რა არის ქირავნობის ხელშეკრულება?

rent_1რა არის ქირავნობის ხელშეკრულება?

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

შეგვიძლია გამოვყოთ  ქირავნობის 7 ელემენტი:

1) ქირავნობის სუბიექტები(მხარეები) არიან გამქირავებელი და დამქირავებელი, ისინი შენიძლება იყვნენ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

გამქირავებელი არის პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის განკარგვის უფლება: მესაკუთრე, დამქირავებელი (ქვექირავნობის უფლება) და სხვა ნებისმიერი პირი, რომელსაც გააჩნია ნივთის განკარგვის უფლებამოსილება, კანონის ძალით ან მესაკუთრისგან.

დამქირავებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული/ფიზიკური პირი.

2) ქირავნობის ობიექტია, როგორც უძრავი (მაგ: ბინა), ისე მოძრავი (მაგ: ავტომობილი) ნივთი, ოღონდ აღნიშნული ნივთი არ უნდა იყოს გვაროვნული, ანუ ისეთი ნივთი, რომელიც არ გამოირჩევა ინდივიდუალური მახასიათებლებით და რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში განუსაზღვრელი რაოდენობისაა (მაგ: არ შეიძლება ქირავნობის საგანი იყოს კარტოფილი, საწვავი და ა.შ.).

3) სარგებლობაში გადაცემა: გამქირავებელი ქირავნობის საგანს გადასცემს დამქირავებელს სარგებლობაში, შესაბამისად დამქირავებელს წარმოეშობა მფლობელობისა და სარგებლობის უფლება ქირავნობის საგანზე.

4) ქირავნობის ვადა: დაუშვებელია ქირავნობის დადება მუდმივი ვადით, რადგან ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივად დაიკარგება ქირავნობის საგანზე მესაკუთრის საკუთრების უფლება, ამდენად ასეთი პირობა იქნება ბათილი, ხოლო თუ ქირავნობის ვადა საერთოდ არ არის განსაზღვრული, მხარეები უფლებამოსილნი არიან მოშალონ ქირავნობის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს.

5) ქირა: ქირავნობა სასყიდლიანია, დამქირავებელი ვალდებულია გადაუხადოს გამქირავებელს დაქირავებული ქონების ქირა ნივთის სარგებლობისათვის. ქირა შეიძლება იყოს განსაზღვრული, როგორც ფულადი სახით, ისე ნატურით.

6) ქირავნობის კონსესუალური ბუნება: ქირავნობა კონსესუალური ბუნებისაა, ანუ დადებულად ითვლება შეთანხმებისთანავე, მიუხედავად იმისა, თუ როდის გადაეცემა ნივთი.

7) ქირავნობის ფორმა: ქირავნობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ფორმით, როგორც წერილობითად, ისე ზეპირად.

ქირავნობასა და იჯარასთან დაკავშირებული საკითხები შეგიძლიათ იხილოდ მოცემულ ლინკზე.