Viewing 3 posts - 11 through 13 (of 13 total)
  • Author
    Posts
  • #30708
    BLH
    Keymaster

    სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინების ვალდებულება

    სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს.

    მაგ: დამზღვევი იმყოფებოდა უცხოეთში, როდესაც მისი მანქანა გაიძარცვა, მან აღნიშნულის თაობაზე შეიტყო მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლისთანავე და დაუყონებლივ შეატყობინა მზღვეველს. მოცემულ შემთხვევაში დამზღვევი მოქმედებდა მართლზომიერად, მზღვეველი ვერ გამოთქვამს პრეტენზიას მის მიმართ, დაზიანების ფაქტის დროულად შეუტყობინებლობის საფუძვლით.

    მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად.

    მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა.

    მაგ: სადაზღვევო ხელშეკრულებაში მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ წესზე „მზღვეველი არ აანაზღაურებს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარ ზიანს, თუ დამზღვევი დროულად არ შეასრულებს სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების ვალდებულებას“.

    დაზღვეულ ბინაში მეზობლისგან ჩამოვიდა წყალი, რის შედეგადაც ბინას მიადგა ზიანი 10.000 ლარის ოდენობით. დამზღვევმა დროულად არ შეატყობინა მზღვეველს, თუმცა მიიღო ყველა ზომა, რათა ზუსტად დაფიქსირებულიყო ზიანის გამოწვევასთან და მის ოდენობასთან დაკავშირებული გარემოებები.

    მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დამზღვევა დაარღვია შეტყობილების ვალდებულება, მზღვეველი უარს ვერ იტყვის ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან მისი ინტერესები არსებითად არ დარღვეულა, კერძოდ ზიანის გამომწვევი მიზეზები და ოდენობა ჯეროვნად იქნა დაფიქსირებული.

    მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

    #35368
    BLH
    Keymaster

    სუბროგაცია და რეგრესი

    სადაზღვევო თანხის ანაზღაურების შემდეგ მზღვეველს გააჩნია სუბროგაციის უფლება, რაზეც წინა პოსტში უკვე ვისაუბრეთ. ბევრს სუბროგაცია რეგრესში ეშლება, თუმცა ამ ორ ცნებას შორის არსებითი განსხვავებებია იურიდიული თვალსაზრისით.

    რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში, ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება.

    სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან. სწორედ, ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. ამდენად, სუბროგაციის დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2ბ/234-16).

    #38038
    BLH
    Keymaster

    სადაზღვევო ხელშეკრულების ვადა, როგორც არსებითი პირობა

    სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე №2ბ/5993-15

    პალატა ვერ გაიზიარებს ასევე, მოსარჩელის პრეტენზიას, რომ ხელშეკრულების მოქმედების 12 თვიანი ვადის არსებობა სადავო ხელშეკრულების #1 დანართის საფუძველზეც დასტურდება.

    პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნათა საპირისპიროდ, #1დანართი (და არც სხვა დანართები) არ შეიცავს შეთანხმებას ხელშეკრულების ისეთ არსებით პირობაზე, როგორიც ხელშეკრულების მოქმედების ვადაა.

    პალატის მოსაზრებით, აღნიშნული დანართის ერთ-ერთ გრაფაში მითითებული სადაზღვევო პრემიის წლიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია ვერ შეფასდება ხელშეკრულების მოქმედების ვადად.

    საგულისხმოა, რომ მოსარჩელის აღნიშნული მტკიცების საპირისპიროდ, ამავე დანართის შემდეგი გრაფა, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას სადაზღვევო შესატანის (ოჯახურ პაკეტზე) შესახებ, მითითებულია მხოლოდ ყოველთვიური სადაზღვევო შესატანის ოდენობა, რაც აქარწყლებს მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებმა დანართში ერთი წლის სადაზღვევო პრემიის ოდენობა იმიტომ განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულება 12 თვის ვადით დაიდო.

    პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალი ნების გამოვლენის შესაძლებლობას ითვალისწინებს როგორც ზეპირი ან წერილობითი გარიგების საფუძველზე, ისე კონკლუდენტური მოქმედებებითაც.

    მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მხარეთა ნება 12 თვიანი ხელშეკრულების შესახებ, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ასეთი ნება არც კონკლუდენტური მოქმედებით არის გამოხატული.

    აღნიშნულ კონტექსტში პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლით მოწესრიგებულია დაზღვევის ხელშეკრულების მოშლის წესი სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდის გამო.

    აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

    სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული ნორმა უფლებადამდგენ ნორმას წარმოადგენს და მზღვეველს არ ავალდებულებს გამოიყენოს მასში მითითებული ღონისძიება, თუმცაღა, პალატას საგულისხმოდ მიაჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ დამზღვევმა ეს უფლება ხელშეკრულების მოქმედების (სარჩელის მიხედვით) არც ერთ ეტაპზე არ გამოიყენა.

    უფრო მეტიც, ამ დროის განმავლობაში მზღვეველი არც სადაზღვევო შენატანის მოთხოვნით მიმართავს დამზღვევს.

    ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა, ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სადავო პერიოდში თავად მოპასუხე მხარემ (დამზღვევმა) ან მისმა დაზღვეულმა სუბიექტებმა (დაზღვეულებმა), თუნდაც, ერთხელ მაინც,  მომსახურების მოთხოვნით სადაზღვევო კომპანიას მიმართეს.

    აღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა კი, პალატის მოსაზრებით, ირიბად (კონკლუდენტურად) ადასტურებს მოპასუხის შედავებას, რომ მხარეთა შორის სადაზღვევო სამართლებრივი ურთიერთობები 2012 წლის აგვისტოს თვიდან შეწყდა.

    პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დამზღვევის, დაზღვეულთა, თუ მზღვეველის მხრიდან ისეთი ქმედების განხორციელების ფაქტი, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა მტკიცებულებით გამყარებულ შინაგან რწმენას მასზედ, რომ სადავო ხელშეკრულება ერთწლიანი იყო.

    პალატა აქვე დამატებით აღნიშნავს, რომ სადაზღვევო ურთიერთობაში ხელმოუწერელი დოკუმენტის (ხელშეკრულების) არსებობის პირობებში სწორედ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ხელშეკრულების ერთწლიანი ვადის არსებობის ფაქტი.

Viewing 3 posts - 11 through 13 (of 13 total)
  • You must be logged in to reply to this topic.