რა არის კრედიტი?

10247222_1439753046272498_6597373707089938535_n1-e1406568400807რა არის კრედიტი?

საბანკო კრედიტი წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების სპეციალურ სახეს, რომლის მხარეები არიან ერთი მხრივ სპეციალური სუბიექტი – ბანკი ან სპეციალური ლიცენზიის მქონე ორგანიზაცია და მეორე მხრივ მსესხებელი, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.

კრედიტის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, მხარეთა მიერ შეთანხმების მომენტიდან და არა სესხის ფაქტობრივად გადაცემის მომენტიდან, როგორც ეს არის სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში.

კრედიტი ყოველთვის სასყიდლიანია და მისი საგანია მხოლოდ ფულადი თანხა, განსხვავებით სესხის ხელშეკრულებისგან, რომელიც შეიძლება იყოს უსასყიდლოც და მისი საგანი შეიძლება იყოს გვაროვნული ნივთებიც (მაგ: კარტოფილი, მარილი და ა.შ.)

მხარეთა შეთანხმებით კრედიტისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

მყარი საპროცენტო განაკვეთი გულისხმობს მის უცვლელობას, ფულის სიმყარის მიუხედავად, ხოლო ცვალებადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, პროცენტი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ფულის სიმყარის შესაბამისად.

პროცენტის განსაზღვრა კრედიტის გამცემის პრეროგატივაა, ამიტომაც მან უნდა განსაზღვროს პროცენტი სამართლიანობის პრინციპის დაცვით.

თუ კრედიტისათვის შეთანხმებულია მყარი საპროცენტო განაკვეთი, კრედიტის ამღებს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუკი საპროცენტო ვალდებულება მთავრდება დაბრუნებისათვის განსაზღვრულ ვადამდე და საპროცენტო განაკვეთის შესახებ რაიმე ახალი შეთანხმება არ არის დადებული. შეწყვეტის ვადა შეადგენს ერთ თვეს.

მაგ: კრედიტი არის აღებული 36 თვით, ხოლო მყარი პროცენტის გადახდა განსაზღვრულია 20 თვის ჩათვლით, ასეთ შემთხვევაში კრედიტის ამღები უფლებამოსილია დააბრუნოს კრედიტი ვადაზე ადრე მე-21 თვიდან.

მოვალეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხი, შეწყვეტის სამთვიანი ვადის დაცვით.

თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.

მაგ: კრედიტი აღებულია 24 თვით, ხოლო მისი დაბრუნება ხდება 12 თვეში. ასეთ შემთხვევაში კრედიტის გამცემი უფლებამოსილია მოითხოვოს კრედიტის ვადაზე ადრე დაბრუნების გამო გამოწვეული ზიანი.

კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

მაგ: კრედიტი აღებულია 24 თვით, მისი დაბრუნება ხორციელდება შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ნაწილ-ნაწილ ყოველთვიურად. მე -12 და მე-13 თვეში მოვალემ არ გადაიხადა თვიური სახდელი. ასეთ შემთხვევში კრედიტის გამცემი უფლებამოსილია მისცეს მოვალეს ორ კვირიანი დამატებითი ვადა, თუ ამ ვადაშიც არ გადაიხდის მოვალე, მაშინ კრედიტის გამცემი უფლებამოსილია ვადაზე ადრე შეწყვიტოს კრედიტის ხელშეკრულება და მოითხოვოს კრედიტის დარჩენილი თანხის დაბრუნება.