Forum Replies Created

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სამეწარმეო სამართალი #38050
    BLH
    Keymaster

    კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობა

    №: ას-522-496-2013

    კეთისინდისიერი ხელმძღვანელობა გულისხმობს პროცესს, როდესაც ხელმძღვანელი აცნობიერებს, თუ რა ხდება მის გარშემო,  შესაბამისად, მოქმედებს ეფექტურად  და იღებს სწორ გადაწყვეტილებებს.

    ხელმძღვანელის კეთილსინდისიერება ვლინდება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შესაბამისად განხორციელებული მოქმედებების ურიერთდამოკიდებულებიდან, ასევე სხვადასხვა პრობლემების დასაძლევად განხორციელებული ღონისძიებებიდან.

    ხელმძღვანელი უნდა აცნობიერებდეს მის როლს საწარმოში, იმავდროულად, საწარმოს როლს ბიზნესში და მოქმედებდეს იმ ცნობიერებით, რომ აუცილებელია საწარმოს განვითარება.

    აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი, არამედ საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების გაცნობიერება, მისი დაძლევის გზების მოძიება, ასევე  საწარმოს პარტნიორებთან და საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებთან წარმატებული კომუნიკაცია.

    ეს არის საწარმოს გონივრული მართვის ძლიერი იარაღი, განხორციელებული საქმიანობის სიცხადისა და წარმატებული მართვის  საწინდარი.

    BLH
    Keymaster

    ვალდებულების შესრულების ფორმა/წესი/მტკიცებულება

    მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს ქონების მფლობელობაში გადაცემის ვალდებულების შესრულების ფორმა და წესი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ „ამ ფორმის დაუცველობას შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა, როდესაც ვალდებულების შესრულება არ იწვევს დავას ან/და ვალდებულების შესრულება ცალსახად ვლინდება ობიექტური გარემოებებიდან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულება მხარეთა შორის იწვევს დავას, ხელშეკრულების ამ პირობას (ვალდებულების შესრულების წესზე და ფორმაზე შეთანხმებას) შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა“ (იხ. სუსგ #ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).

    კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მტკიცებულებას და მიუთითებს უფლებაშემწყვეტი იურიდიული ხასიათის მოქმედებაზე. მხარეებმა თვითონ განსაზღვრეს, თუ რა ფორმით შეიძლება ვალდებულების შესრულების მიღების დადასტურება და ამ წესის შეცვლა მხოლოდ მხრეებს შეუძლიათ.

    საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზემოხსენებულ განჩინებაში განმარტა, რომ: „ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას . . . ვალდებულების შესრულების მიღების შესახებ შეთანხმებისათვის გათვალისწინებული ფორმის დაუცველობას, შესაძლებელია, არ მოჰყვეს ფორმადაუცველი გარიგებისათვის დადგენილი შედეგი, როდესაც მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებებით ფაქტობრივად იცვლება მათ მიერ განსაზღვრული წესი, მაგრამ ამ შემთხვევაში, გარკვეული თავისებურება ახასიათებს ვალდებულების შესრულების მტკიცებას“ (იხ. სუსგ #ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).

    BLH
    Keymaster

    შერეული ხელშეკრულება პრაქტიკაში

    სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართალი შერეული ხელშეკრულების განმარტების ხერხს იმ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც შეთანხმებაში განსხვავებული შინაარსის მქონე დებულებების არსებობა განაპირობებს მხარეთა საერთო განზრახვის დადგენის საჭიროებას, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ ხელშეკრულების გაფორმებისას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო მათ ნებას განმარტავს იმ დათქმებზე აპელირებით, რომლებიც თავისი შინაარსით უფრო ახლოს დგანან იმ მიზნებთან, რისი მიღწევაც მხარეებს სურდათ ამ ხელშეკრულების დადებისას (იხ. სუსგ #ას-238-225-2015, 6 მაისი, 2015 წელი).

    in reply to: სადაზღვევო სამართალი #38038
    BLH
    Keymaster

    სადაზღვევო ხელშეკრულების ვადა, როგორც არსებითი პირობა

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/5993-15

    პალატა ვერ გაიზიარებს ასევე, მოსარჩელის პრეტენზიას, რომ ხელშეკრულების მოქმედების 12 თვიანი ვადის არსებობა სადავო ხელშეკრულების #1 დანართის საფუძველზეც დასტურდება.

    პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნათა საპირისპიროდ, #1დანართი (და არც სხვა დანართები) არ შეიცავს შეთანხმებას ხელშეკრულების ისეთ არსებით პირობაზე, როგორიც ხელშეკრულების მოქმედების ვადაა.

    პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დანართის ერთ-ერთ გრაფაში მითითებული სადაზღვევო პრემიის წლიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია ვერ შეფასდება ხელშეკრულების მოქმედების ვადად.

    საგულისხმოა, რომ მოსარჩელის აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, ამავე დანართის შემდეგი გრაფა, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას სადაზღვევო შესატანის (ოჯახურ პაკეტზე) შესახებ, მითითებულია მხოლოდ ყოველთვიური სადაზღვევო შესატანის ოდენობა, რაც აქარწყლებს მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებმა დანართში ერთი წლის სადაზღვევო პრემიის ოდენობა იმიტომ განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულება 12 თვის ვადით დაიდო.

    პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალი ნების გამოვლენის შესაძლებლობას ითვალისწინებს როგორც ზეპირი ან წერილობითი გარიგების საფუძველზე, ისე კონკლუდენტური მოქმედებებითაც.

    მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მხარეთა ნება 12 თვიანი ხელშეკრულების შესახებ, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ასეთი ნება არც კონკლუდენტური მოქმედებით არის გამოხატული.

    აღნიშნულ კონტექსტში პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლით მოწესრიგებულია დაზღვევის ხელშეკრულების მოშლის წესი სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდის გამო.

    აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

    სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული ნორმა უფლებადამდგენ ნორმას წარმოადგენს და მზღვეველს არ ავალდებულებს გამოიყენოს მასში მითითებული ღონისძიება, თუმცაღა, პალატას საგულისხმოდ მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ დამზღვევმა ეს უფლება ხელშეკრულების მოქმედების (სარჩელის მიხედვით) არც ერთ ეტაპზე არ გამოიყენა.

    უფრო მეტიც, ამ დროის განმავლობაში მზღვეველი არც სადაზღვევო შენატანის მოთხოვნით მიმართავს დამზღვევს.

    ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა, ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო პერიოდში თავად მოპასუხე მხარემ (დამზღვევმა) ან მისმა დაზღვეულმა სუბიექტებმა (დაზღვეულებმა), თუნდაც, ერთხელ მაინც,  მომსახურების მოთხოვნით სადაზღვევო კომპანიას მიმართეს.

    აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა კი, პალატის მოსაზრებით, ირიბად (კონკლუდენტურად) ადასტურებს მოპასუხის შედავებას, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო სამართლებრივი ურთიერთობები 2012 წლის აგვისტოს თვიდან შეწყდა.

    პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დამზღვევის, დაზღვეულთა, თუ მზღვეველის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელების ფაქტი, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ სადავო ხელშეკრულება ერთწლიანი იყო.

    პალატა აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სადაზღვევო ურთიერთობაში ხელმოუწერელი დოკუმენტის (ხელშეკრულების) არსებობის პირობებში სწორედ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ხელშეკრულების ერთწლიანი ვადის არსებობის ფაქტი.

    BLH
    Keymaster

     

    ხელშეკრულების ნამდვილობა – მხოლოდ დანართზე არსებული ხელმოწერა

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/5993-15

    „პალატა ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ დანართებზე შესრულებული ხელმოწერის მთლიან ხელშეკრულებაზე ხელმოწერად მიჩნევის წინაპირობა იარსებებდა იმ შემთხვევაში, თუკი, დათქმა იმის თაობაზე რომ „დანართები ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია“, მხარის მიერ უშუალოდ ხელმოწერილ დოკუმენტში – დანართში იქნებოდა მითითებული. მოცემულ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული პირობა (ხელშეკრულების 8.1. პუნქტი) გათვალისწინებულია იმ დოკუმენტში (ხელშეკრულებაში), რომელიც მხარის მიერ ხელმოწერილი არ არის, რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნულ პირობას იურიდიული ძალა არ გააჩნია.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცება, რომ დანართებზე შესრულებული ხელმოწერა ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერად უნდა შეფასდეს, საფუძველს მოკლებულია, მოპასუხე მხარის მიერ ასეთი ნების გამოვლენის არარსებობის გამო.“

    in reply to: ადმინისტრაციული წარმოება #37995
    BLH
    Keymaster

    ადმინისტრაციული წარმოება და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკველვის მოვალეობა

    ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის სპეციალურად განსაზღვრული აუცილებელი პროცედურის – ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზანს სწორედ  საქმის  გარემოებათა ობიექტური და კვალიფიციური გამოკვლევა-შეფასება წარმოადგენს.  სწორედ  ეს ფუნქცია განაპირობებს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების  მიღებას. 

    ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის   96.1  მუხლით კანონმდებელი   იმპერატიული   შინაარსით ადგენს  ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (იხ. სუსგ №ბს-60-55(კ-13)).

    in reply to: შრომის სამართალი #37992
    BLH
    Keymaster

    Favor Prestatoris პრინციპი და დასაქმებულის კეთილსინდისიერება

    (საქმე №ას-940-905-2016)                     

    ე. წ. „favor prestatoris” პრინციპზე, დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს, თუმცა, აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის კეთილსინდისიერების კონტექსტში.

    დასაქმებულმა სამუშაოდან გათავისუფლებიდან ორი წლის შემდეგ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მას არ დაუსაბუთებია, რა გარემოებებმა დააბრკოლა 25 თვის განმავლობაში მიემართა დამსაქმებლისათვის ან სასამართლოსათვის.

    ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის ქმედება არამართლზომიერად მიიჩნია, რადგან მოთხოვნის წარდგენის დაყოვნებით, დასაქმებულმა თავად შეუწყო ხელი მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გაზრდას, რაც, სსკ-ის 415-ე მუხლიდან გამომდინარე, მისი შემცირების საფუძველია.

    in reply to: ადმინისტრაციული პროცესი #35382
    BLH
    Keymaster

    მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ პროცესში

    შეჯიბრებითობის პრინციპი და ოფიციალობის პრინციპი ადმინისტრაციულ პროცესში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №3ბ/1383-12

    აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო საგადასახადო სამართალდარღვევის (ინდ. აქტის) ფორმალური და მატერიალური კანონიერების დამტკიცება და შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი მის მიერ გამოცემული საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

    სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს  მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში.

    მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

    ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები.

    მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე.

    სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

    სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.

    სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება.

    BLH
    Keymaster

     

    სოლიდარული პასუხისმგებლობა

    №ას-1158-1104-2014

     

    ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა უმეტესობა მარტივი სახისაა და როგორც წესი, მასში მონაწილეობს ერთი კრედიტორი და ერთი მოვალე.

    როგორც 316-ე მუხლის დანაწესიდან ჩანს, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საკანონმდებლო მოდელიც, ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში ერთი მოვალისა და ერთი კრედიტორის არსებობის პრეზუმფციიდან გამოდის.

    დღევანდელ ეკონომიკურ-სამართლებრივ რეალობაში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა რთულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობათა მატების ტენდენცია, რომელშიც ერთ ან მეორე მხარეზე, ან ორივეზე ერთდროულად რამდენიმე კრედიტორი ან მოვალე მონაწილეობს.

    სოლიდარული ვალდებულება ვალდებულებით – სამართლებრივ ურთიერთობებში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული და რთული სახეა.  სოლიდარული ვალდებულების არსებობა (კრედიტორთა ან მოვალეთა სიმრავლე) რამდენიმე წინაპირობას უკავშირდება.

    უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე რამდენიმე პირის მონაწილეობა. ამასთან, იმის მიხედვით, თუ  ვალდებულების რომელ მხარეზე მონაწილეობს სოლიდარულად რამდენიმე პირი, თითეულს ერთი და იმავე მოვალის მიმართ გააჩნდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, ანდა თითოეულ მათგანს ერთი და იმავე კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულების ვალდებულება.

    სწორედ ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც.

    ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირთა უფლებამოვალეობები შესაძლებელია ორ ნაწილად დავყოთ – „გარე“ და „შიდა“ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებებად და მოვალეობებად.

    „გარე“ ურთიერთობა გულისხმობს იმ უფლება-მოვალეობებს, რომლებიც ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს ვალდებულების მეორე მხარის მიმართ გააჩნია. რაც შეეხება შიდა ურთიერთობას, იგი ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს მოიცავს ერთმანეთთან მიმართებაში.

    როგორც წილადი, ასევე სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში.

    განსხვავებულ სურათთან გვაქვს საქმე ვალდებულებაში მონაწილე ამ რამდენიმე სუბიექტის „შიდა“ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „გარე“ ურთიერთობაში წილობრივი ან სოლიდარული უფლებამოსილება თუ ვალდებულება იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თუ როგორ აქვთ მოწესრიგებული „შიდა“ ურთიერთობები ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს. შესაბამისად, შესაძლებელია ვალდებულებაში სოლიდარულად, ანდა წილობრივად მონაწილე პირებს „შიდა“ ურთიერთობა სრულიად განსხვებულად ჰქონდეთ დარეგულირებული. „შიდა“ ურთიერთობა მხოლოდ „გარე“ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ხდება აქტუალური.

    სწორედ „შიდა“ ურთიერთობებით დადგენილი წილი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ ვინ რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი.  წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე.

    სამოქალაქო კოდექსის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.  სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა.

    სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლში აყალიბებს. მუხლის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს.

    უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს.

    მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული. მოვალეთა ეს ცალკეული ვალდებულებები, სწორედ ერთი საერთო მიზნით (კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის დაკმაყოფილებით) არიან დაკავშირებულნი და ერთ მთლიანობას ქმნიან. ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება, ნიშნავს მთლიანი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის დასასრულსა და კრედიტორის ერთიანი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომელიც მას ვალდებულების შესრულების მიმართ გააჩნდა. 

    მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, თითოეული მათგანი მთლიანი ვალდებულების შესრულებაზე იყოს ვალდებული. ამით განსხვავდება სოლიდარული ვალდებულება წილობრივი ვალდებულებისგან. წილობრივი ვალდებულების დროს წილობრივი მოვალე მხოლოდ თავისი წილის ფარგლებში არის პასუხისმგებელი. სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში თითოეულ სოლიდარულ მოვალეს ვალდებულების მთლიანი შესრულების ვალდებულება ეკისრება. მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მთლიანი ვალდებულების შესრულება, პრაქტიკულად, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს შეუძლია.

    სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.  სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა.  კანონის საფუძველზე წარმოშობილი სოლიდარული ვალდებულების შემთხვევები სამოქალაქო კოდექსში საკმაოდ მრავლადაა.

    მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც ზიანის დადგომაში მონაწილე პირების სოლიდარულ პასუხისმგებლობას აწესებს.  განსაკუთრებით ხშირია კანონისმიერი საფუძვლები საკორპორაციო სამართალში. მაგალითად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (სპს) პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების (კს) პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები), მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ საზოგადოების ვალდებულებისათვის სოლიდარულად. ასევე სოლიდარული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მუხლის თანახმად, საწარმოს დაფუძნებამდე საწარმოს სახელით მოქმედ პირებსა და საწარმოს დამფუძნებლებს.

    სოლიდარული ვალდებულების დროს ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება დანარჩენ მოვალეებსაც ათავისუფლებს კრედიტორის წინაშე შესრულების ვალდებულებისაგან.

     

    in reply to: სადაზღვევო სამართალი #35368
    BLH
    Keymaster

    სუბროგაცია და რეგრესი

    სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შემდეგ მზღვეველს გააჩნია სუბროგაციის უფლება, რაზეც წინა პოსტში უკვე ვისაუბრეთ. ბევრს სუბროგაცია რეგრესში ეშლება, თუმცა ამ ორ ცნებას შორის არსებითი განსხვავებებია იურიდიული თვალსაზრისით.

    რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში, ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება.

    სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან. სწორედ, ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. ამდენად, სუბროგაციის დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/234-16).

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 606 total)