უპირატესობას ანიჭებენ მესამე პირს.
მაგ: ანდერძი მემკვიდრე იღებს სამართლებრივ უპირატესობას ერთი პირის ნების გამოვლენის დროს, ამ შემთვევაში მამკვიდრებელის.
მაგ: მინდობილობა, რომელიც ერთი პირის ნების გამოვლენის საფუძველზე ანიჭებს სხვა პირს კონკრეტულ უფლებებს, ისე, რომ ამ უკანასკნელის ნების გამოვლენა არ არის საჭირო.
3. გარიგება მესამე პირებს ეხება მაგრამ შესაძლოა მათ მოუტანოს ზიანი. ასეთი ცალმხრივი გარიგების მაგალითია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა. (მიღებასავალდებულო ცალმხრივი გარიგება), ანუ იურიდიულ ძალას იძენს მესამე პირის მიერ მიღების შემთხვევაში.
ასეთი გარიგება, მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, გარიგება სამართლებრივ შედეგს წარმოშობს იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
მაგ: ხელშეკრულების მოშლა არის ცალმხრივი გარიგება, რომელიც შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე ხორციელდება, იგი არ საჭიროებს მეორე მხარის ნების გამოვლენას და სამართლებრივ ძალას იძენს, მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ ნების მიღებისთანავე.
ორმხრივი გარიგებები- ორმხრივი გარიგების კლასიკური ფორმაა ხელშეკრულება. ხელშეკრულება, რომ ჩაითვალოს ნამდვილად , მისი მხარეებს ნების თანხვედრა უნდა მოხდეს, ანუ ორივე ნების გამოვლენა შინაარსობრივად უნდა ემთხვეოდეს (კონსესუსი).
ხეშეკრულების დროს ნების გამოვლენა ყოველთვის ერთზე მეტია.ხელშეკრულება იყოფა ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებად:
ცალმხრივი ხელშეკრულება– ხელშეკრულების მხარეებს მხოლოდ უფლებები აქვთ ან მხოლოდ ვალდებულებები. მაგ: ჩუქების ხელშეკრულება, მჩუქებელს უფლება აქვს აჩუქოს(ვალდებულება) , ხოლო დასაჩუქრებულს უფლება აქვს მიიღოს , მაგრამ არ არის ვალდებული.
ორმხრივი ხელშეკრულება -ამ დროს ხელშეკრულების ორივე მხარეს აკისრია, როგორც მოვალეობები ასევე აქვთ უფლებები. კლასიკური მაგალითია- ნასყიდობა.გამყიდველი ვალდებულია გადასცეს საქონელი, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საფასური, გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს საფასური, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს საქონელი.
მრავალმხირივი გარიგება- ყველაზე გავრცელებული ფორმაა გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება პირთა უმრავლესობით, ხელშეკრულებისგან განსხვავებით შეიძლება არ დასჭირდეს კონსესუსი და პირთა უმრავლესობის ნების გამოვლენით განხორციელდეს. მაგ: ბინის ამხანაგობის წესდებაში ასეთი გადაწყვეტილების მიღება განისაზღვრულის ამხანაგობის წევრთა 2/3 თანხმობა.
BLH
Keymasterსაიჯარო დავებთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთი
(სუსგ. № ას-587-555-2011 )
„საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლის შესაბამისად, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. მითითებული ნორმების ანალიზიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარეა ვალდებული ამტკიცოს მოიჯარისთვის ქონების გადაცემა, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა ვადამდე მოიშალა ხელშეკრულება თუ ვადის გასვლით შეწყდა, ქონების დაბრუნების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოიჯარეს.“
BLH
Keymasterსაწარმოს სახელწოდება
მოცემულ სტატიაში განხილულია საწარმოს სახელწოდების იურიდიული ბუნება და მახასიათებლები.
BLH
Keymasterსაწარმოს ფილიალი
მოცემულ სტატიაში განხილულია საწარმოს ფილიალის ცნება და მისი მნიშვნელობა სამართლებრივ ურთიერთობებში.
BLH
Keymasterმიწაზე განლაგებული ორი ან მეტი ნაგებობა
(N- ას 722-1095-06)
საზიარო უფლება არსებობს მიწაზე, რომელზეც განლაგებულია ორი ან მეტი ნაგებობა. სასამართლოს განმარტების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არსებობს მხოლოდ ერთი მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა შორის და არ ვრცელდება იმავე ნაკვეთზე მდებარე იზოლირებული ნაგებობის ბინათმესაკუთრეებზე.
სასამართლომ საზიარო უფლების სუბიექტებად მიიჩნია მრავალბინიანი სახლის ამხანაგობა და იმავე ნაკვეთზე მდებარე კერძო სახლის მესაკუთრე.
BLH
Keymasterგანსხვავება ნარდობასა და ნასყიდობის შორის
სამუშაოს შესრულებისას მენარდის მასალით, როცა იგი გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე, საჭიროა განვასხვაოდ ნასყიდობისაგან. ეს განსხვავებებია:
ა)ნადროობის ხელშეკრულების საგანი წარმოადგენს, როგორც წესი ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნაკეთობის დამზადებას. (კონკრეტული უნიკალური ნიშნების მქონე საგანი, რომელიც მხოლოდ ერთია სამოქალაქო ბრუნვაში), ნასყიდობისას უმრავლესად საგანია -გვაროვნული ნივთები. (ისეთი საგნები, რომლებიც ბევრია და გამოცვლადი).. ამიტომ სამოქალაქო კოდექსი მიუთითებს, რომ თუ ნარდოობის ხელშეკრულებით დამზადებულია გვაროვნული ნივთი, ანალოგიით გამოიყენება ნასყიდობის წესები.
ბ)ნარდოობის პირობები, მიმართულია სამუშაოთა შესრულების პროცესში მხარეების ურთიერთობის განსაზღვისაკენ, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების ძირითად შინაარსს წარმოადგენს ხელშეკრულების საგნის გადაცემა მეორე მხარისთვის (მყიდველისათვის).პრაქტიკულად კონკრეტული სიტუაციების გადასაწყვეტად საჭიროა ხელშეკრუელბის სხვა პირობების განმარტება: ხელშეკრულების სახელწოდება, მხარეები, ანგარიშსწორების წესი, გადაცემა და ა.შ.
გ) გამყიდველი რეალიზაციას უკეთებს ნაკეთობას, რომელიც დამზადებულია მისი მასალით, ხოლო მენარდე – ნაკეთობას, რომელიც დამზადებულია მისი ან შემკვეთის მასალით.
ზოგადი წესის თანახმად, ხელშეკრულება, რომელიც ექვემდრებარება დამზადებას ან წარმოებას, ითვლება ნასყიდობის ხელშეკრულებად იმ პირობით, თუ საქონლის შემკვეთი მხარე არ კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს დამამზადებელს იმ მასალის არსებითი ნაწილი, რომელიც აუცილებელია ასეთი საქონლის დასამზადებლად ან საწარმოებლად.
ამდენად, თუ შემკვეთმა, შეუკვეთა განსაზღვრული რაოდენობის ნივთები, აიღო ვალდებულება ნივთების დასამზადებელი მასალის მიწოდებისა, ხელშეკრულების კლასიფიკაცია დამოკიდებულია ამ მასალის რაოდენობაზე: არის თუ არა ამ მასალის რაოდენობა არსებითი (ნარდოობის ხელშეკრულება), თუ არაარსებითია(ნასყიდობა).
მაგ: თუ „ა“-მ შეუკვეთა 100 კაბის დამზადება „ბ“-ს და მიუტანა მას ამ კაბების დასამზადებლად ნაჭერი და სხვა საჭირო მასალა, ხოლო მკერავს კაბების შესაკერად დასჭირდა მხოლოდ ძაფები. ასეთ შემთხვევაში სახეზე იქნება ნარდობის ხელშეკრულება.
მაგ: „ა“-მ შეკუვეთა „ბ“-ს 100 კაბა, თუმცა მხოლოდ ძაფები მიუტანა კაბების დასამზადებლად. ამ შემთხვევაში სახეზე იქნება ნასყიდობის ხელშეკრულება.
ამ თემაზე მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-1162-1091-2012, სადაც სასამართლო მსჯელობს ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულების შესახებ განსხვავებებზე და მათ ნიშნებზე და დაადგენს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით თვალთმაქცურად დაფარულია ნარდობის ხელშეკრულება.
BLH
Keymasterსპეციალური ხანდაზმულობის ვადები
მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.
მაგ: უხარისხო სამუშაოს შესრულების გადაცემის მომენტიდან შემკვეთს გააჩნია გარკვეული მოთხოვნის უფლებები, (რაც ზემო პოსტებში დაიწერა), ამ მოთხოვნის უფლებების რეალიზაცია სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელია ერთი წლის განმავლობაში, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.
გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, რომლებიც ნაგებობებს შეეხება (მაგ: სახლის აშენება, უძრავი ქონების რეკონსტრუქცია და ა.შ.), ასეთი სამუშაოებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 5 წელი.
თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო მიღებულია ნაწილ-ნაწილ, ნაკლის გამო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან.
BLH
Keymasterსაგარანტიო ვადა და შემკვეთის უფლებამოსილება
შესრულებულ სამუშაოს შეიძლება გააჩნდეს ხილული და უხილავი ნაკლი. ისინი იმით განსხვავდება, რომ ხილული ნაკლის შემჩნევა და შემოწმება შესაძლებელია სამუშაოს ჩაბარების მომენტში, ხოლო უხილავი ნაკლი ვლინდება დროთა განმავლობაში და მისი შემჩნევა მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
შეიძლება სამუშაო ჩაბარდეს შემკვეთს და მას არ გააჩნდეს ხილული ნაკლი, თუმცა დროთა განმავლობაში გამოვლინდეს უხილავ ნაკლი, ასეთ შემთხვევაში შემკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ნაკლის გამოსწორება.
მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ საგარანტიო ვადაზე, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი უხილავი ნაკლის გამოსწორების ვალდებულება გააჩნია მენარდეს.
მაგ: შპს „კომპიუტერმა“ ნიკას დაკვეთით შეაკეთა ლეპტოპი და მისცა ამ უკანასკნელს 2 თვიანი საგარანტიო ვადა. ამ ორ თვეში თუ გამოვლინდება, რაიმე დეფექტი ლეპტოპის შეკეთებასთან დაკავშირებით, მაშინ ნიკას გაუჩნდება გარკვეული მოთხოვნები მენარდის მიმართ.
თუ საგარანტიო ვადაში ვერ მოხდება ნაკლის აღმოჩენა და ამ ნაკლის შესახებ შეტყობინება, შემკვეთს აღარ ექნება მოთხოვნები სამუშაოს ნაკლის გამო.
საგარანტიო ვადაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შემკვეთისთვის შემდეგ უფლებებს:
(იხ. სუსგ №ას-1118-1065-2013) სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებული კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,შესაბამის უფლებებში” კანონმდებელი გულისხმობს შემკვეთის შემდეგ უფლებებს:
ა) მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რაც გულისხმობს მენარდის მიერ, საკუთარი ხარჯებით, ნაკლის აღმოფხვრას, ან – ახალი ნაკეთობის დამზადებას (იმავე კოდექსის 642-ე მუხლი);
ბ) დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (იმავე კოდექსის 643-ე მუხლი);
გ) ნაკეთობის ნაკლის გამო უარის თქვას ხელშეკრულებაზე (კოდექსის 644-ე მუხლი);
დ) შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (კოდექსის 645-ე მუხლი).
BLH
Keymasterსამუშაოს გადაცემა და მენარდის პასუხისმგებლობა
თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო.
მაგ: მენარდეს უნდა დაემზადებინა ავეჯი, ხოლო შემკვეთს უნდა წაეღო აღნიშნული ავეჯი მენარდის საწარმოდან 2014 წლის 10 მაისს. თუ შემკვეთი არ წაიღებს შესრულებულ სამუშაოს დადგენილ ვადაში, მაშინ ჩაითვლება, რომ შემკვეთმა მიიღო სამუშაო.
თუ სამუშაოს მიღების ვადა ხელშეკრულებით ზუსტად არ არის განსაზღვრული,სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს ხელშეკრულების მიერ დადგენილ ვადაში.
მენარდის პასუხისმგებლობა შემკვეთის ქონების დაღუპვისას
ზოგადი წესის მიხედვით, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის ქონების დაღუპვის ან დაზიანებისათვის გაუფრთხილებლობის დროსაც.
მაგ: თუ მენარდემ იკისრა ვალდებულება, რომ შეაკეთოს მანქანა და იგი დააზიანებს მანქანის ძრავს. ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, განზრახ მოხდა თუ გაუფთხილებლობით დაზიანება, მენარდე მაინც პასუხისმგებელი იქნება დამდგარი ზიანისათვის.
მენარდის პასუხისმგებლობა შესრულებული სამუშაოს დაღუპვისა/დაზიანებისათვის
მენარდეს ეკისრება შესრულებული სამუშაოს შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი შემკვეთისათვის შესრულების გადაცემამდე. გადაცემასთან ერთად შემკვეთზე გადადის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი. გადაცემას უთანაბრდება ისიც, როცა შემკვეთი აყოვნებს მიღებას.
მაგ: მენარდემ დაამზადა შეკვეთილი ავეჯი, თუმცა შემკვეთმა იგი არ წაიღო დადგენილ ვადაში, ამის შემდეგ მეხი დაეცა მენარდის საწარმოს და ავეჯი განადგურდა. ამ შემთხვევაში შემკვეთი ვერ მოითხოვს ახალი ავეჯის დამზადებას, ხოლო მენარდე უფლებამოსილია მიიღოს საზღაური მის მიერ დამზადებული ავეჯისთვის.
მასალის შემთხვევით დაღუპვის ან დაზიანების რისკი ეკისრება მასალის მიმცემ მხარეს.
მაგ: თუ შემკვეთის მასალით ხდება ავეჯის დამზადება, რომელიც მეხის დაცემის შედეგად განადგურდება, აღნიშნული რისკი მის კისერზე იქნება და იგი ვერ მოითხოვოს მენარდისგან შესრულებას მასალის განახლების გარეშე.
-
AuthorPosts
