რა არის ერთობლივი შემოსავალი?

revenue-increased-300x200რა არის ერთობლივი შემოსავალი?

საშემოსავლო და მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მთავარ ელემენტს წარმოადგენს ერთობლივი შემოსავალი. სწორედ ერთობლივ შემოსავალს გამოკლებული საგადსახადო კოდექსით დაშვებული გამოქვითვები, წარმოადგენს საშემოსავლო/მოგების გადასახადის დაბეგვრის ობიექტს.

საქართველოს რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან, ხოლო არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან.

მაგ: 2013 წელს,  „ა“-მ  მიიღო 10.000 ლარი სახელფასო შემოსავალი საქართველოში არსებულ ქარხანაში მუშაობისას. 5.000 ლარი საქართველოში გაწეული მომსახურებისთვის და 10.000 ლარი უცხოური წყაროდან.

თუ „ა“-ს საქართველოს რეზიდენტია, მაშინ მისი ერთობლივი შემოსავალი იქნება 25.000 ლარი, ხოლო თუ „ა“ არარეზიდენტია, მაშინ მისი ერთობლივი შემოსავალი იქნება 15.000 ლარი.

ერთობლივი შემოსავალი არის ნებისმიერი ფორმითა და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, საგადასხადო კოდექსის მიხედვით, იგი დაყოფილია სამ კატეოგრიად,

ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები

ეს ისეთი შემოსავალია, რომელსაც იღებს ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

მაგ: მარიამი მუშაობს „ა“ კომპანიაში ბუღალტრის პოზიციაზე და ღებულობს ხელფასის სახით 10.000 ლარს. .

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად ითვლება ასევე  წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

მაგ: ქეთევანი მუშაობდა  ტექნიკის მაღაზია „ელექტრონიკაში“, სადაც მას გააჩნიდა შეღავათი ნებისმიერი ტექნიკის 40%-იანი ფასდაკლები შეძენის სახით. ამ შემთხვევაში აღნიშნული 40%-იანი შეღავათი წარმოადგენს ხელფასის სახით მიღებულ სარგებელს (შემოსავალს).

მაგ: მარიამი მომავალი სამსახურიდან (ფიტნეს კლუბიდან) ღებულობს უფასო 1 წლიან აბონიმენტს. აღნიშნული აბონიმენტის ღირებულება ჩაითვლება ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად.

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის:

ა) დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში;

ბ) წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება.

 ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები

ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად:

მაგ: სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი, საქონლის მიწოდებითა და მომსახურებით მიღებული შემოსავალი, ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი და ა.შ.

უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება, თუ იგი განახორციელა: საწარმომ ან მეწარმე ფიზიკურმა პირმა, რომელიც ახორციელებს მეწარმეთა შესახებ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრულ საქმიანობას.

საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.

მაგ: უფასო კონსულტაციის გაწევა, რომელიც მიმართულია კლიენტის მოსაზიდად. უფასოდ პროდუქტის დაგემოვნება რეკლამისთვის და ა.შ.

 სხვა შემოსავლები

შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, განეკუთვნება ნებისმიერი შემოსავალი ან სარგებელი, რომელიც მიიღო პირმა, გარდა საგადასხადო კოდექსის 103-ე მუხლში პირდაპირ მითითებული შემოსავლებისა.