Viewing 10 posts - 1 through 10 (of 13 total)
  • Author
    Posts
  • #28500
    BLH
    Keymaster

    მოცემულ თემაში განვიხილავთ სადაზღვეო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებს.

    #28512
    BLH
    Keymaster

    რა არის დაზღვევა?

    დაზღვევა არის ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის საშუალება.

    დაზღვევასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგულირდება, როგორც სამოქალაქო კოდექსით, ასევე საქართველოს კანონით დაზღვევის შესახებ.

    დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები

    დამზღვევი– ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი.

    მზღვეველი– იურიდიული პირი, რომელსაც გააჩნია ლიცენზია სადაზღვეო საქმიანობისათვის.

    დაზღვევის ობიექტი

    დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის:

    ა) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან, შრომისუნარიანობასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან და სხვა პირად ინტერესებთან (პირადი დაზღვევა);

    ბ) დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან და ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);

    გ) დაზღვევა, დაკავშირებული დაზღვეულის მიერ მესამე (ფიზიკური ან იურიდიული) პირისათვის ან მისი ქონებისათვის მიყენებულ ზიანთან (პასუხისმგებლობის დაზღვევა).

    #28514
    BLH
    Keymaster

    დაზღვევის ხელშეკრულების არსებითი პირობები

    • დაზღვევის ობიექტი (ინტერესი)-პირის ქონება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა.
    • დაზღვევის საგანი– მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვეო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
    • სადაზღვეო რისკი – საფრთხე, რომლისაგანაც დაზღვეულია სადაზღვეო ურთ.-ის ობიექტი. მაგ: ავარიისგან დაზღვევის რისკია- ავარია.

    რისკი არის სამომავლო და უცნობი მოვლენა, რომლის განსაზღვრა აუცილებელია ხელშეკრულებაში. რისკი შეიძლება საერთოდ არ განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში.

    დაზღვევა არ უზრუნველყოფს იმ ზარალის ანაზღაურებას, რომლის დადგომაც უეჭველი და გარდაუვალია.

    • სადაზღვეო თანხა– დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გადაუხადოს დამზღვევს სადაზღვეო შემთხვევის დადგომის შემდეგ სადაზღვეო საზღაური, რომელიც გამოიანგარიშება სადაზღვეო თანხის ფარგლებში.

    სადაზღვეო თანხა წარმოადგენს ფულად თანხას, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულია დაზღვვის ობიექტი. მისი შეთანხმება ხდება მხარეთა შეთანხმებით.

    • სადაზღვეო საზღაურის გამოანგარიშების წესი– არსებობს სადაზღვეო საზღაურის გამოანგარიშების ორი სისტემა:

    ა) პირველი რისკის სისტემა – ამ დროს მხარეები თანხმდებიან სადაზღვეო შემთხვევით მიყენებული ზიანის სრული მოცულობით ანაზღაურებაზე სადაზღვეო თანხის ფარგლებში. თუ ზიანი მეტია სადაზღვეო თანხაზე, გადაჭარბებული ზიანი არ ანაზღაურდება.

    ბ) პროპორიცული სისტემა გათვალისწინებული უნდა იქნეს სადაზღვეო შეფასება, სადაზღვეო თანხა და ზარალის ოდენობა.

    მაგ: „ა“-ს სახლი შეფასებულია 20.000 დოლარად. იგი დაზღვეულია 10.000 დოლარის სადაზღვეო თანხის ფარგლებში, სადაზღვეო შემთხვევით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 5.000 დოლარი.

    ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მოხდება მხოლოდ 2500 დოლარის ფარგლებში. ზიანის მოცულობის განსაზღვრისათვის აუცილებელია ზიანის გამრავლება სადაზღვეო თანხაზე და ნამრავლის გაყოფა სახლის ღირებულებაზე.

    • სადაზღვეო შესატანის გადახდის წესი (პრემიის) და პირობები-

    სადაზღვეო შესატანი (პრემია)- განისაზღვრება მხარეების შეთანხმებით, დაზღვევის პირობების შესაბამისად.

    მყარად დადგენილი სადაზღვეო თანხა ეს არის თანხა, რომელზეც წინასწარ არიან მხარეები შეთანხმებულნი და რომელსაც მზღვეველი გასცემს სადაზღვეო შემთხვევის დროს. მაგ: პირის გარდაცვალებისათვის მყარი სადაზღვეო თანხად განისაზღვრა 10 მილიონი ლარი. თუ პირი გარდაიცვლება, შესაბამისად დადგება სადაზღვეო შემთხვევა და მზღვეველი ვალდებული იქნება გადაიხადოს აღნიშნული თანხა.

    შესაძლებელია მზღვეველს დაეკისროს არა თანხის გადახდა, არამედ გარკვეული მოქმედების განხორციელება, მაგ: პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ავადმყოფი მშობლის მზრუნველობა და  ა.შ.

    #28523
    BLH
    Keymaster

    სადაზღვევო ხელშეკრულების ბუნება

    დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი, რეალური ხელშეკრულებაა.

    საკასაციო პალატა განმარტავს, რომ  დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, “რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. (№ას-1165-1110-2014)

    “სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაზღვევის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ; ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. (№ას-85-81-2013 )

    #29639
    BLH
    Keymaster

    ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა  მესამე პირისგან (სუბროგაცია)

    (სუსგ. N-ას-581-549-2011)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, დაზღვეული ტვირთის ტრანსპორტირების პროცესში დაზიანების შედეგად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გამოსათვლელად არასწორად გამოიყენა სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია არა გადაზიდვის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებების დარღვევის ფაქტზე, არამედ სკ-ის 832-ე მუხლით მოწესრიგებულ, მზღვეველის მიერ რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნის უფლების საფუძველზე და, ვინაიდან ეს მუხლი არ ადგენდა მზღვეველის რეგრესული მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას, ამიტომ უნდა გამოყენებულიყო სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საერთო ხანდაზმულობის ვადა.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სადავო შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მზღვეველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გადაცემის გამიჯვნას რეგრესული ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 832-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს არა რეგრესულ ვალდებულებას, არამედ შესაძლებლობას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში.

    მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ე.წ. სუბროგაციის პრინციპის სახით. ამ შემთხვევაში მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. მოთხოვნის დათმობით არ იცვლება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში.

    თუ აღმოჩნდება, რომ დამზღვევის მოთხოვნა ზიანის მიმყენებლის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება მზღვეველის მოთხოვნაც. კრედიტორის შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მსგავს ვითარებაში მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, რომლებიც არეგულირებენ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებულ ურთიერთობას, კონკრეტულ შემთხვევაში კი, უნდა გამოყენებულიყო გადაზიდვის მარეგულირებელი ნორმები, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო.

    #29811
    BLH
    Keymaster

    სადაზღვევო ხელშეკრულების ვადამდე მოშლა

    (სუსგ. N-ას-1708-1602-2012)

    თბილისის სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეწყვეტილი იყო, რაც გამორიცხავდა დამზღვევის ვალდებულებას, აენაზღაურებინა მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემია. სასამართლომ ეს დასკვნა დაამყარა სკ-ის 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლებს.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: სასამართლოს აღნიშნული მოსაზრება ემყარება მხოლოდ ვარაუდს, რომ დამზღვევის მიერ პრემიის გადაუხდელობისას, როდესაც სადაზღვევო კომპანიამ წერილობით არ განუსაზღვრა ვადის დამრღვევს შესრულების დამატებითი ვადა, მხარეთა ორმხრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩათვლილიყო. სასამართლომ ეს მოსაზრება გაამყარა იმ არგუმენტითაც, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნით დამზღვევს კომპანიისათვის არ მიუმართავს. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა ზემოაღნიშნული მსჯელობა, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისკენ მიმართული ერთ-ერთი მხარის ნამდვილი, ცალმხრივი ნების (ხელშეკრულებიდან გასვლა) არსებობა არ არის დადგენილი. სკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მზღვეველისათვის სადაზღვევო პრემიის დაკისრების ნაწილში, სკ-ის 799-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დასაბუთებული იყო.

    #30704
    BLH
    Keymaster

    მზღვეველისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

    დამზღვევმა ხელშეკრულების დადებისას მზღვეველს უნდა შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის.

    არსებითია ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით.

    მაგ: ავტომობილის დაზღვევის დროს „ა“-მ არ განუცხადა მზღვეველს, რომ ავტომობილი იყო ნაავარიევი და გააჩნდა ფარული ნაკლი.

    მაგ: სახლის დაზღვევის დროს „ა“-მ არ განუცხადა მზღვეველს, რომ სახლს გააჩნდა არსებითი ბზარი საყდენ კედელზე.

    არსებითად ჩაითვლება ასევე გარემოება, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით შეეკითხება დამზღვევს გარკვევით და არაორაზროვნად.

    თუ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა შეტყობინებას დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი.

    დაუშვებელია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მზღვეველმა იცოდა დაფარულ გარემოებათა შესახებ, ან დამზღვევს არ მიუძღვის ბრალი მათ შეუტყობინებლობაში.

    მაგ: სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებამდე, მზღვეველმა გამოიკვლია ავტომობილი და აღმოაჩინა, რომ იგი ნაავარიევი იყო და გააჩნდა გარკვეული ნაკლი.

    #30705
    BLH
    Keymaster

    არასწორი მონაცემების შეტყობინების შედეგები

    მზღვეველს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მაშინაც, თუ არსებითი გარემოებების შესახებ შეტყობინება არასწორ მონაცემებს შეიცავს.

    ხელშეკრულებაზე უარის თქმა დაუშვებელია, თუ მონაცემების უზუსტობა მზღვევლისათვის ცნობილი იყო, ან თუ დამზღვევს ბრალი არ მიუძღვის არასწორ მონაცემთა მიწოდებაში. ამ მონაცემების შეტყობინებიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება.

    თუ დამზღვევს საფრთხის გარემოების შესახებ წერილობით კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი, მაშინ მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება იმ გარემოებათა შეუტყობინებლობის გამო, რომელთა თაობაზედაც თუმცა კითხვა არ დასმულა, მაგრამ დამზღვევი განზრახ დუმდა.

    #30706
    BLH
    Keymaster

    ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო ხელშეკრულების მოშლის ვადა

    დამზღვევის მიერ ზემოთ აღნიშნული ცნობების შეუტყობინებლობიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. ეს ვადა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მზღვეველმა გაიგო შეტყობინების მოვალეობის დარღვევის თაობაზე. დამზღვევს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ.

    მაგ: ავტომობილის დაზღვევის დროს “ა”-მ დაუმალა მზღვეველს, რომ ავტომობილს გააჩნდა ფარული ნაკლი. აღნიშნულის შესახებ მზღვეველმა გაიგო მოგვიანებით 2013 წლის 20 მაისს. მზღვეველმა 2013 წლის 20 აგვისტოს მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა “ა”-ს მიერ მისთვის ინფორმაციის დამალვის საფუძვლით.

    მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 811-ე მუხლის საფუძველზე, მზღვეველს არ გააჩნია უფლებამოსილება მოშალის ხელშეკრულება, რადგან მისი მოთხოვნა არის ხანდაზმული. მას შეეძლო მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა მოცემული საფუძვლით, მხოლოდ 2013 წლის 21 ივნისამდე.

    #30707
    BLH
    Keymaster

    საფრთხის გაზრდის შესახებ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება

    დამზღვევი მოვალეა დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს საფრთხის გაზრდის შესახებ, რომელიც ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოცენდა, თუ ეს არსებით გავლენას მოახდენდა ხელშეკრულების დადებაზე.

    მოცემულ შემთხვევაში მზღვეველს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით ან მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის შესაბამისი გაზრდა. თუ დამზღვევმა განზრახ გამოიწვია საფრთხის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება ვადის დაცვის გარეშე.

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 13 total)
  • You must be logged in to reply to this topic.