რა არის ე.წ. “ბინის გირავნობა”?

house-keys-mortgage-loan-nkiრა არის ე.წ. „ბინის გირავნობა“?

ბინის გირავნობა საზოგადოებაში გავრცელებული ტერმინია, რომელიც როგორც წესი მოიაზრებს სამი სამართლებრივი ურთიერთობის ერთობას, ესენია:

სესხის ხელშეკრულება

ბინის გირავნობის აუცილებელი ელემენტია სესხის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ერთი პირი გადასცემს მეორე პირს ფულად თანხას, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული თანხა.

იპოთეკის ხელშეკრულება

სესხის დაბრუნება უზრუნველყოფილია იპოთეკის ხელშეკრულებით, რაც გულისხმობს გამსესხებლის სასარგებლოდ ბინის დატვირთვას, რაც მას აძლევს საშუალებას ყველა სხვა მოვალესთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა- დაიბრუნოს გასესხებული თანხა.

ბინით სარგებლობის ხელშეკრულება

ბინის გირავნობა გულისხმობს იპოთეკით დატვირთული ბინის გამსესხებლის სარგებლობაში გადაცემას. აღნიშნულის შესახებ შესაძლებელია შედგეს დამოუკიდებელი ხელშეკრულება ან იპოთეკის ხელშეკრულებაში გაითვალისწინონ მხარეებმა აღნიშნული საკითხი.

გამსესხებლის დამატებითი გარანტიები

მხარეები უფლებამოსილნი არიან იპოთეკის ხელშეკრულებაში გაითვალისწონონ ორი დამატებითი პირობა, რაც  უზრუნველყოფს გამსესხებლის ინტერესების დამატებით დაცვას, მსესხებლის ინტერესების ხარჯზე.

1.  პირობა, რომლის მიხედვითაც იპოთეკის საგანი გადადის გამსესხებლის საკუთრებაში, თუ მსესხებელი არ დააბრუნებს სესხს.

2. პირობა, რომლის მიხედვითაც ნოტარიუსი გასცემს აღსრულების ფურცელს. ამ შემთხვევაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება სასამართლოს ეტაპის გარეშე დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა.

აღნიშნული პირობების ამოქმედებისათვის  საჭიროა იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმდეს ნოტარიულად.

ალტერნატივა

შესაძლებელია ნაცვლად ზემოთ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობებისა, განსხვავებულად მოწესრიგდეს აღნიშნული ურთიერთობა, კერძოდ დაიდოს ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის ფარგლებშიც მყიდველი გადასცემს ფულად თანხას გამყიდველს, ხოლო გამყიდველი უფლებამოსილია შეთანხმებული ვადის გასვლამდე უკან გამოისყიდოს ბინა.

ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ხდება იგივე შედეგის მიღწევა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახით აღნიშნული ურთიერთობის მოწესრიგება უპირატეს მდგომარეობაში აყენებს ფულის გამსესხებელს, ამასთან აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ დავა სასამართლოში წავიდა,  შესაძლოა სასამართლომ აღნიშნული შეთანხმება ბათილად ცნოს.