Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterსხვა შესრულების მიღება (სკ-ის 379-ე მუხლი)
(სუსგ. N- ას-788-842-2011 03.11.11)
მოცემულ საქმეში სადავოა ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული თანხა მოხმარდა მამკვიდრებლის მკურნალობის, კომუნალური გადასახადებისა და დაკრძალვის ხარჯებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ზემოაღნიშნული მოქმედებების განხორციელებით გადაიხადა ნასყიდობის საფასური.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება უკავშირდება ქონების გადაცემას და არა მომსახურეობის გაწევას. სკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მოქმედებები (მკურნალობის, კომუნალური გადასახადებისა და დაკრძალვის ხარჯების გაწევა) არ შეიძლება, მიუთითებდეს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ვალდებულების შესრულებაზე.
სკ-ის 379-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს სხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა შესრულება დიდი ღირებულების მქონეა. განსახილველი ნორმა იმპერატიულ ხასიათს ატარებს მოვალესათვის, ხოლო კრედიტორისათვის _ დისპოზიციურს. ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მხარეებს შორის შეთანხმება სხვა შესრულების მიღებაზე. ამდენად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა გასახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
BLH
Keymasterინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
(სუსგ. ას-296-624-07)
მოსარჩელემ შეიძინა მწარმოებელი კომპანიისგან პროდუქტი – სისხლის კრიოპლაზმა, რომელიც უხარისხო “აივ” ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა და შედეგად მომხმარებლის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
საკასაციო პალატა განმარტავს, ვინაიდან მწარმოებელი ახდენს ისეთი პროდუქციის რეალიზაციას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ა-ს აბსოლუტურ უფლებაზე სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და რომლის ხარისხის სრულყოფილი გამოკვლევა მეცნიერებისა და ტექნიკის არსებული დონის გათვალისწინებით გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ვალდებულია, მომხმარებელს მისცეს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე და გააფრთხილოს სავარაუდო თანამდევ შედეგებზე.
სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლს, რომელიც ადგენს კონტრაჰენტის ვალდებულებას ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ურთიერთობის დასარეგულირებლად გამოყენებულ უნდა იქნეს ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმებიც, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს ასევე არეგულირებს საქართველოს კანონი “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, რომლის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ პროდუქცია მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების ჩვეულებრივ პირობებში იყოს უსაფრთხო მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და გარემოსათვის, აგრეთვე, არ აყენებდეს ზიანს ქონებას. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამამზადებელმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს აუცილებელი, უტყუარი და სრული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, რაც მას მისცემს სწორი არჩევნის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მწარმოებელს უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია თუ რა ფარგლებში უზრუნველყოფდა მის მიერ წარმოებული პროდუქტი მომხმარებლის უსაფრთხოებას, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ლ. ჩ-ის ახლო ნათესავები მოსარჩელისათვის საჭირო სისხლის შეძენისას ვარაუდობდნენ, რომ იძენდნენ უეჭველად საიმედო, ხარისხიან პროდუქტს და ისინი ნივთის ვარგისიანობის შესაძლო ნაკლზე არავის გაუფრთხილებია.
BLH
Keymasterინფორმაციის გაცემის ვალდებულება
სამოქალაქო კოდექსის 318-ე მუხლი აფუძნებს ზოგად ნორმას,ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესახებ.
„ვალდებულებიდან შეიძლება გამომდინარეობდეს ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების უფლება. ინფორმაციის გაცემა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაშინ, როცა მას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისათვის და კონტრაჰენტს შეუძლია საკუთარი უფლების შელახვის გარეშე გასცეს ეს ინფორმაცია.“
ინფორმაციის გაცემის მოვალეობა არის უმნიშვნელოვანესი ვალდებულება, რომელსაც გააჩნია დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა. კანონით შეუძლებელია სრულიად განისაზღვროს, თუ რა ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შეიძლება ჰქონდეთ მხარეებს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში კანონი განსაზღვრავს ინფორმაციის მიწოდების სპეციალურ რეგულაციებს.
მაგ: სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლით განსაზღვრულია თავდების მიმართ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მჭიდროდ არის დაკავშირებული გულისხმიერების პრინციპთან, რადგან სწორედ ინფორმაციის მიწოდებით ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია კონტრაჰენტის უფლებებისა და ქონების დაცვა.
ამდენად, თუ ერთობლივად შევაფასებთ, სკ-ის 316.2-ე და 318-ე მუხლებს, შეიძლება დავასკვნად, რომ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში მხარეებს გააჩნიათ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, როდესაც ამას მნიშვნელობა აქვს ვალდებულების შინაარსის განსაზღვრისთვის, ასევე დაკავშირებულია მეორე მხარის უფლებებისა და ქონების დაცვასთან.
მაგ: პროდუქტის ნასყიდობის დროს, თუ პროდუქტი საჭიროებს სპეციფიკურ მოვლას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება გააჩნია გამყიდველს.
მაგ: ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდე ვალდებულია შეატყობინოს შემკვეთს იმ ნაკლის შესახებ, რომელიც გააჩნია შემკვეთის მიერ მიწოდებული მასალას, ან ნარდობის ობიექტს.
მაგ: თავდებობისას, თავდები უფლებამოსილია იყოს საქმის კურსში ძირითადი ვალის შესრულების პროცესის შესახებ. კრედიტორი ვალდებულია თავდებს აცნობოს, თუ მოვალე ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს. (სკ-ის 902-ე მუხლი).
დროულმა შეტყობინებამ შესაძლებელია თავდების მხრივ ძირითადი ვალდებულების შესრულების პროცესზე დადებითი გავლენა მოახდინოს. ხოლო კრედიტორის მიერ ამ მოვალეობს შეუსრულებლობათავდების პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველი შეიძლება იყოს.
ვთქვათ, თუ კრედიტორმა თავდებს არ შეატყობინა ძირითადი ვალის გადახდის ვადის გადაცილების შესახებ, გადაცილებას კი მოჰყვა პირგასამტეხლოს დარიცხვა, თავდებს ასეთ შემთხვევაში უფლება აქვს უარი თქვას ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული საურავის გადახდაზე.
ამდენად, სკ-ის 318-ე მუხლი აფუძნებს ზოგად მოვალეობას ვალდებულებით ურთიერთობაში ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ხოლო ცალკეული მუხლები განსაზღვრავენ სპეციალურ რეგულაციებს, თუმცა ასეთი რეგულაციების გარეშეც შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში მხარეს ჰქონდეს ინფორმაციის მიწოდების ვადებულება. ამ ვალდებულების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
BLH
Keymasterმართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
სუსგ. #ას-73-63-2011
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივარი, უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილა, თუმცა ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების ფაქტი არ დაუდგენია.
საკასაციო სასამრთლოს განმარტება: მხარე ვალდებულია, თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მოცემულ დავაში მოსარჩელე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობას, რაც თავისთავად გამორიცხავს ზიანის დაკისრების სამართლებრივ შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და საჩივარი უკანონო ხელშეშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დააკმაყოფილა.
BLH
Keymasterხანდაზმულობის ვადების იმპერატიული ბუნება
დაუშვებელია მხარეთა შეთანხმებით კანონისაგან განსხვავებული ვადების, მათი გამოთვლის, ვადის დენის შეჩერების ან შეწყვეტის წესების დადგენა. მხარეთა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მათი სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ არ გავრცელდება ხანდაზმულობის ვადები ან პირობა, რომ მხარე სასამართლოს წინაშე არ განაცხადებს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ბათილია.
BLH
Keymasterხანდაზმულობის არსი (სუსგ. N-ას-1267-1398-04)
„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას მოხდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.
ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.
ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშვა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, თუ პირმა, თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო, ვერ გაიგო უფლების დაღრვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ზოგიერთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.
BLH
Keymasterვადის დაწყება და დამთავრება
თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო.
მაგ: როცა ვადის დასაწყისად აღებული მოვლენა დგება 14 ივნისს, ვადის ათვლისას ეს დღე არ მიეთვლება.
იგივე სიტუაციაა როცა ვადის დასაწყისად აღებულია დღის რომელიმე დრო, მაგ: 14 ივნისის 13 საათი, ამ შემთვევაში 14 ივნისი არ იქნება გამოყენებული ვადის გამოთვლისას.
დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.
მაგ: თუ 5 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 14 ივნისს, ვადა დამთავრებულად ჩაითვლება 19 ივნისს 24 საათზე.
ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს.
თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას.
მაგ: თუ ვადა განსაზღვრულია 2 თვით და მისი დაწყება მოხდა 2014 წლის 14 ივნისს, ვადა გასულად ჩაითვლება 2014 წლის 14 აგვისტოს ღამის 24 საათზე.
თუ თვეების მიხედვით განსაზღვრული ვადის გასვლა მოდის ისეთ თვეზე, რომელშიც არ არის შესაბამისი რიცხვი, მაშინ ვადა გავა ამ თვის ბოლო დღეს. მაგ: თუ მხარეთა მიერ შეთანხმებული ორთვიანი ვადა დაიწყო 30 დეკემებერს, მაშინ ეს ვადა გავა 28 ან 29 თებერვალს.
შეიძლება ისეთი სიტუაცია წარმოიშვას, როცა რაიმე მოქმედების შესრულება გარკვეულ თვეშია განსაზღვრული რიცხვის მიუთითებლად. მაგ: შესრულება უნდა მოხდეს აგვისტოს თვეში. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ დათქმული მოქმედების შესრულება უნდა მოხდეს აგვისტოს თვის ბოლომდე.
თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.
მაგ: თუ შესრულების ვადის ბოლო დღე არის 31 აგვისტო, მაგრამ ეს რიცხვი კვირა დღეს დაემთხვა, მაშინ ვადა დამთავრდება მომდევნო სამუშაო დღეს – 1 სექტემბერს (ორშაბათს).
BLH
Keymasterვადები სამოქალაქო სამართალში
სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები, რომლებიც დაკავშირებულია ვადებთან, ვრცელდება არა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ურთიერთობებზე, არამედ სხვა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებზეც, რომლებიც სამოქალაქო კოდექსის გარეთ არის მოქცეული.
ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი, რომელსაც გააჩნია იურიდიული მნიშვნელობა. არსებობს ვადების სხვადასხვა კატეგორია:
ა. სამოქალაქო უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული ვადები– ვადის გასვლა იწვევს სამოქალაქო უფლების წარმოშობას. მაგ: ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისთვის განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია ხელშეკრულებიდან გავიდეს და მოითხოვოს ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნება.
ბ. სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები– მაგ: მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღო სამკვიდრო, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის მანძილზე.
გ. ვალდებულების შესრულების ვადები- მაგ: ხელშეკრულებით დადგენილია, რომ „ა“-მ უნდა გადაუხადოს ბინის გამყიდველს 100.000 დოლარი, 2013 წლის 20 მაისამდე.
დ. უფლების დაცვლის (ხანდაზმულობის ვადები)- მაგ: სასამართლოს გზით სესხის დაბრუნების შესაძლებლობა გააჩნია გამსესხებელს 3 წლის განმავლობაში, სესხის დასაბრუნებლად განსაზღვრული დღიდან.
ვადები შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ფორმით:
- ზუსტად განსაზღვრული კალენდარული თარიღით, მაგ: 2015 წლის 20 მაისს „ა“ ვალდებულია გადაუხადოს „ბ“-ს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა.
- განსაზღვრული პერიოდულობით– პერიოდი შეიძლება დღეებით, კვირეებით, თვეებით, წლებით და ა.შ. განსაზღვრული. ამავდროულად აუცილებელია პერიოდის ათვლის თარიღის განსაზღვრაც. მაგ: „ა“ ვალდებულია დაუბრუნოს „ბ“-ს სესხი 10.000 დოლარის ოდენობით, 2 წლის შემდეგ. აუცილებელია განისაზღვროს, თუ როდიდან აითვლება აღნიშნული 2 წლიანი ვადა.
- მოვლენაზე მიბმული ვადები, აუცილებელია მოვლენა დადგომაუნარიანი იყოს. მაგ: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე, მარჩენალმა იკისა ვალდებულება ერჩინა სარჩენი მის გარდაცვალებამდე, რის სანაცვლოდაც, მან მიიღო ამ უკანასკნელის ბინა.
სამოქალაქო კოდექსის 121-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსში განსაზღვრული ვადების გამოთვლის წესი გამოიყენება კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში.
ვადები განსხვავდება იმის მიხედვით ადგენს მას კანონი, სასამართლო თუ გარიგებით არის დადგენილი.
კანონით დადგენილი ვადები- შეიძლება იყოს, როგორც იმპერატიული (მაგ: სამკვიდროს მიღების ვადაა, პირის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში ), ისე დისპოზიციური (მაგ: გამოსყიდვის უფლების ვადები).
სასამართლო ვადები – სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს განსაზღვრული მოქმედების ვადა. მაგ: სასამართლოს შეუძლია დაავალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის გამოქვეყნება განსაზღვრულ დროში.
გარიგების ვადები- მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ან ცალმხრივი ნების გამომჟღავნებით დადგენილი ვადები.
მაგ: განვადებით ნასყიდობის შემთხვევაში, საფასურის გადახდის ვადები.
მაგ: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია განუსაზღვროს მოვალეს გონივრული ვადა, ვალდებულების ჯეროვნად შესასრულებლად, ამ ვადის გასვლის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსიალი მოშალოს ხელშეკრულება.
BLH
Keymasterმოჩვენებითი გარიგება
(საქმე N-ას-1049-983-2010)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას მიიჩნია, რომ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება დაიდო კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისად, გარიგება მოჩვენებითია, რაც დასტურდება ერთი იმით, რომ დასაჩუქრებულის სასარგებლოდ ისედაც არსებობდა ანდერძი და მეორე გამჩუქებელს არ შეუწყვეტია გაჩუქებული ქონების ფლობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: მოჩვენებითი გარიგებაა, როდესაც მხარის მიერ გამოვლენილი ნება მათ რეალურ განზრახვას არ შეესაბამება. ნების ნაკლს მრავალი გარემოება შეიძლება, ადასტურებდეს, მაგრამ არა ის ფაქტი, რომ მოანდერძემ მიზანშეწონილად მიიჩნია ქონების სიცოცხლეშივე განკარგვა და თავისი მემკვიდრისათვის ჩუქება.
სკ-ის 170-ე მუხლით მესაკუთრეს შეუძლია არა მხოლოდ თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ქონებით, არამედ თავისუფლად განკარგოს კიდეც იგი, თუ უფლების ბოროტად გამოყენება არ ხდება. არც ის გარემოება, რომ გამჩუქებელს არ შეუწყვეტია გასხვისებული ქონების ფლობა, ყოველთვის გარიგების მოჩვენებითობაზე არ მეტყველებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დასაჩუქრებული გამჩუქებელთან ერთად ცხოვრობდა მის საკუთრებაში გადასულ ბინაში, ამასთან, მჩუქებელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სხვა პირის მზრუნველობას საჭიროებდა. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 412-ე მუხლით, გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
BLH
Keymasterმოჩვენებითი გარიგება
(უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-228-489-08)
ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლის 10 აპრილს „ა“-მ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე “ბ“, „გ“ და ნოტარიუსის მიმართ და მოითხოვა „ბ“-სა და „გ“-ს შორის 2007 წლის 2 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების, ბათილად ცნობა. მოსარჩელის განმარტებით, თვითონ და თავის მეუღლეს საერთო საკუთრებაში გააჩნდათ 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით – 97,6 კვ.მ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ „ბ“-მ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება მემკვიდრეობით გაიფორმა თავის სახელზე. მემკვიდრეობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში დავის განხილვის დროს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხემ მისი მეუღლის სახელზე რიცხული მთლიანი ქონება 30000 ლარად მიჰყიდა „გ“-ს, მაშინ, როდესაც აუდიტორული დასკვნის თანახმად, აღნიშნული ქონება 105 000 ლარად იყო შეფასებული. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ, ვინაიდან „გ“-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა სადავო სახლი, ასევე, არ დაინტერესებულა შეძენილი ქონებით, ისე გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, აღნიშნული გარიგება მოჩვენებითია, რის გამოც მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
უზენაესი სასამართლოს განმარტება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება იმ მიზნით, რომ კრედიტორების დაკმაყოფილებას გაექცეს, მოვალე ვითომ ყიდის ან ჩუქნის ქონებას, სინამდვილეში არავითარი ნასყიდობა ან ჩუქება არ ხდება.
მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარემოების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების განხილვისას სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, არსებობდა თუ არა ყველა ის სამართლებრივი წინაპირობა, რომელიც აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებისათვის. სააპელაციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, ასევე გაიზიარა „გ“-ს წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, მაშინ, როდესაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა და არა წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებით. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა ისეთ გარემოებებს, რაც სადავო გარიგების მონაწილე სუბიექტების ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს, კერძოდ, დადგენილია, რომ გაყიდულ სახლს ფაქტობრივად ფლობდა მოსარჩელე, იგი მყიდველს არ გადასცემია. სადავო სახლი გაიყიდა იმ დროს, როდესაც სასამართლოში მიმდინარეობდა დავა სადავო სახლზე.
სასამართლოს არ გამოურკვევია სადავო სახლის ღირებულების გადახდის ფაქტი. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ „გ“ არ იჩენდა ინტერესს მოცემული დავის მიმართ, არ წარუდგენია შესაგებელი, არ ცხადდებოდა სასამართლოში ახსნა-განმარტების მისაცემად, ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანა გასაჩივრების ვადის დარღვევით. მართალია, მოსარჩელემ „გ“ მესამე პირად ისე მიუთითა, მაგრამ იგი საქმეში ფაქტობრივად ჩაბმული იყო როგორც მოპასუხე („გ“ სსკ-ის 201-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა სარჩელი და თანდართული დოკუმენტები და დაევალა წარედგინა შესაგებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, შესაბამისად, გასაჩივრებულილ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მტკიცებულებები უნდა განიხილოს ყოველმხრივ და ობიექტურად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
-
AuthorPosts
