როგორ ხდება დირექტორის გათავისუფლება?

 CEO+desk+CEOs+management+XXX+high+resდირექტორის გათავისუფლება

წინამდებარე სტატიაში საუბარი გვექნება დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებზე.

დირექტორი წარმოადგენს საწარმოს ხელმძღვანელ პირს, მის ორგანოს, რომლის მეშვეობითაც ფუნქციონირებს საწარმო. დირექტორის გარეშე საწარმო ვერ იფუნქციონირებს, ამიტომაცაა, რომ საწარმოს რეგისტრაციის მომენტში, აუცილებელია სარეგისტრაციო განაცხადში განსაზღვრული იყოს დირექტორის ვინაობა.

იხ. დაკავშირებული სტატია: როგორ ხდება დირექტორის დანიშვნა?

წინამდებარე სტატია ეხება საწარმოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს.

საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებების შეწყვეტის საფუძვლები იყოფა სამ კატეგორიათ:

1. მეწარმეთა რეესტრში, უფლებამოსილი პირის მიერ, დირექტორის გათავისუფლების შესახებ განცხადების შეტანა 

პარტნიორთა კრებას უფლება აქვს, გაათავისუფლოს დირექტორი თანამდებობიდან, შესაბამისი აქტის მიღებით, რომელიც რეგისტრირდება მეწარმეთა რეესტრში და სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან დირექტორი ითვლება თანამდებობიდან გათავისუფლებულად.

აღსანიშნავია, რომ მეწარმეთა შესახებ კანონი უთითებს შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე და ავალდებულებს  საწარმოს (პარტნიორთა კრების სახით) მოახდინონ დირექტორის ინფორმირება მისი გათავისუფლების შესახებ, შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 

აღნიშნული მოთხოვნა შეუსაბამოა დირექტორის თანამდებობასთან, რადგან დირექტორსა და საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს შრომით სამართლებრივ ურთიერთობას და მასზე არ ვრცელდება შრომით-სამართლებრივი რეგულაციები დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამ პოზიციას ამყარებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ საქმეზე  (N- 3კ/259-01), სადაც სასამართლო განმარტავს:

დირექტორი, პარტნიორთა მიერ ნდობით აღჭურვილი თანამდებობის პირია, განაგებს საზოგადოების მთელ ფასეულობას. სწორედ დირექტორის კეთილსინდისიერებასა და სამეწარმეო უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული საწარმოს განვითარება და შესაბამისად პარტნიორთა სამეწარმეო წარმატებები, ამიტომ დირექტორისათვის საწარმოს მართვისა და ქონების განკარგვის უფლების მინიჭების რისკის საკომპენსაციოდ პარტნიორებს ყოველთვის, უნდა ჰქონდეთ უფლება ნებისმიერ დროს გაანთავისუფლონ დირექტორი და ამ შემთხვევაზე შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები არ შეიძლება გავრცელდეს. შრომის კანონთა კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის ურთიერთობა, რომელიც ჩვეულებრივ შრომით სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის საქმიანობა არის სამეწარმეო. იგი ჩვეულებრივ მეწარმეა, მისი ურთიერთობა საზოგადოების პარტნიორებთან უნდა რეგულირდებოდეს მეწარემთა შესახებ კანონით.“

თუმცა სასამართლო პრაქტიკა არ არის ერთგვაროვანი, ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, დირექტორთან დადებულ ხელშეკრულებებზე გავრცელდა შრომის სამართლის გარკვეული რეგულაციები.

რაც შეეხება დირექტორთან დადებული ხელშეკრულების შეწვყეტას, აღნიშნული არ იწვევს ავტომატურად დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რადგან ამისათვის აუცილებელია გათავისუფლების შესახებ აქტის მიღება და მისი რეგისტრაცია მეწარმეთა რეესტრში. მხოლოდ დირექტორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტისას იგი კვლავ ინარჩუნებს თავის თანამდებობას და უფლებამოსილებებს, უქმდება მხოლოდ მისი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები, როგორიცაა: ხელფასის მოთხოვნის უფლება, ხარჯების ანაზღაურების უფლება, დაზღვევის უფლება და ა.შ.

2. დირექტორის მიერ, მისი დირექტორობის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ განცხადება.

დირექტორი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, თავისი განცხადების საფუძველზე უარი თქვას თანამდებობაზე. მისი უფლებამოსილებები შეწყდება, მისი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. თუმცა გვაქვს ორ ნიუანსი:

ა.დირექტორი ვალდებულია შეატყობინოს საწარმოს (პარტნიორთა კრებას) შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამდგარი ნეგატიური შედეგისთვის დირექტორი პირადად აგებს პასუხს.

ბ.გასათვალისწინებელია დირექტორისა და საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულება. მაგ: თუ ამ ხელშეკრულების მიხედვით დირექტორი ვალდებულია, შეასრულოს თავისი სამუშაო 1 წლის ვადით და იგი 6 თვეში უარის იტყვის დირექტორობაზე, მაშინ აღნიშნული იქნება ხელშეკრულების დარღვევა და იგი პასუხს აგებს ხელშეკრულების დარღვეივდან გამომდინარე.

3. დირექტორის გარდაცვალების, სასამართლოს მიერ გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად გამოცხადების საფუძველზე.

დირექტორის უფლებამოსილებები ბუნებრივია შეწყდება იმ დროიდან, როცა იგი გარდაიცვლება, ან იმ დღიდან, როცა მას სასამართლო გამოაცხადებს გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად , ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად.