Forum Replies Created

Viewing 10 posts - 431 through 440 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: მორალური ზიანი #29133
    BLH
    Keymaster

    მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლების მნიშვნელობა

     

    (სუსგ. Nას-1156-1176-2011)

     

    სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონი ზუსტად განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება დაზარალებულმა მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. განსახილველ შემთხვევაში პირველადი ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის ისეთი ბრალეული ქმედებით, რომლითაც ხელყოფილ იქნა მოსარჩელის არა ჯანმრთელობა, არამედ – ქონება. სკ-ის 413-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო, და არა _ ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევებზე.

    in reply to: მორალური ზიანი #29124
    BLH
    Keymaster

    მორალური ზიანის ფარგლები

     

    (სუსგ, #ას-14-466-05)

     

    სკ-ის 413-ე მუხლში აღნიშნული „კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევები“ მოიცავს არა მხოლოდ სსკ-ს და ზოგადად სამოქალაქო კანონმდებლობას, არამედ სხვა კანონმდებლობასაც, მაგ: სისხლის სამართლის კანონმდებლობას, ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და ა.შ.

    BLH
    Keymaster

    კანონიერი ნდობა არარა აქტის მიმართ არ არსებობს. ვინაიდან არარა აქტი არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს შესაბამისად არც კანონიერი ნდობას აქვს ადგილი.

    BLH
    Keymaster

    ეგ სხვა შემთხვევააა.. მაგას არ ეხებოდა ჩემი წინა პოსტი, თუმცა წინა გვერდებზე ზუსტად მაგ საკითხზე დავწერე, კერძოდ, როცა სესხის ხელშეკრულება არის სასყიდლიანი და იგი ვადაზე ადრე ცალმხრივად წყდება გამსესხებლის მიერ. ასეთ შემთხვევაში ორი ტიპის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება: 1. მიუღებელი შემოსავალი – საანაბრე პროცენტი… 2. ფაქტობრივი ზიანი- ის სარგებელი, რაც უნდა მიეღო გამსესხებელს და ვერ მიიღო სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო.

     

    ახლა წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა: “ა”-მ ისესხა “ბ”-სგან 10.000 ლარი 1 წლის ვადით (ყოველთვიური პროცენტით). 5 თვის შემდეგ ბ-მ ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება, რადგან “ა” არ იხდიდა პროცნტებს..

     

    ორი ვარიანტი:

     

    1. ა-მ მაშინვე დააბრუნა თანხა- ამ შემთხვევაში ვინაიდან თანხა უკვე დაბრუნებულია, “ბ”-ს აქვს მისი განკარგვის შესაძლებლობა და იგი ვერ მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, თუმცა მას შეუძლია დარჩენილი 7 თვის საპროცენტო სარგებლის რაღაც ნაწილი მაინც მოითხოვოს, როგორც ფაქტობრივი ზიანი. (რადგან მართალია მან თანხა მიიღო, მაგრამ იმავე სარგებლის მიღების საშუალება რამდენად აქვს, რამდენსაც იგი მიიღებდა სესხის ხელშეკრულება, რომ არ შეწყვეტილიყო??)

     

    2. ა-მ თანხა დააბრუნა 2 წლის შემდეგ- ამ შემთხვევაში “ბ” უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს დარჩენილი 7 თვისთვის ფაქტობრივი ზიანის სახით- პროცენტის ოდენობის თანხის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილ ნაწილში მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს..

     

    BLH
    Keymaster

    სესხით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხები.

     

    დავიწყოთ ისეთი შემთხვევებით, როცა სესხის ხელშეკრულება არ ითვალისწინებს არანაირ უზრუნველყოფის ღონისძიებას (მაგ: არ არის განსაზღვრული ფულადი პროცენტი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაშჳ, არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ა.შ).

     

    1. სიტუაცია პირველი -როცა სესხის გადახდის ვადა დადგა და იგი არ არის გადახდილი.

     

    მაგ: უპროცენტო სესხი დადებულია 1 წლის ვადით, 2016 წლის10 მაისამდე, მოვიდა ეს ვადა და მსესხებელი არ აბრუნებს სესხის თანხას.

     

    რისი მოთხოვნის უფლება აქვს გამსესხებელს? გარდა სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებისა, მას გააჩნია მიუღებელი შემოსავლის- ე.წ. საანაბრე პროცენტის მოთხოვნის უფლება, რასაც იგი მიიღებდა ფულადი თანხის ბანკის ანაბარზე განთავსებით, მსესხებელის მიერ სესხის თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში.

     

    2. წარმოვიდნიოთ იგივე შემთხვევა, მაგრამ სესხი პროცენტიანია.

     

    მაგ: პროცენტიანი სესხი (წლიური 15%) დადებულია 1 წლის ვადით, 2016 წლის10 მაისამდე, მოვიდა ეს ვადა და მსესხებელი არ აბრუნებს სესხის თანხას.

     

    აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით უკვე ვისაუბრეთ ამ თემის მე-2 გვერდზე, სადაც გავმიჯნეთ სარგებლისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლები.

     

    ასეთ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ვადაგადაცილებულ დროზე მიუღებელი შემოსავალი (საანაბრე პროცენტი) და არა სესხით გათვალისწინებული სარგებლის ოდენობის პროცენტი.

     

    3. ყოველთვიური პროცენტი- როცა სესხი პროცენტიანია და პროცენტის გადახდის ვალდბეულება ყოველთვიურია.

     

    მაგ: პროცენტიანი სესხი (ყოველთვიურად 1%) დადებულია 1 წლით, 2016 წლის10 მაისამდე, მსესხებელმა არ გადაიხადა ორი თვის პროცენტი.

     

    ამ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს, როგორც პროცენტის გადახდა, ისე მიუღებელი შემოსავლის (ამ პროცენტის პროპორციული საანაბრე პროცენტის ოდენობით).იგივე სიტუაცია იქნება ნაწილ-ნაწილ სესხის დაბრუნების დროსაც.

     

    BLH
    Keymaster

    @Edika said:

    პირველი პოსტი კიდე ნომინალიზმის პრინციპს რომ ეხება, შენი აზრით 398-ე მუხლის გამოყენებაზე რას იტყვი როცა ფულის მყიდველობაუნარიანობა უარესდება?

     

    398-ე მუხლის გამოყენება არ დაგვჭირდება, რადგან 389-ე მუხლი უფრო სპეციალურია და სრულყოფილად არეგულირებს ამ საკითხს.

    BLH
    Keymaster

    ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა

    აღნიშნულ საკითხს ეხება, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლი

    „(1 ნაწილი) თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს; ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.“

    „ეს მუხლი ადგენს სხვადასხვა საფუძვლებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების რიგითობას და არა ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ფულადი ვალდებულების ოდენობის დადგენისა და გაანგარიშების წესს. მოცემული მუხლი არეგულირებს იმ შემთხვევას, როცა სხვადასხვა ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა.“(სუსგ. 3კ/321-02)

    მაგ: ეს მუხლი არ ეხება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნებისა და პროცენტის გადახდის ვალდებულების რიგითობას. არამედ ეხება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებისა და ვთქვათ ნასყიდობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების რიგითობას.

    აქ ის შემთხვევაა, როდესაც რამდენიმე მსგავსი შესრულებიდან ის, რაც შესრულდა არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს.

    მაგ: მოვალეს კრედიტორისთვის უნდა გადაეხადა 100 ლარი სესხის ვალი და 200 ლარი ბინის ქირა. მოვალის ეს ორი შესრულება ერთმანეთს მსგავსი შესრულებაა და 387–ე მუხლის საფუძველზე უნდა გადაწყდეს მათი შესრულების თანმიმდევრობა, თუ მოვალე მხოლოდ 150 ლარს იხდის 300-დან.

    შესრულების არჩევნის პრიორიტეტ მინიჭებული აქვს მოვალეს, რადგან მოვალემ ყველაზე უკეთ იცის რომელი ვალია მისთვის ყველაზე მძიმე და რომელი მათგანის გასტუმრების შემთხვევაში იქნება იგი დაზღვეული დამატებითი ხარჯებისგან.

    „(2 ნაწილი) თუ მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დადგა, მაშინ თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისათვის შესასრულებლად ყველაზე მძიმეა.“

    თუკი მოვალე არ გამოიყენებს 387.1. მინიჭებულ უფლებას, მაშინ შესრულების რიგითობა განისაზღვრება კანონის ობიექტური ნებით, კერძოდ, დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა. ამდენად თუ ბინის ქირის გადახდის ვალდებულება წინ უსწრებს სასესხო ვალდებულებას, მაშინ პირველად დაიფარება ბინის ქირა.

    387.2. შესრულების რიგითობის იმ შემთხვევას აკანონებს, როცა მოთხოვნათა შესრულების ვადა ერთდროულად დგება. ვთქვათ ერთ დღესა დასაფარი, როგორც სესხის ვალი ისე ბინის ქირა. ამ შემთხვევეში თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც მოვალისთვის შესასრულებლად უფრო მძიმეა. ბუნებრივია 200 ლარი ამ შემთხვევაში ბინის ქირა უფრო მძიმეა.. სიმძიმე მხოლოდ ფულადი ნიშნების რაოდენობაში არ გამოიხატება, მხედველობაში მისაღებია ის არასასრუველი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოყვეს შესრულების დაუფარავნობას.

    „(3 ნაწილი) თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა, თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი.“

    თუ მოთხოვნები თანაბრად მძიმეა მოვალისთვის მაშინ 387.3. მიხედვით დაიფარება ჯერ ის ვალდებულება, რომელსაც უზრუნველყოფა აქვს ნაკლები. მაგ: სესხიც და ბინის ქირაც 100–100 ლარი თუა და სესხი უზრუნველყოფილია გირაოთი, ამ შემთხვევაში ჯერ დაიფარება ბინის ქირა.

    ჩდება კითხვა, შეუძლიათ თუ არა სესხის ხელშეკრულების მხარეებს, სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლში განსაზღვრული რეგულაციისგან განსხვავებულ წესზე შეთანხმება. ასევე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში ფულადი ვალდებულებების გადახდის რიგითობაზე?

    BLH
    Keymaster

    სესხით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება, ფულადი ერთეულის კურსის ცვლილებისას და ფულადი ვალდებულების ვალუტა

     

    სამოქალაქო კოდექსის 383-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულებები შეიძლება მხარეებმა განსაზღვრონ, როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე უცხოურ ვალუტაში.

     

    საინტერესოა რა ემართება ფულად ვალდებულებას , როცა ფულადი ერთეულის კურსი იცვლება. როგორც წესი გამოიყენება ე.წ. ნომინალიზაციის პრინციპი, რომლის მიხედვითაც:

     

    მოვალე ვალდებულია ვალი დააბრუნოს ფულადი ნიშნების იმავე რაოდენობით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს.

     

    მაგ: თუ ვისესხე 100 ლარი რომლითაც 50 ლიტრა ბენზინის ყიდვა შემიძლია, ხოლო ვალის დაბრუნებისას იგივე 100 ლარით 40 ლიტრისა, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლი, რადგან საქმე გვაქვს ნორმალურ კურსის ცვლილებასთან.

     

    როდის ხდება 389-ე მუხლში განსაზღვრული წესის გამოყენება?

     

    სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის მიხედვით:

     

    „თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.“

     

    სკ-ის 389 მუხლი გამოიყენება:

     

    ა)დენომინაციის დროს მაგ: საბჭოთა კავშირის დროს 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით.

     

    ბ)ვალუტის შეცვლით, მაგ: კუპონი–ლარი

     

    გ) ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაცისას,ფულადი ერთეულის მკვეთრი გაუარესება.

     

    გადაცვლით უერთიერთობათა საფუძველი ვალუტის შეცვლისას –ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად ედება ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობად ფულის ამ ერთეულებს შორის. ივარაუდება, რომ ვალუტათა გადაცვლის მომენტში ცნობილია თითოეული ვალუტის კურსი.

     

    მაგ: ვთქვათ შეცვლის დროს 100 კუპონის კურსი 1 დოლარის ტოლი იყო, ხოლო 1 ლარისა კი– 1 დოლარი. ასეთ ვითარებაში კუპონისა და ლარის კურსებს შორის სხვაობა ტოლი იქნებოდა 100–სა. თუ მექნებოდა 1 მილიონი კუპონი, მისი ლარზე გადაცვლისას მივიღებდი 10 000 ლარს.

     

    in reply to: უსაფუძვლო გამდიდრება #35290
    BLH
    Keymaster

    შესრულების მიღება არაუფლებამოსილი პირის მიერ

    სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლი. (სუსგ. № ას-348-331-2011)

    „სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს უფლებამოსილი პირის უფლება იმ პირის მიმართ, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო ფული ან გვაროვნული ნივთი, მოითხოვოს ამ სიკეთის კრედიტორისათვის დაბრუნება, ასევე არაუფლებამოსილი პირის ვალდებულება, დააბრუნოს ყველაფერი, რაც უსაფუძვლოდ მიიღო.

    კანონმდებელი აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის სავალდებულოდ მიიჩნევს შესრულების მიღების ნამდვილობის დადგენას, რადგანაც კანონისმიერი ამ ვალდებულებითი ურთიერთობის ძირითად საფუძველს არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღება წარმოადგენს, რაც მსგავსად ვინდიკაციური სარჩელისა, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების უალტერნატივო წინაპირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მითითებული გარემოება უტყუარად არ იქნება დადგენილი, სამართლებრივი ურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრებად კვალიფიკაციის წინაპირობა არ იარსებებს.“

    BLH
    Keymaster

    ზიანის ანაზღაურება გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების მოშლის დროს

    როცა მსესხებელი არღვევს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და გამსესხებელი ვადამდე, ცალმხრივად წყვეტს სესხის ხელშეკრულებას, დგება ზიანის ანაზღაურების საკითხი.

    ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შესაბამისი რეგულაციების არ არსებობისას, გამსესხებელი უფლებამოსილია სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად (408-415 მუხლები) მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. (ამ საკითხს მოგვიანებით განვიხილავთ დეტალურად)

    უმჯობესი იქნება თუ ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული გარკვეული რეგულაცია, რომელიც მიცემს საშუალებას გამსესხებელს მოითხოვოს ადეკვატური ოდენობის ზიანის ანაზღაურება, სესხის ვადამდე შეწყეტის გამო.

    მაგ: „ა“-მ ისესხა „ბ“-სგან 10.000 ლარი 3 წლის ვადით. 2018 წლის 20 მაისამდე. 2017 წლის 20 ივნისს, „ბ“ ცალმხრივად მოშალა ხელშეკრულება, რადგან „ბ“ არ იხდიდა ყოველთვიურ პროცენტს. მოცემულ შემთხვევაში „ა“ ვალდებულია ვადამდე დააბრუნოს სესხის თანხა 10.000 ლარი. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად კარგი იქნება თუ ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული პირაგასამტეხლო (სკ-ის 417-ე მუხლი) ან პროცენტი (სკ-ის 403-ე მუხლი).

    პირობა შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

    გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანი გადასახდელი ვალდებულების 0.5 % ყოველდღიურად.

Viewing 10 posts - 431 through 440 (of 606 total)